რას ამბობს მამუკა მამულაშვილი ტყვედ ჩავარდნილ ქართველებსა და ფრონტზე შექმნილ ვითარებაზე? - "უკრაინას აკლია შეიარაღება - მძიმე საარტილერიო დანადგარები და ჭურვები"
ამ ცოტა ხნის წინ, პირველად, რუსეთ-უკრაინის 2-წლიანი ომის განმავლობაში, "ქართულმა ლეგიონმა“ ზედიზედ 3 მებრძოლი დაკარგა და ასევე პირველად ამ ომის განმავლობაში, რუსებს ქართველი ტყვეები ჰყავთ. 25 ნოემბერს უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში რუსული ძალების მიერ კიევზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მასშტაბური იყო. უკრაინის დედაქალაქზე მიტანილი იერიშის გამო, კიევში ვიზიტით მყოფ ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს თავშესაფარში ჩასვლა მოუწია. 27 ნოემბერს საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ომი განსაკუთრებულად ცხელ ფაზაში შევიდა. უფრო ვრცლად უკრაინის ფრონტის ხაზზე და ქართველ მებრძოლებზე "ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი გვესაუბრება:
- ტყვეებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მათ "ქართულ ლეგიონთან“ არანაირი კავშირი არ აქვთ. საქართველოს მთავრობას საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, პრემიერს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ბიჭების გათავისუფლების საქმეში. მალე წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყება, იმედი მაქვს, ამის გამო მაინც გააკეთებენ რამეს.
- ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უკვე თქვა, რომ ვერაფერს გააკეთებენ, რადგან ისინი რუსეთ-უკრაინის სამხედრო ტყვეები არიან...
- დიახ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები არიან. ისინი ვალდებულები არიან, საკუთარ მოქალაქეებზე იზრუნონ. რუსული პროპაგანდისტული მედია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართულ ტყვეებს, ntv - მ ტყვედ ჩავარდნილი ერთ-ერთი ქართველის, გიორგი შუბითიძის მორიგი ჩვენება გამოაქვეყნა, რომელშიც შუბითიძე ყვება, რომ მაიდანის მოვლენებში იმჟამინდელმა სპეცსამსახურებმა ჩართეს და უკრაინელების მკვლელობა დაავალეს. რამდენად სარწმუნოა, რუსული ტერორის ქვეშ მყოფი ადამიანის ასეთი ჩვენება?
რუსული პროპაგანდა და საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ძალიან ხშირად ემთხვევიან ხოლმე ერთმანეთს ვერსიების გავრცელებაში. უკრაინულ მაიდანში ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობის ვერსია "ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდანაც ხომ მოგვისმენია? ყველაფერი ნათელია, ნორმალურად მოაზროვნე ქართველისთვის. ეს ადამიანები უკრაინაში ორი წლის წინ, ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ ჩამოვიდნენ. რუსული პროპაგანდა მათ იმას ათქმევინებს, რისი გახმოვანებაც აწყობს, მაგრამ ფაქტები სულ სხვაგვარია, ეს ბიჭები 2016 წელს რომ უკვე აქ ყოფილიყვნენ, მე აუცილებლად მეცოდინებოდა. ამ პერიოდში უკრაინაში ვიყავი უკვე და ასე თუ ისე, თითქმის ყველა ქართველ მებრძოლთან მქონდა შეხება, ყოველ შემთხვევაში, სახელი და გვარი მაინც მექნებოდა გაგონილი. გიორგი შუბითიძისა და გიორგი გოგლიძის შესახებ მე ნამდვილად არაფერი გამიგია. მე ვიცი, რას ნიშნავს რუსების ხელში ტყვეობა, ჯერ კიდევ ბავშვი აღმოვჩნდი მათ ტყვეობაში. ამ ბიჭებს ძალიან რთული მომენტები აქვთ გასავლელი. იმედია, გაუძლებენ და გადარჩებიან. (გააგრძელეთ კითხვა)