"სამსახური არაერთხელ დამიტოვებია იმის გამო, რომ უფროსს ჩემ მიმართ გრძნობები გასჩენია" - კვირის პალიტრა

"სამსახური არაერთხელ დამიტოვებია იმის გამო, რომ უფროსს ჩემ მიმართ გრძნობები გასჩენია"

საქმიანი და გულახდილი ინტერვიუ თამთა კვარაცხელიასთან

თამთა კვარაცხელიას ტელემაყურებელი კარგად იცნობს. ტელეწამყვანობის გარდა, ის საკუთარ ბიზნესს მართავს. მშვენიერ ახალგაზრდა ქალს არცთუ ისე მარტივი გზა გაუვლია: უსამსახუროდაც დარჩენილა გავლენიანი ადამიანების უპასუხისმგებლო და უკანონო ქმედებების გამო... ამის შესახებ თამთა თავად გვიამბობს და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე, დასაქმების თუ საკუთარი საქმის წამოწყების მოსურნეებს რჩევებსაც აძლევს...

- ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ფული უმნიშვნელო იყო. მშობლებმა იმ პრინციპით გამზარდეს, რომ ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა სიკეთეს, ურთიერთობებს, ოჯახს, მეგობრობას და ჯანმრთელობას აქვს. როგორი სამწუხაროც უნდა იყოს, ფული ჯანმრთელობის მდგომარეობის განმსაზღვრელიც არის. სწორედ ამ მიზეზით, როცა მამაჩემის ჯანმრთელობის პრობლემების გამო, 2 წლის წინ, ოჯახში სოლიდური თანხების აუცილებლობის საკითხი დადგა, ფულის საჭიროება გავაცნობიერე და მის გამომუშავებაზე დავიწყე ფიქრი. რეალურად, აღმოჩნდა, რომ ფულს უზარმაზარი შესაძლებლობა აქვს. ის ძალაუფლების წყაროა, თუნდაც იმიტომ, რომ ფულით შეგიძლია უამრავი რამ შეიძინო, ადამიანები გაახარო, სიცოცხლე გაიხანგრძლივო და სიკეთეც აკეთო.

- როდის გაგიჩნდა მოთხოვნილება, რომ საკუთარი შემოსავალი გქონოდა?

- მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შეძლებულ ოჯახში ვიზრდებოდი და მშობლები არაფერს მაკლებდნენ, სკოლაში სწავლის დასრულების პერიოდში, ჩვენს ოჯახს მატერიალურად გაუჭირდა. "ვარდების რევოლუციამდე", 30 წლის განმავლობაში, მამაჩემი "გაის" უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა, მამა პენსიაზე გავიდა და ჩვენი ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა. 17-18 წელი ისეთი ასაკია, როცა ყველაფერი გაინტერესებს, გინდა და როცა რაღაც არ გაქვს, გული გწყდება. მახსოვს, ამ მიზეზით, როგორც კი სრულწლოვანი გავხდი, მუშაობა დავიწყე.

- თუ შეგიძლია, პირველი გასამრჯელო გაიხსენე: რა თანხას შეადგენდა და რა სამსახურისთვის გადაგიხადეს?

- ტელევიზიაში კასტინგზე მისვლამდე, პოლიტიკა მაინტერესებდა, განსაკუთრებით - საარჩევნო პროცესი. ჩემი პირველი გამოცდილება და მცდელობაც ამ თემას უკავშირდება: თუ კარგად მახსოვს, "ქრისტიან-დემოკრატები" ერქვა პარტიას, რომელიც მაშინ მესიმპათიურებოდა. მისამართი მოვიძიე, მათთან ოფისში მივედი და არჩევნებზე დამკვირვებლად დავრეგისტრირდი. 24 საათის განმავლობაში არჩევნების დაკვირვებამ დიღმის რომელიღაც ოლქში მომიწია. საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა არ მომეწონა. უსიამოვნო ფაქტებს ვაპროტესტებდი. მახსოვს, საჩივრებიც დავწერე... ცუდად მახსენდება ის დღე, გამიცრუვდა იმედი და დამეგლიჯა ნერვები. მაშინ გადავწყვიტე, რომ მსგავსი გარემო და საქმიანობა ჩემი არ იყო... ამ ერთჯერადი დასაქმებისთვის 30 ლარი გადამიხადეს, რომელიც ჩემი პირველი გასამრჯელო იყო. რა თქმა უნდა, თანხა სილამაზის სალონში გამოვიყენე.

- პროფესია რის მიხედვით აირჩიე?

- პროფესიის არჩევა ცალკე თავგადასავალი იყო: ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩუმად ვემზადებოდი, რადგან მსახიობობა მინდოდა. მშობლებისთვის ჩემი არჩევანი გაუგებარი და მიუღებელი იყო, რაც ძალიან მწყინდა - ჩემი არ ესმოდათ. მათთან შეწინააღმდეგებას ვერ ვბედავდი. მსახიობებს დღემდე დაბალი ანაზღაურება აქვთ და ეს მშობლების წინააღმდეგობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. მოგვიანებით ვითხოვე, - იქნებ უფლება მოეცათ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მაინც ჩამებარებინა, მაგრამ სულ ტყუილად: ქუჩაში წანწალით ფულს ვერ იშოვი, ეგ რა ქალის საქმეაო?.. გადაწყვეტილი ჰქონდათ, იურიდიულ ფაკულტეტზე მესწავლა, რაც სტაბილურ შემოსავალს მომიტანდა. მამა ნატრობდა, ჩემგან პროკურორი დამდგარიყო. ჩვენს ოჯახსა და სანათესაvოში ყველა პოლიციაში და სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდა. ამიტომ ლოგიკური იყო, მათ პროფესიებს "გავყოლოდი". მართალია, გული მეკუმშებოდა, ისე არ მხიბლავდა მათი წარმოდგენილი ჩემი მომავალი, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა, შევწინააღმდეგებოდი. საბოლოოდ, პროფესია მათ შემირჩიეს. ვისწავლე, იურიდიული ფაკულტეტი იძულებით დავამთავრე, მაგრამ მას შემდეგ პროტესტის შეგრძნება ისე გამიმძაფრდა, რომ პროფესიით არც ერთი დღე არ მიმუშავია. დღესაც ვფიქრობ, რომ ყველა პროფესია შემოსავლიანია, თუკი შენი საქმე გიყვარს, ფულს ყველა სფეროში იშოვი, ყველაფერი იყიდება. მთავარი შემოსავლიანი პროფესიის არჩევა არაა, არამედ - ის, თუ როგორ გამოიყენებ პროფესიას ისე, რომ შემოსავლიანი გახადო, რაც ცალკე ნიჭია. ასე რომ, მინდა მშობლებს ვთხოვო, შვილებს საოცნებო პროფესიების შესწავლა არ დაუშალონ.

- შენი პირველი ოფიციალური სამსახური რა იყო? როგორ დაიწყე მუშაობა?

- პირველად ტელევიზიაში "მაესტროზე", რეალითი შოუში მოვხვდი, ჩემი პირველი ოფიციალური სამსახური კი ტელეკომპანია "პირველ სტერეოზე" იყო. მითხრეს, რომ წამყვანის ვაკანსია გამოცხადდა. კასტინგზე მივედი. სამსახურში ამიყვანა კომპოზიტორმა ნოდარ ნიკოლეიშვილმა - საბავშვო მუსიკალური გადაცემის წამყვანი გავხდი. უდიდეს პატივს ვცემ დავით ზილფიმიანს, რომელიც ჩემი პირველი უფროსი გახდა. სანამ უფროსები მყავდა, ყოველთვის მიმართლებდა - მათგან ბევრ რამეს ვსწავლობდი.

- საკუთარი ბიზნესის წამოწყების სურვილი თუ გაგჩენია?

- ბიზნესის კეთებაზე გრძელვადიანად ვერასოდეს ვფიქრობდი. მეგონა, არ გამომივიდოდა. ვერ ვხვდებოდი, რა ბიზნესი უნდა დამეწყო ან როგორ მემართა. პროცესი რთულად მეჩვენებოდა, თუმცა ინტერესი მქონდა - რაც არ ვიცი, მაინტერესებს... 2023 წლის გაზაფხულზე, რაღაც გარემო ფაქტორები ერთმანეთს ისე დაემთხვა, რომ საჭიროება დადგა, მოულოდნელად ბიზნესი დამეწყო. მორალურად მზად არ ვიყავი, უამრავი შრომა დამჭირდა... ამდენი არასოდეს მიმუშავია. თან, პასუხისმგებლობა 100%-ით მხოლოდ საკუთარ თავზე ავიღე, რაც იმას ნიშნავდა, რომ უკანდასახევი გზა არ მქონდა. მენეჯმენტში შეცდომებიც დავუშვი, მაგრამ უდიდესი გამოცდილება მივიღე. მას შემდეგ ყველაფერი გამარტივდა. ვნახე, ვინ არიან ჩემ ირგვლივ საქმის მკეთებელი და სანდო ადამიანები, ვინ - შურიანები და ბოროტები, ვის უნდა ჩემი გამოყენება და რეალურად, ვინ მიდგას მხარში. დავინახე, რომ ბევრად მეტი შემიძლია, ვიდრე წარმომედგინა. ყველა სირთულე გადავლახე... ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ჩემი ბიზნესის შედეგები ასეთი წარმატებული აღმოჩნდებოდა. იურიდიული განათლება გამომადგა. ბუღალტერიას გზადაგზა ვსწავლობ... შრომის შედეგის ტკბობით ისე მოვიხიბლე, რომ მას მერე სულ მინდა, ბიზნესი ვაკეთო. ასე ცხოვრება ბევრად კომფორტულია, მეტი თავისუფალი დრო მაქვს, შვილსაც უკეთ ვაქცევ ყურადღებას, შემოსავალიც გამეზარდა, უფრო სასიამოვნო გარემოში ვარ, დილით ძილსაც ვახერხებ, რაც ბოლო წლებში ნატვრად მქონდა ქცეული... ბიზნესლედის ამპლუაში აშკარად უკეთ ვგრძნობ თავს.

- როგორ ფიქრობ, წარმატების მიღწევაში ხასიათის რომელი თვისება გეხმარება?

- შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და თავდაჯერებულობა.

- ფინანსურ კრიზისებს როგორ უმკლავდები ხოლმე?

- ფინანსური კრიზისი ბევრჯერ მქონია, მაგრამ მაშინ ფულს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი, არც დანაზოგი მქონდა. სხვა კომპანიებისთვის ვმუშაობდი და მათზე დამოკიდებული ვიყავი... მაგალითად, ფინანსური კრიზისი მქონდა, როცა მარტო ვზრდიდი შვილს და არაერთხელ გაუუქმებიათ სამსახური, სადაც ვმუშაობდი - ისე გამოვუშვივართ, რომ ანაზღაურება და კომპენსაციაც არ გადაუხდიათ. რთულია, როცა მცირე შემოსავალი გაქვს, ფეხით დადიხარ, პატარა ასაკის ბავშვს ზრდი, რომელსაც მამაც არ ჰყავს, რომ დაეხმაროს, მაგრამ ადამიანები ასეთ ბოროტებას ისე აკეთებენ, თითქოს არაფერია... საუბარია ცნობილ ადამიანებზე, მილიონერ ბიზნესმენებზე, რომლებიც გავლენებით სარგებლობენ, ერთ ღამეში აუქმებენ კომპანიებს... ბევრ უკანონობას სჩადიოდნენ, რაც უსამართლობა იყო... სამსახური არაერთხელ დამიტოვებია იმის გამო, რომ უფროსს ჩემ მიმართ გრძნობები გასჩენია, რაც დისკომფორტს მიქმნიდა. საკუთარი ღირებულებებისთვის არასოდეს მიღალატია. წარმატების მისაღწევად, მარტივი და მიუღებელი გზა არ ამირჩევია. ბევრ კომპანიაში, სადაც მიმუშავია, კარიერას ყველაზე დაბალი პოზიციიდან ვიწყებდი და საკმაოდ წარმატებული ვტოვებდი, როცა სამუშაო სფეროს ვიცვლიდი. კერძო სექტორი არასტაბილური იყო, შემცირებები ხშირად ხდებოდა, მაგრამ ჩემი შრომისმოყვარეობის გამო, შემცირებაში არასოდეს მოვყოლივარ. როცა პანდემია დაიწყო, ბოლო ფინანსური კრიზისი მაშინ დამიდგა: ყველა ჩემი მიმდინარე პროექტი გაჩერდა, სამომავლო პროგნოზსაც ვერ ვაკეთებდი... დანაზოგით ბინა გავარემონტე, ცალკე საცხოვრებლად გადავედი და აღმოვაჩინე, რომ სამსახური არ მქონდა და არც ვიცოდი, რა დამეწყო, რადგან ყველაფერი "დაიხურა". ვიფიქრე, პანდემიის პერიოდში ადამიანები ტელევიზორის ყურებას უფრო მეტად დაიწყებდნენ და ტელევიზიები არ "დაიხურებოდა". ჩემთვის პერსპექტიული გახდა "თავშესაფარი" გარკვეული დროით. ამიტომ, 10 წლის შემდეგ, ტელევიზიაში დაბრუნება გადავწყვიტე. თავდაპირველად, სტაჟიორად დავიწყე მუშაობა, შემდეგ - ჟურნალისტად, მოგვიანებით "ჩართვებზე დამაყენეს," მერე ბლოგი "მომცეს", შემდეგ - რუბრიკა... ბოლოს, ყოველდღიური გადაცემის წამყვანი გავხდი. გამოცდილებაც დავაგროვე და შემოსავლებიც "დავასტაბილურე". ტელევიზიაში თავის დამკვიდრება მარტივი არ იყო: ბევრი პრობლემა შემხვდა თანამშრომლებთან გაცნობის, ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში. ზოგთან ვერ გამოვნახე საერთო ენა... მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა არხიდან შემოთავაზება არაერთხელ მიმიღია, უკვე 3 წელზე მეტია, "პოსტივიზე" ვმუშაობ. ტელეწამყვანის ამპლუა ძალიან მომწონს. მიყვარს ჩემი საქმე და ის ადამიანები, ვინც იქ გავიცანი, ვისაც ვენდობი, ვისთანაც ვმეგობრობ. ზოგი მათგანი ჩემთვის ძალიან ახლობელი გახდა.

- შენი შემოსავლის ძირითადი ნაწილი რაში იხარჯება?

- ძირითადად - შვილის აღზრდაში, მის განათლებაში, კვებაში, ტრანსპორტირებაში... როგორც ყველას, მეც მაქვს კომუნალური ხარჯები და ა.შ.

- გონიერი მხარჯველი ხარ?

- არა მხოლოდ კომპანიას, არამედ ჩემს პირად ხარჯებსაც ბუღალტერიას თავად ვუკეთებ. მფლანგველი არ ვარ, მაგრამ გაჭირვებული ცხოვრება არ მიყვარს, არც - ძუნწი ადამიანები. მუდმივად მინდება, როგორც შემიძლია, საკუთარ თავს, ჩემს შვილს და საყვარელ ადამიანებს ვასიამოვნო კომფორტის შექმნით, საჩუქრებით, მოგზაურობით თუ სიურპრიზებით. საზღვარგარეთ მოგზაურობასაც ვახერხებთ, უძრავ-მოძრავი ქონებისთვის - დანაზოგის გაკეთებასაც... თავის მოვლას, ჯანმრთელობას, სილამაზეს და სამოსს რაც შეეხება, ძირითადად, ამაში ფული არ მეხარჯება, რადგან კომპანიები და დიზაინერები მანებივრებენ.

- ამჟამად, შენი შემოსავლის მთავარი წყარო რა არის? კიდევ რა საქმეებს ხარ შეჭიდებული?

- ამჟამად, ჩემი შემოსავლის მთავარი წყაროა ჩემი ბიზნესი, კერძო წვეულებები და პრეზენტაციები სხვადასხვა ბრენდისთვის, ვმართავთ კონცერტებს, ვიღებ კორპორაციულ შეკვეთებს, ჟურნალ "გლამურის" მიმართულებით, პრესასა და სოციალურ მედიაში სხვადასხვა სახის პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს ვაკეთებ... თითქმის ყოველდღე უამრავი შეკვეთა შემოდის. ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ. მთავარია, დამკვეთმა დამაინტერესოს. თუ პიროვნულად არ მომწონს, შეკვეთას არ ვიღებ. ასევე, მარტივ შეკვეთებსაც არ ვიღებ, რომელსაც სხვაც გააკეთებდა... მოდური მაღაზიების და კლინიკების გახსნაც კი მოვასწარით. მუდმივად ვცდილობ, ყველა ღონისძიებას ჰქონდეს ჩემი "ხელწერა" და კრეატივი, რაც სამწუხაროდ, ამ ბიზნესში გვაკლია. კონკურენტები არ მყავს, მხოლოდ - მიმბაძველები. 5 წლის წინ, როცა "ივენთების" კეთება დავიწყე, ისევ იმ ჩემს კონცეფციაზე მუშაობენ, არანაირი სიახლე... მათთვის მარტივია, რადგან ნაცადია, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ერთი და იmaვე ხალხს ჰბეზრდება. შეიძლება, ამას ხვდებიან კიდეც, მაგრამ იდეები არ აქვთ. ამიტომ დაემსgავსა თბილისში წვეულებები ერთმანეთს, ამიტომ არ ვარ მიმბაძველობის მომხრე და ნიჭიერ ადამიანებს ვუჭერ მხარს... კიდევ, როგორც გითხარით, ვმუშაობ ტელევიზიაში, სადაც ასევე მაქვს ანაზღაურება... დანარჩენ სამსახურებს დავემშვიდობე, რადგან დღის განმავლობაში დრო აღარ მაქვს.

- ყველა საქმე, რასაც აკეთებ, სიამოვნებას განიჭებს თუ არის სამსახური, რომელსაც შემოსავლის გამო ასრულებ?

- ისეთი ეგოისტი ვარ, რომ არასოდეს მიმუშავია სამსახურში, რომელიც არ მაინტერესებდა. ალბათ, ამას ვერასოდეს მოვახერხებდი. ასეთი ხასიათი მაქვს: როცა ადამიანი არ მაინტერესებს, როგორც ar უნდა ვეცადო, მის მიმართ ემოცია არ გამოვხატო, სულ რომ არაფერი ვთქვა, სახეზე შემეტყობა, რომ არ მომწონს და ის ამას აუცილებლად იგრძნობს. ძალიან "დისტანციური" ვარ. ჩემს თავს ისე ვცემ პატივს, რომ მსგავს დისკომფორტში თავს არასოდეს ჩავიგდებ. დამიჯერეთ, გამოსავალი ყოველთვის არის.

- ყველაზე კომფორტულად თავს რომელ სამუშაო სფეროში გრძნობ?

- კამერებთან მუშაობისას, განსაკუთრებით - პირდაპირ ეთერში. ძალიან მიყვარს ჩემი პროექტების "ბექსთეიჯზე" მუშაობა, რეკლამების გადაღება, ფოტოსესიების და ვიდეოგადაღებების ორგანიზება... წვეულებები არ გამომრჩეს: ეს ჩემთვის ადამიანებთან უშუალო ურთიერთობის გამორჩეული ფორმაა.

- დასაქმების ან საკუთარი საქმის წამოწყების მოსურნე ადამიანებს რას ურჩევ?

- არ შეწყვიტონ საკუთარი თავის ძიება: ბევრი ესაუბრონ, დააკვირდნენ და როცა მას იპოვიან, გაhყვნენ საკუთარ სურვილებს, იოცნებონ, იყვნენ გაბედულები... ნუ ეშინიათ: რასაც მიზნად დაისახავენ გრძელვადიან პერსპექტივაში, ყველაფერი გამოუვათ. მორალურად მოემზადონ, რადგან ბევრი იმედგაცრუება დახვდებათ, ბევრი შრომა დასჭირდებათ. ნუ დაენანებათ დრო, ნუ დაეზარებათ რამე საკუთარი მომავლისთვის, რადგან თავდაუზოგავი შრომისa და ნებისყოფის გამომუშავების გარეშე, ვერ გახდებიან წარმატებულები, თავდაჯერებულები; გამოცდილების მიღების გარეშე, პროფესიონალებად ვერ შედგებიან. ყველანი ჩვენს ისტორიას ვწერთ და მართლა მჯერა, რომ ამ სამყაროში ყველაფერს თავისი დრო, ადგილი და ფორმა აქვს!..

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"