უკრაინელების უნიკალური სპეცოპერაცია და "შუაზე გაწყვეტილი" რუსეთი - დივერსია 5 ათასი კილომეტრის სიღრმეში - კვირის პალიტრა

უკრაინელების უნიკალური სპეცოპერაცია და "შუაზე გაწყვეტილი" რუსეთი - დივერსია 5 ათასი კილომეტრის სიღრმეში

უკრაინის არმიის კონტრშეტევების წარუმატებლობის ფონზე, უკრაინული სპეცსამსახურები წერტილოვან, მაგრამ ძალზე მტკივნეულ დარტყმებს აყენებენ აგრესორ რუსეთს, მისსავე ტერიტორიაზე, თანაც - ღრმა ზურგში...

რუსეთის ყველაზე გრძელი - 15 343 მ სიგრძის სევერომუისკის სარკინიგზო გვირაბი ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე მდებარეობს, ბურიატიის რესპუბლიკაში და ის უკრაინის ფრონტიდან არანაკლებ 5 ათასი კმ-ითაა დაშორებული, მაგრამ ეს არ გამხდარა პრობლემა იმისთვის, რომ უკრაინელებს ამ გვირაბში მასშტაბური აფეთქება მოეწყოთ...

რა თქმა უნდა, უკრაინის არმიას არ აქვს შეიარაღებაში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, რომ 5 ათას კმ-მდე მისწვდენოდნენ რუსეთის ამ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, მაგრამ უკრაინელმა დივერსანტებმა მოახერხეს იმ სარკინიგზო შემადგენლობის დანაღმვა, რომელსაც რუსეთისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი გვირაბი უნდა გაევლო...

თავად რუსეთის ოფიციალური წყაროები იხტიბარს არ იტეხენ და არ აღიარებენ ამ გვირაბში აფეთქებას, თუმცა აცხადებენ, რომ გვირაბში დიდი ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია, რაც არ ესადაგება სატვირთო მატარებლის მემანქანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ხანძრის გაჩენას წინ აფეთქების ხმა უძღოდა...

foto-1701424082.jpg
სევერომუისკის სარკინიგზო გვირაბი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს წარმოადგენს, რუსეთის დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილების დასაკავშირებლად...

თავად უკრაინული მასმედია, უკრაინის უშიშროების სამსახურის ინკოგნიტო წარმომადგენლებზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ უკრაინელმა დივერსანტებმა ოთხი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟეს სარკინიგზო შემადგენლობის ცისტერნა-ვაგონებზე, რომლებსაც საწვავი გადაჰქონდათ...

აფეთქებების შედეგად დაიწვა ამ გვირაბის არანაკლებ 200 მ სიგრძის მონაკვეთი, რომლის აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს რუსეთის სარკინიგზო მიმოსვლას აღმოსავლეთიდან (ვლადივოსტოკიდან) დასავლეთით (მოსკოვისკენ), თუმცა ბოლომდე არ გაწყვეტს, რადგან ამ მონაკვეთზე არსებობს შემოვლითი, ძალიან რთული სარკინიგზო მონაკვეთიც, რომელიც მანამდეც ფუნქციონირებდა, ვიდრე სევერომუისკის სარკინიგზო გვირაბს გაჭრიდნენ... 26 წლის განმავლობაში...

სევერომუისკის სარკინიგზო გვირაბის ისტორია იმდენად საინტერესოა, რომ ამ ბლოგის ერთგულ მკითხველს მინდა, გავაცნო...

მეფის რუსეთის პერიოდიდან მოყოლებული, რუსეთის სტრატეგიული პრობლემა გახლდათ დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილების სარკინიგზო დაკავშირება, რაც 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომშიც კარგად გამოჩნდა, რადგან რუსეთის წაგებით დამთავრდა.

სტალინიც კარგად ხვდებოდა ამ პრობლემას და მისი მმართველობის პერიოდში, ჯერ კიდევ 1932 წელს, დაიწყო ბაიკალ-ამურის სარკინიგზო მაგისტრალის შენება „გულაგის“ პატიმრების ხელით, მაგრამ ათი წლის შემდეგ, 1942 წელს, როდესაც გერმანიასთან ომში საბჭოთა კავშირი წაგების პირას იდგა, სტალინმა ბაიკალ-ამურის დაწყებულ მაგისტრალზე უკვე დაგებული სარკინიგზო ლიანდაგების რელსები ააყრევინა და ტანკების კორპუსების დასამზადებლად გადაადნობინა...

4 324 კმ სიგრძის ბაიკალ-ამურის სარკინიგზო მაგისტრალი საბოლოოდ მხოლოდ 1989 წელს ამოქმედდა, თუმცა მის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენდა სევერომუისკის ქედი, რომელზე გადასავლელადაც ძალიან რთული პროფილის, 24,6 კმ სიგრძის სარკინიგზო ლიანდაგი გაიყვანეს - ზოგ მონაკვეთზე 40%-იანი აღმართიც (ანუ ერთ კმ-ის მანძილზე 40 მეტრით მაღლდებოდა გზა) იყო გასავლელი, რისი გადალახვაც თბომავლებს მხოლოდ რამდენიმე სატვირთო ვაგონით თუ შეეძლოთ...

სამგზავრო მატარებლების მოძრაობა ამ გადასასვლელზე საერთოდ აკრძალული გახლდათ - მგზავრები მატარებელს მიჰყავდა ამ ქედის დასავლეთ ფერდობამდე, რის შემდეგაც მათ ავტობუსებში გადასვამდნენ, სამანქანო გზის სერპანტინების გავლით გადაიყვანდნენ ქედის აღმოსავლეთ ფერდობთან და ისევ მატარებლის ვაგონებში განათავსებდნენ, აღმოსავლეთით გზის გასაგრძელელად...

1989 წელს სევერომუისკის ქედის გადასალახავად ახალი 64 კმ-იანი შემოვლითი სარკინიგზო ხაზი გაიყვანეს, რომელზეც შესაძლებელი გახდა სამგზავრო მატარებლების მოძრაობა, მაგრამ მხოლოდ 20 კმ/სთ სიჩქარით და, ამასთან, მატარებელს უკნიდან კიდევ ერთი-ორი თბომავალი აწვებოდა... და თანაც ეს გზა გადიოდა ზვავსაშიშ ადგილებში...

საჭირო იყო სევერომუისკის ქედის ქვეშ გვირაბის გაჭრა, რაც ძალზე შეამოკლებდა გზას და, ამასთან, მას ზვავებისგან უხიფათოს გახდიდა.

2-gvirabi-1701424178.jpg
სევერომუისკის სარკინიგზო გვირაბში უკრაინელი დივერსანტების მიერ ცისტერნა-ვაგონების აფეთქებამ გვირაბის არანაკლებ 200-მეტრიანი მონაკვეთი გამოწვა...

1977 წელს, ჯერ კიდევ ბრეჟნევის მმართველობის დროს, დაიწყო სევერომუისკის სარკინიგზო გვირაბის გაჭრა, რაც მხოლოდ... 2003 წელს, პუტინის პრეზიდენტობის დროს დამთავრდა - 26 წლის განმავლობაში ამ გვირაბის მშენებლობის დროს ორი დიდი ავარია მოხდა, რომლებმაც, საერთო ჯამში, 57 მშენებელი შეიწირა.

მას შემდეგ სევერომუისკის სარკინიგზო გვირაბი მონაცვლეობის პრინციპით მოქმედებს, რადგან მასში მხოლოდ ერთი ლიანდაგია გაყვანილი.

თუმცა ამ გვირაბში გასვლა სამგზავრო მატარებლების მგზავრებისთვის მაინც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან მათ გვირაბის 15 კმ-ის გადალახვით შეიძლება... რადიოაქტიური დასხივებაც კი მიიღონ...

საქმე ის არის, რომ გვირაბის გათხრისას მშენებლებს მოუწიათ იმ მიწისქვეშა ქანების გადალახვა, რომლებიც საშიში კონცენტრაციით (3 000 ბეკერელი კუბურ მეტრში) შეიცავენ რადიოაქტიურ აირს - რადონს, მაშინ, როდესაც რადიაციული უსაფრთხოების პარამეტრებით, ადამიანისთვის დასაშვები კონცეტრაცია მხოლოდ 1 240 ბეკერელი კუბურ მეტრშია...

ამის გარდა, ზამთარში ციმბირული სასტიკი ყინვები ამ გვირაბის შიგნითაც „აღწევს“ და გვირაბის თაღიდან სტალაქტიტები „ჩამოეშვება“, რომელთა ჩამოგდებისთვის რკინიგზელები სპეციალურ დრეზინას იყენებენ.

რუსეთის სევერომუისკის სარკინიგზო გვირაბი იმით გამოირჩევა სხვა ქვეყნებში მდებარე ასეთივე გვირაბებისგან, რომ მას ორივე ბოლოში...მასიური რკინის კარები აქვს დატანებული, რომლებიც მხოლოდ სარკინიგზო შემადგენლობის გავლის დროს იხსნება, სხვა პერიოდში კი სულ დაკეტილია, რათა უფრო ეფექტიანად იმუშაოს გვირაბის გათბობისა (წარმოიდგინეთ, ზამთარში ამ 15 კმ-იანი გვირაბის გათბობაც კი უწევთ შიგნიდან) და ვენტილაციის სისტემამ, ამასთან - გვირაბიდან „განდევნონ"“ რადონის რადიოაქტიური აირი...

უკრაინელი დივერსანტების მიერ სევერომუისკის სარკინიგზო გვირაბის აფეთქების შედეგების „გამოსწორებამდე“, რუსი რკინიგზელები შემოვლითი გზით ისარგებლებენ, რომლის გამტარობა ძალზე შეზღუდულია და ეს, გარკვეულწილად, პრობლემებს გაუჩენს იმ რუსეთის საოკუპაციო ძალებს, რომელთა მომარაგება სამხედრო ტექნიკითა და საბრძოლო მასალებით შორეული აღმოსავლეთიდან ხდება, რადგან შეიარაღების საწყობები ქვეყნის დასავლეთ ნაწილში რუსმა სამხედროებმა უკრაინასთან 21-თვიანი ომის შედეგად თითქმის გამოაცარიელეს.

ამასთან, ამ გვირაბის დროებით მწყობრიდან გამოყვანამ უნდა შეაფერხოს ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის გადაცემული საარტილერიო ჭურვებისა და უმართავი რაკეტების აღმოსავლეთიდან უკრაინის ფრონტისკენ გადაზიდვის პროცესიც...

3-gvirabi-1701422539.png
რუკაზე წითლად აღნიშნულია ტრანსციმბირული მაგისტრალი, ხოლო მწვანედ კი ბაიკალ-ამურის სარკინიგზო ხაზი

P.S. ბაიკალ-ამურის სარკინიგზო ხაზის ამოქმედებამდე ჯერ მეფის რუსეთი და შემდეგ - საბჭოთა კავშირიც იყენებდა 1891-1916 წლებში აშენებულ ტრანსციმბირის სარკინიგზო მაგისტრალს, რომელიც 8,3 ათასი კმ-ის სიგრძისაა და ვლადივოსტოკს ჩელიაბინსკთან აკავშირებს.

მის პარალელურად, ბაიკალ-ამურის სარკინიგზო ხაზის აგება კი არა მარტო იმიტომ გახდა საჭირო, რომ ის უფრო მოკლე გზით აკავშირებს რუსეთის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს, არამედ იმიტომაც, რომ ტრანსციმბირის სარკინიგზო მაგისტრალი ჩიტა-ხაბაროვსკის მონაკვეთში ძალზე ახლოს გადის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩრდილოეთ საზღვართან.

1960-1970-იან წლებში მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობა იმ დონემდეც კი დაიძაბა, რომ სასაზღვრო მდინარე უსურზე მდებარე სადავო კუნძულ დამანსკისთვის 1969 წელს შეიარაღებული შეტაკებები მოხდა საბჭოთა და ჩინეთის ჯერ სასაზღვრო, შემდეგ კი - საარმიო დანაყოფებს შორის (საბჭოთა არმიამ მაშინ პირველად გამოიყენა „გრადის“ ცეცხლგამჩენი რაკეტები, რაც შემდეგ ჭორის სახით გავრცელდა, როგორც „საბჭოთა ლაზერული იარაღის“ საბრძოლო „ნათლობა“...).

კრემლში, შეიძლება არცთუ უსაფუძვლოდ, შიშობდნენ, რომ საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემთხვევაში, ჩინეთის რამდენიმემილიონიანი არმია დიდი დანაკლისით, მაგრამ მაინც მოახერხებდა ჩინეთის საზღვრის სიახლოვეს გამავალი ტრანსციმბირული სარკინიგზო მაგისტრალის ბლოკირებას, რითაც საბჭოთა კავშირის შორეული აღმოსავლეთი ბლოკირებული აღმოჩნდებოდა...

ამიტომაც 1974 წლიდან დაჩქარებული ტემპებით დაიწყო ბაიკალ-ამურის პარალელური სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანა, რომელიც ტრანსციმბირული მაგისტრალიდან საკმაოდ ჩრდილოეთითაა და, შესაბამისად, შორს იმყოფება ჩინეთის საზღვრიდან...