"თუ ადამიანი გიყვარს და მასთან ხარ, ესე იგი, მისი ერთგული უნდა იყო" - კვირის პალიტრა

"თუ ადამიანი გიყვარს და მასთან ხარ, ესე იგი, მისი ერთგული უნდა იყო"

ღიმილიანი, მომხიბვლელი ნინო მუმლაძე მთელმა საქართველომ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებით" გაიცნო, მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე ბევრი საინტერესო როლი ჰქონდა შესრულებული. ჩვენი ინტერვიუ სწორედ იმ პერსონაჟით დავიწყეთ, რომელმაც მსახიობს პოპულარობა მოუტანა:

- ნინო, ამ როლმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ქალი, რომელიც გრძნობებს აჰყვება, უწესოდ აღიქმება, კაცის ღალატი კი - უწყინარი "გასეირნებაა"...

- ყოველთვის ასე ვფიქრობდი და ახლაც მიმაჩნია, რომ ღალატი ღალატია და ამგვარ საქციელზე ქალიც და მამაკაციც ერთნაირად აგებენ პასუხს. თუ ადამიანი გიყვარს და მასთან ხარ, ესე იგი, მისი ერთგული უნდა იყო. ჩემთვის ყოველთვის გაუგებარი იყო ფრაზა - "მერე რა, კაცია და გაერთო" - ვინც ასე აზროვნებს, მისი, უბრალოდ, არ მესმის, რადგან ერთგულება თანაბრად მოეთხოვება როგორც ქალს, ასევე - მამაკაცს, მრუშობაც - ორივეს ერთნაირად მოეკითხება. ამ საკითხში სქესის მიხედვით დეფინიცია არ უნდა არსებობდეს. რაც შეეხება "ჩემი ცოლის დაქალებს", იქ ორივე პერსონაჟი დამნაშავე იყო: ქალი იმიტომ, რომ ცოლიან კაცთან რომანი გააბა, ხოლო კაცი - ცოლს ღალატობდა. ამიტომ, მათი ოჯახების და ახლობლების რეაქციაც შესატყვისი იყო. საბედნიეროდ, ბოლო ხანებში საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა. მაგალითად: ადრე საოჯახო საქმეებიც და ბავშვის მოვლაც ქალის მხრებზე გადადიოდა, 21-ე საუკუნეში კი ეს მიდგომაც შეიცვალა: დღევანდელი მამები აქტიურად მონაწილეობენ შვილის აღზრდაში და მის ცხოვრებაში. ადრე მამამ ბავშვზე მხოლოდ ის იცოდა, რომელ სკოლაში სწავლობდა და რომელ კლასში იყო, ახლა მამები მშობელთა კრებებზეც დადიან, პატარებს საფენებსაც უცვლიან და კიდეც უვლიან.

მე ძალიან მომწონს, რომ 21-ე საუკუნის მამები სულ სხვანაირები არიან და სიტუაცია ამ მხრივ, რადიკალურად შეიცვალა.

- როგორც ქალს, თავი ოდესმე დაჩაგრულად გიგრძნიათ?

- საბედნიეროდ, მე არასდროს მიგრძნია თავი დაჩაგრულად და შევიწროებულად. ოჯახშიც, ისეთი სიტუაცია გვქონდა, რომ არავინ მეუფროსებოდა. ალბათ, იმიტომ, რომ სახლში სულ ქალები ვიყავით. 8 წლის ასაკში გარდამეცვალა ბაბუა, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და ყველანაირად ცდილობდა, ოჯახის წევრებს თბილად და ადამიანურად მოქცეოდა. ასეთივე ხასიათი ჰქონდა მამას, რომლისგანაც ერთი ხმამაღალი სიტყვაც კი არ მახსოვს. 12 წლის ვიყავი, როცა ის გარდაიცვალა და კარგად მახსოვს, რომ ჩვენთან საოცრად მეგობრული, თბილი დამოკიდებულება ჰქონდა. მამა ყველაფერს აკეთებდა, რომ მაქსიმალურად კარგი პირობები შეექმნა თავისი ოჯახისთვის, როგორც ეს 1990-იან წლებში მოხერხდებოდა... მამას საერთოდ არ უყვარდა ჩვენთვის რაიმეს აკრძალვა, რაც შეეხება დედას, ის ყოველთვის დამოუკიდებელი, ძლიერი ქალი იყო და ჩვენც ასე გაგვზარდა.

- აკა მორჩილაძეს აქვს ასეთი სიტყვები: "რა მაოცებს და... ქართველი ქალი - ზურგით მთრევი საქართველოსი!", რას ფიქრობთ კაცებზე, რომლებიც დროს უსაქმურობაში ატარებენ და ქალების ხარჯზე ცხოვრობენ?

- ასეთი კაცები მეც ნერვებს მიშლიან: თვიდან თვემდე რომ ელოდებიან, ცოლი ან დედა რას გამოუგზავნის უცხოეთიდან, მაგრამ ამ მოვლენას მეორე მხარეც აქვს: დღეს საქართველოში როლები შეიცვალა - ზოგიერთ ქალს უფრო მეტი ანაზღაურება აქვს, ვიდრე მამაკაცს. მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ: თუ კაციც შრომობს და ქალიც, იმ ოჯახში ვის ექნება უფრო მეტი ანაზღაურება, ამას მნიშვნელობა არა აქვს, ისევე, როგორც ოჯახის საქმეს ქალი თუ ვერ მოასწრებს, ქმარი რომ დაეხმაროს... დღევანდელ საქართველოში არის ძალიან ბევრი ოჯახი, სადაც ქალი და მამაკაცი თანაბრად უვლის შვილებს, თანაბრად ინაწილებენ ოჯახურ საქმეებს, მაგრამ თუ კაცი მთელ დღეებს ქუჩაში ატარებს და თავის ცხოვრებას უაზროდ ფანტავს, ასეთი ადამიანი მე არც კაცად მიმაჩნია და არც ადამიანად.

- საინტერესოა, რა აზრის ხართ ქალებზე, ვისი ცხოვრების მთავარი მიზანი მხოლოდ გათხოვებაა?

- მადლობა ღმერთს, ჩვენში თანდათან მოიკიდა ფეხი სულ სხვა ტენდენციამ: თანამედროვე ქალი იმიტომ არ ცხოვრობს, რომ გათხოვდეს. სხვათა შორის, გასულ საუკუნეებში ყველგან ასე იყო: ევროპასა და ამერიკაშიც ქალს წარმატებულად მხოლოდ მაშინ მიიჩნევდნენ, თუ ის კარგად გათხოვდებოდა. დღეს ეს დამოკიდებულება შეიცვალა და ოჯახში გოგო რომ გაჩნდება, მისი მშობლები იმას კი არ ფიქრობენ, "კარგად" გაათხოვონ, არამედ იმას, რომ კარგი განათლება მისცენ, რომ მათი შვილი შემდგარი, დამოუკიდებელი პიროვნება გახდეს... აქედან გამომდინარე, დღეს ქალების უმრავლესობა სულ სხვაგვარად ფიქრობს. ქალს უკვე თავისი შემოსავალი აქვს და მისი მიზანი სულაც არ არის, რომ უნდა გათხოვდეს და ქმარმა არჩინოს. 21-ე საუკუნეში, ქალმა იცის, რომ ოჯახი მხოლოდ იმასთან უნდა შექმნას, ვინც უყვარს და არ გათხოვდეს იმიტომ, რომ საკვები და ელემენტარული პირობები ჰქონდეს.

- თუმცა ზოგიერთი ფულის და ქონების გამოც ქმნის ოჯახს...

- ეს კატეგორია ყოველთვის არსებობდა, დღესაც არსებობს და მომავალშიც იარსებებს, არა მარტო ქალებში, არამედ - კაცებს შორისაც. მეც ვიცნობ რამდენიმე კაცს, რომელსაც მდიდარი ქალები "უყვარდება", რადგან მათთან მატერიალურად უზრუნველყოფილია. როგორც ქალებში არიან ისეთები, რომლებიც ფინანსურად უზრუნველყოფილ პარტნიორს ეძებენ, ასევე არიან კაცები, რომლებიც შეძლებულ და ფულიან ქალებს ეძებენ. ალბათ, ეს კატეგორია ყოველთვის იარსებებს.

- როგორ პასუხობთ მომაბეზრებელ კითხვას - "რატომ არ თხოვდები”?

- თავიდან ძალიან ვბრაზდებოდი, რადგან 25-ს რომ გადავცდი, ეს შეკითხვა ჩემ მიმართ ძალიან გახშირდა, 30-ს რომ გადავცდი, კიდევ უფრო ხშირად მეკითხებოდნენ, მაგრამ თანდათან შევეჩვიე, რეაქცია აღარ მქონდა და ღიმილით ვპასუხობდი. ბოლოს ყველა შემეშვა - ალბათ, მიხვდნენ, რომ ამ საკითხს მე თვითონ გადავწყვეტ და თავად ავარჩევ ადამიანს, რომელთან ცხოვრებაც მომინდება. ასე რომ, უკვე აღარ ვაქცევ დიდ ყურადღებას ამ უტაქტო შეკითხვას. დიახ, ასეთი შეკითხვები უტაქტოა: ხელფასი რამდენი გაქვს, რატომ არ თხოვდები, ცოლი რატომ არ მოგყავს და ა.შ... ასეთი ჩარევა სხვის ცხოვრებაში არ შეიძლება, რატომ? - ხომ უნდა შეგხვდეს ისეთი ადამიანი, რომელიც გიყვარს და რომელსაც უყვარხარ? ამას კი, წინასწარ ვერ დაგეგმავ, თუ მართლა მიზნად არ გაქვს, რომ ვიღაცას აეკიდო და მერკანტილურად თუ არ ფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გათხოვდე.

- რამდენიმე ინტერვიუში თქვით, რომ თქვენს ცხოვრებაში უკვე არის ასეთი ადამიანი, როგორ მიხვდით, რომ "ის - ის არის"?

- როგორ უნდა გავიგოთ, რომ "ის ის არის"? - ამის გაგებას რეცეპტი არ სჭირდება (იცინის). ადამიანი ამას ყოველთვის ხვდება, მით უმეტეს, როცა ეს სერიოზული გრძნობაა და როცა სიყვარული ორმხრივია. ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან მე საერთოდ არ მიყვარს პირად თემებზე საჯაროდ ლაპარაკი, მაგრამ თუ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლე იქნება, ამას აუცილებლად გაიგებთ.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)