"სიკვდილმისჯილი" პრეზიდენტები - როგორ ცდილობდნენ ზელენსკის ლიკვიდაციას კადიროვის ხალხი და მოკლავენ თუ არა უკრაინელები პუტინს?!
რამდენადაა გამართლებული პოლიტიკური მკვლელობა ან ტერაქტი სამართლიანი მიზნების მისაღწევად? პირდაპირ გეტყვით: დღეს საკმაოდ ტაბუირებულ თემაზე მომიწევს საუბარი, ამიტომ სუსტი ნერვული სისტემის მქონე მკითხველებს ვურჩევ სტატია არ წაიკითხონ.
„დარტყმა მოსწრებაზეაო“ – ქუჩის ბრძოლების ეს ფილოსოფია დიდ პოლიტიკაშიც აქტუალურია. უფრო მეტიც: ხშირად კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლების ყოფნა–არყოფნის საკითხი, რომელიმე პოლიტიკური ლიდერის სიკვდილ–სიცოცხლეზეა დამოკიდებული. ისტორიას მრავალი მაგალითი ახსოვს, როდესაც მეფე–სულთან–იმპერატორ–დიქტატორების პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზიდან ძალადობრივ „წასვლას“ მოვლენების რადიკალური ცვლილება გამოუწვევია. სწორედ ამგვარი ასოციაციები წარმოშვა უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის პასუხმა ბრიტანული გაზეთის ჟურნალისტის კითხვაზე: „გამოიყენებდა თუ არა უკრაინა პუტინის ლიკვიდაციის შანსს, თუ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდებოდა ? “.
ზელენსკის „დიპლომატიური“ პასუხი ამგვარი იყო: „ეს ომია და უკრაინას უფლება აქვს საკუთარი ტერიტორია დაიცვასო“, რაც იმას ნიშნავდა პუტინის ლიკვიდაცია პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში მოვახდენთო. უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებს კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ასე გამოეხმაურა: "უკრაინიდან, სხვადასხვა დონეზე, არაერთხელ ყოფილა პუტინის წინააღმდეგ სიტყვიერი მუქარა. ჩვენ ეს კარგად ვიცით და მათ არაფერი გამოუვათო“.
თავის მხრივ, უკრაინის სპეცსამსახურების ხელმძღვანელების განცხადებით, რუსეთის აგრესიის დაწყებიდან „კრემლს“ ზელენსკის ლიკვიდაციის სულ ცოტა 5-6 მცდელობა მაინც ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის წინ და კიევის დაკავების შემთხვევაში ზელენსკის ლიკვიდაციის საკითხი გადაწყვეტილი იყო, რაც რამზან კადიროვის მებრძოლებს უნდა განეხორციელებინათ. ასე რომ, უნდა ვივარაუდოთ: პუტინისა და ზელენსკის ლიკვიდაციის გეგმები ნამდვილად აქვთ მეომარ მხარეებს და კონკრეტული მუშაობაც მიმდინარეობს აღსასრულებლად. ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც, რომელიმეს მიერ პოლიტიკური სცენის ნაადრევად დატოვება, არა მარტო შეცვლის ომის სცენარს, არამედ ამ ქვეყნების, რეგიონის და შესაძლოა მსოფლიოში პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაციის მნიშვნელოვანი ცვლილებაც გამოიწვიოს. საქმე კი ისაა, თუ რომელ დაპირისპირებულ ძალას აქვს ამგვარი ტერაქტის დაგეგმვისა და განხორციელების რეალური შანსი.
ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილი ომის დანაშაულების ფაქტების შემდეგ, არასერიოზულია რუსეთის ხელისუფლების მიერ რაიმე „საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვაზე“ ვისაუბროთ: პუტინის ხელისუფლებისთვის ყოველთვის „მიზანი ამართლებდა საშუალებას“. რა ხდება დღეს – რამდენადაა პრიორიტეტული ზელენსკის ლიკვიდაცია რუსეთისთვის? შეუძლია თუ არა რუსეთს ნებისმიერ გზით (დაბომბვა, სპეცოპერაცია, მოწამლვა და აშ..) უკრაინის პრეზიდენტისა და ამ ქვეყნის სამხედრო–პოლიტიკური ელიტის ლიკვიდაცია, რაც ნამდვილად გამოიწვევდა უკრაინის წინააღმდეგობის, სულ მცირე, შესუსტებას? ამგვარი მოწოდებებით არა ერთხელ გამოსულან რუსი პროპაგანდისტები და პუტინის „ფანები“. ასევე ლეგიტიმურია ამგვარი შეკითხვაც: თავად „პუტინის კარზე“ რამდენადაა მოსალოდნელი შეთქმულება და სახელწიფო გადატრიალება? როგორ იმოქმედებს ხელისუფლებიდან პუტინის ძალადობრივი ჩამოცილება რუსეთის მომავალზე?
სანამ ამ კითხვებს ვუპასუხებ, მეოცე საუკუნის ორი დიდი დიქტატორის, სტალინისა და ჰიტლერის, ლიკვიდაციის მცდელობები გავიხსენოთ. 1944 წლის 20 ივლისს, როდესაც ჰიტლერი სამხედრო მეთაურებთან თათბირს მართავდა, ერთ–ერთმა შეთქმულმა, პოლკოვნიკმა შტაუფენბერგმა (რომელიც არავის გაუჩხრეკია) ოთახში პორტფელით შეიტანა შენელებული მოქმედების ნაღმი, დადო სათათბირო მაგიდასთან, ხოლო თავად მოგონილი მიზეზით ოთახიდან გავიდა. რამდენიმე წუთში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ოთხი და სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო ოცმა ადამიანმა, მათ შორის ადოლფ ჰიტლერმაც, რომელსაც ხელი დაუზიანდა.

1944 წლის 20 ივლისს წარუმატებლად დასრულებული ე.წ. „გენერლების შეთქმულების“ მთავარი მიზანი ადოლფ ჰიტლერის ლიკვიდაცია, მისი ერთგული სამხედრო დანაყოფების განაიარაღება და ნაცისტური ხელისუფლების წევრების დაპატიმრება იყო. ამის შემდეგ უნდა შექმნილიყო დროებითი მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფდა გერმანიაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. რაც მთავარია: სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ უნდა დადებულიყო საზავო ხელშეკრულება აშშ–სა და დიდ ბრიტანეთთან. შეთქმულებს მიაჩნდათ, რომ ჰიტლერის პოლიტიკას გერმანია კატასტროფისკენ მიჰყავდა, ამიტომ, მათი აზრით, ფიურერის ლიკვიდაცია ქვეყნის მომავლის ინტერესებს ემსახურებოდა.
მეორე მსოფლიო ომი მთავრდებოდა. გერმანია უკვე დამარცხებისთვის იყო განწირული. გარდაუვალი მარცხის თავიდან ასაცილებლად მესამე რეიხის ხელმძღვანელები გამალებით ეძებდნენ გამოსავალს. დიპლომატიისა და საგარეო დაზვერვის დიდი მცდელობის მიუხედავად მათ ვერ შეძლეს “დიდი სამეულის” (სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი) გახლეჩვა. ცალკე დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან საიდუმლო სამშვიდობო მოლაპარაკებების მცდელობები საბჭოთა დიქტატორის დემარშების შემდეგ უშედეგოდ დამთავრდა. ამიტომ გერმანიის საგარეო საქმეთა რეიხსმინისტრ რიბენტროპის წინადადებით გადაწყდა“დიდი სამეულის” ყველაზე საშიში წევრის – სტალინის ლიკვიდაცია.
აქ მცირედით გადავუხვიოთ ძირითად თემას. დასამალი არ არის, რომ ყველა ქვეყნის სპეცსამსახურს უხდება “ბინძური” და “სისხლიანი” ოპერაციების (პოლიტიკური მკვლელობა, ტერაქტი, ოპერატიული დაინტერესების ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოყვანა და ა.შ.) ჩატარება. ამ ამოცანებისთვის მათ სტრუქტურებში შექმნილია სპეციალური დანაყოფები და ლიკვიდაციის ოპერაციების დელიკატურობიდან გამომდინარე, შესრულების იარაღიც განსაკუთრებული და უჩვეულო უნდა იყოს. პოლიტიკური მოწინააღმდეგების ფიზიკური განადგურების უახლესი ხერხებისა და საშუალებების გამოგონებაში სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს შორის ყოველთვის იყო და არის ფარული “შეჯიბრი”. ჯერ კიდევ 1920-იან წლებში აშშ-ში, ინგლისში და გერმანიაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოიგონეს “ცეცხლსასროლი ავტოკალმები”, რომელიც 6-8 მეტრიდან სასიკვდილოდ აზიანებდა მიზანს.

სტალინის ლიკვიდაციის იდეა ფონ რიბენტროპმა ჰიტლერს, ჰიმლერს და ბორმანს გაუზიარა. ტერაქტის უშუალო შემსრულებლად გერმანიის საგარეო დაზვერვის შეფი ვალტერ შელენბერგი დასახელდა. გერმანიის მხარეს უნდა მიეღწია და სტალინი უმაღლესი დონის ორმხრივ ფარულ მოლაპარაკებებზე “შეეტყუებინა”, იქ კი შელენბერგი “ავტოკალამს” გამოიყენებდა. ეს უკანასკნელი თავის მემუარებში იხსენებს თუ როგორ “ჩამოუვარდა ყბა”, როცა რიბენტროპმა თავის “გენიალური” იდეა გააცნო. ამ გეგმის აბსურდულობა იმაში მდგომარეობდა, რომ ისედაც პათოლოგიურად ეჭვიანი სტალინი არაფრის დიდებით დაჯდებოდა მოლაპარაკების მაგიდასთან დამარცხებისთვის უკვე განწირულ მტერთან. თუმცა ფაქტია, რომ გერმანიის დაზვერვას სტალინის ლიკვიდაცია, რომ მოეხდინა, მაშინ XX და XXI საუკუნეების ისტორია დიამეტრულად საპირისპირო მიმართულებით განვითარდებოდა. და არც რუსეთის დიქტატორის, პუტინის პრობლემა იქნებოდა!
რუსი ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები, რომლებმაც თავი უკვე უცხოეთს შეაფარეს, ამგვარ ორაზროვან მინიშნებებს აკეთებენ: „დიდი სიამოვნებით ვუყურებდი ხვალ დილას რუსეთის ცენტრალური ტელევიზიით „გედების ტბას“ (მინიშნება 1991 წლის 19 აგვისტოს გე–კა–ჩე–პეს მიერ მოწყობილ სახელმწიფო გადატრიალებაზე) და „ვეძებთ სნაიპერს“ (მინიშნება პუტინის ლიკვიდაციის აუცილებლობაზე). როგორც ზემოთ უკვე ვთქვი რუსეთის დაუნდობელმა აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, როდესაც ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, ბევრს (პირველ რიგში უკრაინაში) გაუჩინა განცდა, რომ ომის დროს მორალზე საუბარი ზედმეტი „პრანჭიაობა“ არის. ამიტომ. მათი აზრით, „კრემლში“ მყოფი რუსეთის ხელისუფლების პირველი პირებიც ისეთივე ლეგიტიმური სამიზნეები არიან, როგორც უკრაინაში მებრძოლი რუსეთის ჯარისკაცები. ბევრს სჯერა: როდესაც პუტინი მოკვდება, ომი დასრულდება და მისი დიქტატორული რეჟიმიც დაინგრევა. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ავტორიტარულ და დიქტატორულ რეჟიმებში „მამა მარჩენალის“ იმ ქვეყანაზე გამგზავრება, ავტომატურად არ ნიშნავს რეჟიმის შეცვლას და რაიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებას, მით უფრო ომის დროს. პუტინმა ეს კარგად იცის და მანამ იბრძოლებს, სანამ ცოცხალია, რადგანაც ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთ გზას ამ ომში გამარჯვებაში ხედავს. ომები და „გარეშე მტრის ხატი“ დიდ–პატარა დიქტატორების სასარგებლოდ მუშაობს. ამიტომ ერთი პატარა, მაგრამ მოგებული ომი მათი ოცნებაა, დაღუპულები კი მხოლოდ სტატისტიკა.
რამდენად დაცულია პუტინისა და ზელენსკის უსაფრთხოება? უკრაინას ობიექტურად გაცილებით ნაკლები რესურსი აქვს რუსეთის პრეზიდენტის ლიკვიდაციისათვის, ვიდრე „კრემლს“ – ეს რეალობაა და უნდა ვაღიაროთ. თანაც ამ ეტაპზე უკრაინაში უფრო მყიფე სახელისუფლებო ბალანსია ვიდრე რუსეთში: „პრიგოჟინის ამბოხის“ შედეგებმა პუტინის პირადი ძალუფლება უფრო განამტკიცა, წარუმატებელმა კონტრშეტევამ (რაშიც დასავლეთის დიდი „დამსახურებაცაა“) კი უკრაინის ხელისუფლება ორ საპირისპირო ბანაკად – „ზელენსკისა“ და „ზალუჟნის“ გუნდებად დაჰყო.
ამ ვითარებაში კი პოლიტიკური ელიტის ლიკვიდაციისა და ხელისუფლების შეცვლის ალბათობა, სამწუხაროდ უკრაინაში უფრო მეტია.
(პირველი ნაწილის დასასრული)