ეუთოს სკანდალური მინისტერიალი - იყო თუ არა ქართული მხარე საკმარისად მკაცრი ლავროვის მიმართ?! - კვირის პალიტრა

ეუთოს სკანდალური მინისტერიალი - იყო თუ არა ქართული მხარე საკმარისად მკაცრი ლავროვის მიმართ?!

ხმაურიანი გამოდგა გასულ კვირას ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართული ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომა, რომელშიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვიც მონაწილეობდა. ამის გამო მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ჩვენში ბევრი მიიჩნევდა, რომ ასევე უნდა მოქცეულიყო საქართველოც, თუმცა ჩვენმა ხელისუფლებამ სხვაგვარად გადაწყვიტა - ჩვენს დელეგაციას სხდომაში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს. 30 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ შემდეგი გამომსვლელი იქნებოდა სერგეი ლავროვი, დელეგატების ნაწილმა დარბაზიდან გასვლა დაიწყო, დარბაზი დატოვეს საქართველოს დელეგაციის წევრებმაც. აღსანიშნავია, რომ ლავროვის გამოსვლის ნაწილი საქართველოს დაეთმო. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი 2008 წლის ომის თემას შეეხო. მან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონის მითითების მორჩილად შესრულებაში დაადანაშაულა. "NATO-ს წევრმა ქვეყნებმა, რომლებიც ეუთოს მონაწილეები არიან, 2008 წელს ალიანსის ბუქარესტის სამიტზე თბილისსა და კიევს წევრობას დაჰპირდნენ. მიზანი მარტივი იყო - ისინი რუსეთის წინააღმდეგ განეწყოთ. სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში დასავლეთის მიერ "ვარდების რევოლუციის" მხარდაჭერით მოვიდა, მაშინვე შეასრულა ბუქარესტის სამიტზე მისთვის მიცემული კარტ-ბლანში - იმავე 2008 წლის აგვისტოში გაცემული ბრძანებით, დაებომბათ სამხრეთ ოსეთის ქალაქი და იერიში მიეტანათ სამშვიდობოების პოზიციებზე, რომლებიც იქ ეუთოს შეთანხმების მიხედვით იმყოფებოდნენ. ეს პროვოკაცია მოამზადა შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც საქართველოში აამოქმედა თავისი "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა. სააკაშვილმა მორჩილად შეასრულა ის, რაც ვაშინგტონმა ასწავლა", - განაცხადა ლავროვმა. მან თავისი გამოსვლის დასრულებისთანავე დატოვა სხდომა, შესაბამისად, არ მოუსმენია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილისთვის, რომელმაც რუსულ ოკუპაციაზე ვრცლად ილაპარაკა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურიც ახსენა. "ამ ცოტა ხნის წინ მშვიდობიანი მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის მის მშობლიურ სოფელ კირბალთან არის ეთნიკურ ქართველებზე ძალადობის მორიგი აქტი", - განაცხადა მან. ილია დარჩიაშვილმა ასევე ისაუბრა განგრძობად ოკუპაციაზე, რომლითაც, მისი თქმით, რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. მან ხაზი გაუსვა საქართველოს პოლიტიკას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის და რომ ეს მიდგომა ორ მთავარ საყრდენზე დგას. ესენია: რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და დაყოფილი საზოგადოების შერიგება. დარჩიაშვილმა ასევე ილაპარაკა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და განაცხადა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას. სწორედ სკოპიეში განვითარებული მოვლენების შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:

dzabiradze.png

- ილია დარჩიაშვილის გამოსვლის შეფასებისას გააჩნია ათვლის წერტილად რას ავიღებთ. თუ "ქართული ოცნების" რუსეთთან ბოლოდროინდელ დამოკიდებულებას და ჩვენი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ აქტიურობას გავიხსენებთ, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ დარჩიაშვილის გამოსვლა, როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, საკმაოდ მკვეთრი იყო. რაც მან ილაპარაკა რუსულ ოკუპაციაზე, მე "ქართული ოცნებისგან" კარგა ხანია არ მომისმენია. თუ მსოფლიოში შექმნილ ვითარებას და რუსეთისადმი დასავლეთის დამოკიდებულებას ავიღებთ ათვლის წერტილად და ვილაპარაკებთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო საქართველო, მაშინ, ჩემი აზრით, ჩვენი დელეგაცია ან არ უნდა წასულიყო მინისტერიალზე ისევე, როგორც არ წავიდნენ უკრაინის და ბალტიისპირეთის ქვეყნების მინისტრები, ან ჩვენი მინისტრის გამოსვლა უნდა ყოფილიყო გაცილებით მწვავე და კრიტიკული. მას თავისი სიტყვა უნდა აეგო არა მანამდე მომზადებულ გზავნილებზე, არამედ ლავროვის გამოსვლის საპასუხოდ. მე არ ვამბობ, რომ უნდა ელაპარაკა 2008 წლის ომის დაწყებასა და სააკაშვილზე, ანუ თავი კი არ უნდა ემართლებინა, არამედ უნდა ეთქვა, რომ რუსეთი არის ყოვლად არასანდო ქვეყანა, რომელიც დადებულ ხელშეკრულებებს არ ასრულებს, ანუ აქცენტები სხვა მიმართულებაზე უნდა გადაეტანა. მაქსიმალურად მკაფიოდ უნდა თქმულიყო, რომ რუსეთი არის აგრესორი, რომლის ნდობაც არ შეიძლება.

ასეთ შემთხვევაში, ეს იქნებოდა არა მარტო საქართველოსადმი რუსეთის, როგორც ოკუპანტის, დამოკიდებულების ამსახველი გამოსვლა, არამედ საზოგადოდ, რუსული სახელმწიფოსა და კრემლის რეჟიმის კრიტიკული დახასიათება. ცხადია, უკრაინაში აგრესიაც შეიძლებოდა უფრო მკვეთრად გაგვეკრიტიკებინა. დარჩიაშვილის გამოსვლა უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ წამყვან მსოფლიო მედიასაშუალებებს სწორედ მასზე ლაპარაკით დაეწყოთ მინისტერიალის გაშუქება, ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ წარმოაჩენდა. ასეთ შემთხვევაში, ჩემი აზრით, გამართლებული იქნებოდა საქართველოს დელეგაციის მინისტერიალში მონაწილეობა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ვიმეორებ, "ქართული ოცნების" პოლიტიკიდან გამომდინარე, ეს იყო მკვეთრად კრიტიკული გამოსვლა, მაგრამ ზოგადი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სასურველი იყო დარჩიაშვილის სიტყვა რუსეთის შესახებ უფრო კრიტიკული და მამხილებელი ყოფილიყო. ეს ქვეყნის ინტერესებს ნამდვილად წაადგებოდა.

- მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ გამოაქვეყნა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, შეიძლება ითქვას, ხელისუფლების რიტორიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ხელისუფლების წარმომადგენლები აღარ ლაპარაკობენ დასავლეთისგან მომდინარე საფრთხეებზე, ომში ჩათრევის ცდებზე და ა.შ.

- ჩემი აზრით, ამას მარტივი ახსნა აქვს. მოგეხსენებათ, სტატუსის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში ველოდებით. შესაბამისად, მმართველ პარტიაში ხვდებიან, რომ ამ ეტაპზე დასავლეთის გაკრიტიკება არ ივარგებს, ამან შეიძლება უკუშედეგი მოიტანოს, თანაც "ქართული ოცნება" ყველანაირად ცდილობს სტატუსის მიღება, როგორც წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე, მთლიანად საკუთარ თავზე მიიწეროს. შესაბამისად, თან ამით თავის მოწონება და თან დასავლეთის გაკრიტიკება აღარ გამოდის. ეს, ალბათ, სტატუსის მიღებამდე გაგრძელდება, შემდეგ კი, თუ დასჭირდებათ, ისევ გადავლენ იმავე შინაარსის განცხადებებზე. ვფიქრობ, გარკვეულ ეტაპზე ეს აუცილებლად მოხდება, რადგან "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ შეეცდება შექმნას საზოგადოებრივი აზრი, თითქოს დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, რათა არჩევნები გაყალბებულად წარმოაჩინოს და მხარი დაუჭიროს რადიკალურ ოპოზიციას. დარწმუნებული ვარ, ეს შინაარსი იქნება მნიშვნელოვანწილად "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პოლიტიკის განმსაზღვრელი და ამაზე იმუშავებს "ქართული ოცნების" პროპაგანდა, თავისი ტროლ-ბოტებით. მათი მესიჯები იქნება იმგვარი, თითქოს დასავლეთი ებრძვის "ქართულ ოცნებას" და არჩევნების გაყალბებას აბრალებს.…

- დღევანდელ ოპოზიციაში ისეთი დომხალია, თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ, "ქართულ ოცნებას" გამარჯვებისთვის გაყალბება არც დასჭირდება. მინდა შეაფასოთ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები. იქ თითქოს პატარა შიდაგადატრიალება მზადდება. ვნახეთ თბილისის საკრებულოსა და თუ რეგიონებში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციათა წევრების განცხადებები, რომლებიც ხაბეიშვილის გადადგომასა და პარტიის მართვის ფორმის შეცვლას ითხოვენ. ერთი ვერსიით, ამ პროცესების უკან შეიძლება მიხეილ სააკაშვილი იდგეს, რომელიც ცდილობს პარტიაზე კეზერაშვილ-მერაბიშვილის გავლენა შეამციროს.

- რაღა დაგიმალოთ და, მგონია, ამ ყველაფრის უკან დგას პიტი, "ვისიც არ ითქმის სახელი"... (იცინის). ხუმრობა იქით იყოს და, ის ძალიან კარგად მუშაობს, ზუსტად იმდენ რესურსს იყენებს, რამდენიც სჭირდება. მიხვდით, ალბათ, ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ. საამისო მტკიცებულებები არა მაქვს, მაგრამ თუ გავაანალიზებთ იმ პროცესებს, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს, ამგვარ დასკვნამდე მივალთ. ეს არ ჰგავს მთლად სააკაშვილის თავში და თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" დაბადებულ იდეებს. გახსოვთ, ალბათ, ივანიშვილმა თავის დროზე თქვა, დავშლი "ნაციონალურ მოძრაობასო" და შლის ახლა...

სააკაშვილის როლი არა მგონია, ამ პროცესებში გადამწყვეტი იყოს. მეტიც, როგორც ხაბეიშვილის, ისე მელიას ჯგუფი დღეს მის გამოყენებას ცდილობს. სააკაშვილის მცდელობა კი, რომ ეს ორი ფრთა გააერთიანოს, ვფიქრობ, განწირულია. "ნაციონალური მოძრაობა" ერთიანი ვეღარ იქნება. ამ ორი ფრთიდან დათმობაზე წასვლა უკვე არც ერთს აღარ შეუძლია. კიდევ ერთი მომენტია - ნიკა გვარამიას განცხადება, რომ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას აპირებს. სულ ზღაპარი მგონია ის ლაპარაკი, რომ ხაბეიშვილი უნდა გადადგეს და რომელიღაც ორგანომ უხელმძღვანელოს პარტიას. თუ ასე მოხდა, შეიძლება ისე წავიდეს საქმე, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახოს- ანუ თუ ფორმალურ ერთიანობას შეინარჩუნებენ, ასეთ შემთხვევაში ერთმანეთის დაბლოკვას მოუნდებიან. რაც დროზე დასრულდება ეს პროცესი, "ნაციონალური მოძრაობისთვისაც" კარგი იქნება, სააკაშვილისთვისაც და მელიასთვისაც.

რაც შეეხება გვარამიას, არ მესმის, რა ელექტორალური მხარდაჭერა შეიძლება ჰქონდეს. ერთადერთი, ვისი იმედიც შეიძლება ჰქონდეს, ისევ და ისევ "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატის ნაწილია - ანუ გამოდის, "ნაცმოძრაობის" ელექტორატი შესაძლოა ორად კი არა, სამად გაიყოს. გვარამია ნამდვილად ნიჭიერი კაცია, მაგრამ მას მძიმე წარსული აქვს, როგორც პოლიტიკური, ისე მედიაში საქმიანობიდან გამომდინარე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას არავითარი პარტიული სტრუქტურა არა აქვს. თავის დროზე, როდესაც ის გათავისუფლდა პატიმრობიდან, და განაცხადა, რომ მედიაში აღარ დაბრუნდებოდა და პოლიტიკაში აპირებდა წასვლას, იმჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო "ნაციონალური მოძრაობის" 2 ფრთა შეერიგებინა და არჩევნებამდე მაინც ერთად მიეყვანა. მაშინ გვარამია ორივე მხარისთვის მისაღები ფიგურა იყო, მაგრამ დღეს ის უკვე არც ერთ მხარეს აღარ აწყობს. ამიტომ რა პლატფორმაზე ლაპარაკობს, საინტერესოა, მაგრამ გაუგებარი. ჩემი აზრით, ეს იქნება კიდევ ერთი 5%-მდე მხარდაჭერის მქონე პარტია და მეტი არაფერი.

- ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლებას ძალიან აქებენ რუსეთიდან. გარდა ამისა, ბოლო ხანს გააქტიურდა ლაპარაკი აფხაზეთსა და აფხაზებთან პირდაპირ დიალოგზე, რასაც წინ უძღოდა სოხუმის ხელისუფლების უშიშროების საბჭოს მდივან სერგეი შამბასა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ვახტანგ ყოლბაიას ონლაინსაუბარი.

- ბოლოდროინდელი განცხადებები რუსეთის დუმაში თუ რუსულ მედიაში მოსალოდნელიც იყო და გასაგებიც არის. საქმე ის არის, რუსეთი ცდილობს საერთაშორისო იზოლაციას თავი დააღწიოს, ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომ საქართველო წარმოაჩინოს "დაჭკვიანებულ" ქვეყნად და თავის მოსახლეობას კრემლის პოლიტიკის წარმატებად წარუდგინოს. რაც შეეხება აფხაზებთან პირდაპირ დიალოგზე ლაპარაკს, მერწმუნეთ, ეს ცარიელი სიტყვებია და არაფერი შეიცვლება. პირიქით, ცხინვალისგან განსხვავებით, რუსეთი აფხაზეთის ძალიან ინტენსიურ ათვისებას იწყებს. იქ შედის რუსული კაპიტალი, ლამის ყველაფრის ყიდვას ცდილობენ, რაც აფხაზების ნაწილის დიდ პროტესტს იწვევს. ნუ დაგვავიწყდება ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის აშენებაც, რაც ანაკლიის პორტის პროექტის რეალიზებას უფრო პრობლემურს ხდის.

ფაქტია, საქართველოსადმი რუსეთის დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა. საქართველოს მხრიდან რა და როგორ შეიცვალა, კი ვხედავთ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ იმით განპირობებული, რომ მაინცდამაინც რუსეთის ორბიტაზე სურთ დაბრუნება. არა, ამგვარ პოლიტიკაში ძალაუფლების შენარჩუნების გზას ხედავენ. გაიძახიან, რომ მშვიდობა შეინარჩუნეს, მაგრამ ამაში მათი დამსახურება დიდი არაფერია, ეს უფრო გლობალური მოვლენების განვითარებით არის განპირობებული და გარდა ამისა, თუ ყველაფერზე თავს უხრი, თანხმდები და არაფერში ეწინააღმდეგები მტერს, ომს რისთვის დაიწყებს?! ხომ ფაქტია, რომ ჩვენს ხელისუფლებას რუსეთის წინაშე ლამის ყველა მიმართულებით კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული.…

- გასულ კვირას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის ევროპული არჩევანის სასარგებლოდ თსუ-ში, ქუთაისისა და ზუგდიდის უნივერსიტეტებში სტუდენტებთან შეხვედრისა და ლექციის ჩატარების საშუალება არ მიეცა. ამ თემაზე ამავე უნივერსიტეტების ადმინისტრაციების განცხადებები კი ძალიან არადამაჯერებელია... ფაქტია, სალომე ზურაბიშვილი სულ უფრო მეტად ემიჯნება "ქართული ოცნების" ხელისუფლებას. თქვენი აზრით, რამდენად ანგარიშგასაწევ ფაქტორად შეიძლება იქცეს ის საპარლამენტო არჩევნების წინ?

- მნიშვნელოვანი იქნება, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს სალომე ზურაბიშვილი. მას შემდეგ, რაც მან ძალიან მკაფიოდ დაიკავა პროდასავლური პოზიცია და დაუპირისპირდა ხელისუფლებას, მისმა რეიტინგმა ზრდა დაიწყო და ის ნამდვილად ანგარიშგასაწევ ფიგურად იქცა. მას უკვე დიდი გავლენა აქვს არა მარტო პოლიტიკურ სპექტრზე, არამედ საზოგადოებაზეც. მან უკვე გააკეთა არაერთი სწორი სვლა. ამ პროცესში დადგა დრო, რომ ის დაჰპირისპირდებოდა "ქართული ოცნების" არა მარტო ფორმალურ ლიდერებს, არამედ არაფორმალურ ლიდერ ბიძინა ივანიშვილსაც. ამ ცოტა ხნის წინ ის პირველად ახსენა კრიტიკულ კონტექსტში. სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ხელისუფლებას წერტილოვნად დაარტყას. ამას ემსახურებოდა მოსამართლეების თაობაზე მისი განცხადებები, რითაც უფრო გაანაწყენა "ქართული ოცნება". თუმცა ვერ გავიგე, რატომ, რადგან სასამართლოს პრობლემა ყოველთვის იდგა და დგას დღესაც. ვიდრე ამ სისტემაში არიან მურუსიძე, ჩინჩალაძე და სხვანი, რა რეფორმებიც არ უნდა გაატარონ, ჩვენი სასამართლო ხელისუფლება დისკრედიტირებული იქნება. ამაზე ვლაპარაკობთ წლებია და მაინცდამაინც სალომე ზურაბიშვილისგან გაუკვირდათ სასამართლოზე გაკეთებული შეფასებები?

რაც შეეხება უნივერსიტეტებს, "ქართული ოცნება" ცდილობს შეაჩეროს სალომე ზურაბიშვილის რეიტინგის ზრდა. ხელმოწერები, პრეზიდენტი ევროპული კურსის მხარდასაჭერად რომ აგროვებს, შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, სწორედ მისი რეიტინგის ზრდას უწყობს ხელს. ამას ხვდებიან "ქართულ ოცნებაშიც", თან ჩვენ ხომ საბჭოეთიდან დიდად შორს არ წავსულვართ, რომელი უნივერსიტეტის რექტორი გვყავს ახლა დამოუკიდებელი?! რაც უთხრეს ზემოდან, ის გააკეთეს, ოღონდ ეს მეთოდები დიდად არ ჭირს, საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ ჭრიდა.

როგორ გამოიყენებს ამ მზარდ პოლიტიკურ რეიტინგს სალომე ზურაბიშვილი, ჯერ რთული სათქმელია. ვფიქრობ, თუ რეალურად შეეცდება ამ რეიტინგის გამოყენებას და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, მაშინ უნდა დატოვოს პრეზიდენტის პოსტი, გადავიდეს ოპოზიციაში და ჩაუდგეს სათავეში მესამე ძალის ჩამოყალიბებას, ეს იქნებოდა, ჩემი აზრით, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში მოხერხდება "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" თანაფარდი მესამე ძალის ჩამოყალიბება. თუ დარჩება პრეზიდენტის პოსტზე და ისე შეეცდება პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედებას, არ ვიცი, რა შედეგი ექნება. თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა, რაც დღეს ხდება ოპოზიციაში, მაშინ თქვენი ნათქვამი გამართლდება, და "ქართულ ოცნებას" დიდი უპირატესობით გამარჯვებისთვის არჩევნების გაყალბებაც არ დასჭირდება.