ნაპოლეონი, სტალინი და "ანტიფრანგული ისტორია" - რიდლი სკოტის ფილმი, რომელმაც საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია - კვირის პალიტრა

ნაპოლეონი, სტალინი და "ანტიფრანგული ისტორია" - რიდლი სკოტის ფილმი, რომელმაც საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია

დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსული სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ანტიფრანგული ისტორია: რატომ აკრიტიკებენ რიდლი სკოტის ახალ ფილმს „ნაპოლეონს“ (ავტორი - იანა ლიტვინოვა). მასში განხილულია ფილმის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი, აგრეთვე ის კრიტიკული შენიშვნები, რომლებიც კინოსურათის პრემიერამდეც (23 ნოემბრამდე) გამოითქმებოდა, პრემიერის შემდეგ კი კიდევ უფრო გამწვავდა.

გთავაზობთ ვრცელ პუბლიკაციას შემოკლებით:

ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის რიდლი სკოტის ახალმა ფილმმა - „ნაპოლეონმა“ გაცხარებული კამათი ჯერ კიდევ დიდ ეკრანებზე გამოსვლამდე გამოიწვია.

ყველაზე მეტი ურყოფითი მოსაზრება პოპულარული კინომოღვაწის ნამუშევრის მიმართ (რიდლი სკოტის ფილმები „უცხო“, „გლადიატორი“ და სხვები საყოველთაოდ არის ცნობილი) ისტორიულმა უზუსტობებმა გამოიწვია. გარდა ამისა, რიდლი სკოტმა ერთ-ერთ ინტერვიუში, როცა იგი „ნაპოლეონზე“ საუბრობდა, მან საფრანგეთის ლიდერი ალექსანდრე მაკედონელს, იოსებ სტალინს და ადოლფ ჰიტლერს შეადარა.

დავიწყოთ იმით, რომ ბევრი ფრანგის თვალში ინგლისელი რიდლი სკოტი დამნაშავე აღმოჩნდა არა იმდენად იმაში, რომ მან საფრანგეთის იმპერატორის სახე ეკრანზე არასწორად გამოხატა, არამედ უფრო მეტად „თავხედობაში“ - როგორ გაბედა მან, ინგლისელმა რეჟისორმა, ფრანგ ეროვნულ გმირზე ფილმი გადაეღო... ნაპოლეონის ეპოქაში ხომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, საბოლოოდ კი ნაპოლეონი სწორედ ბრიტანელთა ტყვეობაში გარდაიცვალა შორეულ წმინდა ელენეს კუნძულზე...

ფრანგი კინოკრიტიკოსები რიდლი სკოტს იმასაც საყვედურობენ, რომ ფილმში ფრანგი ჯარისკაცები ტულონის ალყის დროს (1793 წელს) „გაუმარჯოს საფრანგეთს!“ («Vive La France!») ამერიკული აქცენტით გაჰყვირიან, ხოლო თახარ რახიმს (ალჟირული წარმოშობის ფრანგ მსახიობს, რომელმაც პოლ დე ბარასის როლი შეასრულა) შექსპირის ენაზე ალაპარაკებს“.

თუმცა ასეთი ხარვეზები მაინცდამაინც დიდი ცოდვა არ არის - ნუ გავამახვილებთ ყურადღებას მსგავს მომენტებზე. ბოლოსდაბოლოს, ხოაკინ ფენიქსი, რომელიც „ნაპოლეონში“ ბონაპარტის როლს ასრულებს და ინგლისურად ლაპარაკობს, ასევე ინგლისურ ენაზე ლაპარაკობდა იმპერატორ კომოდის როლის შესრულებისას, „გლადიატორში“.

რეჟისორის კრიტიკაში ფრანგი ისტორიკოსებიც ჩაებნენ: პროფესორმა პატრის განისმა ჟურნალ Le Point-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ფილმი ძალზე ანტიფრანგულია და მოვლენებს პრობრიტანულად წარმოაჩენს. რეჟისორი სინამდვილეს აყალბებს და ისტორიის ბრიტანეთის სასარგებლოდ გადაწერას ცდილობს“. მაგალითისათვის პატრის განისი ვატერლოოს ბრძოლას (1815 წლის 18 ივნისი) იმოწმებს, რომელსაც რიდლი სკოტი ფილმში ყველაზე საუკეთესო ეპიზოდად წარმოსახავს (ანუ ინგლისელი რეჟისორი სპეციალურად აქცევს მეტ ყურადღებას და ხაზს უსვამს ფრანგთა იმპერატორის დამარცხების მომენტს).

ფრანგი კრიტიკოსები ასევე ყურადღებას აქცევენ იმ ფაქტსაც, თუ როგორ არის გადმოცემული ფილმში ნაპოლეონ ბონაპარტისა და ბრიტანელი ფელდმარშლის არტურ ველინგტონის ურთიერთობა. როგორც ცნობილია, არტურ ველინგტონი ვატერლოოს ბრძოლის დროს ანტიფრანგული კოალიციის ჯარებს სარდლობდა (მოგვიანებით იგი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც გახდა)..

სხვათა შორის, ინგლისელი სპეციალისტებიც აღნიშნავენ ფილმში დაშვებულ ისტორიულ ხარვეზებს: მაგალითად, ნაპოლეონი არ ესწრებოდა ლუი XVI-ის ცოლის, დედოფალ მარი ანტუანეტის დასჯას (ფილმში კი პირიქითაა), ხოლო თვითონ დედოფალი ეშაფოტზე თმაგაშლილი ადის (არადა, გილიოტინის წინ სიკვდილმისჯილებს თმებს მოკლედ აჭრიდნენ). გარდა ამისა, ფილმში ფრანგი ჯარისკაცები, იმპერატორის ბრძანებით, ეგვიპტის პირამიდებს ესვრიან (სინამდვილეში კი ნაპოლეონს მსგავსი ბრძანება არ გაუცია), ხოლო ცნობილი სფინქსი ფილმში სახის სრული ნაკვთებით არის ნაჩვენები (რაც არასწორია, სფინქსმა სახის ძირითადი ნაწილები XIX საუკუნებდე დიდი ხნით ადრე დაკარგა).

ნაპოლეონის დამსახურება

როგორც ინგლისელი ისტორიკოსი ენდრიუ რობერტსი თვლის, რიდლი სკოტი თავის ფილმში ისეთ სტერეოტიპებს უწევს აგიტაცია-პროპაგანდას, რომლებიც არ მომხდარა და ისეთებს აუარა გვერდი, რომლებიც სინამდვილეს შეესაბამება. მაგალითად, ნაპოლეონ ბონაპარტი ნამდვილად სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით ფრანგ ხალხში, მაგრამ ფილმში განმარტებული არ არის, თუ რატომ იყო ასე.

ენდრიუ რობერტსი აღნიშნავს, რომ ფილმში ასახული არ არის ნაპოლეონ ბონაპარტის დამსახურება: ფრანგული კანონების რეორგანიზაცია, ფინანსური რეფორმა, წესრიგის აღდგენა რევოლუციის შემდეგ, კონკორდატის დადება კათოლიკურ ეკლესიასთან, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზება, განათლების ახალი სისტემის ჩამოყალიბება, საფრანგეთის ბანკის შექმნა...

ენდრიუ რობერტსის თქმით, რა თქმა უნდა, რეჟისორს აქვს ფაქტებისა და მოვლენების ინტერპრეტაციის უფლება, მაგრამ როცა რეჟისორი ისტორიულ ფილმს იღებს, როცა საქმე ეხება უდიდეს ეროვნულ მოღვაწეს, რეჟისორი უნდა შეეცადოს ფაქტები არ დაამახინჯოს, სინამდვილე კი ობიექტურად ასახოს. ნაპოლეონი მონსტრი არ არის, მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის ფრანგი ერის წინაშე, ფილმში კი იგი ისეთი მდაბალი მამაკაცის სახით არის ნაჩვენები, რომელიც თავის ცოლს ჟოზეფინას ჯერ საჭმელს ესვრის, შემდეგ კი მასთან მაგიდის ქვეშ სექსით არის დაკავებული (მოსამსახურეთა თანდასწრებით)...

ნაპოლეონი, ალექსანდრე მაკედონელი, ჰიტლერი და სტალინი...

ძნელია იმის თქმა, მართლაც თვლის თუ არა რიდლი სკოტი ნაპოლეონს მონსტრად, ან უბრალოდ იგი ფილმს დამატებით რეკლამას უქმნის იმით, რომ თავისი [პროვოკაციული[ განცხადებებით საზოგადოების ერთ ნაწილში მრისხანებას იწვევს, მეორეში კი აღტაცებას.

ჟურნალ Empire-სათვის მიცემულ ინტერვიუში რიდლი სკოტმა საკმაოდ კატეგორიულად განაცხადა: „მე ნაპოლეონს ვამსგავსებ ალექსანდრე მაკედონელს, ადოლფ ჰიტლერს და იოსებ სტალინს. კარგად მომისმინეთ, რასაც ვამბობ: ნაპოლეონს რეალურად აქვს ჩადენილი უღირსი ქმედებები და იგი ძალიან არის გასვრილი ცუდი საქმეებით“, - განაცხადა რეჟისორმა ფრანგთა ეროვნული გმირისა და მათი სიამაყის სიმბოლოს მიმართ.

რიდლი სკოტის პოზიციას, ალბათ, ბევრი არ გაიზიარებს. მართლაც, ჰიტლერისა და სტალინის მოხსენიება ალექსანდრე მაკედონელთან ერთად არასწორი იქნებოდა, რადგან ისტორიულად ცნობილია - ალექსანდრე დიდს არც საკუთარი ხალხისა და არც სხვა ქვეყნის ხალხთა გენოციდი არ მოუწყვია. დიახ, მან გადაწვა სპარსეთის დედაქალაქი , მაგრამ ეს განგებ არ გაუკეთებია.

თუმცა დავანებოთ თავის უძველეს ისტორიას და უფრო შედარებით ახალ პერიოდზე ვისაუბროთ.

ნაპოლეონ ბონაპარტის სიკვდილისშემდგომი რეპუტაცია სერიოზულად „გაფუჭდა“ 1940 წლის 23 ივნისს, როცა გერმანიის რაიხკანცლერი ადოლფ ჰიტლერი თავისი ჯარების მიერ დაპყრობილ პარიზში ჩავიდა. იგი დიდხანს იდგა იმპერატორის საფლავთან და მის წითელ სარკოფაგს უყურებდა. [ისე, როცა ისტორიულ პარალელებზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ, რომ ნაპოლეონის სარკოფაგი კარელიის ჟოლოსფერი კვარციტით არის გაკეთებული - იგივე მასალით, რომლითაც მოსკოვში ვლადიმერ ლენინის მავზოლეუმია მოპირკეთებული. ალბათ, რიდლი სკოტმა ეს ფაქტი არ იცის, თორემ მსოფლიოს ბოროტმოქმედების სიაში ლენინის გვარსაც დაამატებდა].

ასეა თუ ისე, ფიურერის მისვლით და ნაპოლეონის მონახულების ფაქტით მსოფლიოს საზოგადოების ცნობიერებაში დამკვიდრდა კიდევ ერთი სტერეოტიპი, რომელიც XIX საუკუნისა და XX საუკუნის დიქტატორების ბედს აერთიანებს. მართლაცდა, ისინი ორივე იმ ქვეყნების გარეთ დაიბადნენ, რომლებსაც მართავდნენ (ჰიტლერი ავსტრიელია, ნაპოლეონი - კორისიკელი), ორივე ისწრაფვოდა მთელი ევროპის ხელში ჩაგდებას, ორივემ დამარცხება განიცადა მოსკოვთან პირველი წარმატებების შემდეგ, ორივეს სურდა ბრიტანეთის კუნძულების დაპყრობა... და ბოლოსდაბოლოს, ორივე მათ წინააღმდეგ გაერთიანებული მოკავშირეთა არმიების მიერ იქნენ განადგურებულნი.

მაგრამ იგივე წარმატებების გათვალისწინებით ნაპოლეონ ბონაპარტი შეიძლება უინსტონ ჩერჩილსაც შევადაროთ: ორივემ კარიერა არმიაში დაიწყო, ოროვემ შთამბეჭდავი გამარჯვებები მოიპოვეს თავიანთი პოლიტიკური და სამხედრო გზის დაწყებისას: ნაპოლეონმა - ტულონთან 1793 წელს და უინსტონ ჩერჩილმა - ომდურმანთან (დღევანდელ სუდანში) 1898 წელს.

ნაპოლეონი საფრანგეთის არმიის სარდალი 26 წლის ასაკში გახდა, ხოლო 30 წლისა - საფრანგეთის პირველი კონსულის ტიტული მიიღო. მან სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა 1804 წელს და თავი იმპერატორად გამოაცხადა, 35 წლის ასაკში. უინსტონ ჩერჩილი მინისტრი გახდა 34 წლის ასაკში, ხოლო საადმირალოს პირველი ლორდის წოდება 40 წლისამ მიიღო (პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ). ანუ უინსტონ ჩერჩილის ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფებოდა იმდროინდელი მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო-საზღვაო ფლოტი.

თუმცა ნაპოლეონისა და ჩერჩილის მსგავსება ამით მთავრდება, მათი შემდგომი ბიოგრაფიული მომენტები უკვე ერთმანეთს აღარ ჰგავს.

ჰიტლერს და სტალინს არაფერი არ აუშენებიათ?

უნდა აღინიშნოს, რომ ნაპოლეონისა და ადოლფის ერთმანეთთან რიდლი სკოტისეული შედარება არ მოეწონათ ლა მანშის ორივე ნაპირის ქვეყნების ისტორიკოსებსა და კრიტიკოსებს.

ნაპოლეონის ფონდის სამეცნიერო დირექტორმა პიერ ბრანდამ ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფისათვის“ მიცემული ინტერვიუში განაცხადა, რომ რიდლი სკოტმა იმპერატორი სისხლისმსმელ დიქტატორად წარმოაჩინა და მაყურებელს ისეთი წარმოდგენა შეუქმნა, რომ მას თავისი მმართველობის პერიოდში თითქოსდა არაფერი შეუქმნია. „ჰიტლერი და სტალინი არაფერს არ აშენებდნენ, ისინი მხოლოდ ანგრევდნენ“, თქვა მან, რაც, პრინციპში, არასწორია - ჰიტლერმაც და სტალინმაც თავიანთ ქვეყნებში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელეს.

ფრანგი ჟურნალისტის ანა-ელისაბედ მუტეს თქმით, ნაპოლეონის შედარება ჰიტლერთან და სტალინთან დაუშვებელია: „იმპერატორს არ ჰქონია არც საკონცენტრაციო ბანაკები და არ უსჯიდა გადასახლებას და სიკვდილს მთელ ხალხს. დიახ, მისი მმართველობის დროს იყო პოლიტიკური პოლიცია, მაგრამ იყო სიტყვის და აზრის გამოთქმის თავისუფლებაც“.

მაგრამ საპირისპირო აზრი აქვს პროფესორ ჩარლზ ესდეილს, რომელიც ლივერპულის უნივერსიტეტში ლექციებს ისტორიის საგანში კითხულობს. მას რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი და გამოცემული დიდი კორსიკელის შესახებ. ჩარლზ ესდეილი სხვა კუთხით უყურებს ყოველთა ფრანგთა იმპერატორს: „მას პირადი ამბიციები ამოძრავებდა, იგი აბსოლუტურად დაუნდობელი იყო. მას ბევრი ნაკლოვანება ჰქონდა, საზიზღარ და შემზარავ პიროვნებას წარმოადგენდა, მაგრამ მას არ ჰქონდა რასისტული იდეოლოგია, რომელიც ნაცისტური რეჟიმის საფუძველი გახდა. ნაპოლეონის შედარება ჰიტლერთან და სტალინთან - ეს ისტორიის გაყალბებაა“.

ფილმზე პოლემიკა მისი წარმატების საწინდარია?

კრიტიკოსებს და მაყურებელებს, რასაკვირველია, რიდლის სკოტის ფილმის შესახებ ბოლო სიტყვა ჯერ არ უთქვამთ, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი საერთო აზრამდე მაინც ვერ მივლენ.

მთავარი როლის შემსრულებლის ხოაკინ ფენიქსის თქმით, „თუ თქვენ გსურთ ნაპოლეონის ნამდვილად გაგება, მაშინ თქვენ მოგიწევთ პირადად დაკავდეთ ამ საკითხის შესწავლით“. „ეს ფილმი ისეთი ისტორიაა, რომელიც რიდლი სკოტის თვალით არის დანახული. ნაპოლეონის ეპოქა ძალზე რთული პერიოდი იყო, ჩვენ შევეცადეთ ამ ადამიანის გრძნობების გადმოგვეცა“, - თქვა მსახიობმა ჟურნალ Empire-სათვის მიცემულ ინტერვიუში.

სულ ახლახან ბრიტანელმა მწერალმა და ჟურნალისტმა ალეკ მარშმა ასეთი რამ განაცხადა: „თუ ჩვენ არ დავიცავთ ისტორიულ სიმართლეს, მაშინ არასახარბიელო ფაქტის წინაშე დადგომა მოგვიწევს: ხალხი იფიქრებს, რომ მეორე მსოფლიო ომი ამერიკელებმა მოიგეს და თანაც მხოლოდ ისინი იბრძოდნენ. აი, ასეთი ფილმების ნახვის შემდეგ მოსახლეობა მართლაც დაიჯერებს, რომ ნაპოლეონის ბრძანებით პირამიდებს ზარბაზნებს ესროდნენ... ზოგს ჰგონია, რომ ისტორიული სიმართლის დაცვა ზედმეტი პედანტიზმია, მაგრამ ეს პედანტიზმი კი არ არის, აბსოლუტურად პრინციპული საკითხია. თუ ყველა ასე დაიწყებს ფაქტების გაყალბებას, მაშინ რეალური ისტორია მაყურებლის თვალასაწიერიდან გაქრება და მასთან ერთად გავქრებით ჩვენც“.

როგორც ჩანს, ასეთი ფართო პოლემიკის შემდეგ რიდლი სკოტის ფილმს „ნაპოლეონს“ კინოგაქირავებაში წარმატება უკვე გარანტირებული აქვს.

მოამზადა სიმონ კილაძემ.

წყარო