"პოლიტიკოსებს ჰგონიათ, ტელევიზიით რომ გამოვლენ და "ბრძნულ" აზრებს დააფრქვევენ, ეს საკმარისია" - გია ხუხაშვილი "მესამე პოლიტიკურ ცენტრზე" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკოსებს ჰგონიათ, ტელევიზიით რომ გამოვლენ და "ბრძნულ" აზრებს დააფრქვევენ, ეს საკმარისია" - გია ხუხაშვილი "მესამე პოლიტიკურ ცენტრზე"

გთავაზობთ ეპიზოდს გია ხუხაშვილის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 27 ნეომბრის ნომერში გამოქვეყნდა.

- ჩვენ ვიცით, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის წილი ელექტორატში ძალიან მაღალია, მნიშვნელოვანია, ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდეს ძალის ცენტრი, რომელიც ამ ადამიანების მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებს. ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს თუ გადავხედავთ, ამგვარი ცენტრის ჩამოყალიბების ყველაზე მეტი შანსი "ლელოსა" და გახარიას პარტიას "საქართველოსთვის" შეიძლება ჰქონდეთ გაერთიანების შემთხვევაში, თუმცა მათ რაღაც არ ეტყობათ, რომ შეუძლიათ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა, მეტიც, ხშირად იცლიან ერთმანეთის კრიტიკისთვის... თუ არ გაჩნდა კიდევ ერთი ძალის ცენტრი, წარმოუდგენელი იქნება ორპოლუსიანობის დაძლევა, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

- მე ამ ორი პარტიის გაერთიანების თეორიულ შანსს ვხედავ, თუმცა არც ის მგონია ტრაგედია, თუ არ გაერთიანდებიან. როდესაც ვლაპარაკობთ ორი პოლუსისგან თანაბრად დისტანცირებულ ცენტრზე, არ არის აუცილებელი, რომ ეს მაინცდამაინც ერთი ცენტრი იყოს, შეიძლება ასეთი 2-3 გაჩნდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, ეს მესამე ძალა მეტად კონსოლიდირებული იყოს. ამომრჩეველი მხოლოდ იმ მოსაზრებით არ აკეთებს არჩევანს, ვინ მოსწონს და ვინ არა, ამომრჩეველი ძალასაც უნდა ხედავდეს. ის უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მის ფავორიტს მხოლოდ კეთილი სურვილები კი არა აქვს, არამედ ხელისუფლებაში მოსვლის უნარიც შესწევს, მაგრამ ამის მიუხედავად, თუ მოხერხდა და ჩამოყალიბდა 2-3 ძალა, რომლებიც მოახერხებენ ბარიერის დაძლევას, ნამდვილად არ იქნება ურიგო.

- აქ სხვა პრობლემაა, ჩვენთან ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი იმდენად სუსტია, ჩნდება ბარიერის ვერდაძლევის საფრთხე. ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციური ძალები თან კი ცდილობენ თქვან, რომ საკუთარი წარმატების სჯერათ, მაგრამ, იმავდროულად, ითხოვენ საარჩევნო ბარიერის დაწევასაც.

- გეთანხმებით, ეგ არის პრობლემა... მნიშვნელოვანია ისიც, რომ გახარიას პარტიისა და "ლელოს" გაერთიანება გარკვეულ სინერგიას შექმნიდა. პოლიტიკაში უბრალო არითმეტიკით არ ხდება ყველაფერი. შეიძლება ორ პარტიას 2-2% ჰქონდეს, მაგრამ თუ გაერთიანდებიან, ჯამში არა 2, არამედ 10 და 15% მიიღონ. რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოებაში გაჩნდება რწმენა. თქვენ სწორად გაიხსენეთ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის წილი. შესაბამისად, პოლიტიკურ ბაზარზე ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებზე დიდი მოთხოვნაა. რაც შეეხება ბარიერის დაწევას, მე არ მომწონს ეს იდეა. 5%-ზე დაბალი მხარდაჭერა ლეგიტიმაციას უკარგავს პარტიებს და უბიძგებს, რომ პოსტსაარჩევნოდ იაფად გაიყიდონ. ასეთი პარტიები არ არიან ორიენტირებული ფასეულობით არჩევანზე. თუ 5%, ანუ სადღაც 100 000 კაცი არ გაძლევს ხმას, რატომ წვალობ, უნდა წახვიდე პოლიტიკიდან.

აქ შემოდის კიდევ სხვა ფაქტორებიც, რის გამოც არ უნდა ვიჩქაროთ პროგნოზების გაკეთება. მაგალითად, მელიას ფაქტორი, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ჩვენ არ ვიცით, "ნაციონალური მოძრაობა" რა პროპორციით გაიყოფა. მელიამ სერიოზული ელექტორალური სეგმენტი თუ წამოიღო "ნაციონალური მოძრაობიდან", მას აქვს იმის პოტენციალი, რომ ისიც თანაბრად დისტანცირდეს ამ ორი პოლიტიკური ცენტრისგან. შესაბამისად, ეს შეიძლება იქცეს ძალიან საინტერესო პროცესად.

- ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - საქართველოს პრეზიდენტი.

- ნამდვილად გეთანხმებით, მან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან სერიოზული პოლიტიკური კაპიტალი დააგროვა. თუნდაც, როდესაც ლაპარაკია პროდასავლური ფლანგის კონსოლიდაციაზე, ამ ფლანგზე პრეზიდენტი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურაა. როგორ შეიქმნა ეს ფიგურა, სხვა თემაა - ამას ხელისუფლებამ თავისი სიბრიყვით შეუწყო ხელი. როგორც ვატყობ, ის სერიოზულ პოლიტიკურ აქტივობას აპირებს. გასაგებია, მას კონსტიტუცია უზღუდავს პირდაპირ პარტიულ და შიდაპოლიტიკურ პროცესში თავით გადაშვებას, მაგრამ მას, როგორც ინსტიტუციურ ლიდერს, შეუძლია სწორი გზავნილებით გაამაგროს პრინციპი "შუა უნდა შეიკრიბოს". ტექნიკურად ამას როგორ გააკეთებს ისე, რომ ისევ კონსტიტუციის დარღვევა არ დააბრალონ, ცალკე საკითხია, მაგრამ მე შესაძლებლად მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი თან დარჩეს პრეზიდენტად, ოღონდ თავისი მოქმედებით შეუწყოს ხელი სწორედ "შუის შეკრებას", და იქცეს სერიოზულ პოლიტიკური ცენტრების ორთქლმავლად, არა ერთი, არამედ ყველა ასეთი ცენტრის. ჩვენ ძალიან სერიოზული პროცესი გველოდება, რაც, ალბათ, თებერვლიდან დაიწყება, მანამდე ამ მიმართულებით აქტიურობას არ ველი. თუ მოხერხდება ისე, რომ ამ შუაში ჩამოყალიბებული ცენტრი თუ ცენტრები ჯამურად 15-20%-ს მოაგროვებენ, ეს სრულიად საკმარისი იქნება, რომ ორი ძალა ექსკლუზიურად ვეღარ მოვიდეს ხელისუფლებაში და გაჩნდეს პოსტსაარჩევნო კოალიციის შექმნის აუცილებლობა. შესაბამისად, ძალაუფლების უზურპატორები აღარ გვეყოლება და ხელისუფლებაში შიდაპოლიტიკური ბალანსი გაჩნდება. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა, არა ისეთი, როგორც დღეს მუშაობენ პარტიები, როდესაც საზოგადოებასთან მონოლოგის რეჟიმში აქვთ ურთიერთობა. პოლიტიკა ვირტუალური გახდა. რატომღაც პოლიტიკოსებს ჰგონიათ, ტელევიზიით რომ გამოვლენ და "ბრძნულ" აზრებს დააფრქვევენ, ეს საკმარისია. საზოგადოება ითხოვს ურთიერთობას, ის, რომ ხელისუფლება ცუდია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ესენი არიან კარგები. ოპოზიციას სჭირდება მუშაობა, დიალოგი, სოფელ-სოფელ სიარული. ჩემი აზრით, ამას აგვიანებენ, ეს კი მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაც კონფიგურაციების ჩამოყალიბება. კონფიგურაცია როგორიც არ უნდა ჩამოყალიბდეს, თუ ხალხის მხარდაჭერა არ გექნება, რა მნიშვნელობა აქვს? ხალხთან ხიდი უნდა გაიდოს.

განაგრძე კითხვა:ვის აქვს ყველაზე მეტი შანსი, რომ ქართულ პოლიტიკაში "მესამე ცენტრი" შექმნას?!