ვწერ ქალზე, რომელზეც კვირების განმავლობაში ძალადობდნენ... ვწერ აითაჯზე... და, ჩემს ოჯახზე, სადაც ბიჭი შვილი უპირატესია - კვირის პალიტრა

ვწერ ქალზე, რომელზეც კვირების განმავლობაში ძალადობდნენ... ვწერ აითაჯზე... და, ჩემს ოჯახზე, სადაც ბიჭი შვილი უპირატესია

„ქალების მაგალითიც საკმარისია, სამყაროს რომ უსამართლო ვუწოდოთ. რატომ იტანჯებიან მხოლოდ ისინი ახალი სიცოცხლის მოვლინებისთვის, ან რატომ არ აწუხებთ მამაკაცებსაც თვიური ციკლი; მაგალითად, ხომ არის ღირსი, ტკივილიანი ციკლი ჰქონდეს ჩემს მეზობელ აჰმედს და სწორედ მაშინ ემართებოდეს, როცა გამეტებით სცემს ცოლს და პატარა ქალიშვილს...“ - ეს ისქანდერ ქირზიმის სიტყვებია. ის ნახევრად „გურჯია“ და ჩემი თურქი მეგობრის დახმარებით, შემთხვევით ჩამივარდა მისი წიგნი ხელთ. მასში ბევრი საგულისხმოა, მაგრამ ეს პატარა ჩანაწერიც კი მარტივად ხსნის მუსლიმანურ სამყაროში ქალების პრობლემას.

როდესაც საქართველოში 14 წლის აითაჯის მკვლელობა მოხდა - არაფერი დავწერე. რედაქტორიც მეუბნებოდა, ვიდრე მთავარი თემაა, ახლა თქვი, თუ რამეს აპირებო. აი, ზუსტად ამიტომაც! დავიღალე მოდურად ხმის ამოღებით, საფუძვლიანად პრობლემის შეუსწავლელობით და ათიათასჯერ მიყრუებით. რადგან 14 წლის აითაჯი ვახსენე, ჩემი აზრით, ამ ამბავმა უნდა დაგვარწმუნოს, რომ ზოგიერთი ტრადიცია შესაცვლელია და მათი შეფუთვა რელიგიური, ან ეთნიკური ნიშნით შეცდომაა.

ამას რომ თავი დავანებოთ, ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად, კაცების მენტალობაც კარგად შესაცვლელია. და გეტყვით, რატომ.

ბლოგს, გაცილებით მძიმე ამბით ვაგრძელებ.

შარშან ზაფხულში, ლეჩხუმში, სრულიად შემთხვევით გავიგე ამბავი, ერთი ულამაზესი ლეჩხუმელი ქალბატონისა. გოგოსი, რომელიც სილამაზით ცნობილ ულამაზეს ქალებს, არათუ ჩამოუვარდებოდა, შესაძლოა, სჯობნიდა კიდეც. მას ბედმა სოფლად დაბადება არგუნა და თურმე, ბევრს ეჭირა მასზე თვალი. სრულწლოვანი გაათხოვეს ადგილობრივზე, რომელიც სახლიდან არ უშვებდა, შიშობდა... ამბავი ვრცელია და აქვე ვიტყვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე 8 წლის ბიჭის დედა იყო, მაინც უთვალთვალებდნენ. და, ერთხელაც, როდესაც მისი ქმარი სახლში არ ყოფილა, ახლობლის დახმარებით სახლიდან გაიტყუეს იმ მიზეზით, რომ ქმარს ავარია დაემართა და მას ელოდა. ქალმა ბავშვიც თან გაიყოლა...

სინამდვილეში, ულამაზესი ქალი 8 წლის ბიჭით წაიყვანეს ტყეში, სახელდახელოდ მოწყობილ ქოხში და ტირილის, მუდარის, ხავილის ფონზე, კვირების განმავლობაში აუპატიურებდნენ... ემუქრებოდა - ჩემი ქმარი მოვა და ნახეთ, რას გიზამთო.

ქმარი არ მივიდა! არც იბრძოლა! უბრალოდ, მიატოვა... შესაძლოა შიშის გამო, მაგრამ მაინც. საკმაო ხნის შემდეგ გამოუშვეს მარტო, ბავშვთან ერთად, ტყე-ტყე...

მოგვიანებით, ეს ქალი და ბავშვი მკვდრები უპოვიათ ტყეში. თავი არ მოუკლავთ! ჩანს, გულები გაუსკდათ... 100-ჯერ მაინც მოვიკითხე ეს ამბავი, როგორც კი ყურმოკვრით გავიგე. მითხრეს, რომ 90-ების ბოლოს მოხდა და მაშინ პოლიცია არ მუშაობდაო... როგორც ჩანს, არც მერე აღძრეს საქმე ახლობლებმა...

ზუსტად წელიწად ნახევარია არ დაღამებულა ისე, ამ ქალზე რომ არ მეფიქროს. მეფიქრება იმ კაცზეც, ქმარი რომ ერქვა, სავარაუდოდ, დღესაც ცოცხალია და წარმოვიდგენ - წელში მოხრილი, სადღაც მიწას ჩიჩქნის. დღესაც სუფრაზე თავჩაქინდრული ვითომ საცოდავი კაცის სახეს ირგებს... ყველაზე მეტად რაც გულს მიხეთქავს,- უკვე გაუპატიურებული ცოლი აღარ დაიცვა... გესმით? ულამაზესი ქალი მეზობელი სოფლის კაცების „მოხმარების ნივთი“ გახდა...

სოფელში ქირქილებდნენ (ალბათ, მახინჯი ცოლები), რომლებიც ისედაც გაუხეთქავდნენ ლამაზ ქალს გულს თავისი მახინჯი მენტალიტეტით, თუნდაც ცოცხალი დაებრუნებინათ...

მეფიქრება იმ კაცებზე, საღამოს სუფრას რომ შემოუსხდებიან და ამაყად ქალების სადღეგრძელოს სვამენ. მეფიქრება იმ ქალებზე, რომლებიც ამას ღიმილით უსმენენ, მათ შორის, ამ უბედური ქალის სოფელშიც და პროტესტი არ უჩნდებათ?! ცოცხლად დარჩენილი მოძალადე კაცებისგან (ძმებისგან, მეუღლეებისგან, მეზობლებისგან) კვლავ დალოცვას იღებენ! იმ ქალებზე, რომლებიც სხვა, დაჩაგრული ქალის მიმართ შეუწყნარებლები არიან, იმ ქალებზე, რომლებმაც ლომის წილი შეიტანეს ასეთი კაცების აღზრდაში. ქალებზე, რომლებიც მოძალადეებს გაჰყვნენ ცოლად, და ამართლებენ - „ბავშვებს მამა სჭირდებათ“- მოსაზრებით.

იმ ქალებზე, რომლებიც არაფერს აკეთებენ კაცების მენტალობის შესაცვლელად, - ქალი არ არის მხოლოდ სექსუალობის ნიშანი.

იმ ულამაზესი ქალის მსგავსი ამბები, გადმოცემით ვიცი, 90-იანებში არაერთი იყო. დღესაც არ არის ცოდნა რაიონებში, როგორი უმწეოა ქალი ბოროტების წინაშე.

გული მისკდება, როდესაც, უკვე თანამედროვე საქართველოზე ვწერ.

მარტო ჩემი ამბავი რად ღირს. დამოუკიდებლად ვცხოვრობ და ზუსტად 4 წელია მეზობელი მაწუხებს, რომელსაც „მფარველი“ ჰყავს რაიონულ პოლიციაში, გამგეობაში, უბანში... ჩემს დაჩაგვრაზე მეტად, გული მტკივა ახლობლების შეფასებებზე - მარტო ხარ და გიბედავენ, აბა, კაცი იყოს შენ გვერდით?!

მე ნივთი არ ვარ, მეგობრებო, მაინცდამაინც ვინმე „მპატრონობდეს“, მე ქალი ვარ! მოქალაქე! დაცული უნდა ვიყო ჩემს ქვეყანაში!

მეფიქრება იმ პოლიციელზე, ჩემს ამბავთან დაკავშირებით, ოქმს რომ ადგენდნენ და სხვა თანამშრომელმა - გოგოს საჩივარი შემოვიდაო, წერს, მავიწროებს, მიშველეთო... უნდა დავიბარო „ის“ ბიჭი, მაგრამ სიყვარულისთვის, როგორ დავსაჯოო...

უკან არ მივიხედე! არ მინდოდა, ამ პოლიციელის სახე დაემახსოვრებინა ჩემს გონებას!

ამის შემდეგ აღარ მიკვირს, ვითომ რაღაც წესრიგდება და სინამდვილეში, აღსრულება ხან არ არის დროული, ხანაც რეაგირება საერთოდ არ არის...

მეფიქრება, - რიგ შემთხვევებში, ყველაფერი როგორ დადის სექსუალურ მომხმარებლობამდე. გახსოვთ, რა რეაქცია იყო პატრულ ქალებზე, სამხედრო ქალებზე და სხვა? საზოგადოება მათ, პირველ რიგში, სექსუალურობას სთხოვდა და არა - პროფესიონალიზმს...

მეფიქრება იმ კაცებზე, საზღვარგარეთ წასული ცოლებისგან გამოგზავნილ თანხას რომ იფერებენ. არ ვამბობ, რატომ გაუშვა ცოლი სამუშაოდ, ეს ყველა ოჯახმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ იშვიათად მოიკითხო, არამიზნობრივად დახარჯო მისი გამოგზავნილი და ეს ყველაფერი არ გაწუხებდეს, ძალადობაა.

იმ კაცებზეც, რომლებსაც ეშინიათ სექსუალური ცოლის. ლამაზი, სექსუალური, მაგრამ ერთგული ქალი მათთვის თანხვედრაში ვერ მოდის. ცოლმა, რომ მრავალფეროვანი პოზები შესთავაზოს, შეიძლება კაცმა ხმამაღლა არაფერი თქვას, მაგრამ მის გონებაში ქალის მიმართ ეჭვი უჩნდება...

მეფიქრება იმ კაცებზე, რომლებსაც ეშინიათ რეალური გრძნობების გამომჟღავნების. როდესაც ეშინიათ იყვნენ ნამდვილები... და, იმ ოჯახებზე, ჩემი ოჯახის ჩათვლით: „ბიჭია და ეპატიება“, „ბიჭს ყველაფერი ეკუთვნის“... სადაც გოგო-შვილი მეორეხარისხოვანია...

და, იმ ქალებზე, ჩვენზე. ყველაზე, ამ კაცებს რომ ვზრდით, ღრმად არ ვფიქრობთ მათი მენტალიტეტის ჩამოყალიბებაზე, განვითარებაზე, სტერეოტიპების დამსხვრევაზე. არ გვისწავლებია ძალადობა და ნება რით განსხვავდება. არ იციან, რას ნიშნავს კარგი ქალი...

მერე, ყველაფერს ვითხოვთ: პატივისცემას, ვაჟკაცობას, სიყვარულს... და, ვიღებთ აგრესიას, რადგან ეს მათთვის არ მიგვიცია!