ახალი დიდი ომის საფრთხე კავკასიაში?! - ზანგეზურის "ნაღმი", რაც ბაქოსა და ერევანს, თეირანსა და ანკარას ადრე თუ გვიან ერთმანეთს დააჯახებს - კვირის პალიტრა

ახალი დიდი ომის საფრთხე კავკასიაში?! - ზანგეზურის "ნაღმი", რაც ბაქოსა და ერევანს, თეირანსა და ანკარას ადრე თუ გვიან ერთმანეთს დააჯახებს

ზანგეზურის დერეფანი - ის, რაც ბაქოსა და ერევანს, თეირანსა და ანკარას ადრე-თუ გვიან ერთმანეთს დააჯახებს...

აქვს თუ არა საერთო სახმელეთო საზღვარი აზერბაიჯანს თურქეთთან? ამ კითხვაზე ბევრმა შეიძლება დაუფიქრებლად, ავტომატურად უპასუხოს: რა თქმა უნდა, არა, აბა, სად აზერბაიჯანი და სად - თურქეთი? მათ შორის ხომ სომხეთი და საქართველოა? მაგრამ სინამდვილეში ამ ორ, ერთმანეთის მოძმე ქვეყანას აქვს სახმელეთო საზღვარი, მართალია, სულ რაღაც ათიოდე კილომეტრი სიგრძის, მაგრამ ეს რამდენიმე კილომეტრიც დღეს ძალიან ბევრ რამეს ცვლის და შეიძლება სამხრეთ კავკასიაში მორიგი ომის დაწყების ფითილი გახდეს, ამჯერად - აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე...

ყარაბაღის ბოლო ომში გამარჯვებისა და მანამდე ოკუპირებული შვიდი აზერბაიჯანული რაიონის გათავისუფლებისა და ასევე მთლიან ყარაბაღზე კონტროლის აღების შემდეგ, ოფიციალური ბაქო ახალი და ძალიან დიდი პერსპექტივის წინაშე დადგა, რომლის განხორციელებამაც შეიძლება სრულიად შეცვალოს სამხრეთ კავკასიაში ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში დამკვიდრებული რეალობა.

აზერბაიჯანის სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა, რომელთანაც აზერბაიჯანს ყოფს სომხეთის ტერიტორიის სიუნიქის რაიონი ანუ აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის უმოკლესი მანძილი სულ რაღაც 37 კმ-ია პირდაპირი ხაზით.

საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანიდან სომხეთში რკინიგზა მდინარე არაქსის გასწვრივ, ირანის საზღვრის გაყოლებით გადიოდა. დღეს ეს სარკინიგზო ხაზი აღარ არსებობს, ის, დიდი ხანია, ჯართში ჩააბარეს, მაგრამ სიუნიქის რაიონის გავლით სატრანსპორტო დერეფნის აღდგენა რატომღაც ძალიან სურს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რომლის ინიციატივითაც ყარაბაღის 2020 წლის ომში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ბოლო პუნქტად სწორედ ეს ჩაიწერა. შეიძლება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს შეესაბამება, რომ მხოლოდ საქართველოს "ხუშტურზე" არ იყოს დამოკიდებული რუსეთიდან სომხეთში სახმელეთო გზით გასვლა და სათადარიგო ვარიანტს აზერბაიჯანიდანაც ამზადებს, მაგრამ აზერბაიჯანიდან ნახიჩევანში, სომხური სიუნიქის გავლით ასეთი სატრანსპორტო დერეფნის გაჭრა პირდაპირ მისწრებაა ბაქოსა და ანკარისთვის.

alada-1701346155.jpg
რუკაზე წითელი ფერით გამოსახულია სომხეთის სიუნიქის რაიონი, რომელზეც ზაგეზურის სახმელეთო დერეფნის გაჭრას ნახიჩევანამდე, გეგმავენ აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთიც, ხოლო წინააღმდეგი არიან სომხეთის, აშშ, საფრანგეთი და... ირანიც...

ამ დერეფნის ამოქმედების შემთხვევაში აზერბაიჯანი და თურქეთი შეიძენენ უმოკლეს დამაკავშირებელ სახმელეთო გზას ნახიჩევანის გავლით, რაც გააძლიერებს ანკარის გავლენას აზერბაიჯანსა და მთელ სამხრეთ კავკასიაზე, ეს კი მნიშვნელოვნად იმოქმედებს საქართველოს ბიუჯეტზეც, რადგან ჩვენი ქვეყნის საავტომობილო გზებით თურქეთიდან აზერბაიჯანში და პირიქით გადაზიდული ტვირთების დიდი ნაწილი მარშრუტს შეიცვლის.

სომხეთის მიერ ყარაბაღის საბოლოო დათმობიდან ზუსტად ორი თვე გავიდა, ზემოხსენებული სამმხრივი შეთანხმების ბოლო პუნქტი-ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ჯერ არც კი განხილულა. ამის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ოფიციალური ერევანი ცდილობს შეიცვალოს საერთაშორისო ორიენტაცია და სამსაუკუნოვანი სტრატეგიული პარტნიორი რუსეთი(სწორედ ის რუსეთი,რომელმაც სომხეთს როგორც „მოაპოვებინა“ ყარაბაღი, ისე დააკარგვინა) ჩაანაცვლოს იმ საფრანგეთითა და ამერიკით, სადაც მძლავრი სომხური ლობი ისტორიულად მოქმედებს. თუმცა სანამ სომხეთი პოლიტიკურ რელსებზე უმნიშვნელოვანესი მანევრის ჩატარებას აპირებს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ცდილობს, დრო არ დაკარგოს და სათავისოდ გამოიყენოს სომხეთის დღევანდელი სამხედრო-პოლიტიკური სისუსტე.

პრეზიდენტ ალიევს სულ რაღაც 37 კმ აშორებს აზერბაიჯანელთა საუკუნოვანი ოცნების ასრულებას - ნახიჩევანი შეუერთონ აზერბაიჯანის ტერიტორიას. "თუკი სომხებს ბოლო 30 წელი მთიანი ყარაბაღის გარდა ოკუპირებული ჰქონდათ აზერბაიჯანის კიდევ შვიდი რაიონი, რომლებიც არასდროს შედიოდა საბჭოთა დროინდელი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში, მაშინ რატომ არ შეუძლია აზერბაიჯანს, სიუნიქის რაიონში, რომელიც ისტორიულაც ჩვენი იყო და ზანგეზური ერქვა, გაჭრას დერეფანი ნახიჩევანამდე?!", - აცხადებენ აზერბაიჯანში.

რა მოჰყვება ყოველივე ამას? გასაგებია, რომ ბევრი რამ პუტინ-ერდოღანის ფარული მოლაპარაკებების დროს წყდება და სწორედ პუტინის "ნეიტრალიტეტსაც" უნდა "უმადლოდნენ" სომხები მთიანი ყარაბაღის ბოლო ომში წაგებასა თუ მათი ქვეყნის ასეთ არასახარბიელო სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში აღმოჩენას. პუტინის ინტერესები კი ძნელად გამოსაცნობი არ არის - რუსეთზე დამოკიდებული გახადოს როგორც სომხეთი, ისე აზერბაიჯანი, თუმცა ამ უკანასკნელის შემთხვევაში, კრემლს ეს გაუჭირდება, რადგან ბაქოს უკან ანკარა დგას, თუმცა აზერბაიჯანის წამოწყებულ ყარაბაღის ბოლო ომზე თვალის დახუჭვით რუსეთმა ბაქო მოიმადლიერა და უფრო შორს გადასწია აზერბაიჯან-ნატოს დაახლოების ისედაც შორეული პერსპექტივა, ამასთან, სომხეთი რუსეთს კიდევ უფრო "ჩამოჰკიდა". თუ გასულ წელს ერევანი მოსკოვს სთხოვდა, ყარაბაღი როგორმე შემინარჩუნეო, დღეს ტერიტორიების დაკარგვა უშუალოდ სომხეთს დაემუქრა და ერევნიდან მოსკოვში შეუჩერებლად იგზავნება მუდარა, საზღვარზე რუსი სამხედროები ჩაგვიყენე, რომ აზერბაიჯანელებმა ჩვენი მიწა არ მიიტაცონო.

მაგრამ, ერევნის პოზიცია რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც 2023 წლის 19-20 სექტემბერს 24 საათიან ომში აზერბაიჯანმა მთლიანად დაიბრუნა ყარაბაღი და სრულად აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მთლიანად დაკარგა პუტინის იმედი, აღარც „ეახლა“ მას „ო-დე-კა-ბე“ სხდომაზე მინსკში და თანაც მოუხშირა ურთიერთობები საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან...

ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით იქმნება ძალზე პიკანტური სიტუაცია, როდესაც ერთ ბანაკში შეიძლება აღმოჩნდნენ აშშ და თვით...ირანიც, რადგან ვაშინგტონსა და პარიზში იჭერენ სომხეთის მხარეს და ეწინააღმდეგებიან ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებას, შესაბამისად თურქეთის მნიშვნელოვნად გაძლიერებას სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, რაშიც მათ პოზიციას ემთხვევა ირანის სახელმწიფო ინტერესებიც...

თეირანს არანაირად არ აწყობს სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის გაზრდა(მითუმეტეს ისრაელის მიერ მიწოდებული თანამედროვე შეიარაღების გამოყენებით), ისევე როგორც, აზერბაიჯან-თურქეთს შორის ზაგეზურის სახმელეთო დერეფნის ამოქმედება, რომელიც შუაში გადაჭრის ირანის სომხეთთან დამაკავშირებელ გზას, რომელიც ირანელებისთვის შემდეგ საქართველოში გრძელდება,დასავლეთით შავი ზღვისკენ,ხოლო ჩრდილოეთით კი რუსეთისკენ...