"მგელი ცხვარს რომ შეჭამს, ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, ცხვრის ბრალიაო? - სად არის აქ ლოგიკა?.." - კვირის პალიტრა

"მგელი ცხვარს რომ შეჭამს, ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, ცხვრის ბრალიაო? - სად არის აქ ლოგიკა?.."

ირაკლი ჩოლოყაშვილი: "ჩვენს შვილებს უკეთესი საქართველო უნდა დავახვედროთ" "ჯერ ეკლესია აგვიჭედეს და მერე უდანაშაულო კაცი ამ ტაძრის მოლოცვისთვის დახვრიტეს!"

მთელი საქართველო შეძრა სოფელ კირბალში მომხდარმა ტრაგედიამ: რუსმა სამხედროებმა სალოცავში მისული თამაზ გინტური მოკლეს - მას ზურგში რამდენიმე ტყვია დაახალეს! ამ დღეებში, საოკუპაციო ხაზიდან კიდევ 3 მოქალაქე გაიტაცეს... ე.წ. საზღვართან მცხოვრები მოსახლეობის მძიმე ყოფა ყველას გვაწუხებს. სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ საუბარი მსახიობთან და რეჟისორთან - ირაკლი ჩოლოყაშვილთან. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"სიმართლე მწარეა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ: დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის ინტერესების მთავარი დამცველია და რუსეთთან მისი დაპირისპირება როგორ წარმოგიდგენიათ? ისიც წარმოუდგენელია, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო დასაჯოს. ამ მკვლელობას გამართლება არა აქვს და ნებისმიერი პატრიოტულად განწყობილი ხელისუფლება ეცდებოდა, ეს ამბავი მთელ მსოფლიოს გაეგო, რათა დამნაშავე დაესაჯათ, მაგრამ ჩვენ გაჩუმება ვარჩიეთ. სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა აბსოლუტურად დაუცველია..."

"სინამდვილეში, მან დიდი გამბედაობა გამოიჩინა და მტერს, ფაქტობრივად, თავი შეაკლა. თავის სოფელში, მამაპაპურ სალოცავში რატომ არ უნდა ასულიყო? ვინ აუკრძალა ტაძარში შესვლა და მოლოცვა?! რუსებმა ხვალ რომ გვითხრან, თავისუფლების მოედანზე არ გაიაროთო, მართლა არ უნდა გავიაროთ? გამოდის, გინტურის ბრალია, ასე უმოწყალოდ რომ დახვრიტეს! მგელი ცხვარს რომ შეჭამს, ჩვენ უნდა ვამტკიცოთ, ცხვრის ბრალიაო? - სად არის აქ ლოგიკა?.."

"სხვებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ როდესაც ივანიშვილმა თქვა, პოლიტიკაში მოვდივარო, რამდენიმე ადამიანმა, რომელიც ფონდ "ქართუს" დახმარებას იღებდა, დაფინანსებაზე უარი თქვა, მათ შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი. უარი რატომ ვთქვი? - თუ მის დახმარებას ავიღებდი, მასთან სულ ვალში ვიქნებოდი..."

"ისიც საკითხავია, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ - არა. შეიძლება ოპოზიციური ძალა ერქვას, მაგრამ ბოლო მომენტში პოზიციის საქმე გააკეთოს. უკეთესი მომავლის იმედს ის მაძლევს, რომ საქართველოს ბედი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა, გადამწყვეტი მაინც გეოპოლიტიკაა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 30 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე