სიკვდილი დაბადების დღეზე - უკრაინული ოჯახის ტრაგედია, რომლის 9 წევრი რუსებმა დღესასწაულზე მოკლეს - კვირის პალიტრა

სიკვდილი დაბადების დღეზე - უკრაინული ოჯახის ტრაგედია, რომლის 9 წევრი რუსებმა დღესასწაულზე მოკლეს

უკრაინაში, ოკუპირებული დონეცკის ქალაქ ვოლნოვახში 2023 წლის 28 ოქტომბერს მოსახლეობა საზარელმა ამბავმა შეძრა. რუსებმა 51 წლის ტატიანა და 53 წლის ედუარდ კაპკანეცები ვაჟებთან ერთად, 31 წლის ანდრეისთან და 25 წლის ალეკსანდრთან, რძლებთან ნატალიასთან და ეკატერინასთან, შვილიშვილებთან ანასტასიასთან და ნიკიტასთან, ასევე ეკატერინას ძმასთან დმიტრისთან ერთად მოკლეს. ოჯახის ყველა წევრი სწორედ იმ დღეს დახოცეს როცა ისინი ტატიანას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ამ ტრაგედიის შესახებ მედიას კაპკანეცების ნათესავები და მეზობლები უყვებიან.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები, რომ ოჯახის წევრებმა გამოღვიძებაც კი ვერ მოასწრეს. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს საზარელი სურათი დახვდათ. კაპკანეცების ოჯახის წევრები სხვადასხვა ოთახში იყვნენ, მათ სავარაუდოდ, ეძინათ და სახლში შეჭრილმა თავდამსხმელებმა ჩაცხრილეს. მოკლულია ორი მცირეწლოვანი ბავშვიც.

ამ მასობრივი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს, შორეული აღმოსავლეთიდან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი 21 წლის ანტონ ს. და 28 წლის სტანისლავ რ. გამოცემა "ცარჰრადის" წყაროს ცნობით, მათ აღიარეს დანაშაული და კონფლიქტის მიზეზად პოლიტიკური უთანხმოება დაასახელეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დღეს რუსი სამხედროები ორჯერ მივიდნენ ედუარდთან სახლში, პირველად შუადღეს. ნასვამმა რუსმა სამხედროებმა ედუარდს ალკოჰოლი და ვალის დაბრუნება მოსთხოვეს, ერთ-ერთმა კი ავტომატიდანაც გაისროლა. მეორედ ისინი საღამოს მივიდნენ, მოჩხუბრები სახლთან ახლოს შემთხვევით მყოფმა სხვა სამხედროებმა გააშველეს...

გამოცემა "ГОРДОН"-ი ამ ოჯახის წევრებზე წერს. მათთვის მასალა ხსოვნის პლატფორმა „მემორიალმა“ მოამზადა. ისინი რუსების მიერ მოკლული უკრაინელი მოქალაქეებისა და სამხედროების შესახებ ინფორმაციებს აგროვებენ და აქვეყნებენ.

რუსულმა არმიამ ვოლნოვახის ოკუპირება 2022 წლის მარტში მოახერხა. ამის შემდეგ ქალაქიდან ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი წავიდა. 2022 წლის მარტში კაპკანეცების ოჯახმაც გადაწყვიტა ქალაქის დატოვება და ისინი პოლონეთში წავიდნენ, თუმცა აპრილში მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდნენ. როგორც ნათესავები იხსენებენ, პოლონეთიდან დაბრუნებული კაპკანეცები ამბობდნენ, რომ სახლში დაელოდებოდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

„სრულმასშტაბიანი ომის წამოწყებამდე, მათ უბრალო უკრაინული ოჯახი ჰქონდათ. ჰქონდათ მიწა, რომელსაც ამუშავებდნენ, მოსავალი შემდეგ ბაზარში მიჰქონდათ და ჰყიდდნენ, უვლიდნენ შინაურ ცხოველებს. ტკბებოდნენ იმით, რაც ჰქონდათ“ , - ამბობს სერგეი მაგილევსკი, ოჯახის ნათესავი.

“სახლი გააფართოვეს, რემონტი გააკეთეს, ყველასთვის რომ ყოფილიყო საკმარისი ადგილი. ისინი ხომ მუდამ ერთად იყვნენ, დღესასწაულებზე იკრიბებოდნენ. მათ შორის არასდროს მომხდარა კამათი და კონფლიქტი. ძმები კი ერთმანეთს მთასავით ედგნენ. მათ ყველა იცნობდა, როგორც მეგობრულ და სტუმართმოყვარე ოჯახს“, - ამბობს ნათესავი.

c036701a-98733370058d96b215f4cef9526c526a-1701436099.jpg

2023 წლის 27 ოქტომბერს, მშობლების ოჯახში ყველანი კიდევ ერთხელ სადღესასწაულო სუფრასთან შეიკრიბნენ. ისინი ტატიანა კაპკანეცის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ღამით, როცა სტუმრებიც წავიდნენ და ოჯახმა დაძნება გადაწყვიტა, მათთან რუსი სამხედროები მივიდნენ. რუსმა ჯარისკაცებმა ოჯახის 9 წევრი მოკლეს...

რა გახდა ამ საზარელი ტრაგედიის მიზეზი დაზუსტებით არავინ იცის. ოჯახის ნათესავი ფიქრობს, რომ შესაძლოა რუს სამხედროებსა და ოჯახის უფროსს, ედუარდს შორის კონფლიქტი მოხდა. ისინი ედუარდს ალკოჰოლს სთხოვდნენ, თუმცა კაპკანეცმა უარით გაისტუმრა. ადგილობრივ მოსახლეობაში ჭორიც გავრცელდა, რომ რუს ჯარისკაცებს მისთვის სახლის წართმევაც სურდათ.

„ისინი არ ცხოვრობდნენ მდიდრულად, თან როცა პოლონეთიდან ჩამოვიდნენ, სახლი გაქურდული დახვდათ. ჩემი აზრით, კონფლიქტი სახლის გამო არ მომხდარა, რადგან აქ უამრავი მიტოვებული სახლი და მანქანაა... ვფიქრობ, ალკოჰოლის გამო იკამათეს. ამ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე დაუნახავთ, რომ ბიძია ედიკი რუს სამხედროებთან შეკამათდა. დეიდა ტატიანა კი ამ ამბის შემდეგ სულ ჩაფიქრებული დადიოდა, ასეთ მდგომარეობაში ის აქამდე არავის ენახა“, - ამბობს ოჯახის ახლობელი.

screenshot-2023-12-01-170356-1701436119.png

როგორც ოჯახის ნათესავი ამბობს, არ აქვთ იმედი, რომ დამნაშავეებს იპოვიან და დასჯიან იქამდე, ვიდრე ოკუპირებულ ტერიტორიას უკრაინა ისევ არ დაიბრუნებს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საქმის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა.