"გიორგისთან ურთიერთობა ბევრ ღიმილთანაა დაკავშირებული და ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია"
მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე მისი ცხოვრების მთავარ ამბებს გვიყვება, თუ როგორ გადადგა პირველი ნაბიჯები ხელოვნებაში, გადაღებები, კონცერტები, ფესტივალები, გამარჯვება ბარსელონაში და ლა სკალა, რასაც წარმატების გრძელი და საინტერესო გზა მოჰყვა. მისი საქმიანობის გარდა, ნინო ოჯახზე,- ტყუპის დაბადებით გამოწვეულ ბედნიერებაზე, მშობლებსა და იმ საქველმოქმედო ფონდზე გვიამბობს, რომლის კონცერტებზეც საქართველოში არაერთი ცნობილი ხელოვანი მოიწვია, მათ შორის სოფი ლორენი და მისი ვაჟი.
გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან, რომელიც დაიბეჭდა გაზეთში "კვირის პალიტრა".
დედობა - ყველაზე დიდი სასწაული და რთული პროფესია
- კარიერულ უდიდეს წარმატებას ოჯახური ბედნიერებაც მოჰყვა და ორი შვილის დედა ხართ. გიოცნებიათ ტყუპზე?
- კი, მაგრამ ვერ წარმომედგინა, რადგან გენეტიკურად ტყუპი არც მე მყოლია და არც ჩემს მეუღლეს. ყველაზე დიდი სასწაული ჩემს ცხოვრებაში ეს ორი ანგელოზია - ნატალია და ზაქარია. ძალიან დროულად მოხდა ეს, მაშინ, როდესაც ადამიანი მზადაა იმისთვის, რომ ოჯახი შექმნას და შვილები ჰყავდეს. სრულიად იცვლება ყველაფერი, თან როცა მიჩვეული ხარ დამოუკიდებლად, თავისუფლად ცხოვრებას, მაგრამ იმდენად დიდი ბედნიერება მოაქვს, იმასაც აცნობიერებ, რომ შენს თავს აღარ ეკუთვნი. გრძნობ, რომ შენს ხელშია ადამიანის ბედი, მისი მომავალი; შენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება და რას ჩადებ მასში, რას ასწავლი, როგორ შეუწყობ ხელს იმ ნიჭის სწორი მიმართულებით განვითარებაში, რომელიც მას უფლისგან დაჰყვა. ყველაზე რთული პროფესიაა იყო მშობელი.
- ვიდეოებს ხშირად აქვეყნებთ, სადაც ჩანს, მამაც რა აქტიურადაა ჩართული შვილების აღზრდაში.
- კი, ძალიან. უზომოდ კარგი მამაა. გიორგის ძალიან უყვარს ბავშვები და საკუთარი შვილები ხომ, მითუმეტეს. გამიმართლა.
- რამდენად რომანტიკული მეუღლეა?
- ძალიან. გიორგისთან ურთიერთობა ბევრ ღიმილთანაა დაკავშირებული და ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია. რასაც არ უნდა აკეთებდეს ქალი, რა რთული პროფესიაც არ უნდა ჰქონდეს, აუცილებელია უპირველესად ქალად იგრძნოს თავი.
- ვის ჰგვანან პატარები?
- ვფიქრობ, ნატალი ბევრი რამით მგავს, ფიზიკურადაც, თუმცა მამის ხასიათსა და ენერგიასაც ვხედავ. ზაქარია ორივეს გვგავს. ორმხრივი გურულები არიან და ვნახოთ, რა იქნება. ნატალიკოსთან სიმღერის ნიჭიც იკვეთება, თუმცა ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, არ ვაპირებ, ბავშვზე ზეწოლას, ეს ურთულესი და უმძიმესი პროფესიაა. თუმცა, თუ დავინახავ, რომ ნიჭი და სურვილი ექნება, ხელოვნების ულევ სამყაროში თავისი წვლილი შეიტანოს, მე ხელს შევუწყობ.
- მათთან ერთად დიდი დროის გატარების შესაძლებლობა გაქვთ?
- კი, მათთან ერთად გატარებულ თითოეულ დღეს მნიშვნელობა აქვს, რადგან აღარასდროს იქნებიან ამ ასაკის და ამას ვაცნობიერებ. სასეირნოდ დავდივართ ხოლმე სკვერში, სხვადასხვა ადგილას, სტუმრად; ბაღში დადიან და ძალიან მოსწონთ. ბაღი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია სოციუმში თავის დასამკვიდრებლად. ბევრ ზღაპარს ვუყვებით, მუსიკას უსმენენ, ბევრი შეკითხვა ებადებათ და ვცდილობ, ვუპასუხო. მათ ბევრად მეტი ესმით ამ ასაკში, ვიდრე ჩვენ გვესმოდა. ვცდილობ ყველაფერი ლამაზად და საინტერესოდ დავანახო. გაჯეტებს ბოლომდე ვერ მოარიდებ, მაგრამ ვცდილობ შევზღუდო.
- როცა საზღვარგარეთ გიწევთ წასვლა, დედის გარეშე როგორ ძლებენ პატარები?
- სულ მკითხულობენ, თუმცა რაღაცნაირად ძლებენ, ვიდეოზარებით ვერთვები ხოლმე, ეს, ცხადია, ჩახუტებას, მოფერებას, სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ მაინც შეღავათია.
ინტერვიუ სრულად იხილეთ - „ყველაზე რთული პროფესიაა, იყო მშობელი“