პუტინის შურისძიება: უკრაინის მთავარი მზვერავის ცოლის მოწამვლის საქმე - როგორ ნადირობს "ეფ-ეს-ბე" კირილ ბუდანოვზე - კვირის პალიტრა

პუტინის შურისძიება: უკრაინის მთავარი მზვერავის ცოლის მოწამვლის საქმე - როგორ ნადირობს "ეფ-ეს-ბე" კირილ ბუდანოვზე

სამი დღის წინ კიევიდან მიღებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რუსეთ–უკრაინის დაპირისპირება მარტო ფრონტებზე არ მიმდინარეობს და რუსეთის სპეცსამსხურების ტერორისტული თავდასხმები ყველგან, თვით უკრაინის ყველაზე დაცულ კაბინეტებშიც შეიძლება განხორციელდეს.

28 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (შემდგომ – “სამხედრო დაზვერვა”) რამდენიმე დანაყოფის უფროსი (საუბარია იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსეთის წინააღმდეგ სადაზვერვო–დივერსიულ ოპერაციების ჩატარებაზე) და თავად სამხედრო დაზვერვის უფროსის, კირილ ბუდანოვის მეუღლე, მარიანა ბუდანოვა, დარიშხანითა და ვერცხლისწყლით მოწამლეს. თავიდან ისინი თავს ცუდად გრძნობდნენ, ამიტომ შემდეგ ჩაუტარეს სამედიცინო გამოკვლევები, რომლებმაც გამოავლინეს მოწამვლა, სავარაუდოდ საკვების მიღების გზით.

„ეს ნივთიერებები არანაირად არ გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში . მათი არსებობა შეიძლება მიუთითებდეს კონკრეტული ადამიანების მოწამვლის მიზანმიმართულ მცდელობაზე“, – აცხადებენ უკრაინის სამხედრომ დაზვერვაში. ვინც ეს დანაშაული დაგეგმა და განახორციელა, კარგად იცოდა, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ კირილ ბუდანოვი და მისი მეუღლე, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ჯერ კიევის სამთავრობო კვარტალში ცხოვრობდნენ, ხოლო რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქის მასიური დაბომბვების შემდეგ განსაკუთრებულად დაცულ „ბუნკერში“ იმყოფებიან. ბუდანოვი არც მალავდა, რომ ომის გამო ის და მისი მეუღლე ფაქტიურად სამუშაო კაბინეტის გვერდით ცხოვრობენ. მარიანა ბუდანოვა დაზვერვის მთავარი სამმართველოში არ მუშაობს, ის განათლებით ფსიქოლოგია, არის უკრაინის ეროვნული პოლიციის აკადემიის პროფესორი და ასწავლის იურიდიულ ფსიქოლოგიას. ამავე დროს, 2021 წლის ივნისიდან, მარიანა ბუდანოვა მუშაობს კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს მრჩევლად.

picture-1-1701409944.jpg
მარიანა ბუდანოვა

დიდი მარჩიელობა არ უნდა იმას, რომ მძიმე მეტალებით მოწამვლის მთავარი სამიზნე კირილ ბუდანოვი იყო, თუმცა ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმის ფარგლებშია. ვიმედოვნოთ, რომ ამ შემთხვევის სხვა დეტალებიც მალევე გაირკვევა. პატრიოტი და პროფესი

ონალი – შეიძლება მოკლედ ასე დავახასიათოთ კირილ ბუდანოვი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ 2014 წლიდან დაგეგმილ და განხორციელებულ ყველა სპეცოპერაციაში. ამიტომაც უკვე წლების მანძილზეა ის რუსეთის სპეცსამსახურების პრიორიტეტული სამიზნეების ხუთეულშია.

picture-1-1701409981.png
კირილ ბუდანოვი

სამწუხარო რეალობაა, რომ ამჟამად უკრაინის ხელისუფლებას ყველაზე დიდი საფრთხე შიგნიდან ელის. “მეხუთე კოლონა” და ღალატი სპეცსამსახურებში, შეიარაღებულ ძალებსა და სახელისუფლებო ელიტაში - სწორედ ამის იმედი აქვს რუსეთსაც და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ ეფ-ეს-ბე და გე-ერ-უ. აქ კი იწყება ფარული საიდუმლო ოპერაციები: ზეწოლა უკრაინის ხელისუფლებაზე უკვე შიგნიდან, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურის საშუალებით ხორციელდება. ამისთვის კი რუსეთი მას შემდეგ ემზადება, რაც ყოფილმა რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო 1992 წელს შეიქმნა. ეს სტრუქტურა რუსეთის სპეცსამსახურების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი ყოველთვის იყო და ამიტომ დღესაც “დანაღმულია” რუსეთის აგენტურით. ახლა რუსეთის მთავარი ამოცანაა უკრაინის დღევანდელი სამხედრო–პოლიტიკური ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების ყველაზე აქტიური წევრების გადაბირება ან განეიტრალება–ლიკვიდაცია. ამიტომაც დღეს ეფ-ეს-ბეს და გე–ერ–უს ერთ–ერთი მთავარი სამიზნე უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი და მისი ოჯახია.

picture-1-1701410028.jpg
კირილ და მარიანა ბუდანოვები

კირილ ბუდანოვი 1986 წლის 4 იანვარს კიევში დაიბადა. 2007 წელს დაამთავრა ოდესის სახმელეთო ჯარების ინსტიტუტი, რის შემდეგაც დაიწყო სამსახური უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცრაზმში, სადაც ეკავა სხვადასხვა თანამდებობა. 2014 წლის გაზაფხულიდან იგი მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში აღმოსავლეთ უკრაინაში.

რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და ანექსიის შემდგ უკრაინის სამხედრო დაზვერვამ რამდენიმე სადაზვერვო-დივერსიული ოპერაცია განახორციელა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 2016 წლის 6 აგვისტოს, პუტინის ყირიმში ვიზიტის წინა დღეს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცრებმა: პოლკოვნიკებმა მაქსიმ შაპოვალმა (მეთაური), ალექსანდრე გრომოვმა, მაიორმა კირილ ბუდანოვმა და კიდევ ოთხმა სპეცრაზმელმა ფარულად შეაღწიეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. დღემდე უცნობია ამ სპეცოპერაციის კონკრეტული სამიზნეები, თუმცა ღალატის გამო, მათ ვერ შეძლეს ამოცანის შესრულება, რადგანაც რუსეთის ეფ-ეს-ბეს სპეცრაზმი ჩასაფრებაში მათ უკვე ელოდა. ორმხრივი სროლების შემდეგ ორივე მხრიდან რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. უკრაინელმა პატრიოტებმა დავალების შესრულება ვერ შეძლეს, თუმცა ყირიმის დატოვება მოახერხეს. მათი ვინაობა ცნობილი გახდა. ამის შემდეგ, პუტინის განკარგულებით ეფ-ეს-ბემ “ნადირობა” დაიწყო უკრაინის სამხედრო მზვერავებზე. ამ მიზნებისთვის ოკუპირებულ დონეცკში შექმნეს “სპეცოპერაციების ცენტრი”, რომელიც ეფ-ეს-ბეს ხელმძღვანელობით გეგმავდა და ახორციელებდა უკრაინელი სამხედრო მზვერავების ლიკვიდაციის ოპერაციებს. პირველი მსხვერპლი მაქსიმ შაპოვალი გახდა. ტერაქტი ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს სპეცოპერაციების ცენტრის” თანამშრომელმა ოლეგ შუტოვმა განახორციელა. ის სეპარატისტული რეგიონიდან უპრობლემოდ ჩავიდა კიევში და ბინა იმ სახლში იქირავა, სადაც მაქსიმ შაპოვალი ცხოვრობდა. შუტოვმა ასევე იქირავა პარკინგის ადგილი შაპოვალის მანქანის გვერდით და ღამით ასაფეთქებელი მოწყობილობა მისი მანქანის ქვეშ მიამაგრა.

2017 წლის 27 ივნისს დილით მაქსიმ შაპოვალის Mercedes-Benz კიევის ერთ-ერთ ქუჩაზე მოძრაობისას აფეთქდა, უკრაინელი სამხედრო მზვერავი ადგილზე დაიღუპა. ტერაქტის ორგანიზატორებმა და შემსრულებელმა მიმალვა მოახერხეს. უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პოროშენკომ მაქსიმ შაპოვალს გარდაცვალების შემდეგ უკრაინის გმირის და გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭა.

2018 წლის ნოემბერში რუსეთის ტელეკომპანია россия- 24-მა გაუშვა სიუჟეტი, რომელიც ეჭვგარეშეა ეფ–ეს–ბეში იყო მომზადებული, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ოკუპირებულ ყირიმში არმიანსკის რაიონში 2016 წლის 6–7 აგვისტოს განხორციელებულ დივერსიებს უკრაინელი სამხედრო დაზვერვის ოფიცრები მაქსიმ შაპოვალი და კირილ ბუდანოვი ხელმძღვანელობდნენო. შაპოვალი უკვე ლიკვიდირებული იყო და ეფ–ეს–ბემ მიზანში ბუდანოვი ამოიღო.

2019 წლის 4 აპრილის ღამეს კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე, სუპერმარკეტის წინ, Chevrolet Evanda-ს მარკის ავტომობილი აფეთქდა. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ აფეთქება უკრაინის ერთ-ერთი სპეცსამსახურის თანამშრომელზე თავდასხმად შეაფასა. თუმცა მაშინ გვარი არ დასახელებულა. სათვალთვალო კამერებიდან გადაღებულ ფირზე კარგად ჩანს, თუ როგორ იმალება მამაკაცი ავტომობილის გვერდით და რამდენიმე წამში ისმის აფეთქების ხმაც: მან მანქანის ქვეშ ნაღმის დადება სცადა და გაააქტიურა ნაღმის დეტონატორი, თუმცა ხელში აუფეთქდა და მარჯვენა ხელი, იდაყვს ქვემოთ დაკარგა.

picture-1-1701410086.jpg
კირილ ბუდანოვის ავტომობილი აფეთქების შემდეგ

წარუმატებელი ტერაქტის შემდეგ უკრაინის უშიშროების სამსახურმა მოახერხა რუსეთის იმ სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის რამდენიმე წევრის დაკავება, რომლებმაც მოაწყვეს ბუდანოვის მკვლელობის მცდელობა. უშუალო შემსრულებელს აღმოუჩინეს ყირგიზეთის მოქალაქის, “ალექსეი ლომაკოს” პიროვნებაზე გაცემული პასპორტი. მძიმედ დაშავებული დივერსანტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, რუსეთის მოქალაქე ალექსეი კომარიჩევი აღმოჩნდა. მალევე უკრაინის კონტრდაზვერვამ დააკავა, რუსეთის მოქალაქე თემურ ძორტოვი და კიდევ რამდენიმე ადამიანი ეფ-ეს-ბეს აგენტურიდან, რომლებიც მათ უკრაინაში ეხმარებოდნენ. მათ შორის იყო ეფ-ეს-ბეს აგენტი, უკრაინის მოქალაქე და სახელმწიფო ფისკალური სამსახურის თანამშრომელი რუსლან ტკაჩუკი, რომელიც ეხმარებოდა რუსეთის სპეცსამსახურებს ბუდანოვის მანქანის ადგილმდებარეობის დადგენაში. ტკაჩუკს ჰქონდა წვდომა კიევის "უსაფრთხო ქალაქის" ვიდეოთვალთვალის სისტემაზე - რამდენიმე ათასი ვიდეოკამერის ქსელზე. ამ კამერების საშუალებით ტკაჩუკი თვალყურს ადევნებდა ბუდანოვის მანქანის გადაადგილებას და ინფორმაციას კიევში ეფ-ეს-ბეს რეზიდენტურას გადასცემდა. რუსეთის ფედერაციის ორივე მოქალაქე, ალექსეი კომარიჩევი და თემურ ძორტოვი, ყირგიზეთის პასპორტს აფარებდნენ თავს.

დავუბრუნდეთ კირილ ბუდანოვს, რომლის შემდგომი კარიერა, ამ წარუმატებელი ტერაქტის შემდეგ, საკმაოდ სწრაფად განვითარდა. 2020 წლის გაზაფხულამდე ბუდანოვი სამხედრო დაზვერვაში მსახურობდა. შემდეგ დანიშნეს უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. 2020 წლის 5 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ 34 წლის პოლკოვნიკი ბუდანოვი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნა. ამ პოსტზე ბუდანოვმა შეცვალა ვასილი ბურბა, რომელსაც 2020 წლის ივლისის ბოლოს “ვაგნერის ჯგუფის” შემოტყუებისა და დაკავების სპეცოპერაციის ჩავარდნის შემდეგ ძალზე დაეძაბა ურთიერთობა ზელენსკისთან.

დანიშვნიდან ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის 24 აგვისტოს, პრეზიდენტმა ბუდანოვს ბრიგადის გენერლის, ხოლო ამა წლის 3 აპრილს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭა.

picture-1-1701410127.jpg
ზელენსკი და ბუდანოვი (მარცხნიდან პირველი – ზალუჟნი)

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინას ჰყავს საკუთარი აგენტები რუსეთში, მათ შორის კრემლში, პუტინის ადმინისტრაციაში. მისი თქმით, უკრაინელებმა შეძლეს რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ სფეროებში შეღწევა და ბევრ ინფორმაციას იღებენ ოკუპანტის განზრახვების შესახებო. თუმცა ომის დაწყებიდან მალე ორი წელი გახდება და უკრაინის სპეცსამსახურების, მათ შორის სამხედრო დაზვერვის, რაიმე განსაკუთრებული წარმატება ჯერ არ ჩანს. ერთადერთი მიმართულება, სადაც მათ „თავის გამოიჩინეს“ რუსეთის იმპერიის იდეოლოგებსა და პუტინის „პროპაგანდისტებზე“ თავდასხმებია.

(მეორე ნაწილის დასასრული)