„არ გაგიკვირდეთ, რომ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომი ბირთვული იარაღის მუქარით დაამთავროს“
"უკრაინის ახალი მტერი: დასავლეთის დაღლილობა" - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია ბრიტანულმა გამოცემამ "ეკონომისტმა". როგორც მასალაშია აღნიშნული, "დასავლეთის დახმარების გარანტია უკრაინას თავსატეხად გადაექცა: აშშ-ის პოლიტიკური წრეები პარალიზებული არიან გაურკვევლობითა და ერთმანეთთან დაპირისპირებით, რაც ხელს უშლის ოფიციალური კიევისთვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებას. ევროპაში ძალას იკრებენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც უკრაინისადმი სოლიდარობას ეწინააღმდეგებიან". ამასთან, აშშ-ის გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" აქვეყნებს სტატიას სათაურით "რუსული საზოგადოების თვალსაზრისში ცვლილება აშკარად ჩანს". "მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინი უკრაინაში შეიჭრა, რუსი ელიტის ბევრი წარმომადგენელი თვლიდა, რომ რუსეთის აღსასრული ახლოვდებოდა. მათი აზრით, ეკონომიკა კატასტროფულად დაეცემოდა, პოლიტიკური რეჟიმი კრახის ზღვარზე აღმოჩნდებოდა. დღეს რუსეთში არსებული განწყობა მკვეთრად არის შეცვლილი: მსხვილი ბიზნესმენები, ჩინოვნიკები და რიგითი მოქალაქეები ამბობენ, რომ ეკონომიკა სტაბილიზებულია დასავლური სანქციების მიუხედავად, რომელთაგან შარშან გამანადგურებელ ეფექტს ელოდნენ", - ვკითხულობთ სტატიაში. რაც შეეხება თავად უკრაინას, ეს ქვეყანა ახლა ცივი ზამთრისა და დიდი გაურკვევლობის წინაშე დგას, კონტრშეტევა ჩაიშალა, რუსული თავდაცვითი ზღუდეები გადაულახავია. უკრაინელი ლიდერები ხედავენ, რომ მტრის ეკონომიკა სამხედრო რელსებზეა გადასული და ვითარდება, მეგობარი ამერიკელები კი ერთმანეთთან ოპონირებითა და ახალი თავსატეხით, ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებით არიან დაკავებული. რა პერსპექტივა ელის უკრაინას, რა შეცდომა დაუშვეს დასავლელმა ლიდერებმა და რატომ ვერ გაამართლა რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები რუსეთ-უკრაინის ფრონტზე და როგორ შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკური რეალობა მსოფლიოში, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, რუსეთის სპეციალისტი, გიორგი გობრონიძე გვესაუბრება:
- ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ერთ-ერთ ინტერვიუში სწორად აღნიშნა, სამხედრო ექსპერტების დიდი ნაწილი ჯერ იმას ამტკიცებდა, კიევი სამ დღეში დაეცემაო, ახლა კი იგივე ექსპერტები ამბობენ, რაღაცაშია საქმე, უკრაინა სამ დღეში რომ ვერ იბრუნებს ტერიტორიებსო. მოდი, შევხედოთ, რა გვაქვს რეალურად ბრძოლის ველზე - უკრაინამ დაკავებული ტერიტორიების ნახევრის გათავისუფლება უკვე შეძლო, რაც კარგი შედეგია. არ დაგვავიწყდეს, რომ უკრაინა უპირისპირდება მსოფლიოში ერთ-ერთ ძლიერ სამხედრო ძალას! გავითვალისწინოთ ისიც, რომ შეცვლილია მოცემულობა - თუ აქამდე უკრაინელები იყვნენ თავდაცვით პოზიციაში, ახლა რუსები არიან. დასავლეთში ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვეს, როდესაც იფიქრეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბლიცკრიგი იმუშავებდა. ასეთივე შეცდომა დაუშვა მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერმა - ეგონა, სწრაფი შეტევით შეძლებდა რუსეთის დაპყრობას. ნამდვილად არ არის იოლი რუსული არმიის მოგერიება. დღეს უკრაინის ამოცანა რუსული ტერიტორიების დაკავება კი არა, საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებაა. დღეს რუსები დგანან თავდაცვაში, თავდაცვითი პოზიციიდან ბრძოლა კი გაცილებით იოლია, ვიდრე თავდასხმაში ყოფნა. რაც შეეხება დასავლეთის იმედგაცრუებას, ეს არასწორმა მოლოდინმა განაპირობა. სულაც არ ველოდი, რომ რუსულ თავდაცვის ზღუდეებს უკრაინელები ერთი შეტევით გაარღვევდნენ. ყველას გვინდა უკრაინამ სწრაფად გაათავისუფლოს საკუთარი ტერიტორიები, მაგრამ ეს იოლი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ რუსებს ძალიან დიდი ცოცხალი ძალა ჰყავთ და თავდაცვითი ფორტიფიკაციების შესაქმნელადაც საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ. დიახ, ახლა რუსები ნამდვილად მომგებიან პოზიციაში არიან, მაგრამ საკითხავია, რამდენად მომგებიანია მათი მდგომარეობა ჯამში.
- რას გულისხმობთ?
- რუსეთი ევროპაში უსაფრთხოების გარემოს შეცვლას აპირებდა, დღეს კი უკრაინელთა კონტრშეტევის მოგერიებაშია... დასავლეთს არა აქვს უკრაინისგან იმედგაცრუების რეალური საფუძველი. არ ვიცი, რა ოპერატიული გეგმა ჰქონდა უკრაინას, მაგრამ ამ მომენტში ამ ქვეყნის პოზიცია ცუდი არ რის, განსაკუთრებით იმ მოლოდინთან შედარებით, როგორიც ომის დაწყების პირველ დღეებში იყო.
- ბოლოდროინდელი ცნობებით, ჩრდილოეთის ფრონტზე რუსეთის ჯარი წინ მიიწევს და ქალაქ ავდეევკას ალყით ემუქრება, სამხრეთის ფრონტზე კი, სადაც უკრაინის არმიას ზაფხულში კონტრშეტევა სურდა, აქტიური ბრძოლა, ფაქტობრივად, შეწყვეტილია.
- არც უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ამ ზამთარს გარდატეხა მოხდება ბრძოლის ველზე. ჩვენ კიდევ ბევრჯერ ვნახავთ როგორც რუსული ჯარის უკან დახევას, ასევე უკრაინელების წინსვლას. ომი უკვე პოზიციური ბრძოლების ფაზაში შევიდა. ტერიტორიაც იძლევა ამის საშუალებას და ისიც, რომ რუსეთი უფრო სახმელეთო არმიის ქვეყანა, დიდი ძალის კონცენტრირება შეუძლია ხმელეთის დიდ მასაზე. რაც დღეს ხდება, კანონზომიერია და არ მიუთითებს, რომ რუსებმა გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვეს.
- უკრაინული არმია კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა - თავდაპირველი სამოხალისო აჟიოტაჟის შემდეგ მასობრივად დაიწყო ფრონტზე წასვლისგან თავის არიდება. როგორც გენერალი ზალუჟნი ამბობს, ახალგაზრდები საზღვარგარეთ გარბიან. უკრაინელი გენერალი გამოსავლად ახალი კანონების ამოქმედებასა და მკაცრ კონტროლს მიიჩნევს. პრეზიდენტი კი ხელს ვერ აწერს კანონს "ჯარში გაწვევის გაფართოების" შესახებ, სოციალური მღელვარების ეშინია.
- უკრაინას 700 000 ჯარისკაცი ჰყავდა მობილიზებული. ნამდვილად არ უჩივის ცოცხალი ძალის ნაკლებობას. კი, სტრატეგიული რეზერვების შექმნა და შევსება გაჭირდება, მაგრამ იგივე პრობლემა აქვს რუსეთის ფედერაციასაც. მართალია, რუსეთის მოსახლეობა უკრაინისაზე სამჯერ მეტია, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ რუსთა დიდი გადასახლების ორი ტალღა უკვე იყო. თუ პუტინი კიდევ გამოაცხადებს მობილიზაციას, ემიგრაციის მესამე ტალღაც იქნება. ორივე მხარეს უჭირს და ორივე მხარე იბრძვის გამოფიტვაზე. რუსეთი დღეს ბევრად ნაკლებ ტანკსა და იარაღს აწარმოებს, ვიდრე კარგავს, ძალიან უჭირს რესურსების შევსება. უკრაინას ნაკლებად გაუჭირდება ამ მხრივ, რადგან დასავლეთი ამარაგებს, მაგრამ მას სხვა სირთულეები ექნება. არც იმის მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ უკრაინელი ხალხი მუდმივად ერთ მუშტად იქნება შეკრული. ეს არის გამოწვევა, რომელსაც უნდა უპასუხოს უკრაინის პოლიტიკურმა ელიტამ.
- შესაძლოა რუსეთი იმაზე ნაკლებ ტანკს აწარმოებს, ვიდრე კარგავს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ იზრდება რუსეთის ეკონომიკა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გამოქვეყნდა, 2023 წელს რუსეთის ეკონომიკა 2,3%-ით უნდა დაცემულიყო. 2023 წლის იანვარში ფონდმა შეცვალა თავისი შეფასება და რუსეთის ეკონომიკის 0,3%-იანი ზრდა იწინასწარმეტყველა. სავალუტო ფონდს მიმდინარე წლის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე მოუწია პროგნოზის შეცვლამ და ბოლოს 2,2%-იანი ზრდის მაჩვენებელზე შეჩერდა.
- გავაანალიზოთ, გრძელ და საშუალო პერსპექტივაში რა ელის რუსეთის ეკონომიკას. ომის დაწყების პირველ დღეებში რუსეთს გაუყინეს ნახევარ ტრილიონ დოლარზე მეტი. ეს რესურსი ხომ გამოაკლდა? საიდან და რითი გაიზარდა რუსეთის ეკონომიკა? აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დასავლურ ბაზრებზე წვდომის შეზღუდვა რუსეთს პირდაპირ დამოკიდებულს ხდის აღმოსავლურ ბაზარზე, აღმოსავლურ ბაზარზე კი დომინანტი ჩინეთია. დიახ, შეიძლება რუსეთმა თავი გაართვას დასავლური სანქციებით შექმნილ სირთულეს, მაგრამ ამის ფასი ძალიან ძვირი იქნება - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით მეტად დამოკიდებული გახდება პარტნიორ ჩინეთზე და ეს რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის გაცილებით დიდი საფრთხეა, ვიდრე ნატო და ევროკავშირი. რუსეთი გრძელ და საშუალოვადიან პერსპექტივაში გაცილებით ბევრს კარგავს, ვიდრე იღებს. თუმცა დასავლეთში ნამდვილად შეცდნენ, როდესაც იფიქრეს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთის ეკონომიკა განადგურდებოდა...
- სპეციალისტების დაკვირვებით, რუსეთის სამაშველო რგოლი მხოლოდ ჩინეთი არ არის. გარდა იმისა, რომ მოსკოვი აგრძელებს ნავთობისა და გაზის გაყიდვას ტრადიციულ ბაზარზე (ევროპელი კლიენტებიდან ბევრი რუსულ ენერგომატარებლებს თავიანთი შუამავლების - თურქეთის, აზერბაიჯანის ან ეგვიპტის დახმარებით ყიდულობენ) რუსი ბიზნესმენებისთვის დასავლეთის კარის დახურვას რუსეთში საინვესტიციო ბუმი მოჰყვა. რუსები, რომლებიც ომის დაწყებამდე დასავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში აბანდებდნენ კაპიტალს, ახლა იძულებული არიან ფული საკუთარ ქვეყანაში დახარჯონ. ამერიკული სააგენტო Bloomberg-ი იტყობინებოდა, რომ რუსმა ოლიგარქებმა სამშობლოში 50 მილიარდამდე დოლარი დააბრუნეს.
- ბიზნესმენებს, რომლებიც ფულს დასავლეთში ხარჯავდნენ, ქონება დაუყადაღეს. შესაბამისად, მათ მხოლოდ გადარჩენილი კაპიტალის დაბანდება შეძლეს. გარდა ამისა, რაც არ უნდა ბევრი პროდუქტი აწარმოო, გასაღების ბაზრის გარეშე ეს რეცესიას გამოიწვევს. რუსეთისთვის დასავლეთის ბაზარი სასიცოცხლოდ აუცილებელია. დიახ, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან და დღემდე ყიდულობს რუსულ პროდუქტს. დიახ, დასავლეთი არ არის ერთსულოვანი, არის უნგრეთის, სლოვაკეთისა და ცალკეული ევროპელი ბიზნესოპერატორის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება. ეს ყველაფერი გამოწვევაა, მაგრამ ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ტიპის სანქციებზე შეთანხმდება დასავლეთი. ძველი სანქციები ვერ და არ იქნებოდა გათვლილი მოკლევადიან ეფექტზე. აგერ ირანი რუსეთზე გაცილებით ნაკლებად იყო ინტეგრირებული დასავლურ ბაზარზე, მაგრამ 30-წლიანი სანქციების მიუხედავად მაინც ახერხებს არსებობას. ეს არ ნიშნავს, რომ სანქციები არ მუშაობს. სანქციები რომ არა, ირანის ეკონომიკა გაცილებით სწრაფად გაიზრდებოდა. გასაგებია, რომ რუსეთის ეკონომიკა მინუსებში არ წავიდა, მაგრამ 40%-ის ნაცვლად 10%-ით რომ იზრდები, ესეც კლებაა.
- ყველაფერი მაინც დამოკიდებულია დასავლეთში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მაგრამ შეიძლება თუ არა დასავლური პოლიტიკა, ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა მნიშვნელოვნად შეცვალოს?
- ამერიკაში როგორიც არ უნდა იყოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. თუ ამერიკამ შეწყვიტა უკრაინის დახმარება და ევროპამ დამოუკიდებელი რესურსებით შეძლო ამ ომის ბოლომდე მიყვანა, მაშინ ევროკავშირი ჩამოყალიბდება ახალი ძალის ცენტრად, რომელსაც აღარ დასჭირდება ამერიკის დაცვა და დახმარება. შესაბამისად, დემოკრატები მოვლენ ხელისუფლებაში თუ რესპუბლიკელები, ამერიკის ეროვნული ინტერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთ-უკრაინის ომის ბოლომდე მიყვანა. სიმართლე გითხრათ, არც კი შეინიშნება, რომ რომელიმე ამერიკულ პოლიტიკურ ძალას სურდეს ამ ომიდან გასვლა. საუბარია იმაზე, რომ უკრაინის დასახმარებლად დამატებით 61 მილიარდი დოლარი უნდა გამოყონ. როგორც გაირკვა, საუბრები იმის შესახებ, რომ უკრაინა ამერიკული დახმარების გარეშე დარჩებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამერიკის სტრატეგიული ამოცანაა ამ ომის რუსეთის დამარცხებით დასრულება.
- შეგახსენებთ პრეზიდენტობის კანდიდატის ტრამპის განცხადებას, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომს ძალიან მალე დაასრულებს.
- კი, მაგრამ მას არ უთქვამს, როგორ დაამთავრებს. შესაბამისად, არ გაგიკვირდეთ, რომ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომი ბირთვული იარაღის მუქარით დაამთავროს. სხვათა შორის, ტრამპის პრეზიდენტობა რუსეთისთვის ძალიან ცუდი იყო - დასავლეთის ქვეყნებმა ტრამპის ზეწოლით გაზარდეს თავდაცვის ბიუჯეტი, ტრამპი იყო ერთადერთი ლიდერი, რომელმაც საქართველოს ლეტალური იარაღი მიაწოდა, ის იყო ლიდერი, რომელმაც დაბომბა რუსული ბაზები სირიაში. დემოკრატების ფრთებქვეშ შეყუჟული მედია ტრამპის შესახებ ობიექტურ ინფორმაციას არ ავრცელებს. ტრამპი რომ ამბობს, რუსეთთან კარგი ურთიერთობა მინდაო, იქვე დასძენს, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მექნება რუსეთთან კარგი ურთიერთობაო!
ხათუნა ბახტურიძე