"ყველა ოპოზიციური ძალა, ვისაც რეალურად უნდა ხელისუფლების შეცვლა უნდა, მრგვალი მაგიდის ირგვლივ უნდა დასხდეს" - კვირის პალიტრა

"ყველა ოპოზიციური ძალა, ვისაც რეალურად უნდა ხელისუფლების შეცვლა უნდა, მრგვალი მაგიდის ირგვლივ უნდა დასხდეს"

ყველა ოპოზიციური ძალა, ვისაც რეალურად უნდა ხელისუფლების შეცვლა უნდა, მრგვალი მაგიდის ირგვლივ უნდა დასხდეს, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის ამოცანა არა ხელისუფლების შეცვლა, არამედ 5%-იანი ბარიერის გადალახვაა.

„იცით, რატომ ვარ სკეპტიკურად განწყობილი? ოპოზიციური პარტიების მოქმედებების აბსოლუტური უმრავლესობა მაფიქრებინებს, რომ ოპოზიციური პარტიების ამოცანა არის, როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახონ. ბევრი ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს. რეალობიდან ხომ უნდა ამოვიდეთ? მაქსიმუმ გადალახოს 2-3-მა პარტიამ და რა იქნება მერე? იქნება ისევ „ოცნების“ უმრავლესობა და საუკეთესო შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები წარმოდგენილი იქნებიან დაახლოებით ისე, როგორც დღეს არიან და რას აკეთებენ პარლამენტში?“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიცია ვერ გაძლიერდება, როდესაც წესიერად ერთმანეთსაც ვერ ელაპარაკებიან.

„მე მაინტერესებს, რა მოაძლიერებთ ამ პარტიებს? რომელი შეთავაზებაა ახლა ისეთი, რაც ოპოზიციურ პარტიას გააძლიერებს, როდესაც ადამიანები ხედავენ იმას, რომ ლაპარაკის მეტი არაფერი არ არის. ერთმანეთს ვერც ელაპარაკება წესიერად ოპოზიცია და ვერაფერს ცვლის პარლამენტში ყოფნით, რომელშიც წესით არ უნდა ყოფილიყვნენ როგორც თავად ჰპირდებოდნენ საზოგადოებას. ამ გზით ოპოზიცია ვერ გაძლიერდება. ორი საქმის კეთება თუ არ შეგვიძლია პოლიტიკოსებს ერთდროულად, ერთმანეთთან კონსულტაციების წარმართვა ისე, რომ საერთო გზა და სტრატეგია დაისახოს და პარალელურად თუ არ შეგვიძლია ჩვენი პარტიების გაძლიერება, მაშინ ჩვენ ხელისუფლებაში არაფერი გვესაქმება. ხელისუფლებაში ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, რომ 2 კი არა 10 საქმე გაქვს ერთდროულად საკეთებელი და ხანდახან მეტი. 11 თვე რომ არის დარჩენილი ჯერ შეიძლება ადრე იყოს საარჩევნო კონფიგურაციის გამოცხადება, საარჩევნო სიებზე საუბარი, მაგრამ ადრე არ არის იმ გზის დასახვა, როგორ მიდიხარ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"