"დავით აღმაშენებელმა კლდეკარის ციხე აიღო, ბაღვაშები დაიმორჩილა და დასაჯა კიდეც ისინი" - კლდეკარის ციხის დიდებულება და დღევანდელობა - კვირის პალიტრა

"დავით აღმაშენებელმა კლდეკარის ციხე აიღო, ბაღვაშები დაიმორჩილა და დასაჯა კიდეც ისინი" - კლდეკარის ციხის დიდებულება და დღევანდელობა

"1177 წ. კლდეკარის ციხეში თვალები დასთხარეს უფლისწულ დემნას"

"კლდეკარის ციხე ისეთ ადგილზეა, რომ იქიდან მთელი ქვემო ქართლი, სამხრეთ საქართველო ხელის გულზე მოჩანს, ულამაზესი სივრცეები იშლება. ამიტომ ტურისტული თვალსაზრისით, აუცილებლად ძალიან მოგებიანი იქნება", - ამბობს ეთნოლოგიის დოქტორი - მირიან ხოსიტაშვილი, რომელიც კლდეკარის ციხის დიდებულებას და მისი საექსკურსიოდ მოწყობის პერსპექტივებს გვაცნობს:

- დღეს კლდეკარის ციხისგან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი... განსაკუთრებით, დედა-ციხე, მთავარი ციხე, რომელიც თრიალეთის ერთ-ერთი ქედის მწვერვალზეა შედგმული, იქ მხოლოდ ნანგრევებია და იმ ქვის ნაშალი, რომლითაც ეს კლდეკარის ციხე იყო აგებული. კლდეკარის ციხე შუა საუკუნეების საქართველოში სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენდა. იგი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გზაჯვარედინს აკონტროლებდა სამცხიდან, მესხეთიდან გადმოსასვლელს, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის მიმართულებით.

კლდეკარის ციხე IX საუკუნის მეორე ნახევარში ჩნდება, როდესაც არგვეთის ერისმთავრები - ბაღვაშები გადმოდიან და თრიალეთის ქედის ტერიტორიაზე სახლდებიან, რომელიც დღეს ქვემო ქართლის გახლავთ, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საზღვრებთან.

ეს ადგილი იმ პერიოდში შეგნებულად იყო შერჩეული, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ეს წერტილი იყო მთავარი გზაგამტარი სამხრეთ საქართველოდან ქვემო ქართლში, ასევე - შიდა ქართლის მიმართულებით... ძველი ნაგზაური, ძველი გზების კვალი, დღესაც არის შემორჩენილი, რომელიც ამ მიმართულებებს ერთმანეთთან აკავშირებდა. აქ ბუნებრივად, კლდის სიმაღლეზე იდგა ციხე, რომელიც უკავშირდება რატი პირველ ბაღვაშს... იგი არგვეთიდან ერთ-ერთი პირველი წამოვიდა. მისი წამოსვლა არ გულისხმობდა იმერეთში თავისი სამფლობელოს დატოვებას. მმართველობა იქაც შეინარჩუნა და აღმოსავლეთ საქართველოშიც ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი დაიკავა.

kldekari-1701957341.jpg

- რამდენად მასშტაბური ციხე იყო?

- კლდეკარის ციხე არ არის გრანდიოზული, მასშტაბების თვალსაზრისით, დიდ ტერიტორიაზეც არ იყო გაშენებული, მაგრამ იმ კლდის და მთის მწვერვალზე იმგვარად იყო აგებული, რომ რამდენიმესართულიან ციხეს წარმოადგენდა. ეს იყო ბაღვაშების მთავარი თავდასაცავი ობიექტი.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რატომაც ციხის ასაგებად ის ადგილი შეირჩა, ის არის, რომ კლდეში გზა იყო, ბუნებრივად... კლდეკარი სწორედ იმიტომ იწოდება, რომ ამ ადგილიდან არის ქვემო ქართლიდან სამცხის მიმართულებით გადასასვლელი, გაჭრილი კლდე... გზა ორ, მაღალ კლდეს შორის გადიოდა და დღესაც გადის. ამ ტერიტორიის დაცვა, ჩახერგვა, გაკონტროლება ძალიან იოლი იყო...

დღესაც კი, თუ თვალს გადავავლებთ, ძალიან მარტივად შეგვიძლია ამ ადგილის განსაკუთრებული მნიშვნელობის დანახვა. ბაღვაშებს სწორედ ამ სტრატეგიულმა მდებარეობამ გადააწყვეტინა ამ ტერიტორიის დაკავება, დაიკავეს კიდეც და ერთ-ერთი მფლობელები გახდნენ. საბოლოო ჯამში, ამ სტრატეგიულმა ადგილმა ის განაპირობა, რომ ჩამოსვლისთანავე, ცენტრალურ, სამეფო ხელისუფლებას წინააღმდეგობას უწევდნენ... პირველ რიგში, ეს იყო ერთიანი სამეფოს პირველი მეფე - ბაგრატ მესამე. ამგვარად, ფაქტობრივად, სამხრეთ საქართველოსკენ ცენტრალურ ხელისუფლებას გზას უკეტავდნენ...

ცნობილი ისტორიული მოვლენაა - ლიპარიტ ბაღვაშის დაპირისპირება გიორგი პირველთან, ბაგრატ მეოთხესთან წინააღმდეგობა... შემდეგ კი - გიორგი მეორესთან, მათი შვილების ერთმანეთთან დაპირისპირება და, საბოლოოდ, ცნობილია დავით აღმაშენებლის მოქმედებები, რომელმაც აიღო კლდეკარიც ციხე, ბაღვაშები დაიმორჩილა და დასაჯა კიდეც ისინი... მათ მიერ ასეთი სტრატეგიული ობიექტის დაკავება ცენტრალური ხელისუფლების ძალაუფლების შემცირებას იწვევდა და ამიტომაც დავით აღმაშენებელმა ეს ტერიტორია მთლიანად დაიქვემდებარა. ბაღვაშები თითქმის მთლიანად ჩამოაშორა.

მას შემდეგ გვიან შუასაუკუნეებში კლდეკარის ციხე, საერისთავო და მთლიანად ეს ტერიტორია აღარ წარმოადგენდა მნიშვნელოვან საფორტიფიკაციო ადგილს, ვინაიდან იქ თითქმის შეწყდა გამაგრებული ადგილის არსებობა. იგი გვიან პერიოდამდე იყო ერთ-ერთი თავდასაცავი ობიექტი, ისიც - დროგამოშვებით. ის, რომ განსაკუთრებული სტრატეგიის ყოფილიყო დაშლილი სამთავროების დროს, ასე აღარ გამოიყენებოდა...

1177 წ. კლდეკარის ციხეში თვალები დასთხარეს უფლისწულ დემნას...

არ არსებობს უწინდელი ილუსტრაციები, თუ როგორი იყო კლდეკარი... მხოლოდ აღწერილობაა სხვადასხვა ჩანახატით და არქიტექტორების მიერ მისი აღდგენა ამის მიხედვით არის შესაძლებელი... იმ პერიოდისთვის რამდენიმესართულიანი ციხე-სიმაგრეები იყო გავრცელებული. დღესაც ამ ქვის ნანგრევებს ეტყობა, რომ მაღალ, რამდენიმე სართულზე განლაგებულ ციხეს წარმოადგენდა. მას საკმაოდ მაღალი გალავანი ერტყა, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი თავდაცვის ზღუდეები არსებობდა და კლდეები იყო ყველა მხარეს. ასევე, იყო კლდეებს შორის ამოშენებული გალავანი, რომელიც მთავარ ციხეს შემოსევებისგან იცავდა.

როდესაც ბაღვაშები ცენტრალურ ხელისუფლებას განუდგებოდნენ ხოლმე, ამ გალავანს და ტერიტორიას სტრატეგიული მნიშვნელობით იყენებდნენ.

- კლდეკარის ციხე დღეს რომ მძიმე მდგომარეობაშია, რამდენად ექცევა ყურადღება?

- დღეს ძირითადი ნაწილი თითქმის დანგრეულია... მხოლოდ კვალი ეტყობა, რომ იქ ციხე არსებობდა. კედლების მცირე ნაწილია შემორჩენილი, რაც წარმოდგენის საშუალებას მოგვცემს, რა ფორმის შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ციხე. იქ იოლად მისასვლელი არ არის, მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანა თუ გადაადგილდება და ამდენად, სასკოლო ექსკურსიები ვერ მოხერხდება.

ერთადერთი, ექსპედიციებს თუ აწყობენ გარკვეული ჯგუფები და ტურისტებსაც იშვიათად თუ გაახსენდებათ... რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, რომ ციხე რაღაც ფორმით აღდგეს, მოხდეს მისი კონსერვაცია, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან ისტორიას ატარებს. ძალიან საინტერესოა ის, რომ თავად ამ ციხის გარკვეული ნაწილის აღდგენის შემთხვევაში, გავაცოცხლებთ შუა საუკუნეების პერიოდს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და განსაკუთრებით, დიდი ისტორიის მქონე ქვეყნებში, ასეთ ციხეებს აქტიურად იყენებენ და დამთვალიერებელიც ბევრი ჰყავთ.

107592964-978949272561971-7225439055948414561-n-1701957242.jpg

კლდეკარის ციხე ისეთ ადგილზეა, რომ იქიდან მთელი ქვემო ქართლი, სამხრეთ საქართველო ხელის გულზე მოჩანს, ულამაზესი სივრცეები იშლება. ამიტომ ტურისტული თვალსაზრისით აუცილებლად ძალიან მოგებიანი იქნება.

ამ ციხის აღდგენა რთულია, რადგან მიუდგომელ ადგილზეა, მთის წვერზეა და მისასვლელი ძალიან ვიწრო ხეობაა... თუნდაც მხოლოდ კონსერვაცია და აბრები რომ გაკეთდეს, ფოტომონტაჟი, რა ტიპის ციხე შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ამ ციხეს ახსოვს საქართველოს ისტორიიდან სიძლიერეც, დაცემაც, შიდაომი და გაუტანლობაც, მტრის შემოსევაც...

ამავდროულად, უნდა ითქვას, რომ ისტორიულად საქართველოში სავაჭრო, საქარავნე გზები, ხშირ შემთხვევაში, დღევანდელ მთავარ მაგისტრალებს არ ემთხვევა... საქარავნე გზები და ეკონომიკური დამაკავშირებელი მაგისტრალები სულ სხვაგვარად იყო მოწყობილი, ერთ-ერთი საგზაო არტერია სწორედ ამ მხარეს ეხებოდა, სამხრეთიდან აღმოსავლეთში გადმოსასვლელს, რომელსაც აკონტროლებდა სწორედ კლდეკარი...

აი, ამ ისტორიის გაცოცხლება უმნიშვნელოვანესია, რადგან დღეს მთელ მსოფლიოში შიდაპოლიტიკურთან ერთად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სავაჭრო, ეკონომიკურ კავშირებს, დამაკავშირებელ მაგისტრალებს. თუ ჩვენ ისტორიას აღვადგენთ და გარკვეულწილად იმ პერიოდს წარმოვაჩენთ, კერძოდ - კლდეკარს, კარგად დავინახავთ ამ ციხის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას.

ვინც ციხეს აკონტროლებდა, ის იქ გამავალ გზასაც აკონტროლებდა, სხვაგვარად შეუძლებელი იყო, რადგან ისეთ ადგილზეა აგებული, კლდეკარის ციხე იდეალურ ზღუდეს წარმოადგენდა.

(სპეციალურად საიტისთვის)