ზაალ სულაკაურის შრომითი ბეგარა „ჩემი ცოლის მამულებში“
მხატვარ-კარიკატურისტმა ზალიკო სულაკაურმა წლებია, ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ ცხოვრება აირჩია. მან თბილისთან ახლოს, ხოდაბუნებში, მიწის ნაკვეთი და სახლი იყიდა. "ჩემი სახლ-კარი ზედ გლდანის თავზეა. ამ ადგილს ხოდაბუნებს ეძახიან, მცხეთის რაიონს ეკუთვნის. ვერ წარმოიდგენთ, რა სილამაზეა. მიწის ტერასული სისტემაა. ხუთი ტერასა გვაქვს, ერთ-ერთზე სახლი დგას. გარშემო სულ სიმწვანეა. უამრავი ცხოველი ბინადრობს, ღამით ტურები კივიან, რამდენჯერმე ვნახე შველი, კურდღელი, ციყვი, კუ, მგელი. მეზობელმა მითხრა, უფრო ზემოთ ირმებიც არიანო. სხვადასხვა ბოსტნეული დავთესეთ. ახლა ყვავილების ბაღი უნდა გავაშენოთ. თბილისიდან ნახევარი საათის გზაა. კორპუსში სიზმრებსაც ვერ ვნახულობდი, ახლა არა მარტო სიზმრებს ვნახულობ, ტკბილადაც მძინავს", - ეს ზალიკო სულაკაურთან 8 წლის წინ ჩაწერილი ინტერვიუდან ამონარიდია. ახლა ის და მისი ოჯახი საცხოვრებლად გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში გადავიდა. ზალიკოს მეუღლე ნინო განუგრავამ გადაწყვიტა წინაპრების მამულს დაჰბრუნებოდა, რაშიც ზალიკო გვერდში დაუდგა.
ზალიკო სულაკაური:
- ჩემი მეუღლის მშობლებს ვაჩნაძიანში სახლი აქვთ. კომუნისტების დროს ამ სოფელს შრომა ერქვა... ულამაზესი სოფელია. ნინოს წინაპრებს აქ სახლ-კარი და მამული ჰქონდათ, რომელიც, წლების განმავლობაში მიტოვებული იყო. სახლს დიდი ხნით რომ გამოკეტავ, მაშინვე დაეტყობა მოუვლელობა. იქაურობაც წლების განმავლობაში გაპარტახდა. ორი წლის წინ მივედით, სახლი გავაღეთ და გადავწყვიტეთ, მამული გამოგვეცოცხლებინა. ეს ძირითადად ჩემი ცოლის სურვილი იყო. ბავშვობა იქ გაატარა, მეგობრებიც იქ ჰყავს, ახლა უკვე ჩემი მეგობრებიც არიან.
ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ვიმუშავეთ, რომ სახლ-კარი მოგვეწესრიგებინა, გაგვესუფთავებინა. სახლთან ჰექტრამდე მიწაა, სადაც ნინოს ბაბუას ვენახი ჰქონდა. ბაბუა მევენახე იყო, დიდი და მშვენიერი ვენახი ჰქონდა. ალბათ, ახლა იმ ქვეყნად ხარობს, რომ შთამომავლებმა იქაურობა გამოაცოცხლეს. ზალკალიანები არიან, კახეთში წლების წინ იყვნენ გადმოსახლებული, ამიტომაც ბაბუს ეძახდნენ შვილიშვილები.
- ახალი ვენახი გააშენეთ?
- გადავხანით მიწა და 1500 ძირამდე ვაზი დავრგეთ, მათ შორისაა ქისი, ხიხვი და დანახარული. ეს უკანასკნელი ჩემთვის უცხო ჯიშია. თითოეული 3 წლის შემდეგ მოგვცემს ნიშანს, რომელიღაც 2 წელიწადშიც. ახალჩაყრილი ვაზი კარგად გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ სეტყვიანი ზაფხული იყო და მეგონა, დაზიანების გამო ზრდას შეწყვეტდა, მაინც გაიზარდა.
ჩემს ცოლისძმასაც აქვს იქვე ჰექტარამდე ვენახი და იმის ყურძენი შარშან და წლეულსაც დავწურეთ. სახლს თავისი სახე რომ დავუბრუნეთ, ნინომ ღვინოს უნდა მივხედოო. რა ამბობ-მეთქი? ჰოდა, ჩვენს პატარა გოგონებს თავისი პატარა ფეხებით დააწურვინა ძმის ყურძენი. რქაწითლისგან გემრიელი ღვინო დადგა. კარდენახში მეგობარი მყავს, უძვირფასესი ადამიანი, მეღვინეა, საუკეთესო ღვინოს აყენებს და საექსპორტოდ გზავნის. მასთან მეღვინეებმა მოიყარეს თავი, რაზეც ვხუმრობდი, "ღვინის ქურდები" შეიკრიბნენ-მეთქი. ჰოდა, ჩემი ცოლის ღვინოც პირველად იქ დაჭაშნიკდა... მოკლედ, ნინო მეღვინედ ანუ ხუმრობით "ღვინის ქურდად" აკურთხეს. ხუმრობის გარეშე კი თქვეს, რომ ნინოს ღვინო კარგია და ნახელავი შეუქეს. მერე ბოთლებში ჩამოვასხით. ცოტა ხნის წინ სხვადასხვა ეთერში მიგვიწვიეს და ღვინო მივიტანეთ. ბოთლებს კარიკატურები ეტიკეტებად მივაკარი. მასპინძელი ტელეწამყვანებისთვის ინდივიდუალური ღვინის ეტიკეტი დავამზადე. მერე ეს სხვებსაც მოეწონათ, შეკვეთებიც მივიღეთ და უცხოელებს ვაჩუქეთ.
- ამის დანერგვა მასობრივად, ალბათ, წაადგება საქმეს.
- კი, ღვინოს თან შენი კარიკატურაც რომ აქვს, გამორჩეული ამბავია... კარგი იდეაა... მე და ნინომ ვაზის ნერგები რომ ჩავყარეთ, ვუთხარი, ზალიკო უკვე ბრენდია, იცნობენ და მოდი, ღვინოს ზალიკო დავარქვათ-მეთქი. არავითარ შემთხვევაში, ეს ჩემი ღვინოაო. ნინოს ღვინო რომ დაარქვა, სანამ დაბრენდდება, დრო დასჭირდება. ზალიკო ჯობია-მეთქი. არაო. რაც გინდა, ის დაარქვი-მეთქი...
- საბოლოოდ რაზე შეთანხმდით?
- კარდენახელი მეგობარი რომ ვახსენე, ერთხელაც მასთან ერთად კარდენახიდან ვაჩნაძიანში მოვდიოდი. წამო-წამო, ჩემო ძმაო, ჩემი ცოლის მამულები გაჩვენო-მეთქი. სინამდვილეში ხომ ჩემი ცოლის მამულებია - ჰოდა, "ჩემი ცოლის მამულები" უნდა დაარქვაო, ეს აზრი მოუვიდა.
- მხატვარი ხარ, ბევრი მოსწავლე გყავს, როგორ მიიღე მეუღლის წინადადება, გადასულიყავით ოჯახით სოფლად და ასეთი კარგი საქმეები წამოგეწყოთ?
- თავიდან ღვინო და ვენახი არც უხსენებია. შეიძლება ფიქრობდა ამაზე, მაგრამ არ მეუბნებოდა. უბრალოდ, მოდი, კახეთში, გურჯაანში გავაკეთოთ ხატვის სტუდიაო. ამასაც არასერიოზულად შევხედე, ვინ მოვა-მეთქი? ჩემი ფიქრები არ გამართლდა, ხალხი მოაწყდა, როგორც ჩანს, სიახლედ აღიქვეს. მერე ვუთხარი, თელავში აღარ შემიშვებენ, მაგათ რაღა დააშავეს-მეთქი, და სტუდია თელავშიც გავხსენი. კახეთში ასე რომ დავფუძნდით, თებროც სკოლაში თელავში წავიყვანეთ - ერეკლე მეფის დაარსებულ სკოლაში, ვაჟა-ფშაველა რომ სწავლობდა. ვაჩნაძიანი თელავსა და გურჯაანს შორისაა. ამიტომ ბაღშიც იქვე დადიოდნენ და ბავშვებმაც იქაურობას მუღამი დაუჭირეს.
- შემოქმედი კაცისთვის მიწასთან დაახლოება და ფიზიკური შრომა რა ემოციებს აღძრავს?
- დედით კახელი ვარ, მამით - თუში. დედაჩემი ყვარლელია, ვაზი არის ალვანშიც, სადაც თუშები ცხოვრობენ, მაგრამ არასოდეს, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ მომიკიდებია შესაწამლავი აპარატი და ვენახი არ შემიწამლავს. ჩემმა ცოლმა პირველად ამკიდა, მიდი, აბა, ჩვენს ვენახს შეუყევიო. ისე მომეწონა, ისეთ ემოციებში ვიყავი, ვერ გადმოვცემ. მწვანე და ხასხასა ფოთლები შაბიამნისფრად უნდა გამეფერადებინა. ჰოდა, ვღებავდი და ვეფერებოდი ლამაზად თითოეულ ფოთოლს. მაგ ღვინოს გემრიელად დავლევ, მაგრამ ეს შრომაც ძალიან კარგია და დიდად ვისიამოვნე. არ ვიცი, რამდენად მოეხმარება ეს ჩემს მხატვრობას, ჩემს ცხოვრებას, მაგრამ ემოცია რაც მივიღე, ვიცი, რომ აღარ გავჩერდები.
- ბოსტანიც გაქვთ?
- აბა? ვთოხნით, ვბარავთ, სახლის უკან დავრგეთ პამიდორი, კიტრი, მარწყვი, დავთესეთ ლობიო, მწვანილი. ვმარგლავთ, ვასუფთავებთ - სულ ვშრომობთ. თანაც რამდენი მაქვს დასახატავი, მაგრამ ვცდილობ ეს ყველაფერი ერთმანეთს შევუთავსო. ისე, ის ყურძენი მეც მაქვს ხელით ჩაჭყლეტილი, მერე ღვინო გადაღებული... ხომ შრომა და წვალება უნდა, მაგრამ მინდა ყველას მივმართო, - ხალხო, შვილებს შრომა დაანახეთ. ასეთ პირობებში აღზრდილი ბავშვი იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე ახლაა. ჩემს ბავშვობაში იყო გამოთქმა, თოხს ხელში როგორ ავიღებ, ჩემს საყვარელ მიწას როგორ დავარტყამო. ეს გამართლება ჰქონდათ, რომ არ ემუშავათ. რას ჰქვია, საყვარელ მიწას არ დავარტყამ, უნდა დაარტყა თოხი, რომ ააყვავო. საჭიროა ოფლი დაღვარო, რომ მიწაზე მეტი ადამიანი გაიზარდო, ვიდრე ხარ. ჩვენს პატარა გოგოებს ვასაქმებთ კიდეც. გარდა იმისა, რომ ყურძენი დაჭყლიტეს, თებრო და თანო ბოსტანში კრეფდნენ მოსავალს, მასვე მიირთმევენ და ისე უხარიათ მამულში ყოფნა, მგონი, კიდევ უფრო გაქართველდნენ. ღვინოს საკუთარი ყურძნისგან რომ დავწურავთ, ეს სამომავლოდ კიდევ გვაჩვენებს ახალი ნაბიჯების გადადგმის გზას. ასე რომ, ღმერთმა მითხრა, ზალიკო, მხოლოდ ხატვა არ შეიძლება, აბა, სხვა რამეშიც მოსინჯე ძალაო. უმაგრესი რამ არის ბუნება, მიწა და ვენახი კიდევ სასწაულია. აჰა, შევდგით ფეხი მე და ჩემმა ცოლმა ამ ვენახში. ნათქვამია, ხელი გაანძრიე და გეშველებაო. არაფერს არ გააკეთებ და არაფერი იქნება. გააკეთებ და მშიერი არ იქნები, ოდნავ საქმის გაკეთება რომ გიყვარდეს.