"თუკი ზღვაში, ახლოს, მოტივტივე საზღვაო ნაღმი შეამჩნიეთ დამახასიათებელი "ეშვებით", სასწრაფოდ განერიდეთ" - "საუკუნის შტორმმა" ქართულ სანაპიროსთან უკრაინის ომის საზღვაო ნაღმები კიდევ შეიძლება გამორიყოს - კვირის პალიტრა

"თუკი ზღვაში, ახლოს, მოტივტივე საზღვაო ნაღმი შეამჩნიეთ დამახასიათებელი "ეშვებით", სასწრაფოდ განერიდეთ" - "საუკუნის შტორმმა" ქართულ სანაპიროსთან უკრაინის ომის საზღვაო ნაღმები კიდევ შეიძლება გამორიყოს

ბოლო ასი წელია, ასეთი შტორმი შავ ზღვაში არ ყოფილა - საერთაშორისო საზღვაო მონიტორინგის სისტემა „პოსეიდონი“ 26 ნოემბერს შავ ზღვაში დაწყებულ დიდ ღელვას „საუკუნის შტორმად“ აფასებს და აცხადებს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულთან ტალღების სიმაღლე 8-9 მეტრს აღწევდა...

ამ შტორმმა სერიოზულად დააზარალა, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპირო ზოლი, ისე - თავად რუსეთის კრასნოდარის მხარეც და არც ქართული სანაპირო დაინდო ანაკლიაში, ფოთსა თუ ბათუმში...

მაგრამ ამ საზღვაო შტორმს რამდენიმე დღეში შეიძლება ფარული საფრთხეც მოჰყვეს ქართულ სანაპიროსთან, კერძოდ კი... ღუზას მოწყვეტილი და თავისუფალ დრეიფში მყოფი საზღვაო ნაღმებიც...

თუ რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს ასეთი მოდრეიფე საზღვაო ნაღმები, გასულ წელს უკვე ვწერდი ამ ბლოგში (2022 წლის 23 მარტის სტატიაში „ოდესასთან ჩაყრილი „შაქრიანი“ საზღვაო ნაღმები შეიძლება ბათუმისა და ფოთის პორტებთან „ჩამოგვიცურდეს"?!) და ერთგვარად ენამაც მიყივლა, რადგან დაწერილიდან გარკვეული ხნის შემდეგ მართლაც აფეთქდა ასეთი საზღვაო ნაღმი ბათუმის ბულვარის სანაპიროსთან (იხილეთ 2023 წლის 13 თებერვლის ბლოგში „ბათუმის სანაპიროზე ოდესის მისადგომებიდან მოწყვეტილი მოტივტივე საზღვაო ნაღმი აფეთქდა“), საბედნიეროდ, უმსხვერპლოდ... მაგრამ ასეთივე საფრთხის დონე რამდენიმე დღეში ბევრად უფრო გაიზრდება, რადგან „საუკუნის შტორმი“ აუცილებლად მოწყვეტდა ღუზიდან იმ საზღვაო ნაღმებს, რომლებიც 2022 წლის გაზაფხულზე დააყენეს ოჩაკოვი-ოდესის სანაპირო ზოლის გაყოლებით უკრაინელმა მეზღვაურებმა, რითაც მაშინ, ფაქტობრივად, დაიცვეს უკრაინული შავიზღვისპირა ქალაქები რუსული საზღვაო დესანტის გადასხმისგან, თუმცა განვლილ პერიოდში ეს ნაღმები მოწყდნენ ღუზებს - ზოგი იქვე, ოდესის სანაპიროზე აფეთქდა (მათ შორის მსხვერპლიც გამოიწვია), ზოგმაც თავისუფალი დრეიფი დაიწყო და მათ ხან რუმინეთის, ხან ბულგარეთისა და ხანაც თურქეთის ნაპირებთან აღმოაჩენდნენ და დაცხრილავდნენ, ერთი-ორმაც (ან უფრო მეტმაც) ქართულ ნაპირამდეც მოაღწია...

1-nagmi-1701169249.jpg

სანაპიროსთან, ფსკერზე დამაგრებულ ღუზაზე გამობმული საზღვაო ნაღმი წყლის ზედაპირზე არ მოჩანს...

განსხვავებით გასული წლისგან, წელს „საუკუნის შტორმს“ ღუზებიდან შეიძლება ის საზღვაო ნაღმებიც მოეწყვიტა, რომლებიც უკვე რუსმა ოკუპანტებმა განათავსეს ანექსირებული ყირიმის სანაპიროს იმ მონაკვეთებში, სადაც უკრაინული საზღვაო სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების ფარულად გადასხმას უფრთხიან...

თავისუფლად მოდრეიფე საზღვაო ნაღმებისგან წამოსული დიდი საფრთხე არსებობს, როგორც უშუალოდ წყალში, ისე - მათი სანაპიროზე გამორიყვის შემთხვევაშიც.

რას წარმოადგენენ უკრაინის სანაპიროსთან ღუზას მოწყვეტილი საზღვაო ნაღმები?

ЯМ (Якорная Мина) ტიპის საზღვაო ნაღმი ძალიან ძველი მოდიფიკაციისაა (მან მეორე მსოფლიო ომის ბოლოსაც კი მოუსწრო) და ზღვის ფსკერზე (მაქსიმუმ 12 მ-ის სიღრმეში) დადებულ სიმძიმეზე ღუზით არის გამობმული, ხოლო "ეშვებიანი" ნაღმი კი ზღვის ზედაპირიდან ნახევარ მეტრზეა ჩაძირული და არ მოჩანს, მაგრამ, როგორც კი ხომალდის კორპუსის წყალქვეშა ნაწილი შეეხება ნაღმის ერთ-ერთ "ეშვს", 172 კგ-იან ნაღმში მოთავსებული 20 კგ. ტროტილის დეტონაცია ხდება და...

ამ საზღვაო ნაღმებს "შაქრიანი" იმიტომაც შეიძლება ვუწოდოთ, რომ ზღვაში ჩაშვების მომენტში ტალღამ ხომალდის კორპუსზე მიჯახებისას რომ არ ააფეთქოს, ნაღმს უყენდება სპეციალური დამცველი, რომელშიც... შაქარია ჩაყრილი!

დიახ, ჩვეულებრივი შაქარი, რომელსაც ნაღმის ზღვაში ჩაშვების შემდეგ წყალი ხსნის და ნაღმიც 10-40 წუთში (დამოკიდებულია ზღვის წყლის ტემპერატურაზე, მაგალითად, +20 გრადუსზე შაქარი წყალში ათიოდე წუთში იხსნება, ხოლო ნული გრადუსის დროს - 40 წუთი მაინც სჭირდება), საბრძოლო მდგომარეობაში გადადის.

ამ მოძველებულ საზღვაო ნაღმებს ბევრი ტექნიკური ნაკლი აქვს, მათ შორის ისიც, რომ ზღვის წყალქვეშა დინების სიჩქარემ, თუკი წამში ერთ მეტრს გადააჭარბა, დიდი შანსია, ნაღმი ღუზას მოსწყდეს და "თავისუფალ ცურვაში" გადავიდეს.

თუმცა იმის გამო, რომ ეს მოძველებული საზღვაო ნაღმები არ არიან აღჭურვილი თვითლიკვიდაციის მექანიზმით, მათ შეიძლება წლების განმავლობაში იცურონ ზღვაში და მუდამ სახიფათო იქნება სამოქალაქო გემებისთვის თუ სამხედრო ხომალდებისთვის. ამის მაგალითია მეორე მსოფლიო ომიდან შემორჩენილი ასეთივე საზღვაო ნაღმები, რომელთა ნაწილი 75 წლის შემდეგაც საბრძოლო მდგომარეობაშია.

2-nagmi-1701170138.jpg
ღუზას მოწყვეტილი და თავისუფალ დრეიფში მყოფი საზღვაო ნაღმი წყლის ზედაპირზე ნახევრადაა ამოტივტივებული და ასე გამოიყურება მისი საშიში „ეშვები“ - დეტონატორებით, რომლებსაც მოცურავე არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს...

როგორ შეიძლება საზღვაო ნაღმების აღმოჩენა და მათი გაუვნებლება?

როდესაც საზღვაო ნაღმი ღუზაზეა გამობმული, ის წყლის ზედაპირზე არ მოჩანს. მათ აღმოსაჩენად გამოიყენება სპეციალური მტრალავი ხომალდები, რომლებიც სხვადასხვა დანიშნულების ტრალებს იყენებენ კონტაქტური, აკუსტიკური და ელექტრომაგნიტური პრინციპით მოქმედი საზღვაო ნაღმების გასანეიტრალებლად.

იქიდან გამომდინარე, რომ ЯМ (Якорная Мина) ტიპის საზღვაო ნაღმი მხოლოდ კონტაქტის შემდეგ ფეთქდება, მის აღმოსაჩენად გამოიყენება კონტაქტური ტრალი. ის წყვეტს ღუზას და ნაღმი წყლის ზედაპირზე სანახევროდ ამოცურდება.

თავისუფლად მოტივტივე ნაღმების გასაუვნებლად, როგორც წესი, იყენებენ სნაიპერულ შაშხანებს, მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევებს ან სახომალდო ქვემეხებს, რათა ტყვია თუ ჭურვი როგორმე მოარტყან ნაღმის რომელიმე მგრძნობიარე "ეშვს" და გამოიწვიონ დეტონაცია. თუმცა ხომალდი, საიდანაც ნაღმს ესვრიან, არანაკლებ ორას მეტრზე მაინც უნდა იყოს დაცილებული, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით.

რა ტექნიკური საშუალებები აქვს საქართველოს საზღვაო ნაღმების დროულად აღმოჩენისათვის და მათ გასანადგურებლად?

ბოლო წლებში ბათუმისა და ფოთის პორტებს რეგულარულად სტუმრობდა ნატოს მეორე მუდმივი ნაღმსაწინააღმდეგო ესკადრის (SNMCMG2) თურქული, რუმინული, ბულგარული, ესპანური თუ იტალიური მტრალავი ხომალდები, რომელთა მასპინძელი საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა გახლდათ.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის "საზღვაო გამნაღმველები" ქართველ მესაზღვრე მეზღვაურებთან ერთად სწორედ საზღვაო ნაღმების აღმოჩენისა და განადგურების ვარჯიშებს ასრულებდნენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ასე რომ, საზღვაო ნაღმები ქართული სანაპირო დაცვის მეზღვაურებისთვის ახალი ხილი ნამდვილად არ უნდა იყოს.

ქართველ მეზღვაურებს ნატოს ამ, ნაღმსაწინააღმდეგო ესკადრის დახმარების დიდი იმედი ჯერ არ უნდა ჰქონდეთ, რადგან შარშან, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, თურქეთმა მონტროს კონვენციით ისარგებლა და არაშავიზღვისპირა სახელმწიფოების სამხედრო ხომალდებს დროებით აუკრძალა ბოსფორის სრუტით შავ ზღვაში შემოსვლა. თუმცა ამავე ესკადრის წევრ რუმინულ, ბულგარულ და თურქულ მტრალავ ხომალდებს ვერავინ შეუშლის ხელს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მოდრეიფე საზღვაო ნაღმების აღმოჩენა-განადგურების დაწყებას, თუკი, რა თქმა უნდა, ასეთ სურვილს გამოხატავენ ოფიციალური ანკარა, ბუქარესტი და სოფია.

3-nagmi-1701170497.jpg

ნაპირზე გამორიყული საზღვაო ნაღმი კიდევ უფრო დიდ საფრთხეს წამოადგენს, რადგან აფეთქების შემთხვევაში, 200 მ-ის რადიუსში ნამსხვრევებით დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს...

საქმეს აადვილებს ის გარემოებაც, რომ ამ საზღვაო ნაღმების წყლის ქვეშ მოძებნა აღარ არის საჭირო, რადგან ისინი ღუზებს არიან მოწყვეტილი, ზღვის ზედაპირზე ტივტივებენ და უსაფრთხო მანძილიდან მათ გასანადგურებლად ქართველ მესაზღვრე მეზღვაურებს, იმედია, კარგი ჩუბინებიც მოეძებნებათ და ამისთვის ნატოს დახმარება არ დაგვჭირდება.

2023 წლის 13 თებერვალს, საზღვაო ნაღმის ბათუმის სანაპიროსთან აფეთქების შემდეგ, შსს-მ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სწრაფმავალი კატარღებით ეტაპობრივად ათვალიერებენ ბათუმისა და ფოთის მიმდებარე აკვატორიას, ასევე, ნავსადგურებს, მონიტორინგს უწევენ ანაკლიიდან სარფამდე სანაპირო ზოლს. პერიოდულად, მონიტორინგისთვის საგანგებო სიტუაციების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები სპეციალურ დრონებს იყენებენ.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, სანაპირო ზოლის გასწვრივ, განთავსდება სპეციალური ბარიერები. საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, გამოიცა სპეციალური ცირკულარიც ნავიგაციის უსაფრთხოების ზომების შესახებ. ნავსადგურების კაპიტნებმა და ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა ადგილობრივ მოსახლეობას, კომერციულ, სატრანსპორტო და სატვირთო გემებს, აგრეთვე, თევზსაჭერი სეინერების ეკიპაჟებს უსაფრთხოების დასაცავი ინფორმაცია მიაწოდეს.

რა ქნას მოქალაქემ, თუკი საზღვაო ნაღმის ახლოს აღმოჩნდა წყალში ან პლაჟზე?

ახლა ცურვის სეზონი აღარ არის, მაგრამ მაინც - ზღვაში ცურვისას, თუკი ახლოს მოტივტივე საზღვაო ნაღმი შეამჩნიეთ, დამახასიათებელი "ეშვებით", სასწრაფოდ განერიდეთ. არავითარ შემთხვევაში ნაღმს არ ჩამოეკიდოთ, მით უმეტეს, "ეშვებზე", რომლებიც კონტაქტური ამფეთქებლებია (არსებობს ვიდეოკადრები, როდესაც ოდესის სანაპიროსთან მოცურავე ადამიანი ეხება ასეთი ნაღმის „ეშვს“,რის შემდეგაც საშინელი ძალის აფეთქება ხდება...) გაცურეთ ნაპირისკენ და სასწრაფოდ აცნობეთ საპატრულო პოლიციას, მაშველებს და, ასევე, გააფრთხილეთ სხვა მოცურავეები თუ პლაჟზე მყოფები.

თუკი ტალღებმა ასეთი საზღვაო ნაღმი პლაჟზე გამორიყა, სასწრაფოდ დაშორდით არანაკლებ ორასი მეტრით და შეატყობინეთ სამართალდამცავებს. ეცადეთ, ვინმე ცნობისმოყვარე არ მიუახლოვდეს გამორიყულ საზღვაო ნაღმს.