რისი ეშინია ზელენსკის?! - რუსების წინსვლა ავდეევკისკენ, დესტაბილიზაციის რისკები და გულგატეხილობის გრძნობა - კვირის პალიტრა

რისი ეშინია ზელენსკის?! - რუსების წინსვლა ავდეევკისკენ, დესტაბილიზაციის რისკები და გულგატეხილობის გრძნობა

„ვლადიმერ ზელენსკი ხელს არ აწერს კანონს ჯარში გაწვევის გაფართოების შესახებ - იმიტომ, რომ ეშინია, ვაითუ, სოციალური მღელვარება გამოიწვიოს“, - ნათქვამია აშშ-ის საინფორმაციო სააგენტოს - „ბლუმბერგის“ (Bloomberg) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედრო-საკადრო დილემის წინაშე: არმიას მეტი ჯარისკაცი სჭირდება, ჯარში დამატებით გაწვევას კი მოსახლეობაში უკმაყოფილება მოჰყვება“ (ავტორი - ვლადიმერ ვერბიანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინელი მამაკაცების ახალი კატეგორიების ჯარში გაწვევის გეგმა უკვე დიდი ხანია, ვოლოდიმირ ზელენსკის მაგიდაზე დევს, მაგრამ გენერალურმა შტაბმა და არმიის სარდლობამ ვერა და ვერ მიაღწია ამ დოკუმენტზე პრეზიდენტის ხელმოწერას. ამის ნაცვლად ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობასა და გენერალიტეტს მოუწოდა, რომ მთელი ძალისხმევა მოახმარონ მძიმე ზამთარში მოსახლეობის სოციალური პირობების მაქსიმალურ უზრუნველყოფას. კიდევ ერთხელ გადაიდო პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ძალაში შესვლა, რომელიც ჯარში სამხედრო გამოცდილების არმქონე მამაკაცთა გაწვევის ასაკს ამცირებს - 27-დან 25 წლამდე ანუ 25 წელს ზემოთ ასაკის მქონე უკრაინელი მამაკაცები ვალდებულები იქნებიან, არმიაში იმსახურონ.

„კანონი დიდი ხანია, მიღებულია უმაღლესი რადას მიერ, მაგრამ ძალაში რომ შევიდეს, ამისათვის პრეზიდენტის ხელმოწერაა აუცილებელი“, - ამბობს პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კოსტენკო, - "არმიას ჯარისკაცები სჭირდება, ახალწვეულთა გაწვევის პროცესი კი რთულია და ნელი ტემპით ხორციელდება“.

მოხალისე თუ სამხედროვალდებული?

კანონის ამოქმედების გადადება აშიშვლებს იმ მზარდ პრობლემას, რომელიც უკრაინის არმიის ცოცხალი ძალით შევსებას ეხება. მართალია, იმავე საკითხის წინაშე დგას რუსეთიც, მაგრამ მოსკოვისათვის ჯარის დანაკლისის შევსება შედარებით ბევრად უფრო ადვილია - რუსეთის მოსახლეობა უკრაინის მოსახლეობაზე სამჯერ მეტია.

უკრაინელი სამხედროები უკმაყოფილონი არიან პრეზიდენტის თავშეკავებით და საკითხის გადაწყვეტის გაჭიანურებით. მათი შეფასებით, კანონის ძალაში შესვლის შედეგად ქვეყნის სამხედრო კომისარიატებს უფლება ექნებათ, ჯარში კიდევ 140 ათასი მამაკაცი გაიწვიონ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ აღნიშნა, რომ ჯარში გაწვევას ბევრი ახალგაზრდა თავს არიდებს, ისინი საზღვარგარეთ გარბიან და რადგანაც ხელისუფლება ამ პრობლემას ვერ წყვეტს, საჭიროა ახალი კანონების ამოქმედება და მათი შესრულების მკაცრი კონტროლი. მართალია, დღეისათვის არსებული კანონმდებლობით, ჯარში გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 60 წლამდე მამაკაცები, მაგრამ არის დაშვებული გამონაკლისი - 27 წლამდე მამაკაცების გაწვევა არ შეიძლება, თუ მათ სამხედრო გამოცდილება არ აქვთ ანუ თუ მათ ჯარში არ უმსახურიათ. აი, სწორედ ამ გამონაკლისის შეცვლა სურთ უკრაინელ გენერლებს, რომ ჯარმა საჭირო შევსება მიიღოს. ამჟამად უკრაინის არმიაში ბევრი ისეთი მოხალისე იბრძვის, რომლებსაც თავის დროზე სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გაუვლიათ, მაგრამ ერთია მოხალისის ნებაყოფლობითი სტატუსი, მეორე კი - სავალდებულო სამსახური. დღეისათვის უკრაინელი ჯარისკაცის საშუალო ასაკი მოქმედ არმიაში 40 წელია.

ჯარს ცოცხალი ძალით შევსების პრობლემები გაუჩნდა ჯერ კიდევ შარშან, როცა თავდაპირველი სამოხალისო აჟიოტაჟის შემდეგ მასობრივად დაიწყო ფრონტზე წასვლის თავის არიდება, როცა გასაწვევი პუნქტები დაცარიელდა და ჯარში სამსახურის მსურველთა ნაკადი შეწყდა. ბუნებრივია, შემცირდა ფრონტზე მყოფი ჯარისკაცების როტაცია და მათ ბრძოლაში მონაწილეობის ვადები გაუგრძელდათ.

გულგატეხილობის გრძნობა

აცივების მიუხედავად, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები მეტ-ნაკლებად მაინც გრძელდება. ჩრდილოეთის ფრონტზე რუსეთის ჯარი ნელ-ნელა წინ მიიწევს და ქალაქ ავდეევკას ალყით ემუქრება, სამხრეთის ფრონტზე კი, სადაც უკრაინის არმიას ზაფხულში კონტრშეტევის განხორციელება სურდა, აქტიური ბრძოლა, ფაქტობრივად, შეწყდა. უკრაინელებმა ვერ დასძლიეს რუსული თავდაცვითი ზღუდეები, შეჩერდნენ და პოზიციურ ბრძოლაზე გადავიდნენ.

უკრაინის მოსახლეობა ხედავს ომის გაჭიანურებას და სულ უფრო მზარდ უკმაყოფილებას ამჟღავნებს სამხედრო სამსახურში გაწვევის მიმართ. ერთ-ერთი რეგიონული ჩინოვნიკის თქმით, პოლტავის ოლქში, რომელიც უკრაინის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ჯარში გაწვევის გეგმა მხოლოდ 10%-ით შესრულდა. ხშირია, როგორც არმიაში სამსახურის თავის არიდების შემთხვევები, ასევე, მათ მიმართ იძულებითი მკაცრი ზომების გამოყენების ფაქტები.

დღევანდელი პრობლემა ემთხვევა იმ საერთო გულგატეხილობასა და იმედგაცრუებას, რომელიც უკრაინის არმიის წარუმატებელმა კონტრშეტევამ გამოიწვია. მოსახლეობა მიხვდა, რომ ფართოდ რეკლამირებული „ბლიცკრიგი“ ჩაიშალა და ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ამას ემატება ზამთრის შიში - ყველას ახსოვს რუსების მიერ განხორციელებული შარშანდელი სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვები, უდენობა, უწყლობა, სიცივე და ტანჯვა-წვალება. მხედველობაშია მისაღები პოლიტიკური სიტუაციის შეცვლაც, რომელიც უკრაინისათვის უსიამოვნოა.

უკრაინაში სარისკო სიტუაცია ყალიბდება, იქმნება პირობები დესტაბილიზებისათვის, ამიტომ ვოლოდიმირ ზელენსკი თავს იკავებს კანონზე ხელმოწერისაგან.

„პრეზიდენტის კანცელარია შიშობს, რომ კანონზე ხელმოწერა და მისი ძალაში შესვლა ისედაც დაძაბული ვითარების ესკალაციას გამოიწვევს. ასევე, შეიძლება გაძლიერდეს უკრაინის საზოგადოებაში არაპოპულარული, მაგრამ უკვე მოარული ხმები სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაზე, ნებისმიერი პირობებით“, - ამბობს კიეველი პოლიტოლოგი ვლადიმერ ფესენკო.

ექსპერტების თქმით, ჯარში გაწვევის გაფართოების მცდელობები იმ დროს, როცა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ხშირად იწვევს სოციალურ დაძაბულობას. ეს ეხება არა მარტო უკრაინას, არამედ - რუსეთსაც. სხვათა შორის, მასმედია იხსენებს, რომ 1979 წელს ავღანეთში საბჭოთა არმიის შეჭრამ საბჭოთა კავშირის დაშლა დააჩქარა.

დღეს რუსეთში ჯარში გაწვევის კამპანიის რეკლამირება გაძლიერებული ტემპით მიმდინარეობს. პროპაგანდა დაფუძნებულია როგორც პატრიოტიზმისკენ მოწოდებებზე, ასევე - ჯარისკაცთა საკმაოდ მაღალ ხელფასებზე, რომელიც რუსეთში არსებული ხელფასების საშუალო დონეს სამჯერ აღემატება.

„გასაგებია ვოლოდიმირ ზელენსკის თავშეკავების მიზეზები, შესაძლოა, მას ქვეყნის მომავლის - ახალგაზრდების შენარჩუნება სურს“, - წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბენ უოლესი გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“, - "მაგრამ, სამწუხაროდ, ომში ნებისმიერი პაუზა მოწინააღმდეგე მხარეს, ანუ ამ შემთხვევაში რუსეთს, ახალი არმიის მშენებლობის შესაძლებლობას უქმნის. პრეზიდენტმა, გაწვევის წახალისების მიზნით, მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ჯარისკაცების ფინანსური და მატერიალური მდგომარეობის უზრუნველყოფას“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო