"ჩემი ცხოვრება არის ძალიან ქაოსური, რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო" - კვირის პალიტრა

"ჩემი ცხოვრება არის ძალიან ქაოსური, რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო"

"და მე ვტირი. რადგან სიყვარული არის ტირილი. მეტი არაფერი. ან ამაზე მეტი რა უნდა იყოს... ალბათ, არც შეყვარებულობა გამომდის კარგად. არ ვიცი..." ამ და სხვა ემოციურ ფრაზებს, სიტყვებს, ამბებს, გიორგი­ კეკელიძის ახალ, წიგნად აკინძულ იმ წერილებში ამოიკითხავთ,­ რომლებიც უახლოეს მომავალში გამოიცემა და მწერლის აზრით, "წერილები ჩემი ბავშვობიდან" მის წინამორბედზე "გურულის დღიურებზე" უფრო შთამბეჭდავიც შეიძლება იყოს. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი საქმიანობასა და მის შემოქმედებით სიახლეებზე, რთულ პერიოდსა და სხვა პირად საკითხებზე გვესაუბრება:

- გიორგი, რა გეგმები გაქვთ დასახული უახლოეს პერიოდში ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარებისთვის?

- ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისი რეაბილიტაციის გადამწყვეტი ეტაპი დაიწყო,­ რაც გულისხმობს პირველი და მეორე კორპუსების სრულ რეკონსტრუქციას, ბუნებრივია, წარსულის, პირვანდელი სახის სრული შენარჩუნებით, მცირედი მოდერნიზაციით, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებისთვის ფეხის აწყობას გულისხმობს. ამ პროცესს ჩვენ ძალიან ფრთხილად, ემოციურად და დაკვირვებით ვუდგებით, რადგან ეს საქართველოს მთავარი სამკითხველო დარბაზებია, ლეგენდარული, სადაც უამრავ თაობას გაუტარებია დრო წიგნთან ერთად. შესაბამისად, სახელმწიფო, კერძო ბიზნესთან თანამშრომლობით, ამ დიდ და ამბიციურ პროექტს იწყებს.

პარალელურად, ქართული დამწერლობის მუზეუმს ვაკეთებთ, რომელიც, ვფიქ­რობ, გაიხსნება არა უგვიანეს 2024 წლის იანვრისა. ეს არის ჩვენი დიდი პროექტის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ბიბლიოთეკაში სამუზეუმო მიმართულების განვითარებას, რადგან რეალურად ბიბლიოთეკები დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგანან - მიიზიდონ მკითხველი და წიგნი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახადონ. ამას მხოლოდ ტრადიციული მეთოდებით ვერ შევძლებთ, ამიტომ აუცილებელია მოდერნიზაციის პროცესში, მათ შორის, დიჯიტალიზაციასთან ერთად, მოხდეს სივრცეების ისე მოწყობა, რაც ირიბად მაინც მიაბრუნებს მკითხველის ყურადღებას წიგნისკენ. ჩვენ გვაქვს სამი დიდი ლაბორატორია, სადაც წიგნების გაციფრულებაზე მუშაობენ, მაგრამ, ვფიქრობ, ბეჭდურ წიგნს აუდიოწიგნი საბოლოოდ ვერ გააძევებს. თუმცა ის იარსებებს მთელი თავისი სიმძლავრით. მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მე მაინც ბეჭდური წიგნის თაობა ვარ, თუმცა არის მიმართულებები, რომლებსაც მხოლოდ ელექტრონულად ვიყენებ, მაგალითად, ლექსიკონები.

აქამდე ბიბლიოთეკაში გავხსენით წიგნისა და პრესის მუზეუმები, ჩვენთან გადმოვიდა ემიგრაციის მუზეუმი და ქართული დამწერლობაც რომ მიემატება, ერთგვარი ოთხკუთხედი შეიკვრება. მალე გაიხსნება ნიკო ნიკოლაძის სახელობის დარბაზი, არაყიშვილის სახელობის კაბინეტი და ჩხოტუების კაბინეტი, სადაც იქნება ქართველ და აფხაზ თავადთა არქივები, ნაწილი ესპანეთიდან მალე ჩამოვა საქართველოში.

- თქვენ რა წიგნებზე მუშაობთ ამჟამად?

- ჩემი დიდი დეპრესიის შემდეგ აქტიურად დავიწყე მუშაობა ბევრი მიმართულებით, მათ შორის რამდენიმე წიგნზე და ზოგიერთი უკვე დავასრულე კიდეც. იცით, რომ გამოვიდა "ხვიჩა, სახელად ვარსკვლავი", რომელიც ბესტსელერია.

ასევე, გამოვიდა, ჩემი აზრით, ჩემი მთავარი წიგნი, ახალი სიმღერები ლექსებისა, სადაც დიდი ენერგია ჩავდეთ და ხარისხის თვალსაზრისით, ვფიქრობ, არა დაეწუნება რა. ჩემთვის მუსიკა ერთი მთავარი ვნება და ჰობია, ფეხბურთთან და კინემატოგრაფთან ერთად. მინდოდა, რომ ეს ცოდნა და ემოციური გამოცდილება ფურცელზე გადმომეტანა, ჯერ ბლოგის სახით გამოქვეყნდა ეს ყველაფერი და მერე კი - წიგნად.

ხვიჩაზე წიგნი იტალიაშიც მალე გამოვა­, ოღონდ შეცვლილი სათაურით "კვარა, საქართველო", სადაც საუბარია არა მარტო ფეხბურთელზე, არამედ იმ ქვეყანაზეც, საიდანაც ის არის; ხვიჩას იტალიაში, ნეაპოლში შევხვდი, ქართველ სტუდენტებთან ერთად, რომლებიც მის გასაცნობად ჩავიყვანეთ. ძალიან ღირსეული ადამიანია, ნიჭიერი, ერთ-ერთი ტოპფეხბურთელი და დარწმუნებული ვარ, დიდი და სერიოზული მომავლის მქონე სპორტსმენია.

kvara-kekelidze-1701672602.jpg

ძალიან მიხარია, რომ მიშა მესხის შთამომავლებმა მასზე წიგნის დაწერა შემომთავაზეს, შევხვდი, ვისაუბრეთ, პროცესი ახალდაწყებულია, ბევრ სამუშაოს გულისხმობს და სურვილი გვაქვს, 2025 წელს გამოიცეს, ბატონი მიშას დაბადების დღეზე. მრავალმხრივი, საინტერესო ხალხია, ყველას საკუთარი მიშა მესხი ჰყავს და ყველას თავისი არქივი აქვს.

ახლა თარგმანებზეც აქტიურად ვმუშაობ, ასევე მალე გამოვა თომას ზღაპრების მეორე ნაწილი; წიგნი მუსიკაზე; ასევე, "წერილები ჩემი ბავშვობიდან", რომელსაც გამომცემლობა "პალიტრა L"-ი დასტამბავს... ეს მიკარნახა ხელახლა მიბრუნებამ "გურულ დღიურებთან", რაც გამოიწვია სცენარზე მუშაობამ, სხვა სცენარისტებთან ერთად, ფილმისა, რომელსაც ლევან კოღუაშვილი გურიაზე იღებს. მაშინ ძალიან ბევრი ახალი ისტორია შემომხვდა და გადავწყვიტე, ახალ წიგნადაც მექცია.

- თქვენ შესახებ მკითხველმა ძალიან ბევრი რამ იცის როგორც წიგნებიდან, ისე თქვენი პოსტებიდან, სადაც ცხოვრების ეპიზოდებს ჰყვებით. რთული პერიოდი გამოიარეთ. ახლა როგორ უყურებთ იმ ყველაფერს?

- ჩემთვის ეს პერიოდი იყო, სიმბოლურად რომ ვთქვათ, სიკვდილისა და ხელახლა დაბადების ერთგვარი მისტერია, წელიწადნახევრიანი სრული კოლაფსისა და ენით აღუწერელი ტანჯვის შემდეგ ნელ-ნელა დავიწყე ცხოვრებაში­ დაბრუნება. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ეტაპი. დავიწყე ამბიციურად, ბევრ საქმეს მივედ-მოვედები, მაგრამ როგორც ვატყობ, ეს უკიდურესად აუცილებელი ამბავია ჩემი ბიოქიმიისა და ფსიქიკისთვის, იმიტომ, რომ ზოგადად ამ მოწყობის ადამიანი ვარ, ადამიანი, რომელიც მოძრაობს, იბრძვის, ქმნის, შეძლებისდაგვარად. არა მაინცდამაინც შედეგი, თვით პროცესია ჩემთვის მნიშვნელოვანი.

- რა არის თქვენს ცხოვრებაში მთავარი,­ ის, რამაც ემოციური გავლენა მოახდინა თქვენზე?­

- რთული განსასაზღვრია, რადგან ზუსტად ვერ მიხვდები, რა იყო მთავარი­, გარდამტეხი, რადგან დაკვირვებების შედეგად მონაცვლეობს, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს. ეს არის, ალბათ, ბავშვობა, მამასთან ერთად ბაღში სიარული, როდესაც მამას კისერზე ვეჯექი, მივდიოდით და მთვარეს ველაპარაკებოდით; ალბათ, ზღაპრები, რომლებსაც ბებია-ბაბუა მიამბობდა; პირველად წასვლა სკოლაში მარტო, როდესაც დამოუკიდებლობა შევიგრძენი, თუმცა მისი "ფასი გადავიხადე", გზაზე რაღაც სირთულეები შემემთხვა, რაც ამ გადასახედიდან სასაცილოა; მამაჩემისა და ბებიაჩემის გარდაცვალება ორი დღის შუალედით, თითქმის მოულოდნელად, რამაც ძალიან დიდი დამღა დაამჩნია­ ჩემს ცხოვრებას, ისევე, როგორც თავის დროზე ბაბუაჩემის თვითმკვლელობამ.

ახლა ყველაზე მეტად მაკლია ის, რომ ვერ მოვახერხე, გაცილებით უფრო ხშირად მენახა მამა. სულ მაკლია ის საუბრები,­ რომლებიც გამოვტოვე მასთან. რეალურად, ეს აუნაზღაურებელი "გამოტოვებაა" ჩემთვის. 1990-იან წლებში, იმ დროს, როცა ადამიანისთვის თითქმის ყველაფერი შეზღუდული იყო, ფანტაზიის გარდა, რომელიც სერიოზულ ასპარეზს გულისხმობს ყველაფრიდან რაღაცის გამოგონებას, მამაჩემი ამ თვალსაზრისით სრულიად უბადლო იყო. დიდი მადლობა მას, რომ ეს ურთულესი პერიოდი მხოლოდ შავბნელად არ დაუტოვა ჩემს მეხსიერებას.

- რა იყო ის სასიხარულო ემოცია, რომელიც ყველაზე მძაფრად დაგამახსოვრდათ?

- სამწუხაროდ, მე არა ვარ სიხარულისკენ მიდრეკილი ადამიანი, ეს გრძნობა რეპრესირებულია ჩემს ემოციურ ნაწილში.

- რამ განაპირობა?

- ბევრმა რამემ, ბავშვობის ტრავმებმაც, ცოტა შემდგომმაც... სიხარულის შიში მაქვს, განსაკუთრებით, ხანგრძლივი სიხარულის. ამიტომ მაინცდამაინც არაფერი მახსენდება.

- არაფერი განიჭებთ სიხარულს?

- რაღაცები ფრაგმენტულად მანიჭებს, მაგრამ მალევე მთავრდება.­ ნებისმიერი წარმატება, მაგალითად, როდესაც დამწერლო­ბის მუზეუმს გავხსნით, გამ­იხარდება,­ მაგრამ მალევე დამავიწყდება, პირველივე მოსახვევში.

- ყველაზე რთული რა არის?

- ყველაზე რთულია ყოველდღიურობა, ბრძოლა საკუთარ თავთან, დაკვირვება და მცდელობა იმისა, რომ გაიმარჯვო წინა დღეზე.

- ურთიერთობებში რა არის ყველაზე მთავარი?

- როგორც აღმოჩნდა, კომპრომისია მნიშვნელოვანი, რაც ჩემთვის მაინცდამაინც კარგი ამბავი არ არის, რადგან, ძალიან ჯიუტი და უკომპრომისო ვარ. ამიტომაც ჩემთან ურთიერთობა ძალიან ჭირს, მიუხედავად იმისა, რომ არავის არაფერს ვუშავებ, მაინც, ჩემი თვითგვემისკენ მიდრეკილების გამო. ჩვენ სოციალური არსებები ვართ, ყოველდღიურად უამრავი კავშირი გვაქვს და ეს გარდაუვალია.

giorgi-kekelidze-1701672650.jpg

- როდესაც რთული პერიოდი გქონდათ, რა გადააფასეთ მაშინ?

- ადამიანები, ჩემი დამოკიდებულება გარე სამყაროსთან; ზოგ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან გამოცდილი მეთქმოდა, უკიდურესად კომიკური და სრულიად უსაფუძვლო შიშები; ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ობსესიებს, არამედ სოციალურ შიშებს. ბევრი რამ გადავაფასე.

- ყველაზე მეტად ვინ გედგათ გვერდში?

- ჩემი უახლოესი რამდენიმე მეგობარი, რომელთაც თავი გაწირეს და ლამის ჯოჯოხეთში ჩამომყვნენ. მთავარი ის იყო, რომ მარტო არ მტოვებდნენ, თორემ ვერ მოითხოვ, რომ ადამიანების უმეტესობას სპეციფიკური განათლება ჰქონდეს ფსიქიატრიაში ან ფსიქოთერაპიაში. ეს რთული სფეროა, რაშიც ჩვენ უცნაური ცოდნა გვაქვს, საბჭოთა ინერცია და ცუდი გამოცდილება არსებობს.

- სირთულეების დროს, სად არის თქვენთვის სინათლე? ნათელი წერტილი?

- მაშინ არავითარი ნათელი წერტილი­ არ არსებობდა, პირიქით, ბევრი ბნელი წერტილი იყო. უბრალოდ, დამთხვევებმა, სწორმა მკურნალობამ, ჩემმა ნებელობამ განაპირობა ის, რომ მე ახლა აქ ვზივარ და თქვენ ინტერვიუს გაძლევთ.

- სტატუსიც დაწერეთ, რომ ანტიდეპრესანტების მიღება შეწყვიტეთ...

- დიახ, ვნახოთ, შევხედოთ, როგორ იქნება...

- "გურულის დღიურებში" გიწერიათ, მამა ძილის წინ ხელს ჩამჭიდებდა და მეუბნებოდა, ძალა მომეცი, "დავიტენოო". თქვენ რა გაძლევთ ამ ძალას, ენერგიას?

- ამჯერად მხოლოდ საკუთარი თავი, ბრაზი საკუთარ თავზე და იმ დიდი ჩავარდნის ამოქაჩვის სურვილი.

ერთი ძალიან სწორი და ზუსტი განმარტებაა იმისა, თუ რატომ უნდა ვცხოვრობდეთ, და რაც ყურს მაინცდამაინც სასიამოვნოდ არ ხვდება, მაღალფარდოვანი და ფუჭი იმედისმომცემია - ბარათაშვილის ერთი ფრაზა: "მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან - შვილნი სოფლისა", რაც ნიშნავს, რომ მე, ადამიანს, მომესაჯა სიცოცხლე და უნდა გავიმეორო ის მისტერია, რაც მშობელმა, მისმა მშობელმა და სხვებმა გააკეთეს, სიცოცხლის მისტერია. ამ აზრით, სიცოცხლე აუცილებელია. სიცოცხლე არის ის, რადაც შენ მას აქცევ.

- თქვენი ცხოვრება როგორია?

- ჩემი ცხოვრება არის ძალიან ქაოსური, რთული, არასასურველი. თუ ამ ცხოვრების სხვა ადამიანისთვის გაცემაზე მიდგებოდა საუბარი, არავის ვუსურვებდი იმ გზებსა და ნიუანსებს, რომლებიც მე გავიარე, მაგრამ, იმავდროულად, ძალიან საინტერესოა როგორც საქმიან, ისე პირად ნაწილში, ეს კი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს.

- სინანული რასთან დაკავშირებით გქონიათ?

- ბევრ რამეზე... მათ შორის, შევხვედრივარ სრულიად ნაგავ ადამიანებს და მე მგონია, დიახ, ადამიანი მათ შორის ეს ყალბი­ ლაპარაკი, რომ ყველა ადამიანში მზეა, მხოლოდ და მხოლოდ სუსტი, გაუგებარი მეტაფორაა. შეიძლება იყოს, მაგრამ ეს მზე მაინცდამაინც არ ანათებს. ბევრ ადამიანს არ შევხვდებოდი არასდროს, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრება ეგ არის.

- თქვენს საწინააღმდეგოდ იმოქმედეს და დაგაზარალეს?

- ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, შეიძლება კი, შეიძლება არც, ზოგმა კი, ზოგმა - არც... ამ გადასახედიდან, სასურველად არ ვთვლი იმ ურთიერთობებს, რომლებიც მქონდა. აქ ე.წ. პირადი თავგადასავლები არ იგულისხმება. თავიდან ძნელად წარმომედგინა, რომ ადამიანი შეიძლება იყოს აბსოლუტური მატყუარა, მიზანმიმართულად, სრულიად გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ მას ეშლება რაღაც, მაგრამ მერე დავრწმუნდი, რა როგორც იყო.

- სიკეთე რა არის თქვენთვის?

- სიკეთე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამოვარდნა, რაც ადამიანს აშორებს სხვა ცოცხალი არსებებისგან - ანუ სიკეთის გამიზნულად კეთება და არა ინსტინქტურად. თვითონ სიკეთე, ამ აზრით, არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიკეთე, რასაც ადამიანად ყოფნა ჰქვია, ამ ამპლუაში. ბევრი ადამიანი მახსოვს, ვისაც ჩემთვის სიკეთე გაუკეთებია. პირადად მე მსიამოვნებს სიკეთის კეთება, როცა შემიძლია სხვა ადამიანი რაღაცით გავახარო. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიამოვნებაა.

- წიგნიდან ერთი ფრაზა დამამახსოვრდა­, ნოემბერი სიკვდილის ფერიაო, ახლა რა ფერია ნოემბერი?

- ჩემთვის ნოემბერი იმიტომაა სიკვდილის ფერი, რომ მამაჩემს სწორედ ამ თვეში დაუსვეს ლიმფოპლასტური ლეიკემიის დიაგნოზი... ახლაც ეს ფერია... ახლაც ის ემოციები მოდის... დეკემბერში კი იყო ფატალური მარცხი... გარდაცვალება.

- დედაზე რას იტყვით?

- თუ მამა თავისუფლებას მკარნახობდა,­ დედა - წესებს, დისციპლინას, ობსესიურ წესრიგს, რაც ძალიან წამადგა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო კონფლიქტი ორ, სრულიად განსხვავებულ მოცემულობას შორის და შესაძლოა ეს პირველი ტრავმებიც ყოფილიყო ჩემთვის, საბოლოოდ მე მაინც მადლიერი ვარ მაგ ამბის.

- როგორ ფიქრობთ, თქვენ როგორი მშობელი იქნებით?

- მე ჯერ ისიც არ ვიცი, ვიქნები თუ არა საერთოდ მშობელი, მაგრამ, ალბათ, ცოტა ფანატიკური, როგორიც მამა იყო. ამის მეშინია და რეალურად შესაძლოა მაგიტომაც არა ვარ დღეს მშობელი.

- არ გაქვთ სურვილი?

- ხან კი, ხან – არა.

გთავაზობთ ფრაგმენტს წიგნიდან - “წერილები ჩემი ბავშვობიდან”:

“ჩემი პირველი შეყვარებული იყო თეონა. გვარი არ მახსოვს - ან ლომინეიშვილი ან ბარამიძე ან სანიკიძე. თეონა იქნებოდა მეშვიდე კლასში. სადღაც. მე ორი-სამი წლის. მოქმედება ხდება ჩემი მამულეთის, სოფელ სურების სკოლაში. ბებიაჩემი იქ ასწავლის. თეონა სწავლობს. მე დამსწრე ვარ. დამსწრე ზოგადად საშიში სიტყვაა სკოლაში. როგორც აღმოჩნდა, არც მე ვიყავი უწყინარი დამსწრე. ცხადია, თეონას ბებიაჩემმა უთხრა “ესე საქმე დამალული”. იმ თეონამ კი რატომ მოიგონა, არ ვიცი – ერთ-ერთი გაკვეთილის შემდეგ, რომელსაც ბებიაჩემის ამბავში ვესწრებოდი, მითხრა, მე “შავი ბიჭები” მომწონსო. ეგ კი ვიცი, რა ტიპის ხალხს ამბობდა, მაშინ დიდად მოდურზე, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ “შავში” დაუბანლობას გულისხმობდა და დაბანას მთელი კვირა ვაპროტესტებდი. ამდენის მოთმენა შეუძლებელი გამოდგა დედაჩემისთვის, რომელიც სისუფთავის ობსესიური მოყვარულთაგანია. ლამის გამთოკეს და ისე დამბანეს. ჰოდა, ამ ძალად განბანის მერე, ხმამაღლა ვყვიროდი, როგორც გამასუფთავეთ, ისე გამაშავეთ, თორემ წყალში გადავხტები-მეთქი. მერე ბუხრიდან გამოიღეს ნახშირი და წამისვეს.

მეორე - მაკა ჩაჩანიძე. ეგ დედულეთის, ნატანების ბაგა-ბაღში. მაკა ჩაჩანიძე შემიყვარდა კაცთა მოდგმისთვის ჩვეული მიზეზით - როცა ბაღში მიმიყვანეს, ყველა სხვა დანარჩენს უყვარდა. ეგრე მიყვარდა მაკა. და როგორც იქაური ხმები ამბობდნენ, მაკასაც ვუყვარდი, როგორც რომ ,,მეგა-პოლისიდან", ქალაქ მახარაძიდან, დროებით ჩასული კაცი. მაშინ ოზურგეთს მახარაძე ერქვა. უკვე სულს ღაფავდა ეს სახელი და მალე მოკვდა, როგორც რომ ჩემი სიყვარული მაკასადმი, გამოვტყდეთ, რომ არცთუ მთლად გადარეული.

მესამე - ფატიმა მუკმანიანი - სრულიად შესანიშნავი და ლამაზი გოგონა. ოღონდ ის მიყვარდა ყველაზე უცნაურად. როცა ოზურგეთის ბაღში დამაბრუნეს, სახლში მკითხეს, შეყვარებული თუ გყავსო, ფატიმა ჩემ გვერდით იჯდა ბაღში, ტილები გადამდო, ორივეს თავი გადაგვხოტრეს და ეგ ვუთხარი. ფატიმა არის-მეთქი ჩემი შეყვარებული. მერე თმები ამოგვივიდა.

მეოთხე - ქრისტინა მირიანაშვილი. გოგონა უცებ მოგონილი ზღაპრიდან. გახსოვთ? სარვამარტოდ, მაშინ ხომ ასე უნდა მოგველოცა - მასწავლებლის ინსტრუქციით, ხელში ენძელა გვეჭირა და ხელები აუცილებლად ზურგსუკან გვქონდა და რაღაც ლექსს ვამბობდით, თავჩაღუნული, რაც შეიძლება სწრაფად და ლამის ყვირილით. და ლექსის ბოლოს უცებ ,,დააძრობდი” ენძელას. მე რომ გოგო მიყვარდა, ქრისტინა, იმისთვის თქმა ყოველთვის მრცხვენოდა და სულ სხვა გოგოს ვეუბნებოდი. ერთადერთი, სანამ შინ არ წაიყვანდნენ - ველოდი, თუნდაც ჩემთვის მოეკითხათ მანამდე. და მერე ფეხსაცმელებს ვაცმევდი. ეს იყო ჩემი მაშინდელი სამიჯნურო რიტუალი.

,,გურულ დღიურებში" ამაზე ვახსენე გაკვრით და იქნებოდა ასე 2019 წელი, სტუდენტებს ვხვდებოდი ბიბლიოთეკაში. რომ დასრულდა შეხვედრა, ერთმა გოგომ მითხრა, მე ქრისტინას შვილი ვარო. და ახლაც ვიღიმი.

მეხუთე - თამარ კონტრიძე. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოგო ჩემი ცხოვრების გადარეულ ისტორიაში. ეგ უკვე სკოლაში. ეგეც მგონი იმ ხაზით თავიდან, როგორც რომ მაკა ჩაჩანიძე - იმ კლასში რომ გადამიყვანეს, ყველას უყვარდა. არ გამიმხელია. სკოლაში უკვე ვეღარ ვგავდი ბაღის გიორგის, ბევრი დარდი და სიკვდილები მეკიდა ზურგზე საშინელ სიმორცხვედ. ვუთხარი მხოლოდ 2012 წელს. ქალაქ პარიზში. კაფეში, რომელიც საერთოდ არ ჰგავდა ოზურგეთის სკოლას. არც ნახატები ჰგავდნენ ნახატებს - კედელზე რომ ეკიდა - იქაც და აქაც. და ისიც აღარ ჰგავდა იმ გოგოს და არც მე იმ ბიჭს.

სკოლის ბოლო ამბებიდან არის ,,ბერიკები". ეგენი ჩამოვიდნენ ოზურგეთში გასტროლებზე და ჩამოყვათ ანა სანაია. იყო ერთი საღამო, რომელსაც ვიხსენებ რომ იყო, მაგრამ ზუსტად რა და როგორ, ღელვამ დაფარა. ანამ დამიტოვა გრძელი წერილი. მანდ ეწერა, რომ ახლა რომ შევხვდით, მერეც შევხვდებით, როცა მოხუცები ვიქნებით, სადმე პარკში, სადაც შვილიშვილებს ვასეირნებთ და ვერ ვიცნობთ ერთმანეთს და მისთანანი. მოკლედ - თეატრის გავლენა. იმ წერილს ძალიან დიდი ხანი ვინახავდი და მერე ძალიან დიდი ხანი ვეძებდი. ვერ ვიპოვე. დედაჩემი ყველაფერს ისე აგროვებს ხოლმე და რაღა ეგ თაბახი გაქრა. სიბერემდე შევხვდით. ალბათ ასე 13 წლის შემდეგ წერილიდან და ძალიან ცოტა ხანი შეყვარებულებიც გვერქვა და თუ რაც ჰქვია მაგას - ეგ დარქმევები მე კარგად არ გამომდის. ალბათ არც შეყვარებულობა გამომდის კარგად. არ ვიცი.

მაგრამ გამომრჩა. ერთი და შეიძლება მთავარი. ეგ ქალი არც არსებობდა. ლექსში - კი. ისე მგონი - არა. საერთოდ, პირველი ლექსი, რომელიც მახსოვს, საბავშვო ვერ არის და ეს ლექსია: ,,ლოხინვარ-ჭაბუკი ცხენს მოაჭენებდა დასავლეთ მხარიდან,

მისმა ბედაურმა ყველა გზა დალახა, არაფერს დარიდა!" - უოლტერ სკოტი. თამარ ერისთავის საოცარი თარგმანი შოტლანდიური დიალექტიდან. კითხულობდნენ ჩემი მამიდაშვილები ღამით, სურების სახლის აივანზე და მე მესმოდა და მერე ლოხინვარი ვიყავი და მივდიოდი სატრფოს ქორწილში: "მე დიდხანს ვეტრფოდი თქვენს ასულს, სენიორ, თქვენ ეს არ გენებათ და სიყვარული რომ სოლვეის ტალღას ჰგავს, თქვენც მოგეხსენებათ, -

მასავით ბობოქრობს და თავაშვებული ნაპირებს აწყდება,

მასავით ბობოქრობს და მერე ერთბაშად მასავით დაცხრება.

მე დღეს აქ მოვედი დამცხრალი გულით და დამცხრალი ტრფიალით,

მე მხოლოდ ერთ ცეკვას მოვითხოვ დღეისთვის და ღვინოს ფიალით.

ჯერ შოტლანდიაში ლამაზი ასული ბევრია საკმაოდ,

და ჭაბუკ ლოხინვარს არ დაიწუნებენ ისინი საქმაროდ.“

ეგ არის მთავარი ამბავი მგონი. ძველი კი არა - საერთოდ. ერთი მსახიობი ვიპოვე, კითხულობს ამ ლექსს. იქაური.

და იწყებს დიდი გამოთქმით: "O young Lochinvar" და მე ვტირი. რადგან სიყვარული არის ტირილი. მეტი არაფერი. ან ამაზე მეტი რა უნდა იყოს.

“წერილები ჩემი ბავშვობიდან”, გიორგი კეკელიძე