"შემთხვევითი არ არის, რომ სერგეი შამბა დათანხმდა ჩემთან საუბარს“ - კვირის პალიტრა

"შემთხვევითი არ არის, რომ სერგეი შამბა დათანხმდა ჩემთან საუბარს“

"ეს აბსოლუტურად სპონტანური იყო და ამის უკან არაფერი იმალება", - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ და უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელმა წევრმა ვახტანგ ყოლბაიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან სერგეი შამბასთან ონლაინშეხვედრაზე. მიუხედავად იმისა, რომ სერგეი შამბასთან საუბარი "აბსოლუტურად სპონტანური იყო", ეს საუბარი შემთხვევითი მაინც არ ყოფილა, რადგან სერგეი შამბა მასთან საუბარს გავლენიანი აფხაზი ჟურნალისტის მეშვეობით დათანხმდა. ჩვენი ოპოზიციის აზრით, შამბასა და ყოლბაიას ონლაინშეხვედრა შესაძლოა კულუარული პოლიტიკის შედეგია. მაგალითად, დეპუტატ თეონა აქუბარდიას თქმით, ეს საეჭვოდ დაემთხვა­ ენგურზე სამუშაოებს და ხიდის გახსნაზე­ საუბარს. გვაქვს თუ არა საქმე დამთხვევა­სთან, რა შეიძლება ხდებოდეს პოლიტიკურ კულუარებში, ამის გარკვევას ვახტანგ ყოლბაიასთან საუბრისას შევეცადეთ:

- ეს ნამდვილად დამთხვევა იყო. იმა­შიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი 15-20-წუთიანი საუბრით საქართველოს პოლიტიკა არ შეიცვლება. არის ჟენევის ფორმატი და ვარგა თუ არა, ამის იქით ჯერ არაფერი ხდება. ქალბატონ აქუბარდ­იას­­ დიდ პატივს ვცემ, მაგრამ უნდა ვთქვა - კონსპიროლოგიურია, რასაც ის ამბობს.­ მშენებლობა ოთხი თუ ხუთი თვის წინ დაიწყო, იქ დუტი ფრი აშენდა, ახლა ტერმინალების მშენებლობაზეც არის საუბარი­. რაც შეეხება აფხაზეთში არსებულ ვითარებას, ყველამ ვიცით, რომ ყველაფერი ისე კეთდება, როგორც რუსებისა და აფხაზების 25-პუნქტიან ხელშეკრულებაშია გაწერილი. უნდა ითქვას, რომ რუსები მაინცდამაინც კმაყოფილი არ არიან, დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ თუნდაც ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემასა და ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზაციაში. ხშირად აწყდებიან აფხაზეთის ე.წ. უმაღლესი საბჭოს უსიამოვნო სიურპრიზებს. ასეთი წინააღმდეგობების დასაძლევად რუსებმა სხვა გზას მიმართეს. წინასაარჩევნოდ ყველაფერი გააკეთეს, რომ ე.წ. პარლამენტში­ მათი ინტერესების გამტარებელი პოლიტიკოსები მოხვედრილიყვნენ. დღეს ეს დეპუტატები ცდილობენ თავიანთი კანონები რუსების ინტერესებთან ჰარმონიზაციაში მოიყვანონ. რასაც ე.წ. პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელით ვერ აკეთებენ, ე.წ. პარლამენტის მხარდაჭერით გააკეთებენ. ჩემი ასეთი განცხადებები აფხაზეთის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს გააღიზიანებს, იფიქრებენ, რომ მათ საქმეებში ვერევი, მაგრამ მე ვამბობ იმას, რაც რეალურად ხდება. გამალებული პრივატიზაცია მიდის. თავად აფხაზები მეუბნებიან, რომ რუსი ოლიგარქები ერთ გოჯ მიწას არ ტოვებენ. აღარაფერს ვამბობ ოჩამჩირეში შავი ზღვის ფლოტის განთავსებაზე. შეიძლება დღეს-ხვალ არა, მაგრამ მომავალში ოჩამჩირე ძალიან სერიოზული ბაზა იქნება.

- აფხაზები არ ბრაზობენ, რომ შავი ზღვის ფლოტის ოჩამჩირეში განლაგებით რუსებმა აფხაზეთის მოსახლეობა ძალიან დიდი რისკის წინაშე დააყენეს?- ნამდვილად არის უკმაყოფილება, მაგრამ ხალხის განწყობის შესაცვლელად საქმეში აქტიურად ჩართეს ჟურნალისტები, რომლებიც სვამენ რიტორიკულ კითხვებს, რა გირჩევნიათ, უკრაინული ქვემეხები თუ ეკონომიკის, ტურიზმის მოსპობა, ხელფასებისა და პენსიების გარეშე ცხოვრებაო. ხალხი არჩევანის წინაშე დააყენეს და ისიც გაჩუმდა.

- ანუ აფხაზეთში ფიქრობენ, რომ უკრაინული ქვემეხები ეკონომიკასა და ტურიზმს ვერ შეაფერხებს?- ვერ გეტყვით, ფაქტი ერთია, ამ ამბავმა ხალხში დიდი უკმაყოფილება­ არ გამოიწვია. თუ რუსების ხელდას­ხმულმა დეპუტატებმა ე.წ. სახალხო კრებაში თავისი გაიტანეს და კანონები რუსულ ინტერესებთან ჰარმონიზაციაში მოიყვანეს, აფხაზების წინააღმდეგობა დაითრგუნება და მთელი აფხაზეთი რუსი ოლიგარქე­ბის ხელში აღმოჩნდება. აი, ამიტომ არის საჭირო ჩვენსა და აფხაზებს შორის ლეგალური თუ არალეგალური შეხვედრები. წინა ეშელონებში მყოფმა პირებმა ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ ჩვენ ხალხს უნდა ავუხსნათ და გავაგებინოთ, რა გამოწვევის წინაშე დგანან.

- ფიქრობთ, რომ შამბა მოსკოვის ნების გარეშე შეგხვდათ?

- ლეგიტიმური შეკითხვაა. სოხუმშიც დაწერეს, რომ ყოლბაიას შამბა, ალბათ, კარასინის დავალებით შეხვდაო. ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ, მაგრამ საკითხავი სწორედ ის არის, რატომ შეიძლებოდა კარასინს ასეთი დავალება მიეცა შამბასთვის. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც მომენტი არსებობს. შემთხვევითი არ არის, რომ სერგეი შამბა დათანხმდა ჩემთან საუბარს, თან ისეთი ჟურნალისტის მეშვეობით, რომელიც იქ გავლენიანია. ვფიქრობ, ამ ყველაფერს სერიოზული გაანალიზება სჭირდება. 30 წელია არ შევხმიანებივარ არც ერთ აფხაზ პოლიტიკოსს. რაც შეეხება შამბას, ჩვენ ერთად ვიყავით უმაღლეს საბჭოში 1991-1992 წლებში, სანამ ომი დაიწყებოდა­. ის კომიტეტის თავმჯდომარე იყო, მე - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ხშირი ურთიერთობა გვიხდებოდა როგორც დეპუტატებს და სიმართლე გითხრათ, ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება არ გვქონია. ამ დღეებში დამიკავშირდა ჟურნალისტი ჩოკორაია აფხაზეთიდან, ჟურნალისტი ვარ, მაქვს საშუალება დაგალაპარაკოთ შამბასთან და დაელაპარაკებით თუ არაო? ვუთხარი, ჯერ შამბას ჰკითხეთ, უნდა თუ არა ჩემთან საუბარი-მეთქი. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, თუ შამბა დათანხმდებოდა, მაგრამ დათანხმდა, მე კი უკვე უარს ვერ ვეტყოდი. როგორც ჩოკორაიამ მითხრა, ჟურნალისტი იზიდა ჭანია იყო ამ შეხვედრის შუამავალი.

- თქვენ გაქვთ იმედი, რომ რუსეთი შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით?

- რაღაც ისეთი ნამდვილად ხდება, რისი დანახვაც ჩვენ არ შეგვიძლია. ამის დასანახავად საჭიროა დიალოგი, აფხაზ ხალხთან ლაპარაკი. პოლიტიკაში გუშინ მოსული კაცი არა ვარ და ვიცი, რომ ჩვენ შორის წითელი ხაზებია. თუმცა მაინც ვამბობ, მოდი, ამ წითელ ხაზებამდე მივიდეთ, ნუ გადავკვეთთ. ცხადია, რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს ახლებურად უდგება. ისიც ცხადია, რომ ახლებურ პოლიტიკაშიც საკუთარი ინტერესების გატარებას შეეცდება და ცხადია, რუსეთის ინტერესები ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს არ დაემთხვევა, მაგრამ ჩვენ ჩვენსას უნდა ვეცადოთ. ჩვენი აქცენტი აფხაზი ხალხის ნდობის მოპოვება უნდა იყოს.

- რუსეთის პოლიტიკის შეცვლის მიზანი რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ იქნება, ალბათ, ამაზე დავა არც ღირს. ახლა საკითხავი უფრო ის არის, რა შეიძლება შეიცვალოს აფხაზების განწყობაში?

- აფხაზებმა სამჯერ რომ გამოიარეს მუჰაჯირობა, შემთხვევითი ხომ არ არის? ეს ხალხი რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებს ეწინააღმდეგებოდა, როგორც ჩერქეზები და სხვა კავკასიელები. აფხაზები ნებით რუსეთის შემადგენლობაში არ შევლენ, არ არის გამორიცხული, ეს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ მოხდეს. არც საქართველოსკენ მოილტვიან სიხარულით, მაგრამ ჩვენ უნდა დავარწმუნოთ, რომ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა მათი შვილების უკეთესი მომავლის საწინდარია. აფხაზეთმა საქართველო მტრად არ უნდა განიხილოს. საფიქრალი ის არის, ამ გზით როგორ ვიაროთ სწორად. აფხაზებთან საუბრის არ უნდა შეგვეშინდეს.

- კი მაგრამ, რა სტატუსით?

- საერთოდ არ უნდა დადგეს ამ შემთხვევაში სტატუსის საკითხი. მოლაპარაკება იმიტომ გვჭირდება, რომ ჩვენ ჩვენი ვთქვათ, იმათ - თავისი. თუ ორივე ჩვენ-ჩვენი პოზიციებიდან ფეხს არ მოვიცვლით, გავჯიქდებით, როგორ უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს?

ხათუნა ბახტურიძე