"მთელი დღეა შინაგანად მაკანკალებს" - რას ამბობს ქალი, რომლის გადაღებულ ვიდეოს, სადაც ბავშვს ფულს ჩუქნის, საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პატარა ბიჭს, რომელიც ყვავილებს ყიდის, ქალბატონი ეხმარება. ვიდეოში ქალი პატარას რამდენიმე ასეული ლარის კუპიურას აძლევს. ბავშვი ტირილს იწყებს, ამბობს, რომ გრიპი აქვს და წამლისთვის თანხა სჭირდება.
ვიდეო დღის განმავლობაში უამრავმა ადამიანმა გააზიარა. მათი დიდი ნაწილი უცნობ ქალს აქებდა, თუმცა უფლებადამცველები წერენ, რომ არასრულწლოვნის ვიდეოს ამ სახით გამოქვეყნება დაუშვებელია.
როგორც ირკვევა, ქალი, რომელიც არასრულწლოვანს ფულს ჩუქნის, სტომატოლოგი ზიზი ჭელიძეა. ვიდეოს გავრცელების შემდეგ მან პოსტი ფეისბუქის პირად გვერდზეც დაწერა:
"მოკლედ, მთელი დღეა შინაგანად მაკანკალებს, ამდენი ემოცია ჩემთვის ძალიან რთულია. დამიჯერეთ, კომენტარებსაც ვერ ვკითხულობ, მაგრამ იმდენი მწერს პირადში და იმდენი აზიარებს, რომ რთულია, გვერდი აუარო ამ ამბავს. ჩემი სიმართლის მტკიცებას არ ვაპირებ, რადგან ვინც საჭიროა და ვინც ჩემთვის რამეს წარმოადგენს, ყველამ იცის, როგორი ხასიათი მაქვს.
არაფერს ვნანობ და ვაპირებ ამ ბავშვს მივაკითხო და ერთად ჩავწერთ ძალიან კარგ ვიდეოს, რასაც ვერავინ გააპროტესტებს. მე მინდა ყველა უცნობს თუ ნაცნობს დიდი სიყვარულით მადლობა გადავუხადო ამ სიტყვებისთვის! ამ სიყვარულისთვის. მივხვდი, რომ ტყუილად არ მიკეთებია ამდენი რამ! მიყვარხართ მე თქვენ ძალიან და მომიტევეთ, თუ გაგაღიზიანეთ" - წერს ზიზი ჭელიძე.