"დავინახე, დამინახა და... ეს ზღაპარი უკვე 23 წელია გრძელდება. დემოკრატიული ოჯახი ვართ" - კვირის პალიტრა

"დავინახე, დამინახა და... ეს ზღაპარი უკვე 23 წელია გრძელდება. დემოკრატიული ოჯახი ვართ"

ნანა ბუთხუზი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობია, რომელიც მაყურებელს განსაკუთრებულად დაამახსოვრდა და შეუყვარდა "ჩემი ცოლის დაქალებში" განსახიერებული კომენდანტ მერის როლით. ნანა„"კვირის პალიტრასთან" თავისი ცხოვრების სხვადასხვა­ ეტაპზე ისაუბრებს.

- პრინციპები, რომლითაც გაიზარდეთ და ცხოვრობთ...

- ვეღარ გავიგე, რა პრინციპებით უნდა იცხოვრო ადამიანმა. სხვა დროში აღმოვჩნდი და რაც წარსულში მნიშვნელოვანი მეგონა, ახლა სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინა. ყველაფერი შეიცვალა, ვეღარ გავიგე, რა არის კარგი და რა ცუდი.

- რას უკავშირებთ ამ ფერისცვალებას?

- პანდემიიდან მოყოლებული, დედამიწაზე ყველაფერი რადიკალურად იცვლება. არ ვიცით, როგორ გავზარდოთ შვილები... მგონია, პატიოსან ადამიანად ვზრდი, მაგრამ იმასაც ვფიქრობ, რომ ცოტა სხვა რაღაცებიც უნდა ვასწავლო, რაც ჩემი ბავშვობის დროს მიუღებელი იყო. სულ სხვა ფასეულობებია, სხვა მოთხოვნები, სულ სხვა გამოწვევების წინაშე ვართ. რაღაც ახალი იქმნება და ჩვენც ახლებურად უნდა დავიწყოთ ცხოვრება. ამიტომ პრინციპებზე რა მოგახსენოთ, ერთადერთი ის ვიცი, რომ ცუდი ადამიანი არ უნდა ვიყო. მოკლედ, ბევრ რაღაცაზე დავფიქრდი და ბოლოს აღმოვაჩინე, რომ დუმილი უდიდესი სიბრძნე და ნამდვილი ხელოვნებაა.

- ყველაზე ნათელი მოგონება, როცა მშობლებზე ფიქრს იწყებთ...

- დედა დღესაც მყავს და მასთან ისევ პატარა გოგო ვარ. მამა აღარ მყავს და მასთან ერთად თითქოს ჩემი ნახევარი ნაწილი წავიდა. დედისერთა ვარ, განებივრებული, თავისუფლებამონიჭებული.­ ჩემს აზრს ყოველთვის ითვალისწინებდნენ, თავისუფალ არჩევანს მაძლევდნენ. ჩემი მშობლები ჩემს მაგივრად არ წყვეტდნენ ჩემს მომავალს.

- თქვენი ყველაზე მძაფრი მოგონება...

- 9 აპრილი. ჩემი მშობლები ჩართული იყვნენ ამ პროცესში. მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ხმა მახსოვს... 9 აპრილს დედა და მამა რომ წავიდნენ, ბებიასთან დამტოვეს. სულ სხვანაირი ღამე იყო, მოლოდინით სავსე. მერე რაც მოხდა, ყველამ ვიცით...

- ღამით იქ იყვნენ მშობლები?

- ბეწვზე გადარჩნენ. რუსთაველის კინოთეატრის კარი გახსნეს და იქ შეუშვეს...

- მას შემდეგ ბევრი რამის გადატანა მოგვიხდა, დღეს ევროსაბჭოს წევრობის რეკომენდაცია მოვიპოვეთ...

- იმ 9 აპრილიდან ამას ველოდებით და სულ რაღაცით ხელი ეშლება... არ მინდა ყურების ჩამოყრა, იმედიანად ვარ. მჯერა, ეს ოცნება აგვიხდება.

- პროფესიული არჩევანი როგორ გააკეთეთ?­

- მუსიკა მიყვარდა. ფორტეპიანოს ვსწავლობდი. მქონდა კონცერტები, მაგრამ ეს საქმე დიდ შრომასთანაა დაკავშირებული, რაც მეზარებოდა. ეს შემატყვეს მშობლებმა და მეც პირდაპირ ვუთხარი, არ მინდა-მეთქი. მაშინ რა გინდაო, ბალეტი-მეთქი.

- მართლა ბალეტი გიტაცებდათ თუ სიფრიფანა კაბები და პრინცესობა მოგწონდათ?

- არა, პრინცესა არასდროს ვყოფილვარ. ბალეტი მომწონდა, იმიტომ, რომ კარგად ვიცნობდი - მამა იყო ბალეტის მოცეკვავე, ჩემი ბიძა და ბიცოლაც, ბიძაშვილებიც საბალეტო სკოლაში დადიოდნენ. მამამ მერე თავი დაანება ცეკვას და მხატვარი გახდა. მომწონდა ბალეტის ესთეტიკური მოძრაობები, რაღაც ისტორიების პლასტიკით მოყოლა, მსიამოვნებდა კლასიკური მუსიკა და ეტყობა, ამ ხიბლში მარტო ფორტეპიანოს დაკვრით ვერ დავკმაყოფილდი, მომინდა მემოძრავა კიდეც. კარგიო, და ბალეტზე შემიყვანეს. ბალეტიც დიდ შრომას მოითხოვს და მეც ვშრომობდი. მერე ცეკვის დადგმა მომინდა, კლასელებს შევკრებდი ხოლმე და რაღაცებს ვდგამდი. მოკლედ, თან ვცეკვავდი, თან ვთხზავდი­, თან ვხატავდი, ვწერდი კიდეც ჩანახატებს, ვრითმავდი სიტყვებს, სულ რაღაცას ვქმნიდი. მეათე კლასში ვიქნებოდი, პედაგოგმა რომ მკითხა, თეატრალურში ჩაბარებაზე­ ხომ არ გიფიქრიაო. მაშინ პირველად დავფიქრდი ამაზე.

- არასდროს გინანიათ არჩევანი? ათას მიზეზს ასახელებენ ხოლმე. მაგალითად, არც ისე შემოსავლიანია, კონკურენციაა, ინტრიგებიაო.

- ჩემთვის ფულში არ არის ბედნიერება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია ამის გარეშე ცხოვრება. ბედნიერება არის იქ, სადაც აკეთებ იმას, რაც მოგწონს. როცა გიყვარს რაღაც, თავისთავად ლაგდება ყველაფერი. სხვათა შორის, ეს ლუკმაპურსაც გაშოვნინებს, არ გაშიმშილებს.

მშიერი 90-იანები ყველამ გამოვიარეთ. დაგვსაჯეს, იმიტომ, რომ თავისუფლება მოგვინდა, მაგრამ ხომ მაინც ავირჩიეთ გზა თავისუფლების, რადგან ყველას გვქონდა განცდა, რომ სწორედ ეს არის ბედნიერების გზა. მაშინ ერთმანეთს გვერდში ვედექით, კოცონს ვანთებდით, ლობიოს ერთად ვხარშავდით, პურის რიგშიც ვიდექით. გვიყვარდა კიდეც ერთმანეთი, სანთლის შუქზე ვიზრდებოდით, მაგრამ გადავრჩით. ეს ყველაფერი თავისუფლებისთვის გავაკეთეთ და ღირდა. ახლა შემდეგი გამარჯვებების ეტაპი დგას და ესეც უნდა გავიაროთ. ყოველი მომდევნო გზა შესაძლოა უფრო და უფრო მტკივნეული იყოს, იმიტომ, რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს.

- ოჯახურ არჩევანზეც მიამბეთ... იხილეთ სტატია სრულად - „ბევრ რაღაცაზე დავფიქრდი და ბოლოს აღმოვაჩინე, რომ დუმილი უდიდესი სიბრძნეა“