ოთხოზორია-ტატუნაშვილის "შავი სია" - ვინ არის ის 33 სეპარატისტი, რომლებიც ქართველების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ - კვირის პალიტრა

ოთხოზორია-ტატუნაშვილის "შავი სია" - ვინ არის ის 33 სეპარატისტი, რომლებიც ქართველების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ

ლამის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელ კირბალში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ეკლესიაში სალოცავად მისული თამაზ გინტური მოკლეს. ხელისუფლების მხრიდან ჯერ კიდევ არაფერი ისმის, დადგინდა თუ არა მკვლელობაში მონაწილე რუსი ჯარისკაცების ვინაობა და შეემატება თუ არა ახალი გვარები 2018 წელს შექმნილ და უკვე თითქმის დავიწყებულ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“. არადა, ბოლო წლების განმავლობაში რუსული საოკუპაციო რეჟიმი უფრო და უფრო სასტიკი ხდება და საქართველოს მოქალაქეების მკვლელობამ, გატაცებამ, წამებამ თუ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებმა სისტემური ხასიათი მიიღო.

„კვირის პალიტრასთან“ საუბარში „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორი, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ გინტურის მკვლელები სიაში აუცილებლად უნდა შევიდეს, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს დოკუმენტი მხოლოდ ფორმალობა გახდა. მისი არც გაფართოება მომხდარა, არც - რეალურად გამოყენება. სიის შექმნაც მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის აქტიური კამპანიის შედეგი იყო და რომ არა ეს აქტიურობა, ხელისუფლება ამ სიის შექმნას არც განიხილავდა.

"მთავრობის დადგენილებაში წერია, რომ ეს არის იმ პირთა სია, ვინც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა ან დაფარა ეს დანაშაული. 1991 წლიდან დღემდე მკვლელობების, გატაცებების, ჯანმრთელობის დაზიანების, წამების და ამ დანაშაულებებზე ხელის დაფარების ძალიან ბევრი ფაქტი მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სიაში 33 კაცი კი არა, 1000-ობით ადამიანი უნდა ეწეროს. რახან ეს არ მოხდა, მე სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს ამ სიის ქმედითიანობისა და ხელისუფლების დამოკიდებულების მიმართ,“ - ამბობს ნანუაშვილი.

ოგორ უნდა ემუშავა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“

--

ყოფილი ომბუდსმენის თქმით, ხელისუფლების დაპირება იყო, რომ სია უფრო გაფართოვდებოდა, თუმცა ეს არ მოხდა და სია მხოლოდ ფორმალობად დარჩა.

„თავიდანვე ვიყავი უკმაყოფილო. სიაში ძირითადად ომის დამნაშავეები და ასევე გახმაურებული მკვლელობების, იგივე ოთხოზორიას და ტატუნაშვილის საქმეში უშუალოდ დანაშაულის ჩამდენები არიან შეყვანილები, დანარჩენი - არავინ. მაგალითად, ოთხოზორიას საქმეზე ბრალდებულია რაშიდ კანჯი-ოღლი, მაგრამ მეორეა შემდეგ რა მოხდა. ვინ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ დაეფარათ დანაშაული, დამნაშავისთვის აერიდებინა სასჯელი და ა.შ. ეს წრე მინიმუმ რამდენიმე ადამიანით უნდა გაზრდილიყო. ჩვენ კი მხოლოდ 1 ადამიანი გვყავს სიაში. ასევე შეიძლება ითქვას ირაკლი კვარაცხელიას შემთხვევაშიც, რომელიც 2019 წელს დააკავეს და გალის დე ფაქტო ხელისუფლების დაწესებულებაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ყველაფერზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციაა. მათ ევალებოდათ კონტროლი. ასევე, მანამდე იყო დავით ბაშარულის საქმე ახალგორში. 2014 წელს ისიც დააკავეს, შემდეგ გაქრა მისი კვალი და 5 თვის შემდეგ ტყეში იპოვეს ხეზე ჩამომხრჩვალი. ადგილობრივები ახალგორის მილიციის ხელმძღვანელობას ადანაშაულებდნენ. არც ერთი ამ საქმესთან კავშირში მყოფი პირები არ არიან ამ სიაში. რომ ყოფილიყო სურვილი, ეს სია მინიმუმ სამჯერ უფრო დიდი იქნებოდა“, - აცხადებს ნანუაშვილი.

2018 წლის ივნისში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ პარლამენტში მიღებული რეზოლუციის საფუძველზე დაამტკიცა დადგენილება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ. გადაწყდა, რომ ამ სიაში შეიყვანდნენ 1991 წლიდან „ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირებს“.

დადგენილების თანახმად, მთავრობის სხვადასხვა უწყებებს დაევალათ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან მუშაობა, სიაში შეყვანილ პირთა მიმართ სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციებთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესებასა და სამართლის აღსრულებაში ხელშესაწყობად.

ოპოზიცია მუდმივად აკრიტიკებდა ხელისუფლებას, რომ ეს სია არ ფართოვდებოდა და მასში არ შეჰყავდათ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები. დისკუსიები გამწვავდა 2019 წელს, როდესაც რუსეთის მსხვერპლთა სიას ირაკლი კვარაცხელია დაემატა.

2022 წელს პროკურატურამ განაცხადა, რომ სიაში მყოფ „გაგრის ჯგუფის“ 3 წევრს ბრალი დაუმტკიცდა და ინტერპოლით ძებნილები არიან. სიაში გაგრის დაჯგუფების 2 წევრია მითითებული - გენადი აშხაცავა და გელა ვანაჩა. მესამე პირის ვინაობა პროკურატურას არ გაუსაჯაროებია.

რაში ედებათ ბრალი „ოთხოზრია-ტატუნაშვილის სიის“ 33 დამნაშავეს

--

ცხინვალის რეგიონიდან სიაში 9 პირია შეყვანილი: დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი - 2018 წელს, ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, არჩილ ტატუნაშვილის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულები;

ლევ ბიჩენოვი - 1999 წელს გორის სოფელ აძვიდან 15 წლის ელზა ბალამწარაშვილის მოტაცებაში, მისი მამის სხეულის დაზიანებასა და პოლიციელისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა ან ტარებისთვის ბრალდებული - ძებნილი;

გია თუაევი და ფისო ვაზაგოვი - 1992 წელს სოფელ არგვიციდან 300 000 მანეთის გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით ბაგრატ მარიამიძის გატაცებასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ბრალდებულები - ძებნილები;

თამაზ ბესტაევი - 2006 წელს სოფელ მუგუთთან, შურისძიების მოტივით, ჯ. დურგლიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და მძიმე დაზიანების მიყენებისთვის მსჯავრდებული - ძებნილი;

რამჩიკ ფუხაევი - 2008 წელს ქარელის სოფელ ატოციდან სპარტაკ მიჩელისა და ვლადიმერ გიორგაძის გატაცებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში მსჯავრდებული - ძებნილი;

არკადი ძერანოვი - 2007 წელს სოფელ წნელიდან 5000 ლარის გამოსასყიდის სანაცვლოდ როსტომ ნოზაძისა და ვასილ გელაშვილის გატაცებაში მსჯავრდებული - ძებნილი;

ზურაბ დუდაევი - 1991 წელს ცხინვალის რეგიონში ერედვი-ვანათის მაგისტრალზე დინორი ხადურის განზრახ მკვლელობაში, მერაბ და გიორგი ჯინიყაშვილებისა და გურამ ვალიევის გატაცებაში ბრალდებული – ძებნილი;

აფხაზეთიდან სიაში 24 პირია: რაშიდ კანჯი ოღლი - 2016 წელს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან, გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული - ძებნილი ინტერპოლით;

სლავიკ ბადია - 2001 წელს გალის სოფელ ოტობაიას ტერიტორიაზე 3 ავტომანქანის დაყაჩაღებაში, ასევე გამოსასყიდის მოთხოვნით ზაზა ტაბაღუასა და ლაშა ყოლბაიას მძევლად აყვანისთვის ბრალდებული - ძებნილი;

რაულ კორტავა (გარდაიცვალა 2018 წელს) – 1992-1993 წლებში აფხაზეთში ბანდიტიზმის, გამოსასყიდის მოთხოვნით ადამიანთა გატაცებისთვის, მკვლელობებისთვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისთვის, ბრალდებული – ძებნილი;

ზაურ ჭითანავა - 1997 წელს გალის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრის ნანი ძიგუას, მზია ჭითანავასა და სხა პირების მკვლელობის მცდელობაში და დემიკო ძიგუას მკვლელობაში ბრალდებული – ძებნილი;

ციბრონა (ეკა) ახალაია - 1998 წელს გალის სოფელ ფიჩორში მოსახლეობაზე თავდასხმაში, ყაჩაღობასა და ბანდიტიზმში, ასევე განსაკუთრებული სისასტიკით ვალიკო ღურჯიას, ლილი კორტავა-ბულისკირიას, ბორის მეფორიას და ზურაბ ალფენიძეს მკვლელობაში ბრალდებული – ძებნილი;

ოთარ ტურნანბა (გარდაიცვალა 2006 წელს) და ალიკა წაბრია – 1998 წელს ბანდის სხვა წევრებთან ერთად გალის რაიონში ბანდიტიზმში, გენოციდში, ეთნიკურ წმენდაში, ასევე რაულ მინაევის გატაცებაში და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულები – ძებნილები;

რუსლან ჯოპუა, როზა მირცხულავა, დიმიტრი არშბა, ვლადიმერ გუნია, ალხაზ მირცხულავა და გია ტუჟბა, (12-კაციანი ბანდის წევრები) - 1998 წელს გალის რაიონში ქართველი მოსახლეობის გენოციდში, ეთნიკურ წმენდაში, ასევე დამამძიმებელ გარემოებაში თენგიზ ღვინჯილიასა და ძმები მამუკა და ნუგზარ ბარქაიების მკვლელობაში ბრალდებულები – ძებნილები;

გენრიხ ჭანბა - 1998 წელს გალის რაიონში დამამძიმებელ გარემოებაში, განსაკუთრებული სისასტიკით ნუგზარ დავითაძის მკვლელობაში ბრალდებული – ძებნილი;

ვლადიმერ ანუა - 1998 წელს გალის რაიონში ბანდიტიზმში, გენოციდში, ასევე განსაკუთრებული სისასტიკით დონარი და რუდინი ფარეიშვილის, ასევე რაულ გოგოხიას მკვლელობაში და ადამიანების გატაცებაში ბრალდებული – ძებნილი;

ზაურ ცეცხლაძე იგივე მიხეილ თარბა - 1998 წელს სოფელ ჭუბურხინჯში ზაურ უბილავას, ღუდა განგავასა და ოთარ წულაიას მკველობისთვის ბრალდებული – ძებნილი;

გენადი აშხაცავა და გელა ვანაჩა (ე.წ. „გაგრის ჯგუფის“ წევრები) - 1999, 2000, 2001 და 2004 წლებში ზუგდიდსა და გალის რაიონში 12 ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში მსჯავრდებულები 2022 წლიდან - ინტერპოლით ძებნილები;

ოთარ ფალავანძია და ოლეგ პაპასკირი - 1993 წელს სოხუმში ა/რ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ჟიული შარტავას ტყვედ აყვანისა და განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლით ძებნილები 2000 წლიდან;

აფრიკან ბგანბა, ვახტანგ უბირია და ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი - 2001 წელს გაგრაში ლევან მამასახლისის თავისუფლების აღკვეთისა და მის მიმართ ძალადობისთვის ინტერპოლით ძებნილები 2006 წლიდან;

შურიკ (ალექსანდრე) კოკოსკერია - 1996-1998 წლებში გენოციდში, ეთნიკურ წმენდაში, ბადიტიზმში, ასევე დამამძიმებელ გარემოებაში თამარა შელიას მკვლელობაში ბრალდებული – ძებნილი.

რატომ არ მუშაობს სია?

„საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულების გამო ეს სია დღეს პრაქტიკულად არ მუშაობს. ის უფრო შიდა მიზნებისთვის შექმნილი დოკუმენტია, რომ საზოგადოებას შეუქმნას აზრი, თითქოს ხელისუფლება ამ პირების პასუხისმგებლობით დაინტერესებულია და ამ მიმართულებით მუშაობს. რაღაც ილუზორული სურათის შექმნისთვისაა მხოლოდ“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი და დასძენს - „თუმცა, ღირსების მქონე სახელმწიფოს მსგავსი დოკუმენტი უნდა ჰქონდეს, თუნდაც, ფორმალური სახით... ერთადერთი პერსპექტივა ისაა, რომ დეოკუპაციის შემდეგ მაინც ჩატარდეს რეალური საგამოძიებო მოქმედებები და იქ შესულ პირებს შეიძლება მომავალში პრობლემები შეექმნათ. ამ კუთხით, თუნდაც პრევენციის კუთხით, ეს სია მაინც მნიშვნელოვანია.“

მისი თქმით, გასაგებია, რომ დღეს ოკუპირებულ რეგიონებზე წვდომა არ არსებობს და საგამოძიებო მოქმედებები შეზღუდულია, მაგრამ საგამოძიებო ორგანოებს ის მაინც შეუძლიათ, საოკუპაცი ხაზზე, სადაც ასობით ადამიანებს აკავებენ, ყველა კონკრეტული დანაშაული, ყველა უკანონო დაკავება და გატაცება დააფიქსირონ, გამოძიება დაიწყონ. ბაზა უნდა არსებობდეს გატაცება-დაკავებაში ეჭვმიტანილი დამნაშავეებისა და მოწმეების.

„წლების განმავლობაში, სახალხო დამცველობის დროსაც, შემდგომაც მქონდა შეთავაზება, ვიდეოკამერები დამონტაჟებულიყო იმ ადგილებში, სადაც უფრო ხშირად ხდება ე.წ. საზღვრის კვეთა და გატაცებები, რომ გარკვეული მონაცემები გვქონოდა. იგივე ოთხოზორიას მკვლელობის შესახებ მსოფლიომ საიდან გაიგო? სოფელ ხურჩაში კერძო მაღაზიას ჰქონდა დამონტაჟებული კამერა. ასეთი კონტროლის არარსებობა ნიშნავს, რომ ხელისუფლება მაინცდამაინც დაინტერესებული არ არის ამ მიმართულებით იაქტიუროს“, - ამბობს ნანუაშვილი.

მისი მოსაზრებით, ხელისუფლებას დოკუმენტის ფორმალობა თავიდანვე გათვლილი ჰქონდა, იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დაძაბვა არ სურს.

ეკატერინე ბასილაია

(სპეციალურად საიტისთვის"