ცუდი ამბავი ამერიკისთვის, აზერბაიჯანისთვის და ისრაელისთვის: ირანი ძლიერდება - შეიცვლება თუ არა ძალთა ბალანსი რეგიონში - კვირის პალიტრა

ცუდი ამბავი ამერიკისთვის, აზერბაიჯანისთვის და ისრაელისთვის: ირანი ძლიერდება - შეიცვლება თუ არა ძალთა ბალანსი რეგიონში

აშშ-ისა და ისრაელისთვის, ასევე შეიძლება აზერბაიჯანისთვისაც კი, გუშინ ერთი არასასიამოვნო ახალი ამბავი გახდა ცნობილი-ირანის ისლამური რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სეიედა მეჰდი ფარჰიმ საინფორმაციაო სააგენტოს Tasnim-ის განუცხადა-„ირანი ამთავრებს რუსეთიდან Су-35 გამანადგურებლების, Як-130 სასწავლო -საბრძოლო თვითმფრინავებისა და Ми-28НЭ "Ночной охотник" დამრტყმელი შვეულმფრენების შეძენის პროცედურას“.

ამით თეირანმა ფაქტობრივად დაასამარა ამერიკელოებისა და ისრაელელების დიდი იმედი, რომ რამენაირად ჩაიშლებოდა რუსული,ყველაზე თანამედროვე სერიული წარმოების Су-35 ტიპის გამანადგურებლების გამოჩენა ირანის ცაში...

ეს ისტორია კი ასე იწყებოდა...

ორი წლის წინ თეირანმა მოსკოვთან გააფორმა საიდუმლო შეთანხმება, რომელიც 50-მდე უახლესი რუსული სერიული წარმოების Су-35 ტიპის მრავალდანიშნულების ზებგერითი საბრძოლო თვითმფრინავის შესყიდვას ითვალისწინებდა.

1-ira-1701248097.jpg
ირანის ცაში თავდაპირველად რუსული წარმოების 24 ასეთი Су-35 ტიპის გამანადგურებელი გამოჩნდება...

თავდაპირველად ირანისთვის უნდა მიეწოდებინათ ის 24 ერთეული, უკვე დამზადებული საექსპორტო Су-35-ი, რომლებიც ეგვიპტის შეკვეთით აიწყო, მაგრამ ბოლო მომენტში ოფიციალურმა ქაირომ უარი თქვა მათ შეძენაზე, საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცევის საფრთხის გამო.

დაახლოებით ორი მილიარდი დოლარის ღირებულების ეს 24 ცალი Су-35 ორი წლის განმავლობაში არადა არ გამოჩნდა ირანის ცაში, რამაც ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალს, ბრიგადის გენერალ ჰამიდ ვაჰედის ინტერვიუში, დანანებით ღიად ათქმევინა - ჩვენ ისინი ძალიან გვჭირდება, მაგრამ არ ვიცი როდის გამოჩნდებიან ეს თვითმფრინავები ჩვენს შეიარაღებაში, ეს მაღალი დონის ჩინოვნიკების გადასაწყვეტიაო...

ირანელი გენერლის ეს გულახდილობა გახდა იმის მიზეზი, რომ თავად ირანში გამოითქვა გულისწყრომა რუსეთის ქმედებების მიმართ - მაშინ, როდესაც უკრაინასთან ომში ირანი „შაჰიდებით“ ინტენსიურად ეხმარება რუსეთს, მოსკოვი გვიბლოკავს უკვე თანხაგადახდილი ავიაგამანადგურებლების მოწოდებას, ეტყობა რაღაც კულუარული შეთანხმება ხდება რუსეთისა და ისრაელის ხელისუფლებებს შორისო...

არ არის გამორიცხული, რომ ღაზას სექტორში ისრაელ-პალესტინის მორიგი ომის დაწყებამ დააჩქარა ამ საკითხის დადებითად გადაჭრა ირანისთვის და პირველ ეტაპზე 24 ერთეული Су-35-ის საექსპორტო ვარიანტის გამოჩენა ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების არსენალში, მნიშვნელოვნად შეცვლის სამხედრო ბალანსს ამ რეგიონში...

კერძოდ კი, ირანელებს რუსული Су-35-ებით მეტ-ნაკლებად წარმატებით შეეძლებათ იმ საჰაერო შეტევების მოგერიება, თუკი ისრაელი თავისი თანამედროვე, მეხუთე თაობის F-35I Adir -ებით მართლაც შეეცდება ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმას.

რუსულ Су-35-ს ფაზირებულანტენიანი საბორტე რადიოლოკატორი უყენია, რომელსაც F-16 -ის ზომის საფრენი აპარატის აღმოჩენა არანაკლებ 250-270 კმ-ის სიშორიდან ძალუძს(თუმცა „სტელსის“ ტექნოლოგიით დამზადებულ ისრაელის F-35I Adir -ს საბორტე რადიოლოკატორით ბევრად ნაკლებ სიშორეზე თუ აღმოაჩენს), რის შემდეგაც შეუძლია გამოიყენოს Р-37М ტიპის შორი მოქმედების „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტა, რომლის მოქმედების მაქსიმალური მანძილი 200 კმ-ს უახლოვდება.

2-ira-1701248221.png
რამდენიმე რუსული Як-130 სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავები უკვე ჩატანილია ირანში და ისინი ირანის საჰაერო-ძალების ფერებშია გადაღებილი...

რაც შეეხება რუსულ Як-130 ტიპის სასწავლო -საბრძოლო თვითმფრინავებს, მათი ირანში სატრანსპორტო თვითმფრინავებით ჩატანის ფაქტი ჯერ კიდევ ა.წ.-ის 1 სექტემბერს დაფიქსირდა.

ეს ორადგილიანი და ორძრავიანი რეაქტიული თვითმფრინავი გამოიყენება სამხედრო მფრინავების მოსამზადებლად, თუმცა მას მოიერიშეს კონფიგურაციაში 3 ტ საერთო მასის შეიარაღების წაღებაც კი შეუძლია.

რაც შეეხება რუსული Ми-28НЭ დამრტყმელი შვეულმფრენების, რომლებსაც „ღამის მონადირეებსაც“ ეძახიან, მიწოდებას ირანისთვის, ეს მართლაც მოულოდნელი ინფორმაცია გახლდათ.

რუსეთს Ми-28НЭ -ები გაყიდული აქვს ალჟირში ,უგანდასა და ერაყში და ირანი მეოთხე საზღვარგარეთის ქვეყანა ხდება, სადაც ეს „ღამის მონადირეები“ იფრენენ, თუმცა უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი რუსი მფრინავები უპირატესობას არა Ми-28НЭ "Ночной охотник"-ს, არამედ Ка-52 «Аллигатор»-ს ანიჭებენ, მიუხედვად იმისა, რომ ომის დაწყებიდან დღეის ჩათვლით უკრაინის ციდან რუსებს 52 „ალიგატორი“ ჩამოუგდეს და მხოლოდ 13 „ღამის მონადირე“...

ირანს ჰაერივით სჭირდება თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავები, რადგან დღეს მის შეიარაღებაში მხოლოდ ძალზე მოძველებული ამერიკული F-5-ები და F-14, ასევე საბჭოთადროინდელი МиГ-29-ებია დარჩენილი.

სხვათა შორის, საბჭოთა კავშირში ნაყიდი ამ МиГ-29-ების გადაფრენა ირანში, 1990-იანი წლების დასაწყისში ვაზიანის სამხედრო აეროდრომის გავლით ხორციელდებოდა, ხოლო მფრინავები ცხაკაიას (სენაკის) საავიაციო პოლკიდან იყვნენ, სადაც ანალოგიური ტიპის გამანადგურებლები ბაზირებდნენ.

3-ira-1701248165.png
ირანმა რუსული Ми-28НЭ "Ночной охотник"-ის ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენები ამოირჩია, თუმცა უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი რუსი მფრინავები უპირატესობას მაინც Ка-52 «Аллигатор»-ებს ანიჭებენ...

P.S. ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყოველთვის დიდად მტკივნეულად აღიქვამდა და აღიქვამს რომელიმე ქვეყნის მიერ ირანისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებას-შორს,რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ ამ საუკუნის დასაწყისში ირანის პრეზიდენტის სტუმრობა თბილისის საავიაციო ქარხანაში, როდესაც ირანს ჩვენთან აწყობილი Су-25К ტიპის მოირიშე თვითმფრინავების შეძენა სურდა, მაგრამ მაშინ პრეზიდენტ შევარდნაძეზე ამერიკა-ისრაელის კულუარული ძლიერი ზეწოლა განხორციელდა, რომ ეს არ მომხდარიყო...

თელ-ავივი მოსკოვთან ფარულ გარიგებებზეც მიდიოდა, რომ რუსული Су-35-ები არანაირად არ შეეძინა თეირანს და ამიტომაც ეუბნებოდა უარს იარაღის მიყიდვაზე ომში მყოფ კიევს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს რუსული საბრძოლო თვითმფრინავები და დამრტყმელი შვეულმფრენები მაინც აღმოჩნდებიან ირანის არსენალში, შეიძლება ისრაელმაც მოხსნას ტაბუ უკრაინის არმიისთვის, თუნდაც თავდაცვითი შეიარაღების, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვას...

P.S.S. აშშ-ისა და ისრაელის გარდა, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანსაც აუცილებლად მოუწევს იმის გათვალისწინება, რომ შესყიდული რუსული თვითმფრინავებითა და შვეულმფრენებით მისი მეზობელი ირანის სამხედრო ავიაციის საბრძოლო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან ბაქო-თეირანის პოლიტიკური ურთიერთობები საკმაოდ დაძაბულია და ბევრი რამ იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ რას მოიმოქმედებს აზერბაიჯანი-თურქეთის დუეტი სომხეთზე ზანგეზურის დერეფნის გაჭრასთან დაკავშირებით...