"იქ ვლადიმერ პუტინსაც კი აქვს ვილა... ამ ადგილას ყველას არც უშვებენ"
„მის თბილისის“ ორგანიზატორის შეხვედრა მსოფლიოს ვარსკვლავებთან და 23 წელი ევროპაში
ქალაქი მარბელა ესპანეთის სამხრეთით მდებარეობს და გამორჩეულად ლამაზია. კომპლექსი "ლა ზაგალეტა" - ცნობილი ფანტასტიკური ვილებით, არის დახურული ზონა, სადაც მხოლოდ მეგავარსკვლავები ცხოვრობენ. თქვენ წარმოიდგინეთ, იქ ვლადიმერ პუტინსაც კი აქვს ვილა... ამ ადგილას ყველას არც უშვებენ, მაგრამ ჩვენ მეგობრები გვყავს და იქ გოლფიც კი გვითამაშია... სტუმრად რომ გვეპატიჟებიან, დიდი პატივია, ოღონდ ეს საიდუმლოდ უნდა დარჩეს, ამაზე საუბარი არ არის მიღებული..." - ამბობს ნატალი სტიუარტ-ფოქს, რომელიც საკუთარ თავბრუდამხვევ ცხოვრებასა და წარმატებებზეც გვიყვება...
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრების ნახევარი საზღვარგარეთ მაქვს გატარებული. საქართველოდან 2000 წელს, "ოქსფორდში" სასწავლებლად წამოვედი და უკვე 23 წელია, ევროპაში ვარ. ამჟამად ისევ ინგლისში ვცხოვრობ... აქ 2019 წელს გადმოვედი, მანამდე ესპანეთში ვცხოვრობდი, რამდენიმე წელი კვიპროსის კუნძულზეც..."

"როდესაც "ოქსფორდში" სწავლა დავამთავრე, დისერტაციის მომზადება დავიწყე ტურიზმის და სტუმართმასპინძლობის თემაზე და მაშინ მომიხდა ლონდონში გადასვლა. ვმუშაობდი ივენთების დეპარტამენტში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში და როგორც კი დავამთავრე დისერტაციაზე მუშაობა, სასწრაფოდ მაიამში გადავედი, სადაც პრაქტიკა უნდა გამევლო საკრუიზო კომპანიაში - ამან მიშველა, თორემ ვგრძნობდი, დეპრესია მქონდა... ალბათ სასაცილოა, ბევრისთვის საოცნებო ქალაქში მე დეპრესია რომ დამემართა, არა? მაგრამ რა ვქნა, არ მიყვარს მეგაპოლისები..."

"ჩემს მეგობრებთან, კლასელ ნინო გოშთელიანთან და კიდევ სხვებთან ერთად ჩავატარე სილამაზის კონკურსი "მის თბილისი", რომლის მთავარი მხარდამჭერი იყო ქალთა საქველმოქმედო ფონდი "ვიქტორია" და მისი დამფუძნებელი ვიქტორია მიქავა - დედაჩემი, ვეტერანი ქველმოქმედი... "მის თბილისი" გახდა ულამაზესი ნინო ჩქარეული, "ვიცე მისი", თუ არ ვცდები, ირინა ონაშვილი... ამ კონკურსს "მის საქართველოც" მოჰყვა, რომელსაც ხათუნა ჟორდანია ატარებდა და მის საორგანიზაციო ჯგუფში ჩავერთე..."

"მახსოვს, ზამთარში ზღვაში ჩავვარდი და "საპატიო ბათუმელობა" მომანიჭეს, - ჩვენ ბათუმელები ზაფხულში არ დავდივართ ზღვაზე და შენ, თბილისელი ზამთარში გრილდებიო..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 30 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.
მანანა გაბრიჭიძე