რამდენად უქმნის უნგრეთის პოზიცია საქართველოს საფრთხეს და ვართ თუ არა ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინაზე მიბმული
რამდენიმე დღე რჩება 15 დეკემბრამდე, როდესაც ევროკავშირმა საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თუმცა გაჩნდა საფრთხე, რომ გადაწყვეტილება დაიბლოკოს და არა ჩვენი მიზეზის გამო. საქმე ის არის, ოფიციალური ბუდაპეშტი ცდილობს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკების დაწყების საკითხი თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს და აცხადებს, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის არც ერთ წინადადებას, დაიწყოს მოლაპარაკება უკრაინის ბლოკში გაწევრების შესახებ. საქართველოში კი უკვე კეთდება განცხადებები, რომ ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტის დაბლოკვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის ავტომატურად დაბლოკვასაც ნიშნავს.
უნგრეთი რომ უკრაინის მხარდაჭერას არ აპირებს, უნგრეთის ხელისუფლებამ რამდენჯერმე განაცხადა არგუმენტით, რომ ამ პროცესის დაწყება ნაადრევად მიაჩნიათ. ამასთან, ორბანი ბოლო დროს იმასაც ამბობს, რომ თუკი ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მისცემს, უკრაინას მხარს არ დაუჭერს.
უნგრეთს უკმაყოფილებისთვის რამდენიმე მიზეზი აქვს და მათ შორის ისიც, რომ უკრაინამ აკრძალა არაუკრაინულ ენებზე განათლების მიღება და ამაში მოექცა ეთნიკურად უნგრელი მოსახლეობაც, რომელთაც მანამდე დაწყებით საფეხურზე უნგრულ ენაზე სწავლა შეეძლოთ. ევროკავშირთან ურთიერთობაში კი პრობლემა ის არის, რომ ევროკომისიამ გაყინა ბლოკის პოსტპანდემიური ეკონომიკური სტიმულირების პროგრამაში უნგრეთის მონაწილეობა კორუფციისა და დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის პრინციპიდან პრემიერ-მინისტრ ორბანის მთავრობის გადახვევის გამო. ოფიციალური ბუდაპეშტისთვის გაყინული თანხის ოდენობა სხვადასხვა ფონდებში ჯამში 22 მილიარდ ევროს შეადგენს.
ბოლო პერიოდში ევროკავშირმა უნგრეთს "კოვიდის" შედეგებთან ბრძოლის ფონდიდან 900 მილიონი ევრო გამოუყო. თუმცა ორბანი აცხადებს, რომ მისი მთავრობა "არ მიიღებს" ევროკავშირის ზეწოლას, რომ უნგრეთისთვის თანხების გამოყოფის სანაცვლოდ მხარი დაუჭიროს უკრაინის წევრობის განაცხადს.
ექსპერტები შიშობენ, რომ თუკი უნგრეთმა და ბრიუსელმა საერთო ენა ვერ გამონახეს და ორბანი ევროკომისიის გაფართოებას დაბლოკავს, უკრაინასთან ერთად, ეს სხვა არაერთი ქვეყნისა და მათ შორის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს შეაფერხებს.რამდენად არის უნგრეთის პოზიცია საფრთხე საქართველოსთვის, ამ საკითხებზე პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორს კორნელი კაკაჩიას ვესაუბრეთ.
- 15 დეკემბერს საქართველო, ალბათ, მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი გაურკვევლობაა უკრაინასა და უნგრეთის ურთიერთობაში და ეს ძალიან ბევრ შეკითხვას აჩენს. თუ უნგრეთმა თავისი გაიტანა და შეაჩერა უკრაინასთან ევროკავშირის მოლაპარაკება, ბუნებრივია, საქართველოსა და უკრაინის საკითხიც ავტომატურად ამოვარდება კონტექსტიდან. იმედია, ევროკავშირში მაინც კონსენსუსს იპოვიან უნგრეთთან და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ევროკავშირში არ გვყავს ოპონენტი სახელმწიფო, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ კონკრეტული პრეტენზია ჰქონდეს, სავარაუდოდ, ჩვენც მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ის დათქმები, რაც ევროკომისიის შეფასებაში იყო ნახსენები, და 9 პრიორიტეტი, რომლებიც საქართველოს შესასრულებელი აქვს, კვლავ რჩება დღის წესრიგში და ხელისუფლებას მოუწევს ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით ამაზე მუშაობა. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში. ფაქტობრივად, არჩევნების შედეგები იქნება ლაკმუსის ქაღალდი, ტესტი, რომელსაც დაეყრდნობა ევროკავშირი. თუ არჩევნები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და იქნება ლეგიტიმური და აღიარებული როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებსგარეთ, მაშინ დიდი შანსია არჩევნების შემდეგ ახალ მთავრობას, ვინც იქნება, კოალიციური თუ სხვა ტიპის, დაიწყოს მოლაპარაკება და საქართველო დაეწიოს უკრაინასა და მოლდოვას. თუ არჩევნები ჩატარდება ძალიან ცუდ გარემოში და მის ლეგიტიმაციაზე იქნება კითხვები, დიდი შანსია, იქვე დავრჩეთ, სადაც ვართ, რაც ძალიან შეუშლის ხელს ქვეყნის შემდგომ ევროპეიზაციას.
- რატომ გახდა ასეთი პრობლემური უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობა და რა პერსპექტივაა, რომ დარჩენილ დღეებში ეს საკითხები მოგვარდეს?
- არის მინიმუმ სამი საკითხი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობაში. პირველი - უმცირესობის საკითხი, რაც უკვე რამდენიმე წელია პრობლემაა მათ შორის და უკვე გახდა ევროკავშირ-უკრაინის დღის წესრიგის თემაც. ძალიან რთულია ვიმსჯელოთ, თუ რამდენად მორალურია იმ ქვეყანას მოსთხოვო ამის შესრულება, რომელიც ომშია. შესაძლებელია მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე გააკეთოს რამე. მეორე ხელის შემშლელი ფაქტორი - უნგრეთი დიდი ხანია ელოდება თანხას, რომელიც მას ეკუთვნის; და მესამე მიზეზი - მმართველი პარტია ცდილობს ეს საკითხი შიდაპოლიტიკური თემატიკისთვის გამოიყენოს, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, რომ ისინი იცავენ უნგრელების ინტერესებს და არ ემორჩილებიან ევროკავშირის დიქტატს და ა.შ., რაც ძალიან პოპულისტური მესიჯებია, მაგრამ ეტყობა მუშაობს უნგრეთში. აი, ამ სამი მიზეზით ტორპედირებს უნგრეთი. უნგრეთი უკრაინის საკითხს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე იყენებს.
რაც შეეხება იმას, თუ დარჩენილ დღეებში მოგვარების რა შანსია, ცხადია, კონკრეტული გარანტიები არ არსებობს, მაგრამ ვთქვათ, თუ გადავხედავთ ნატოსთან დაკავშირებულ პერიპეტიებს - კი, სხვადასხვა ორგანიზაციაა, - მაგრამ აქაც იყო თურქეთ-შვედეთის საკითხი, მაგრამ მაინც შეძლო ნატომ კონსენსუსის წესით გადაწყვეტილების მიღება. სხვათა შორის, ამაში ჩართული იყო ევროკავშირიც, რომელმაც თურქეთს ზოგიერთი საკითხის მოგვარება შესთავაზა, რაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ანკარისთვის. სავარაუდოდ, აქაც ასევე მოხდება. ევროკავშირი სტრატეგიულ ხედვაზე უარს არ იტყვის და, ალბათ, შუალედურ გამოსავალს იპოვიან, რათა უნგრეთის მოთხოვნები მინიმალურად მაინც დააკმაყოფილონ და თან ისე, რომ უკრაინისა და სხვა ქვეყნების ევროპული პერსპექტივა არ დააზარალონ.
- ჩვენთვის სტატუსის მოცემა რატომ არის დაკავშირებული უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებაზე? ჩვენ გარეშე შარშან უკრაინას სტატუსი ხომ მისცეს და ახლა ჩვენ რატომ ვართ მასზე დამოკიდებული?
- ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ განაპირობა. ბუნებრივია, უკრაინა არის მიზეზი, რის გამოც მოლდოვასა და საქართველოს საკითხიც გააქტიურდა, მანამდე კი ეს შეუძლებელი იყო. ამასთან, რაც ძალიან საჩოთიროა ამ კონტექსტში, ჩვენი ხელისუფლების ურთიერთობაა ორბანსა და მის ხელისუფლებასთან. ჩვენ თითქოს ვცდილობთ გამოვიყენოთ უნგრეთის ფაქტორი, რომელიც არ არის მაინცდამაინც კარგი ჩვენი დიპლომატიისთვის, ევროკავშირში უნგრეთის ხელისუფლების რეპუტაციიდან გამომდინარე. თავის მხრივ, უნგრეთი ცდილობს გამოიყენოს საქართველო თავისი შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის ევროკავშირთან ურთიერთობაში. იმუქრება, თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაშინ დავბლოკავ უკრაინის საკითხსაცო. ეს კი სახიფათო ბმაა, რადგან, როგორც მოგახსენეთ, უნგრეთს ევროკავშირში რეპუტაცია ძალიან შელახული აქვს.
რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივესალმოთ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მხარს დაუჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას, მაგრამ არ უნდა მოხდეს ეს ევროკავშირის სხვა წევრების ჩვენთან გაუცხოების ხარჯზე. ეს საფრთხე არის, მაგრამ იმედია, საქმე აქამდე არ მივა და ევროკავშირი მაინც გამონახავს შუალედურ ვარიანტს, რომელიც დააკმაყოფილებს უნგრეთსაც, უკრაინასაც და სხვა ქვეყნებსაც.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია თავად ევროკავშირისთვისა და ამ სახელმწიფოებისთვისაც, რადგან მომავალ წელს ევროპარლამენტის არჩევნებია და რა ტიპის პოლიტიკური პარტიები გაიმარჯვებენ, არავინ იცის. ამიტომ ცდილობს ევროკავშირი, რომ ეს ყველაფერი ახლავე მოხდეს, მით უმეტეს, ნიდერლანდებსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში რადიკალური მემარჯვენე ტიპის პარტიები მოდიან, რომლებიც მხარს არ უჭერენ ევროკავშირის გაფართოებას. ამიტომაც ცდილობს ბრიუსელი წინ წაიგდოს საქმე, რათა მერე უფრო გაურკვეველ სიტუაციაში არ მოუხდეს ამ საკითხების გადაწყვეტა. ამიტომაც მგონია, რომ ახლა რაღაც გამოსავალს იპოვიან.
- გასაგებია, რომ უკრაინის გამო დაიწყო გაფართოების ეს პროცესი, მაგრამ თუ უკრაინა იბლოკება რაღაც მიზეზების გამო, სხვები რატომ უნდა დაბლოკო, მით უმეტეს, როდესაც გაცხადებული გაქვს გაფართოების პოლიტიკა რუსეთის გავლენების საწინააღმდეგოდ? ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი თავისივე პოლიტიკის საწინააღმდეგოდ იქცევა? ეს, მინიმუმ, ევროკავშირის მიმართ სკეპტიციზმს არ გააძლიერებს?
- ამ გაფართოებაში უკრაინა ლოკომოტივია, ომმა განაპირობა გაფართოების დაწყება და ბუნებრივია, ამ ქვეყნის გარეშე პროცესი წინ ვერ წავა. ეს პოლიტიკოსებსაც კარგად ესმით. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, თეორიულად კი არის რისკი, სტატუსი ვერ მივიღოთ, მაგრამ პრაქტიკულად თუ შევხედავთ, უფრო დიდი შანსია, მივიღოთ.
- თუ სტატუსს მივიღებთ, შემდეგ მოლაპარაკების დაწყება და შემდგომი ეტაპები ისევ უკრაინაზე იქნება დამოკიდებული?
- არა, ბევრი რამ დამოკიდებულია ომის შედეგებზე, არამარტო ევროკავშირის გაფართოებაზე. რაც მთავარია, შემდგომ გადაწყვეტილებებს მიიღებენ იმის მიხედვით, თუ თითოეული ქვეყანა როგორ პროგრესს მიაღწევს. თუმცა რეგიონული მიდგომა მაინც მნიშვნელოვანია და ჩვენთვის ეს მომგებიანია. ევროკავშირის გაფართოების ისტორიას თუ გადავხედავთ, რეგიონებს ყოველთვის ენიჭებოდა უპირატესობა.
რუსა მაჩაიძე