"მას რა აქვს საბოდიშო, პირიქით, ბოდიში მე მეთქმის, რომ რეაქცია სათანადო ვერ გამოვხატე" - რას წერს მოზარდის დედა?
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პატარა ბიჭს, რომელიც ყვავილებს ყიდის, გამვლელი ქალბატონი ეხმარება. ვიდეოში ქალი პატარას რამდენიმე ლარის კუპიურას აძლევს და ბოლოს - დოლარს. ბავშვი ტირილს იწყებს, ამბობს, რომ გრიპი აქვს და წამლისთვის თანხა სჭირდება. ვიდეო დღის განმავლობაში უამრავმა ადამიანმა გააზიარა. მათი დიდი ნაწილი უცნობ ქალს აქებდა, თუმცა უფლებადამცველები წერენ, რომ არასრულწლოვანის ვიდეოს ამ სახით გამოქვეყნება დაუშვებელია.
მაშინ მოზარდის დედამ ლალი ბერინაშვილმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, რომ მადლობელი იყო პიროვნების, რომელმაც მის შვილს თანხა აჩუქა, თუმცა აკრიტიკებდა მას იმის გამო, რომ ვიდეო საჯაროდ გამოაქვეყნა. ქალი, რომელიც ბავშვს ფულს აძლევს, ზიზი ჭელიძეა. გუშინ ის მოზარდის ოჯახში იმყოფებოდა და მის დედასაც გაესაუბრა.
ამის შესახებ ბიჭის დედა სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ზიზი ჭელიძემ ვიდეოს გამო მოუბოდიშა:
"მოკლედ, აპრილში გადაღებული ქალბატონი ზიზის და გიორგის ვიდეოს შესახებ, ვიდეოს გავრცელების შემდეგ ჩემს რეაქციაზე და ქალბატონი ზიზის და მისი მეუღლის ჩვენთან სტუმრობაზე. გიორგის ვინც იცნობს, იცის, როგორი ცელქიც არის, ამავდროულად ყოჩაღი, მიზანდასახული და მშრომელი, არა იმიტომ, რომ ჩემი შვილია, უბრალოდ ასეა. წავიდა და ყვავილები გაყიდა, პატიოსანი შრომით ფულის შეგროვებას ცდილობდა, მის საბედნიეროდ კი იმ მომენტში ქალბატონი ზიზისნაირი ადამიანი გამოჩნდა და როგორც ვიდეოში ნახეთ, ასე გაახარა ჩემი შვილი.
ვიდეო ისე გავრცელდა სოციალურ ქსელში, მთელმა საქართველომ თუ არა, ნახევარმა მაინც იცის უკვე ამ სიკეთის და გიორგის ემოციების შესახებ. ვაღიარებ, როგორც დედა ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ გავბრაზდი, ასე გასაჯაროვება რა საჭირო იყო მეთქი, ალბათ საზოგადოების რეაქცია მაშინებდა, ხალხი რას იფიქრებს, შვილი გაუშვა და ყვავილებს აყიდინებსო. ამ ვიდეომ ბევრი პოზიტიური და ბევრიც ნეგატიური კომენტარი დაიმსახურა.
რა თქმა უნდა, ნეგატიურმა პოზიტიური მხარე ამ სიკეთეს ვერ და არ დაუკარგა. უშუალოდ ქალბატონ ზიზიზე, არც კი ვიცი, რა სიტყვები ეკუთვნის, რომ ვთქვა, ან ის გრძნობები იმ სიტყვებით გადმოვცე, რა სიტყვებითაც ეს ამბავი იმსახურებს მოყოლას. ეს უზუმოდ კეთილი, თბილი, მოსიყვარულე ქალბატონი სახლში მესტუმრა, კიდევ ერთხელ გაახარა ჩემი შვილი და ამ ვიდეოსთვის მომიბოდიშა, თუმცა მას რა აქვს საბოდიშო, პირიქით, ბოდიში მე მეთქმის, რომ რეაქცია სათანადო ვერ გამოვხატე. შეიძლება გჯეროდეს ამ ქვეყანაზე კარგი ადამიანების არსებობის, ქალბატონი ზიზი კი ცოცხალი მაგალითია, სიკეთის და სიყვარულის განსახიერება. არ ვიცი, ადამიანმა ამდენი გაიმეტო სხვისთვის…
ღმერთი ასმაგად და ათი ათასად დაუბრუნებს და დაუფასებს ქალბატონს ამ სიკეთეს. კი უნდა გადაეღო ეს ვიდეო, სხვა შემთხვევაში დღეს არ გვეცოდინებოდა არც მე და არც თქვენ, რომ მისნაირი ხელგაშლილი ადამიანები საზოგადოებაში შემორჩნენ! არ ვიცი, რით დავიმსახურეთ მისგან ასეთი სიკეთე, მაგრამ ფაქტია უანგაროდ აკეთებს. ღმერთმა სიკეთე, ბედნიერება და სილაღე არ მოაკლოს თქვენს ოჯახს, ქალბატონო" - წერს ლალი ბერინაშვილი.