"ვერ მივხვდი, ამ ბიჭზე სრულიად სამყარო რატომ გიჟდება. შეგრძნება გამიჩნდა, რომ დავაგვიანე, რადგან რაღაც უკვე ძალიან უკან იყო" - კვირის პალიტრა

"ვერ მივხვდი, ამ ბიჭზე სრულიად სამყარო რატომ გიჟდება. შეგრძნება გამიჩნდა, რომ დავაგვიანე, რადგან რაღაც უკვე ძალიან უკან იყო"

ნათია კვაშალის ლიტერატურული გემოვნება

მსახიობი ნათია კვაშალი წიგნების აქტიური მკითხველი გახლავთ, თუმცა გამოგვიტყდა, რომ ეს ყოველთვის ასე არ იყო... მისი, როგორც მკითხველის საინტერესო გამოცდილების და შთაბეჭდილებების შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეტყობთ...

- ფრაგმენტებად მახსოვს, შორეულ ბავშვობაში, მე და ჩემს ძმას დედა წიგნს როგორ გვიკითხავდა და სიამოვნების შეგრძნება მეუფლებოდა. მერე, როცა წამოვიზარდე, გარკვეულ ეტაპზე ვერ ვიყავი აქტიური მკითხველი. თითქმის ყველა ბავშვის მსგავსად, წიგნის კითხვა მეც მეზარებოდა - თამაში, გართობა მერჩივნა... პირველად დამოუკიდებლად ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" წავიკითხე. აღფრთოვანების ის შეგრძნება დღემდე მახსოვს, ასევე ისიც, როგორ არანორმალურად ვტიროდი კოჯორში, აგარაკზე მყოფი, როცა ნაწარმოების კითხვა დავასრულე.

- ამ ნაწარმოების წაკითხვა რატომ გადაწყვიტეთ?

- ალბათ, დედამ ან მამამ მირჩია. სავარაუდოდ, ამას თავად არ გადავწყვეტდი... ამ წიგნის ენერგია დღემდე მომყვება.

- მისმა ეკრანიზაციამ თქვენზე როგორი შთაბეჭდილება მოახდინა? საერთოდ, ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციები თქვენთვის საინტერესოა?

- საერთოდ, რაც ჯერ წავიკითხე, მერე კი ეკრანზე ვნახე, თითქმის ყოველთვის იმედგაცრუებული დავრჩი - წიგნი უფრო მეტად შთამბეჭდავია ხოლმე, ვიდრე მისი ეკრანიზაცია, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" ფილმიც ძალიან მიყვარს. შეგვიძლია გამონაკლისად ეს მივიჩნიოთ...

- ამ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ, თქვენი და წიგნის ურთიერთობა როგორ განვითარდა?

- "გრძელვადიანად" ვკითხულობდი მაგალითად, "ბიძია თომას ქოხს"... მოკლედ, წიგნებს ვკითხულობდი, მაგრამ ამისთვის ბევრი დრო მჭირდებოდა - დიდ სიამოვნებას ვერ ვიღებდი... კარგად მახსოვს, თეატრალურ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, გავაცნობიერე: თუ მინდა, ჩემს პროფესიაში რამეს მივაღწიო, შევდგე პიროვნებად, ადამიანად და მსახიობად, აუცილებლად წიგნები უნდა ვიკითხო-მეთქი. აი, მერე უკვე წიგნების აქტიურად კითხვის ეტაპი დაიწყო. თინეიჯერობისას წიგნის კითხვა რემარკის რომანებმა შემაყვარა... შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მას შემდეგ აღარ გავჩერებულვარ: თუ კონკრეტულ პერიოდში რამეს არ ვკითხულობ, აუცილებლად თაროზე ან სასთუმალთან მიდევს წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვაპირებ.

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს განასახიერებდით სიამოვნებით სცენასა თუ კინოში?

- ასეთი ძალიან ბევრია... სანამ "თეატრის მსახიობი" მერქვა, ვოცნებობდი, ლედი მაკბეტის როლი მეთამაშა. თეატრთან ერთად, ლედი მაკბეტსაც დავემშვიდობე... როგორც მსახიობი, ახლა კამერასთან ვმუშაობ. ვერ წარმომიდგენია, რომელიმე როლი სიამოვნებით ვერ შევასრულო, მაგრამ ალბათ, გამორჩეულად საინტერესო მაინც ვოლანდის ("ოსტატი და მარგარიტა") როლი იქნებოდა. სიამოვნებით ვითამაშებდი.

- ამ როლის განსახიერება როგორ გაქვთ წარმოდგენილი? კაცად გარდაისახებოდით თუ?..

- ალბათ, უსქესო იქნებოდა, რადგან ეშმაკი არც კაცია, არც - ქალი.

- თქვენს მსოფლმხედველობაზე ძლიერი ზეგავლენა რომელმა ნაწარმოებმა მოახდინა?

- ბოლო დროს რაც წავიკითხე და მართლა წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა, "ფრანით მორბენალია". ეს ნაწარმოები 5-6 წლის წინ წავიკითხე. კითხვა დეკემბრის შუა რიცხვებში დავასრულე. ახალი წლის დღესასწაულზეც კი არ მქონია სურვილი, სადმე წავსულიყავი და დრო გამეტარებინა, რადგან წარმოვიდგინე, სადღაც, ისეთ რეალობაში მართლა ცხოვრობენ ბავშვები... ამას "წარუშლელი შთაბეჭდილება" ჰქვია, რაკი წიგნმა ჩემზე ასე ძლიერ იმოქმედა... სხვათა შორის, ბოლო დროს ბევრი დებიუტანტი მწერლის შთამბეჭდავი წიგნი წავიკითხე: მარიამ გურგენაშვილის "მარგალიტები", კოკა ქამუშაძის "ბალანდა", თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა" (რომელმაც სასიამოვნოდ გამაოცა), თემო რეხვიაშვილის "კურიერის ამბები" ("მზესუმზირასავით წასაკითხია" - ამ წიგნთან ერთად კარგი დრო გავატარე)...

- უცხოელი მწერლების ნაწარმოებებსაც ასეთი ინტერესით ეცნობით?

- რა თქმა უნდა! მგონი, წიგნს ეროვნება არ აქვს. რაც საინტერესოა, ყველაფერს ვეცნობი. თუკი ვინმე მირჩევს - ეს წაიკითხე, კარგიაო და მის გემოვნებას ვენდობი, ვკითხულობ. მაგალითად, ნინო ხარატიშვილის - "მერვე სიცოცხლე (ბრილკას)" სხვისი რჩევით წავიკითხე და დიდი სიამოვნება მივიღე... თუკი რომელიმე ნაწარმოები თვალში მხვდება ან მის გარშემო აზრთა სხვადასხვაობაა, თავადაც ვინტერესდები. არასდროს ვაქცევ ყურადღებას, მაგალითად, ესპანური ნაწარმოებია, ფრანგული თუ ქართული. ბოლო დროს მიშელ უელბეკის "პლატფორმა" წავიკითხე, ასევე მარკესის "მარტოობის 100 წელი" ხელახლა გადავიკითხე, რადგან თავის დროზე მართლა წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა და მინდოდა, ის ემოციები ხელახლა მეგრძნო. ხელახლა "ვიცხოვრე" მაკონდოში... მგონია, ეს არის ნაწარმოები, რომელსაც "სამაგიდო წიგნს" ეძახიან. მისი წაკითხვა ცხოვრების ყველა ეტაპზე რაღაც ახალს მოგცემს. მადლობა მარკესს, რომ ეს შექმნა... ასევე, წავიკითხე "ქარის ჩრდილი", რომელიც ასე ვთქვათ, დეტექტიური, საყვარელი ზღაპარია. მისი წაკითხვა უბრალოდ, კონკრეტული საქმისთვის მჭირდებოდა...

- ასაკისთვის შეუფერებელი ნაწარმოები თუ წაგიკითხავთ?

- ჯერომ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში" ისე გვიან ასაკში წავიკითხე, რომ სამწუხაროდ, ვერ მივხვდი, ამ ბიჭზე სრულიად სამყარო რატომ გიჟდება (იღიმის). შეგრძნება გამიჩნდა, რომ დავაგვიანე, რადგან რაღაც უკვე ძალიან უკან იყო... არსებობს წიგნები, რომლებიც ცხოვრების ყველა ეტაპზე გამოგადგება ადამიანს. ჩემთვის ასეთია "მარტოობის ასი წელი"; ასევე, არსებობს წიგნები, რომლებიც კონკრეტულ დროს უნდა წაიკითხო. თუ გამოტოვე, მერე უკვე გვიანია. შეიძლება ცუდად ნათქვამი გამომდის, მაგრამ ჩემთვის ასეთი "თამაში ჭვავის ყანაში" აღმოჩნდა.

- რომელი ავტორის წერის მანერა მოგწონთ განსაკუთრებულად?

- ამ მხრივ ნინო ხარატიშვილს გამოვარჩევ, რადგან მისი ნაწარმოებებიდან რაც წავიკითხე, ყველა პერსონაჟთან ერთად ვიცხოვრე. მგონია, ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა მკითხველი წიგნის "შიგნით" ხარ, პერსონაჟებთან ერთად ცხოვრობ...

- როგორ ფიქრობთ, თქვენი ცხოვრება წიგნის სიუჟეტისთვის საინტერესო იქნებოდა?

- ვერ წარმომიდგენია, რომ არსებობს ხელოვანი, რომელიც ფიქრობს, რომ მისი ცხოვრება საინტერესო არ არის. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ვფიქრობ, ყველაფერი წინ არის, ალბათ, ჩემი ცხოვრება საინტერესო ცოტათი გვიან ასაკში იქნება (იცინის).

- წიგნის დაწერის სურვილი გაგჩენიათ?

- ამბიციური არ ვარ. საერთოდ, ვფიქრობ, წიგნის დაწერა ერთ-ერთი რთული საქმეა, რაც შეიძლება ადამიანს კარგად გამოსდიოდეს, თუმცა ერთხელ ისე მოხდა, რომ პიესის სახით, საბავშვო ზღაპარი დავწერე. ვერ ვიტყვი, რომ შედევრი გამოვიდა, მაგრამ სტუდიაში, სადაც ბავშვებთან ვმუშაობდი, გამოადგათ. ამიტომ ბედნიერი ვიყავი. რა თქმა უნდა, მწერლობას დიდი ნიჭი უნდა. ჩემგან მწერალი ნამდვილად არ დადგება და არც მიფიქრია, რომ უნდა დადგეს. საკმაოდ ბევრი და მაგარი მწერალი არსებობს, რომლებმაც იმდენი წიგნი დაწერეს, რომ შეგვიძლია, მთელი ცხოვრება ვიკითხოთ და ამისგან სიამოვნება მივიღოთ.

- ბესტსელერებს თქვენთვის იმედი გაუცრუებია?

- არაერთხელ, სამწუხაროდ. ვინმეს ურჩევია ან გამიგია, რომ კონკრეტული წიგნი ძალიან პოპულარულია, შემიძენია, წამიკითხავს... სხვათა შორის, ასეთი თვისება მაქვს: წიგნის კითხვის მიტოვება არ მიყვარს. ფილმებს და სერიალებსაც თავიდან ბოლომდე ვუყურებ. თუ წიგნი ბოლომდე არ წავიკითხე, როგორ უნდა ვთქვა, კარგია ან ცუდი-მეთქი? შეიძლება, შუა ნაწილამდე არ მომწონდეს, მაგრამ ბოლოს სიუჟეტი ისე განვითარდეს, რომ მომეწონოს. ძალიან მერიდება, ამას რომ ვამბობ, მაგრამ მაგალითად, სტენდალის "წითელი და შავი" ჩემი გემოვნების ნაწარმოები არ არის. მესმის, შედევრია, მაგრამ დიდი ხნის წინ, როგორი მოლოდინითაც მისი კითხვა დავიწყე, არ გამართლდა. მახსოვს, ბოლომდე წაკითხვა გამიჭირდა. მეშინია, განსჯის საგანი არ გავხდე - ვინ ვარ, რომ სტენდალი დავიწუნე? უბრალოდ, გემოვნების საკითხია. შეიძლება, იმხელა სიბრძნეა, რომ ვერ ჩავწვდი - მოდი, ამას დავაბრალოთ (იღიმის)...

- საკუთარ თავს ყველაზე მეტად რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს ამსგავსებთ?

- ნაწარმოებში "ნუ მოკლავ ჯაფარას", რომლის კითხვამაც დიდი სიამოვნება მომანიჭა, არის ერთი პერსონაჟი, პატარა გოგონა - ჭყიტა, რომელიც ჩემს ბავშვობას მაგონებს. საერთოდ, წიგნის კითხვისას, ალბათ მკითხველი ბევრ პერსონაჟთან პოულობ საერთოს, პარალელებს ავლებ...

- რთულ სიტუაციაში დაგხმარებიათ წიგნი?

- წიგნი რთულ სიტუაციაში გეხმარება ადამიანს, თუ გეხმარება!.. ჩემთვის არსებობს წიგნები, რომლებსაც ზაფხულში ვერ წავიკითხავ, მაგალითად - დოსტოევსკის ნაწარმოებებს. შედევრია, მაგრამ "ძმები კარამაზოვები" ზაფხულში საკითხავი წიგნი არ არის - ზამთარში უნდა წაიკითხო. ხანდახან ჩვენი განწყობა სეზონს არ შეესაბამება: შეიძლება ზამთარში ძალიან კარგ განწყობაზე იყო ან - პირიქით, მაგრამ წიგნი ყოველთვის მეხმარება: კარგად ვარ თუ ცუდად, მასში ყოველთვის იმას ვპოულობ, რაც იმ სიტუაციაში მჭირდება, ოღონდ - წიგნებს სეზონებად მაინც ვყოფ, რაც შეიძლება ვინმესთვის სასაცილოა (იღიმის)...

- ბოლოს რა წაიკითხეთ და ამჟამად რომელი ნაწარმოები გაქვთ წასაკითხად შეგულებული?

- ბოლოს ანა კორძაია-სამადაშვილის "ზინკა ადამიანი" წავიკითხე. საერთოდ, ანა კორძაია-სამადაშვილის ლექციებს ხშირად ვუსმენ და სხვებსაც ვურჩევ, მოუსმინონ... რადგან აღვნიშნე, ნინო ხარატიშვილის წერის სტილი ძალიან მომწონს-მეთქი, ვაპირებ, მისი ბოლო რომანიც - "უკმარი სინათლე" წავიკითხო.

- "გზის" მკითხველებს რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევთ?

- მგონი, აქტიურ მკითხველს ჩემი რჩევა არაფერში სჭირდება - ვისაც კითხვა უყვარს, გზას თავად გაიკვლევს. პირიქით, იმ ხალხს ვურჩევ, ვინც წიგნებს არ კითხულობს, როგორც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, მე არ ვკითხულობდი: ერთხელ აიღეთ ხელში საინტერესო წიგნი, მისი კითხვა დაიწყეთ და აღარ მოგინდებათ წიგნის გარეშე იცხოვროთ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"