რუსული დეგრადაციის ტრაგიკომედია - წარმატებული ქალები რუს გოგონებს მოუწოდებენ, განათლებაზე უარი თქვან და მხოლოდ ბავშვები აჩინონ
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუსეთში უამრავი პრობლემა გაჩნდა. ყოველ დღე უკრაინის წინააღმდეგ ომში უამრავი მამაკაცი იღუპება, რუსეთი კი, ადგილობრივი ჩინოვნიკების მტკიცებით, დემოგრაფიული კრიზისის ზღვარზე აღმოჩნდა. ახლახანს მედიაში გავრცელდა რუსეთის პატრიარქ კირილის ქადაგება, რომელშიც მრევლს აბორტის უარყოფით მხარეებზე ესაუბრა.
“არ უნდა ვუბიძგოთ ქალებს აბორტისკენ, ეს დანაშაულია. და სად თუ არა რუსეთში, არსებობს პოპულაციის პრობლემა, ეს უდიდესი პრობლემაა. უდიდესი ქვეყანაა და მოსახლეობა არასაკმარისია. ჩვენ გვჭირდება დიდი რაოდენობით ადამიანები, ეს ფაქტია და ამას აღიარებს ყველა, პოლიტიკოსებიც. მოსახლეობის რაოდენობა ვერ გაიზრდება ჯადოსნური ჯოხის ქნევით. თუ ჩვენ მოვაგვარებთ ამ პრობლემას და ვასწავლით, როგორ გადავაფიქრებინოთ ქალებს აბორტი, შობადობის სტატისტიკა მაშინვე გაიზრდება“ , - აღნიშნა პატრიარქმა კირილმა ქადაგებისას.
როგორც ჩანს, პატრიარქის ეს განცხადება რუსეთში დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების კამპანიის ერთ-ერთ მთავარი ნაწილია. აბორტის აკრძალვის გარდა, ქვეყანაში ხმამაღლა დაიწყეს საუბარი, რომ არ არის საჭირო ქალებმა მიიღონ განათლება, აუცილებელია მათ გააჩინონ შვილები და თუ კაცები ომში მიდიან და ასე გადაიხადომს სამოქალაქო ვალი.
ამ კამპანიაში მაღალჩნოსანი ქალები ჩაერთვნენ. როგორც ისინი ინტერვიუებში აღნიშნავენ, არ არის საჭირო და აუცილებელი ქალებმა უმაღლესი განათლება მიიღონ, კარიერაზე და საკუთარ განვითარებაზე იზრუნონ, რადგან მათ შემდეგ აღარ აქვთ ოჯახის შექმნის და ბავშვის გაჩენის სურვილი.
ჩელიაბინსკის ოლქის სენატორმა მარგარიტა პავლოვამ, რომელიც საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებს და თუ მის ბიოგრაფიას გადავხედავთ, უმაღლესი განათლებაც აქვს მიღებული, აცხადებს, რომ უნდა შეწყდეს რუსი გოგონებისთვის უმაღლესი განათლების მიღებისკენ მოწოდება.

„უნდა შეწყდეს გოგონების ორიენტირება უმაღლესი განათლების მიღებისკენ. ეს არაფრის მომცემია, რადგან საკუთარი თავის ძიება ძალიან ხანგრძლივი პროცესია, წლების განმავლობაში იწელება და ქალი კარგავს განაყოფიერების უნარს.
რა არის ცუდი იმაში, რომ წარსულში დავრბუნდეთ, ჩვენ რატომღაც ყოველთვის ვთვლით, რომ ჩვენი წინაპრები სულელები იყვნენ და რაღაც მითიური განვითარებისკენ მივისწრაფვით. თუმცა, როგორც დრო გვიჩვენებს, ხანდახან განვითარება დეგრადაციას უტოლდება და საჭიროა ხანდახან ღრმა წარსულს გადავხედოთ“ , - ამბობს ჩელიაბინსკის ოლქის სენატორი.
სენატორის შეხედულებებს სხვა წარმატებული ქალებიც იზიარებენ, მათ შორის ეკონომიკის სკოლის ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტის მთავარი მეცნიერი მარია ვიდუნოვა. ის ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ:
„კაცობრიობამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ქალს განათლების მიღების საშალება მისცა. ცხოვრობდა ქალი, არ ჰქონდა ხმის მიცემის უფლება. არც ერთ სერიოზულ დემოკრატიულ ქვეყანაში ქალს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა“, - აღნიშნავს პროფესორი ვიდუნოვა.

„როცა ქალს განათლებას ვაძლევთ, სამყაროში ახალ შესაძლებლობას ვუჩენთ, ამ ყველაფერს კი ის ოჯახიდან გამოჰყავს, რადგან წარმატებული ქალი სამსახურში უნდა იყოს რეალიზებული, ამ დროს ვინ გააჩენს შვილებს? ვინ მოუვლის მათ ვინ აღზრდის, ვინ შექმნის სიმყუდროვეს? თუ ქალი საერთოდ არ დაიძინებს და ორი ცხოვრებით იცხოვრებს, ეს ძალიან რთული და თითქმის შეუძლებელია, ამიტომ არჩევანი ნათელია - ოჯახიდან წასვლა", - აღნიშნავს ინტერვიუში პროფესორი.
საზოგადოებისთვის ორი ცნობილი ქალბატონის მსგავს შეხედულებებს ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვა. მათ განცხადებებს და ქალის უფლებების შეზღუდვაზე მსჯელობა საკმაოდ ვრცელი ვიდეო ბლოგი მიუძღვნა ბლოგერმა ილია ვარლამოვმა, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკით გამოირჩევა.
როგორც ბლოგერი აღნიშნავს, მარია ვიდუნოვასა და მარგარიტა პავლოვას შეხედულებები სრულიად მიღუებელია. ასეთი განწყობისა და შეხედულების ქალები თავად იკავებენ მაღალ თანამდებობებს, წარმატებული კარიერა აქვთ. სხვას კი გაუნათლებლობისკენ მოუწოდებენ:
„ამ ორმა ქალბატონმა რუს გოგონებს მხოლოდ ორი ფუნქცია დაუტოვა, გააჩინონ ბავშვები და მოამზადონ ბორში. ახლაც ვერ ავარიდეთ თავი ორმაგ სტანდარტებს. მსგავსი შეხედულების მქონე ვიდუნოვამ რატომღაც არ თქვა უარი სამეცნიერო კარიერაზე, ამიტომ მას შეუძლია ყველაზე მაღალ ტოტზე იჯდეს და იქედან ლანძღოს სავარაუდო "კონკურენტები“ - აღნიშნავს ილია ვარლამოვი.