„აფხაზური პროპაგანდა შთამომავლობისთვის საწამლავის ტოლფასია“ - კვირის პალიტრა

„აფხაზური პროპაგანდა შთამომავლობისთვის საწამლავის ტოლფასია“

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აფხაზეთს შორის სხვადასხვა არხით ერთმანეთთან კავშირის ამოქმედება აუცილებელია, რომ "ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა­ და შვილიშვილებს არ უნდა გადაეცეთ". იცვლება თუ არა მიდგომა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიმართ, რას ნიშნავს მისი ეს განცხადება, როგორია კავკასიაში გეოპოლიტიკური ვითარება, რა საფრთხეებია, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- ბატონო მამუკა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიასა და სერგეი შამბას ონლაინშეხვედრაზე რას იტყვით? ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა ამბობს, ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა გადაეცეთ და აუცილებელია მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობების მოძიება.

- ასეთი ტიპის შეხვედრები საჭირო და სასარგებლოა. ამას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი, მაგრამ შეხვედრები შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. დღეს აფხაზეთი მარტივ სიტუაციაში არ არის. რეგიონში ბევრი პრობლემაა, რომელთა გადაწყვეტა რუსეთის ზემდგომობით აფხაზეთის ხელისუფლებას უკვე არ შეუძლია. შესაბამისად, საზოგადოებას აქვს ხელისუფლებასთან კითხვები... რაც შეეხება იმას, არ უნდა გაგრძელდეს კონფლიქტიო, ამას შამბა ამბობს, მაგრამ იქაური პროპაგანდა, რომლის დემონსტრირებაც ხდება­ ქვეყანაში, შთამომავლობისთვის საწამლავის ტოლფასია. სულ ისმის ომი, ომი, აგრესორი ქართველებიო და ა.შ. ხანდახან სასაცილოდ გამოიყურებიან, როცა საუბარი მიდის იმაზე, თუ როგორ უარყოფითად­ იმოქმედა საზოგადოების ცნობიერებაზე ბინების განაწილების საკითხმა. ამბობენ, ომის მერე დარჩენილი ბინების განაწილების საკითხიო, და არ ამბობენ, რომ ის ბინები წართმეულია, ქართველების არის, რომ ყაჩაღურად ჩაიგდეს ხელში. ბინები ვერ გაიყვეს და რამდენი ხალხი შეეწირა გაყოფას, ამაზე მსჯელობენ. პრაქტიკულად ვირტუალურ სამყაროში ცხოვ­რობს ხალხი. ვერც ლაპა­რაკობენ, ირიბად ცდილობენ თქვან, რა პრობლემას უქმნით მათ რუსეთი, და არა მარტო რუსეთი, არამედ ის დემოგრაფიული ვითარება, რომელიც ქვეყანაშია. აფხაზური ეთნოსის შიდა ბერკეტები მოშლილია. სახელმწიფოს შექმნაზე არ არის საუბარი, იმის შენარჩუნებაც კი უჭირთ, რაც არის... რაც არ უნდა ილაპარაკონ, ჩვენ შვილებს არ უნდა გადავცეთ პრობლემებიო, პროპაგანდა გრძელდება, რომელიც გადაიცემა ეთერში, და იწერება ელექტრონულ თუ ბეჭდურ მედიაში.

- მიუხედავად ამისა, ხომ არ მოვიდა დიალოგის დრო?

- დიალოგის რეჟიმი არსებობდა ყოველთვის, მაგრამ არ იყო თანამიმდევრული და უწყვეტი... თუ რამემ გააქტიურა ეს საკითხი, რუსეთის ზეწოლაა. აფხაზი საზოგადოების მოაზროვნე ნაწილმა კარგად იცის, რომ რუსეთი როგორც უნდა, ისე ექცევა მათ. არ აქვს დიპლომატიური ეტიკეტის დაცვის სურვილიც კი. ამან განაპირობა ახალი იდეების გაჩენა, დიალოგი...­ ახალ თაობას ომი არ გადაუტანია, ომის ამბები მოყოლით იციან, მაგრამ არა აქვთ ემოციური ტრავმა. ამიტომაც ზოგიერთი­ იწყებს ფიქრს და უჩნდება სურვილი, რომ მიდგომები შეიცვალოს. ხედავენ, რომ ჭაობში არიან. ეს ბევრს აინტერესებს-მეთქი, ვერ ვიტყვი, მე მოაზროვნეებს ვგულისხმობ. ისინი ამ ჭაობიდან გამოსვლის საშუალებებს ეძებენ, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობის გზებს. მნიშვნელოვანია ნათესაობის თემაც. ჰყავთ ნათესავები და მათი მეშვეობით კონტაქტებს ინარჩუნებენ. ეფექტურად მუშაობს ჯანდაცვის პროგრამაც, ერთადერთი, რაშიც თანამიმდევრულია ქართული მხარე. ვინც აქ სამკურნალოდ ჩამოდის, დიდი ნაწილი უკან სულ სხვა განწყობით ბრუნდება. არ შეიძლება არ აღინიშნოს ზოგიერთი აფხაზის აქტიურობაც სოციალურ ქსელში, რომლებიც საქართველოს მხარეს არიან გადმოსული. არ მინდა გვარები დავასახელო, მაგრამ ორი-სამი­ კაცი საკმაოდ აქტიურია, ბევრი ნახვა აქვთ მათ სტატუსებს სოციალურ ქსელში... თუმცა, თუ ამას არ მიეცა საგზაო რუკის ფორმა, შედეგი ან იქნება, ან არა. ჩვენთვის მთავარია აფხაზების კოლექტიური აზროვნება შეიცვალოს. რასაკვირველია, ტკივილი ტკივილად, მაგრამ საკუთარი კუთხის მომავალზეც ხომ უნდა იფიქრო. მხოლოდ რამდენიმე კაცი აქტიურობს­ სოცქსელებში, მაგრამ ზოგს პროფესიონალიზმი არ ჰყოფნის, ზოგს ცოდნა, მხოლოდ რამდენიმე კაცია მიღებული აფხაზ საზოგადოებაში, რომლებთანაც დიალოგზე უარს არ ამბობენ­ აფხაზები, მათ შორის ერთი მაღალი დონის ჟურნალისტია...

- რას იზამს რუსეთი, თუ ჩვენ შორის დიალოგი გააქტიურდა?

- რუსეთი ამას აუცილებლად ხელს შეუშლის, მაგრამ ის ახლა ხედავს, იმდენად­ ეკლექტური პროცესი მიმდინარეობს, რომ ეს სახიფათო არ არის და ამიტომ არ რეაგირებს. ერთადერთი, რაც რუსეთმა მოინდომა, იმ არასამთავრობოების შეზღუდვაა,­ რომლებიც თანამშრომლობდნენ დასავლელ დონორებთან. დასავლელი დონორების მეშვეობით ჰქონდათ მათ კავშირი ქართულ მხარესთან. მე მქონია ასეთ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ვიცი, მათი დიდი ნაწილი ორიენტირებულია იმ სარგებელზე, რომელსაც ჰონორარად იღებენ ამ ორგანიზაციებისგან. მხოლოდ მცირე ნაწილია­ მართლაც ორიენტირებული იმაზე, რომ ქართულ მხარესთან მდგომარეობა გააუმჯ­ობესოს. ახლა ინალ არძინბას ინიციატივით პრაქტიკულად აეკრძალათ არასამთავრობოებს კონტაქტი დასავლელ დონორებსა და შესაბამისად, ქართულ მხარესთან. კიდევ კარგი, ასლან ბჟანია დროზე მოეგო გონს და შეარბილა ეს სიტუაცია. ასეთი აკრძალვა არ მოქმედებს­ ამ წუთში, მაგრამ ძალიან სერიოზულად აკონტროლებს­ აფხაზების უშიშროება.

- კავკასიის რეგიონში მიდის ძალების გადანაწილება. როგორ შეიძლება დალაგდეს სიტუაცია რუსეთსა და თურქეთს შორის?

- არ დალაგდება. თუ ვინმეს ჰგონია, ცდება. ლაპარაკი იმაზე, რომ გავლენებს­ გადაინაწილებენ კავკასიაში, ნონსენსია. არის მესამე მოთამაშე - ირანიც, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მთავარ მოთამაშედ თვლის თავს. ირანს თავისი ინტერესები აქვს და ეს ჩანს კიდეც ყარაბაღის კონფლიქტში. ჯერ ერთი, ირანი არ დაუშვებს, რომ თურქეთმა მასზე მეტი მიიღოს კავკასიურ პოლიტიკაში. არ არის მხარ-თეძოზე წამოწოლის დრო, უახლოეს მომავალში ძალიან სერიოზული გამოწვევები იქნება, ახლაც არის, მაგრამ ჯერ გეოპოლიტიკური ვითარება მანევრირების საშუალებას გვაძლევს. ხვალ-ზეგ ამის უფლება აღარ გვექნება, იმიტომ, რომ რუსეთი სერიოზულად ემზადება სამხრეთ კავკასიაში დასაბრუნებლად. შეცდომები გააანალიზეს, ძალთა გადალაგება მოხდა და ახალი მიდგომების დემონსტრირება ცოტა ხანში დაიწყება. იმან, რომ საქართველომ 13 ნოემბერს შეიარაღება გაატარა სომხეთისათვის, იმხელა ქარიშხალი გამოიწვია. ერთი შეხედვით ეს არ ჩანს, მაგრამ ნამდვილად ასე მოხდა - გაღიზიანდნენ როგორც ბაქოში, ასევე ანკარასა და მოსკოვშიც.

საქართველო დღეს ყველა მსხვილი მოთამაშისთვის ხელის შემშლელი ფაქტორია. სტრატეგიული მეგობრობა პირობითი ცნებაა დღევანდელ მსოფლიოში. პრინციპში მიმდინარეობს ბრძოლა სამხრეთ კავკასიისთვის და თურქეთი ისე იბრძვის, სულ აღარ აინტერესებს, დასავლელი პარტნიორების აზრი კავკასიის საკითხზე. მიაჩნია, რომ არ უნდა დაუშვას რუსეთის დაბრუნება კავკასიაში, ჩინეთის შემოსვლა და დასავლეთის აქტიურობა კავკასიაში. თურქეთს პირდაპირი დაპირისპირების ამხელა რესურსი არა აქვს, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პოლიტიკური თამაში შეძლოს. ამ შემთხვევაში საინტერესო ის არის, რომ თურქეთისთვის მიუღებელია როგორც დასავლეთი, ასევე რუსეთი და ჩინეთი ამ რეგიონში. ის, რომ ფლირტის დემონსტრირებაა თურქეთსა და რუსეთს შორის, იქნება პოლიტიკური თუ ეკონომიკური, ეს ყველაფერი პირობითი და დროებითია. მაგალითად, დღეს თურქეთმა და აზერბაიჯანმა შეაჩერეს ზანგეზურზე ლაპარაკი - გადაწყდა, იმ გზამ, რომელსაც ჰქვია აბრეშუმის გზა და ზანგეზურის კორიდორის გავლით უნდა მოხვედრილიყო თურქეთში და ამით უნდა დაჰკავშირებოდა აზერბაიჯანი და დანარჩენი თურქული სამყარო ერთმანეთს, ირანის ტერიტორიაზე გაიაროს. პატარა მონაკვეთია, რამდენიმე ათეული კილომეტრი, მაგრამ ამით ირანის დამშვიდებას ცდილობს თურქეთი.

- ირანისთვის ხომ მიუღებელია ზანგეზურის კორიდორის შექმნა?

- მიუღებელი იყო ზანგეზურის პრო­ექტზე ლაპარაკი, მაგრამ უცებ თურქეთმა ასეთი რამ შესთავაზა და ირანი უარს ვერ იტყვის. ეს აღმოსავლეთიდან დასავლეთში გამავალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაა, რომელსაც კვეთს ჩრდილოეთიდან სამხრეთში მიმავალი გზა, რომლის ინიციატორი რუსეთია. აზერბაიჯანისთვის ეს ძალიან ხელსაყრელია. აზერბაიჯანი ცდილობს გახდეს საკვანძო ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში და გზებმა გაიაროს მის ტერიტორიაზე, ფიგურანტი გახდეს. ირანი ამასაც ყლაპავს, რადგან სერიოზულ მოგებაზეა ლაპარაკი. ერთმანეთთან დაპირისპირებულმა ქვეყნებმა, ირანმა და თურქეთმა, გამოსავალი ნახეს, მაგრამ პოლიტიკურად კომპრომისი მათ შორის გამორიცხულია, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლებებია კრემლში, თეირანსა და ანკარაში, არავითარი კომპრომისი ამ სამ ქვეყანაში კავკასიის საკითხზე ვერ მოხდება. შეიძლება ზოგ რამეზე თვალი დახუჭონ, ზოგ შემთხვევაში დელიკატურად მოიქცნენ, მაგრამ მე წავალ და თქვენ დარჩითო, ასეთი კომპრომისი ვერ მოხდება.

- საუბარია სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის კავშირის შექმნაზე. ეს რამდენად რეალისტურია?

- ეს არის სატყუარა, რომელიც სომხეთის­ ჭკუაზე მოსაყვანად გავრცელდა. ეს კავშირი არასოდეს არ იქნება. დასავ­ლ­ე­თს რომ ჰქონდეს ის ძველი გავლენები­ რეგიონში, რაც ჰქონდა, შეიძლება ეს მომხდარიყო... ჩვენ ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ამიტომ მზადება უნდა დაიწყოს დღესვე, მეტიც, გუშინ უნდა დაწყებულიყო. ვგულისხმობ პოლიტიკურ მზადებას, იმიტომ, რომ დღეს საქართველო ზოგიერთი ქვეყნისთვის ხელისშემშლელია იმისთვის, რომ კონკრეტულმა ქვეყანამ თავისი გავლენა განამტკიცოს რეგიონში. საქართველო რომ არ იყოს, სომხეთის დღეები დათვლილი იქნება, მითუმეტეს, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური ტრასის განაპირასაა, ყველა ამ ფორმატის განაპირას. მის ტერიტორიაზე რუსული ბაზაა და მის საზღვარს რუსები იცავენ.

- აზერბაიჯანსა და სომხეთს საქართველომ მოლაპარაკებაში შუამავლობა შესთავაზა. ამაზე რას იტყვით?

- საქართველომ რაც შესთავაზა, სამშვიდობო როლი, სწორი ნაბიჯი იყო. ალიევიც ორიენტირებული იყო თბილისში­ შეხვედრაზე, იქ ვილაპარაკოთ, არ გვინდა არც ერთი მსხვილი მოთამაშის ჩართულ­ობაო. აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ უარი თქვა სომხეთთან აქტიურ მოლაპარაკებაზე ვაშინგტონში. თავს იკავებს და უშვებს ორ ვარიანტს შეხვედრისთვის: ერთია ბრიუსელი, როგორც საერთაშორისო პლატფორმა, და მეორე თბილისში, როგორც რეგიონული პლატფორმა. ამ შემთხვევაში თავს სომხეთი იკავებს, რადგან მას სერიოზული გარანტიები სჭირდება, რასაც საქართველო ვერ მისცემს. ამიტომ ერევანს მიაჩნია, რომ უკეთესია ბრიუსელში­ გაიმართოს მოლაპარაკება. ამაში არის ლოგიკა და ვერ გავამტყუნებთ. საქართველო არ არის მსხვილი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია გარანტიების გაცემა სამშვიდობო მოლაპარაკების დროს. საქართველოს შეუძლია პლატფორმის შექმნა, დაცვა, მხარდაჭერის გამოხატვა და მორჩა.

- კავკასიაში ომები ხომ არ არის მოსალოდნელი?

- ვითარებიდან გამომდინარე, ომის საფრთხეს ვერ ვხედავ, მაგრამ სამხედრო-პოლიტიკური თამაში და ზეწოლა უახლოეს მომავალში მოსალოდნელია.

- ისრაელში ომია, მაგრამ ისრაელმა აზერბაიჯანს მიჰყიდა საზენიტო დანადგარები, აქეთ რუსეთმა - ირანს თვითმფრინავები, ვაჭრობა გრძელდება. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

- პარადოქსული სიტუაციაა. მსოფლიო პოლიტიკის ორპირობა განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომმა გამოაჩინა. ერთი მხრივ, ერთმანეთს სანქციებს უწესებენ, მეორე მხრივ, ჩუმ-ჩუმად ვაჭრობენ და მერე სანქციების დარღვევაში ადანაშაულებენ ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორიც არის, მაგალითად, საქართველო. ბოლო დროს გაირკვა, რომ მთელი ომის განმავლობაში უკრაინა და რუსეთი ჩუმად ვაჭრობენ. მაგალითად, უკრაინის სამი ქარხანა აწვდიდა საავიაციო ნაწილებს რუსეთს. მართალია, სამოქალაქო ავიაციისთვის, მაგრამ ფაქტია, 370 მილიონი დოლარის ღირებულების ნაწილები მიაწოდეს რუსეთს ამ ხნის განმავლობაში. დანარჩენი მიიღო ბრიტანეთის, საფრანგეთის და ნიდერლანდების ქვეყნებიდან. ეს მსოფლიოში მიღებული წესია. დღეს თურქეთი ისრაელის ერთ-ერთი მთავარი მტერია და თანაც სამშვიდობო ფლოტილიის ერთ-ერთი მონაწილეა. თურქეთი ცდილობს გახდეს მუსლიმანური სამყაროს ლიდერი. ამ დროს აზერბაიჯანული ნავთობი მიეწოდება ისრაელს, რასაც ისრაელი მოიხმარს, იმ ნავთობის 40% აზერბაიჯანულია. ეს ყველაფერი პოლიტიკის ორპირობაა. ყველა ასე იქცევა, მსხვილი თუ წვრილი მოთამაშე. ამიტომ არის გამაღიზიანებელი და გასაბრაზებელი, როდესაც საქართველოზე ლაპარაკობს ვიღაც. ძალიანაც რომ უნდოდეს, ამ სურათს საქართველო ვერ შეცვლის და პროცესზე გარდამტეხ გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ ზოგიერთ ევროდეპუტატს თითის გამოშვერა ეხერხება. აჯობებს თავიანთ ქვეყანას მიხედონ. განსაკუთრებით ბალტიისპირელ დეპუტატებს ვგულისხმობ.

დღეს ირკვევა, რომ ალკოჰოლური სასმელების მთავარი მიმწოდებელი რუსეთისთვის ლატვიაა, 109 მილიონი დოლარის ფარგლებში მიუწოდებია. თუ სანქციაა, სანქცია იყოს და არ იყოს ვაჭრობა რუსეთთან, მაგრამ არის. ამიტომ მე მინდა ჩვენი საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა გავაფრთხილო, იყვნენ ფრთხილად, ყურადღებით მოეკიდონ ამ ყველაფერს და სწორი შეფასებები გააკეთონ. ჩვენ გარშემო ვითარება ისეთია, როდის რა გამოჩნდება, კაცმა არ იცის. ეს არის მთავარი. ამას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და სწორი შეფასებები გავაკეთოთ.