"მეტეორიტის დაცემის დროს მომხდარი ბიძგები, თურმე, დიდ ტერიტორიაზე იგრძნობოდა"
თურქეთში, ქალაქ დოღუბაიაზითიდან 35 კმ-ის მოშორებით, ირან-თურქეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტის - გურბულაკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 2 კმ-ის მოშორებით მდებარეობს ჩუკურუს 60 მეტრის სიღრმისა და 35 მეტრის დიამეტრის, თითქმის ცილინდრული ჭაბურღილის ფორმის მეტეორიტის ღრმული.
ეს ღრმული, იგივე ორმო, ზოგიერთი მონაცემით, ალასკას მეტეორიტის ორმოს შემდეგ მეორე უდიდეს მეტეორიტის ორმოდ მიიჩნევა. ჩუკურუს ორმო წარმოიქმნა ბაზალტებსა და მესამეული პერიოდის გეოლოგიური ასაკის ქანების ფენებში 1892 წელს, დიდი მეტეორიტის დაცემის შედეგად. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მეტეორიტის დაცემის დროს მომხდარი ბიძგები, თურმე, დიდ ტერიტორიაზე იგრძნობოდა.
ახლახან რამდენიმე ქართველი გიდი და მასწავლებლები, რომლებიც გიდებთან ერთად ხშირად მოგზაურობენ, ისტორიული ურარტუს ნაკვალევზე გაემართნენ. ჯგუფის შემადგენლობაში იყო ჩემი მეგობარი, ცნობილი მოგზაური და მეცნიერი, თსუ-ის გეოგრაფიის ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი გიორგი დვალაშვილი.
მანვე მოგვაწოდა ექსკლუზიური ინფორმაცია და საავტორო ექსკლუზიური ფოტოებით თურქეთიდან:
- წლების განმავლობაში ურარტუს სახელმწიფოს შესახებ პირადად მე ძალიან მწირი ინფორმაცია მქონდა, არადა ურარტუ ჩვენს ქვეყანასთან ძალიან მჭიდროდ იყო დაკავშირებული, გვესაზღვრებოდა და, რა თქმა უნდა, დიდი ისტორიაც აქვს. მასზე მასალების მოძიება 15 წლის წინათ დავიწყე, ასევე, ძალიან მაინტერესებდა იმ ადგილების უკეთ გაცნობა. იქ ჩასულებს, უპირველესად, გვინდოდა გვენახა ქალაქი ვანი, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზეა და ბევრი რამით არის გამორჩეული - გეოგრაფიით, გეოლოგიით, ისტორიით და ა.შ. თანაც, სწორედ დღევანდელ ვანის ტერიტორიაზე იყო გაშენებული ისტორიული ურარტუს დედაქალაქი ტუშფა, რომელიც იქვე ახლოს მდებარე ქალაქ დოღუბაიაზითთან ერთად ძალიან დიდ და საინტერესო ამბებს ინახავს. დოღუბაიაზითში არის იშაკ ფაშას სასახლე. საკვლევად განსაკუთრებით დამაინტერესა ქალაქის უკვე დანგრეულმა უძველესმა ციხე-სიმაგრეებმა და სასახლეებმა. გეტყვით, რატომ ვახსენე ეს ადგილები - დიდი მეტეორიტი, რომელიც 1892 წელს მიმდებარე ტერიტორიას დაეცა, სწორედ დაცემის შედეგად წარმოქმნილი ბიძგების გამო, აუცილებლად გახდებოდა ურარტუს უძველესი ციხის დაზიანების მიზეზი. მისი დაცემის ადგილიდან ურარტუს საუკუნოვანი ციხე, დაახლოებით, 20 კილომეტრით იქნება დაცილებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კოსმოსურმა მოვლენამ ჩუკურუში 60 მეტრის სიღრმის და 30 მეტრის გარშემოწერილობის ღრმული წარმოქმნა, ცხადია, დარტყმის ტალღა ძალიან მძლავრი იქნებოდა, მიმდებარე ტერიტორიაზე დიდ რყევას გამოიწვევდა და ურარტუს ციხეს და დოღობაიაზითის სასახლესაც დააზიანებდა. ფაქტია, ნგრევის კვალიც თვალსაჩინოა.
დოღუბაიაზითში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და მეტეორის შესახებ სწორედ ადგილობრივებისგან მოვისმინე. ამიტომაც გადავწყვიტე ის კონკრეტული ადგილი საკუთარი თვალით მენახა. ამისრულდა კიდეც სურვილი და სამი დღის წინ პირველად მოვხვდი უზარმაზარი მეტეორიტის „ნაკვალევთან“. ადრეც მქონდა მცდელობა, მაგრამ ვერ მოხერხდა, ობიექტის თურქეთ-ირანის საზღვართან სიახლოვის გამო. ამჯერად, საშუალება მოგვეცა, სასაზღვრო ზონის სამხედრო პოლიციელებს გავსაუბრებოდით. სწორედ მათ გვითხრეს, რომ ის ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნეიტრალურ ზონას ეკუთვნის და უფლება არ ჰქონდათ, ყველა დაინტერესებული ადამიანი გაეტარებინათ. მათ ვაჩვენე, რომ სამეცნიერო ჯგუფის წარმომადგენელი ვიყავი, ზოგადად, ჩვენმა საბუთებმაც დააკმაყოფილათ და გაგვიშვეს.

პროფესიული თვალსაზრისით, იმ ადგილების ნახვა ჩემთვის მართლაც ძალიან საინტერესო იყო. საქართველოში მსგავსი ანუ მეტეორიტის ჩამოვარდნის ადგილი არსადაა და, ზოგადად, კავკასიაში, უახლოესი ამგვარი ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია მივიდეს, სწორედ იქ არის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში, თურქეთის ტერიტორიაზე, იღდირის პროვინციაში. ჩვენთვის ცნობილია ტუნგუსკის ციმბირის მეტეორიტი, რომელიც საკმაოდ დიდი იყო და 1908 წელს, დედამიწაზე დაცემის ადგილას ყველაფერი გადაბუგა, მაგრამ მისი კვალი არსად ჩანს - თითქოს, რაღაცამ გაიარა და ტყე გადაწვაო. ჩამოვარდნის ადგილას ჩუკურუს მეტეორიტის ღრმულის მსგავსი არაფერი უნახავთ. დოღუბაიაზითის მახლობლად კი სულ სხვა სურათი გვაქვს - არსებობს უზარმაზარი ორმო, მასთან შესაძლებელია მისვლა და საკუთარი თვალით ნახვა. სხვადასხვა წყაროებით ცნობილია, რომ ეს ადგილი მსოფლიოში ცნობილი მეტეორიტის დაცემის ადგილებს შორის პარამეტრებით სამეულშია შეტანილი. ზოგიერთი მას იმავე პარამეტრებით მეორე ადგილსაც ანიჭებს. მაგალითად, კალიფორნიის შტატშიც არის მეტეორიტის დაცემისგან წარმოქმნილი ღრმული და იქ მანქანებითაც ჩადიან და ფეხითაც, მაგრამ აქ, ღრმულში ვერც მანქანით ჩახვალ და ვერც ფეხით. ფაქტია, რომ უზარმაზარი მასაა ჩამოვარდნილი, რომელსაც თავისუფლად შეეძლო დიდი ნგრევის გამოწვევა და ასეთი კვალის დატოვება.

- როგორც ვიცი, იმ ღრმულთან საკმაოდ ახლოს მიხვედით და ჩაიხედეთ კიდეც. არ იყო სახიფათო?
- არანაირად არ არის სახიფათო. იქ ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულია ყველაფერი. გადასახედი ადგილიც კი გაკეთებული აქვთ. საშიში ნამდვილად არ იყო, უფრო ემოციური იყო - აბა, როგორია, კოსმოსურ მოვლენასთან რომ გაქვს საქმე, თუნდაც მეტეორიტის ჩამოვარდნასთან, რომელიც, მაგალითად, დინოზავრების გადაშენების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს, ასევე, იწვევს კლიმატის ცვლილებას, სხვადასხვა უსიამოვნო მოვლენას და ბევრ პრობლემას უქმნის დედამიწას. პირისპირ რომ უყურებ მეტეორიტის ჩამოვარდნის ადგილს, მთლად სასიამოვნო ნამდვილად ვერ არის - წარმოიდგინე, რომ 20-სართულიანი შენობის სახურავის კიდეზე დგახარ და ქვემოთ ჩაჰყურებ უზარმაზარ ღრმულს.

- ღრმულში, დაბლა რა მოსჩანდა, მხოლოდ მიწა და ქვის გროვა?
- არა მარტო. ღრმულს დიამეტრი დიდი აქვს და მასში იოლად აღწევს მზის სხივი, იქაურობა ტენსაც კარგად ინარჩუნებს, ამიტომ დაბლა ჩანდა ამწვანებული მინდორიც, ძირითადად, ბალახეული მცენარეები, რაც დამახასიათებელია, ქვაღორღიანი ნახევარუდაბნო ადგილებისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, ნელ-ნელა ივსება ღრმული და თუ ასე გაგრძელდა, 60 მეტრის სიღრმე შეიძლება 50-40-მდეც კი შემცირდეს. ზოგადად, ღრმულის მიმდებარე სივრცე ნახევარუდაბნოა. არცთუ შორს არის არარატის მთები - დიდი და პატარა არარატი. ამიტომ საჭიროა ამ ადგილის დაცვა. სხვადასხვა ჯგუფებთან გვქონდა მიმოწერა და მათგან შევიტყვეთ, რომ ამ ტერიტორიის უფრო კეთილმოწყობას გეგმავენ ისე, რომ საფარი გაკეთდეს, რაც ღრმულს და მიმდებარე სივრცეს მაქსიმალურად დაიცავს ქარისგან, წვიმისგან და ა.შ.

უახლოეს პერიოდში აქ ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა და დაცული ტერიტორიის შექმნა იგეგმება. დღეისთვის იქაურობა მოწესრიგებულია, მანიშნებელი ტრაფარეტებიც არსებობს, გადასახედიც გაკეთებულია. ვნახოთ, სამომავლოდ როგორ მოხერხდება იქ სტუმრობა. ჯერჯერობით, მხოლოდ სპეციალური საშვებითა და ნებართვებით თუ შევა ვინმე, ისიც, ალბათ - კანტიკუნტად. სამომავლოდ, შეიძლება, ტურისტული ჯგუფებიც შეუშვან, მთავარია, მსურველებს შესაბამისი ნებართვა და მოწესრიგებული საბუთები ჰქონდეთ.
ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)