ექსკლუზიური ინტერვიუ მამუკა გორგოძესთან: ეთანხმება, მადლობელია, მაგრამ მაინც გაუკვირდა - კვირის პალიტრა

ექსკლუზიური ინტერვიუ მამუკა გორგოძესთან: ეთანხმება, მადლობელია, მაგრამ მაინც გაუკვირდა

2010 წელს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დავით ზირაქაშვილი დაასახელა. 2011 წელს ამავე ორგანიზაციის რჩეული მამუკა გორგოძე გახდა. ორივე მორაგბეა. შესაძლოა, სპორტის ამ სახეობას ქართველი კაცი 90-იან წლებში საკმარისადაც არ იცნობდა, მაგრამ 2000-იანი წლებიდან რაგბი ისევე შეიჭრა ქართულ ყოფაში, როგორც კომპიუტერი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შესაბამისად, როგორც მსოფლიოში ყველამ იცის რა არის, ვთქვათ "ფეისბუქი", ასევე ყველა ქართველმა იცის, ვინ არის მამუკა გორგოძე. ასე რომ, ალოგიკური სულაც არ არის, ზედიზედ ორ სეზონში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად მორაგბე რომ სახელდება. თავად განსაჯეთ, ჟურნალისტთა ასოციაციისა და სპორტის სამინისტროს მსგავსად 2011-ის საუკეთესოდ გორგოძე ოლიმპიურმა კომიტეტმაც აღიარა (არადა, რაგბი არაოლიმპიური სახეობაა). 15 თებერვალს დასრულდება გაზეთ "ლელოს" გამოკითხვა და ხალხის რჩეულის ვინაობასაც შევიტყობთ, თუმცა სავრაუდო გამარჯვებულის გამოცნობა ძნელი არ არის...

ვრცელი შესავალი გამოგვივიდა. სჯობს ინტერვიუს მივხედოთ, თუმცა ერთიც უნდა ვთქვათ: მამუკა გორგოძე 30 იანვარს დაგეგმილ საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ჩამოვიდა, თუმცა უკრაინასთან მატჩის გადადებამ (4 თებერვალს უნდა გამართულიყო), ბევრი რამ შეცვალა და გადაწყდა, რომ ესპანეთისთვის (11 თებერვალს) ნაკრები გორგოძის გარეშე მოემზადება. მამუკას ახალი მთავარი მწვრთნელის მილტონ ჰეიგის შესახებ აზრის გამოთქმა ვთხოვეთ:

- შეკრებაზე 2-3 დღე ვიყავი, ძლიერი ყინვების გამო სავარჯიშო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა. ამიტომ, ახალ სამწვრთნელო შტაბზე სრული წარმოდგენის შექმნა რთული იყო. საერთოდ კი, შთაბეჭდილება დადებითი გახლდათ.

- სპორტის სამინისტროს შემდეგ, 2011 წლის საუკეთესოდ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამაც დაგასახელა...

- აღიარებისთვის ყველას მადლობას მოვახსენებ. დიდი პატივია, საქართველოში საუკეთესოდ დასახელება. ისიც ცნობილია, რომ ჟურნალისტები პრინციპული ხალხია და ასეთ საკითხს აუცილებლად სამართლიანად გადაწყვეტდნენ. არც იმას დავმალავ, რომ ზედიზედ მეორედ მორაგბის აღიარება ცოტა გამიკვირდა კიდეც.

- რატომ?

- როგორც წესი, შეჯამებისას მედლებს ითვლიან, გუნდური სპორტის წარმომადგენლები კი ოქროსა და ვერცხლის მედლებით განებივრებულები არა ვართ.

- თვლი, რომ 2011 წელი იყო კარიერაში ყველაზე მოსავლიანი?

- საფრანგეთის ჩემპიონატში საუკეთესო ლეგიონერად პირველად დამასახელეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე კარგად სწორედ ამჯერად გავისარჯე. "მონპელიესთან" ერთად ფინალშიც ვითამაშე. ამას დაერთო საქართველოს ნაკრების მსოფლიოს თასზე გამოსვლა. მართალია, ჯგუფიდან ვერ გავედით, მაგრამ ბოლომდე ღირსეულად ვიბრძოლეთ.

- ჟურნალისტთა გამოკითხვაში უმთავრესი კონკურენტი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე იყო, რომელმაც საბოლოოდ მეორე ადგილი დაიკავა.

- ვერ ვიტყვი, გამეხარდებოდა, ვიქტორს რომ ეჯობნა-მეთქი, მაგრამ მისი წარმატება ყოველთვის მიხარია. სანიკიძესთან ბავშვობიდან ვმეგობრობ. მეც კალათბურთელი ვიყავი, ზურაბ სამახრაძესთან ვვარჯიშობდი...

- ბოლოს ფრანგულ კლუბ "მონპელიეზე" ვთქვათ. შარშანდელი შედეგის გაუმჯობესება, ალბათ, რთული იქნება.

- გასულ სეზონში გუნდი პირველად გავიდა საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში. წლეულს გაუმჯობესებაზე ფიქრი ნაადრევია, სხვა საკითხი გვაქვს გადასაჭრელი: მიმდინარე პირველობა არადამაჯერებლად დავიწყეთ და მთავარი ამოცანა საპლეიოფო ზონაში მოხვედრაა.

- არასათანადო სტარტი რამ განაპირობა?

- ტრავმებმა. 11 მორაგბე გვაკლდა. ჩემპიონატის პლეი ოფებისთვის მდგომარეობის გამოსწორების იმედი გვაქვს, დანარჩენს დრო გვიჩვენებს. თუმცა, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი ადგილით შევალთ პლეი ოფში და რომელ ეტაპზე ვის დავუპირისპირდებით.

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

ავტორის შარჟი