ქართულმა „მიმინოებმაც“ ფრთები „გაშალეს“ და დაბომბეს... - კვირის პალიტრა

ქართულმა „მიმინოებმაც“ ფრთები „გაშალეს“ და დაბომბეს...

ორიოდე დღის წინ თბილისამდე აფეთქებების ხმამ მოაღწია, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს დედაქალაქის სიახლოვეს არცთუ მცირე სიმძლავრის აფეთქებები მოხდა...

სიცხადე ამაში თავდაცვის სამინისტროს მიერ მალევე გავრცელებულმა ოფიციალურმა ინფორმაციამ შეიტანა:

„საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზების შემდეგ, სამხედრო ავიაციის საჩვენებელი სწავლება საბრძოლო სროლებით პირველად ჩატარდა. ვაზიანის პოლიგონზე სამხედრო წვრთნაში მონაწილეობას თბილავიამშენის მიერ გარემონტებული სუ-25-ის, მი-24-ის ტიპისა და „მიმინოს“ ტიპის საფრენი აპარატები იღებდნენ. საავიაციო წვრთნაში მონაწილე ჯგუფების მთავარ მიზანს მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონის განადგურება წარმოადგენდა. საავიაციო სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მოდერნიზაცია უკვე ჩაუტარდა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვან ნაწილს და აღნიშნული პროცესი დღესაც აქტიურად გრძელდება. სსსტც „დელტასა“ და სს „თამ“ თბილავიამშენის ერთობლივი ძალისხმევით, ქართველი სპეციალისტების მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად, უკვე გაიმართა 7 ერთეული სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი, 5 ერთეული მი-24. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 3 ერთეული L-39 ტიპის სასწავლო-საბრძოლო საფრენი აპარატებისა და 2 ერთეული მი-8 მტვ რემონტზე.

საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზაცია ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. პარალელურად, მფრინავები და ტექნიკური პერსონალი კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისად გადამზადებას გადიან.“ - აცხადებდა ქვეყნის მთავარი უწყება და ამ განცხადებას საჩვენებელი საავიაციო სწავლების ამსახველ ვიდეოკადრებს ურთავდა თან.

ვიდეოკადრებში მოჩანს Mi-24P ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენებისა და Su-25KM „მიმინო“-ს ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების წინასაფრენო მოსამზადებელი სამუშაოები მარნეულის საჰაერო ბაზაზე.

Mi-24P „მფრინავი ნიანგის“ ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენების პილონებზე ჩამოკიდებულ უნივერსალური სარაკეტო ბლოკებში ათავსებენ C-8 ტიპის უმართავ საავიაციო რაკეტებს, ხოლო „მიმინოს“ მოირიშე თვითმფრინავების პილონებზე კი კიდებენ 500 კგ კალიბრის უმართავ საავიაციო ბომბებს...

მარნეულის სამხედრო აეროდრომიდან ვაზიანის პოლიგონამდე პირდაპირი ხაზით 32 კმ-ია, თუმცა ქართულმა „მფრინავმა ნიანგებმა“ და „მიმინოებმა“ შემოვლითი მარშრუტით განახორციელეს საჰაერო შეტევები ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე, წარმოსახვითი მოწინააღმდეგის გასანადგურებლად...

„მფრინავმა ნიანგებმა“ საჰაერო დარტყმები პოლიგონზე დაბალი სიმაღლეზე ფრენისას განახორციელეს, როგორც 80 მმ კალიბრის უმართავი რაკეტებით, ისე 30 მმ-იანი ავტომატური ქვემეხიდან ჭურვების ზალპით, პარალელურად სითბურ „ხაფანგებსაც“ უშვებდნენ წარმოსახვითი საზენიტო „იგლების“ მოსაგერიებლადაც...

2-s-1701515363.png
ქართული Mi-24P „მფრინავი ნიანგი“ ვაზიანის პოლიგონზე საჰაერო დარტყმას 80 მმ კალიბრის C-8 ტიპის უმართავი საავიაციო რაკეტების ზალპით აყენებს და თანაც სითბურ „ხაფანგებს“ უშვებს წარმოსახვითი საზენიტო რაკეტის მოსაგერიებლად...

„მიმინოებმა“ 500 კგ-იანი მსხვრევად-ფუგასური საავიაციო ბომბები ჩამოყარეს, რომლებსაც პატარა პარაშუტები გაეხსნათ და ისე მოხვდნენ მიზანს ( პარაშუტებით დაშვება გამოიყენება საერიშო დანიშნულების საავიაციო ბომბებში, რათა დაბალ სიმაღლეზე მათ ჩამოგდების შემდეგ, ისინი შედარებით ნაკლები სიჩქარით ეშვებიან მიწისკენ და თვითმფრინავი ასწრებს გასცდეს უსაფრთხო ზონას, რათა თავისივე ჩამოგდებული ბომბს ნამსხვრევები არ „დაეწიოს“).

სწორედ ამ 500 კგ კალიბრის საავიაციო ბომბების აფეთქებების ხმის ექომ მოაღწია დედაქალაქამდე, თუმცა ვაზიანის პოლიგონზე აფეთქებული ეს ბომბები, რა თქმა უნდა ,საფრთხეს არ წარმოდგენდნენ, რადგან მათი ნამსხვრევების გატყორცნის მაქსიმალური სიშორე 200 მ-იც არ არის.

რატომ ავირჩიე დღევანდელი ბლოგის თემად ვაზიანში ჩატარებული საჩვენებელი საავიაციო სწავლება?

იმიტომ, რომ თვეებია მხოლოდ იმას ვუყურებთ თუ როგორ ბომბავს რუსული ავიაცია უკრაინას ან ისრაელის ღაზას სექტორს, თუმცა საავიაციო დარტყმების განხორციელება, შეიძლება ბევრად უფრო მოკრძალებულ მასშტაბებში, საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ავიაციას - „მფრინავ ნიანგებსა“ და „მიმინოებსაც“ ძალუძთ, მითუმეტეს მას შემდეგ, როდესაც ისინი ჩამოწერასა და ჯართში ჩაბარებას გადავარჩინეთ, ხოლო „თბილავიამშენმა“ მათი რემონტი და საფრენოსნო მდგომარეობაში დაბრუნება განახორციელა...

და კიდევ ერთი - ქართველ სამხედრო მფრინავებს დიდი ხანია არც უმართავი რაკეტები ჰქონდათ გაშვებული და არც საავიაციო ბომბები ჩამოყრილი, მათაც გული იჯერეს და კარგადაც წაივარჯიშეს...

ვიდეო: ქართული დამრტყმელი შვეულმფრენებისა და მოიერიშე თვითმფრინავების მიერ საავიაციო შეიარაღების საბრძოლო გამოყენება ვაზიანის პოლიგონზე