როგორი იქნება სამშენებლო ამნისტიის პროექტი? - კვირის პალიტრა

როგორი იქნება სამშენებლო ამნისტიის პროექტი?

სამშენებლო ამნისტიის პოექტს იუსტიციის სამინისტრო განსახილველად პარლამენტს უახ­ლოეს მომავალში წარუდგენს. "საკუთრების უფლების სრული მასშტაბის უზრუნველსაყოფად და ასევე, უკანონო მშენებლობიდან მომდინარე რისკების ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელად პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შევიმუშავეთ ამნისტიის პროექტი, რაც პარლამენტს წარედგინება. ეს იქნება ნათელი მაგალი­თი­ იმისა, თუ როგორ უწყობს ხელს საქართველოს ხელისუფლება საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს საკუთარი უფლებების რეალიზებაში... ეს ინიციატივა გავრცელდება მხოლოდ იმ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, რომლებიც აშენდება 2024 წლის 1-ლ იანვრამდე. ეს ინიციატივა არის არა მარტო ამნისტია, არამედ ეხმიანება უკანონო მშენებლობების პრობლემას. ვიმედოვნებთ, ამ პრობლემის აღმოფხვრის შემდგომ დასრულდება ყველა ის სირთულე, რაც თან ახლავს უკანონო მშენებლობებს და 2024 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ნებისმიერი ინდივიდუალური სახლი კანონიერად აშენდება", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.ამნისტიის კანონპროექტის შესახებ იურისტ ლია მუხაშავრიას ვესაუბრეთ:

- ამნისტია ნიშნავს პატიებას და მთავრობა ამნისტიის ფორმით მოსახლეობას ჰპირდება, რომ დაუკანონებს უკანონო მშენებლობას მაშინ, როდესაც აქამდე რამდენჯერმე სხვადასხვა ადგილას, განსაკუთრებით დედაქალაქში, ხალხს ჯერ გარაჟები, მერე სახლები დაუნგრიეს. არ მავიწყდება ის შემზარავი სცენები, ის წყევლა-კრულვა,­ რაც ამ იდეის ავტორებს გაუგზავნეს. ჩვენთან რომ კორუფცია ფესვგადგმულია, ეს არის ამის ერთ-ერთი უტყუარი ნიშანი. ხელისუფლება ხალხს აძლევდა უკანონო მშენებლობის უფლებას, განსაკუთრებით დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში, სადაც ასეთ მშენებლობებს მკაცრად უნდა აკონტროლებდნენ. რისთვისაა ზედამხედველობის სამსახური? გააორმაგეს საჯარიმო სანქციები (თქვენ რომ უკანონოდ ააშენებთ, გარდა იმისა, რომ დაგაჯარიმებენ, გინგრევენ უკანონო ნაგებობას) და ახლა გამოდის, ამ ხალხს აღარც ჯარიმა შეეხება და არც დანგრევის საშიშროება. იმ ხალხმა რა ქნას, ვინც თბილისის მერიამ უსახლკაროდ დატოვა? ხომ გახსოვთ შარშანდელი მასობრივი ნგრევა-გასახლება? იმ ხალხს ახლის აშენების საშუალება სად ჰქონდა? აი, ისინი არიან ყველაზე გამწარებული.

გურიაში ძალიან გახშირდა საკურორტო ტერიტორიებზე უკანონო მშენებლობები­ - ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ან კორუფციული გარიგებებით შეთანხმებების საფუძველზე აშენებენ რაღაცას უკანონოდ და იმედი აქვთ, რომ დაუკანონდებათ. ამნისტიის შესახებ ინფორმაცია ვისაც ჰქონდა, დასწრებაზე იყო. ბახმაროში შარშან და შარშანწინ თუ ვინმემ რაღაც "მოახერხა", ვფიქრობ, უფრო კორუფციული გარიგებების შედეგი იყო, თორემ ვერავინ განჭვრეტდა, რომ საყოველთაო ამნისტია გამოცხადდებოდა. ახლა ამით ბევრი იხეირებს, მათ შორის ისინიც, ვინც ოპოზიცი­ურად იყო განწყობილი - მაგალითად, თუ ოჯახს დაეზოგება 10 ათას ლარამდე ჯარიმა, ნაგებობის დანგრევას გადარჩება და შეეძლება მისი დასრულება, მას ხელს აღარავინ ახლებს და დაურეგისტრირდება­ როგორც კანონიერი საკუთრება. ცხადია, მათ მადლიერების გრძნობა გაუჩნდებათ. ჩემი აზრით,ასეთი ამნისტია - უკანონო ნაგებობების დაკანონება საარჩევნოდ პირდაპირი მოსყიდვაა, თან ხელისუფლებამ იეშმაკა და ეს ცოტა ადრე გააკეთა, ვიდრე ვთქვათ, ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები წინასაარჩევნოდ საქართველოში დამკვირვებლებს გამოგზავნიდნენ. ალბათ, უკვე კარტოფილის, ხახვისა და ფულის დარიგება აღარ იქნება შედეგიანი.

საარჩევნოდ უსათუოდ გამკაცრდება­ კონტროლი პოლიტიკური სუბიექტების მიერ თანხების შეწირვაზე, მოზიდვაზე, ასევე, გამკაცრდება ზომები სხვა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეც. იუსტიციის სამინისტროს მაინც შეუვა რეგისტრაციისთვის აუცილებელი მოსაკრებელი, რაც უკანონო ნაგებობების მასშტაბის გათვალისწინებით, არ იქნება მცირე თანხა. უკანონო ნაგებობაში მარტო სახლი კი არ ითვლება, არამედ კორპუსის აივანი, ლოჯია, ავტოფარეხი, ფარდული, სველი წერტილი და სხვა, ყველაფერი ის, რაც ნებართვის გარეშე აშენდა, დაკანონდება (კორპუსის მობინადრეთა თანასაკუთრებაა მიწა, რომელზეც ბინა დგას).

- რატი ბრეგაძის განცხადებაში ნახსენებია "ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ინდივიდუალური შენობა-ნაგებობები", ამაში კორპუსის ბინა, მიშენებული ლოჯია და მისთანები მოიაზრება?

- რა თქმა უნდა, პრივატიზებული კორპუსის ბინას ეკუთვნის მიწის ნაკვეთიც, რომელზედაც ეს შენობა დგას, წილობრივად, ასე რომ, ამაში კორპუსების მიშენებაც იგულისხმება, ავტოფარეხიც, ე.წ. იტალიურ ეზოებში სველი წერტილები, სასაწყობე ფართობები, ფარდულები, რომლებსაც ადამიანები სივიწროვის გამო იყენებენ.­ ხომ ხედავთ, ვადაც კი მისცეს (1-ლ იანვრამდე) და ახლა რომ ვინმემ მოიწადინოს, მოასწრებს რაიმეს აშენებას, არაა აუცილებელი კაპიტალური და დასრულებული­ იყოს, მთავარია, ამზომველი მიიყვანოს, ნახაზი გააკეთოს და რეესტრს მიმართოს. თვე-ნახევარში დიდი სახლის წამოჭიმვაც შეიძლება. ისინი, ვინც მართლა ძალიან დაზარალდა, გაცილებით მცირერიცხოვანი ჯგუფია მათზე, ვისაც მოიმადლიერებენ, ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად მოფიქრებული, დაგეგმილი და გათვლილია. ხომ გაუჩნდება ადამიანს კითხვა, გუშინ და გუშინწინ თუ ბულდოზერებით ანგრევდა ნაგებობებს, ახლა რატომ გაკეთილშობილდა ხელისუფლებაო? ეს არის წინასაარჩევნო მოსყიდვა.

ვფიქრობ, 2024 წელი ხარისხობრივი გარდატეხის მომტანი იქნება არა მარტო არჩევნების გამო. ძალიან ოპტიმისტი ვარ და ბოლო დროს ყველა მკიცხავდა, როცა ვამბობდი, სტატუსს მაინც მოგვცემენ-მეთქი. სტატუსი ჩვენთვის მრავალმხრივ სასარგებლოა: ჯერ ერთი, ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვა ვეღარ მოხერხდება, მაქსიმალურად შეიზღუდება. მეორეც, ევროკავშირიდან წამოვა დაფინანსება, რათა ჩვენი ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

ამას წინათ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოს წარმომადგენელ ჩემს კოლეგებს ვკითხეთ, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მიიღეთ-მეთქი. იცით, რა მითხრეს? - ადრე თუ ბრიუსელიდან გვწერდნენ ინსტრუქციებს და ჩვენი მთავრობა ან კითხულობდა, ან არა, ან ასრულებდა და, ან არაო, სტატუსის მონიჭების მერე ყველა საჯარო და სახელმწიფო დაწესებულებაში თავისი წარმომადგენელი უზით (იქიდან ჩამოყვანილი, ან ადგილობრივი), რომელიც მათ საქმეს აკეთებსო. ვითარება თუ ასე შეიცვლება, მაშინ ზედმიწევნით მოუწევთ მითითებებისა და რეკომენდაციების შესრულება. თუ არადა, იმაში მაინც უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ გენპროკურორი არ გვეყოლება ისეთი­ კაცი, რომელიც მომავალში გაცხადებული ფე-ეს-ბეს აგენტი იქნება. ამ პაწაწინა ქვეყანას სიკეთეები ძალიან მალე დაეტყობა. საბიუჯეტო სახსრები და უცხოეთიდან შემოსული თანხები, განსაკუთრებით გრანტები, რაციონალურად მოხმარდება საქმეს და არა ისე, როგორც ახლა ფლანგავენ დიდ თანხებს (რომ დაასაქმონ ხალხი, რაც შეიძლება ბევრს ჰქონდეს ხელფასი, რათა იყოს ადმინისტრაციული რესურსი).

mshenebloba2-1701625806.jpg

- როგორ ფიქრობთ, სამშენებლო ამნისტიას მოჰყვება ევროკავშირის რეაქცია?

- ეს უკვე არის მტკიცებულება, რომ აქ უკვე ფიქრობენ და უკვე ასრულებენ კიდეც დიდი ხნის წინ მოფიქრებულ საარჩევნო მოსყიდვის გეგმებს. ეს უთუოდ ადეკვატურად იქნება აღქმული და ზომებიც ადეკვატური მოჰყვება. ჩემი აზრით, აქ გაცილებით ადრე დაიწყება მონიტორინგი, გაცილებით დიდი მასშტაბისა და გაცილებით ყოვლისმომცველი. ჩვენთან ყველა შეეჩვია, რომ მედიას და მის საქმიანობას ხელისუფლება ანგარიშს არ უწევს. დასავლეთში ასე არ არის, იქ ნებისმიერი მედიამასალა ძალიან სერიოზულად აღიქმება და ასეთი სამთავრობო გადაწყვეტილება, როგორიც უკანონო მშენებლობების დაკანონებაა, მაშინ, როცა მანამდე სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ ხალხს, უეჭველად საგანგაშო სიგნალია.საარჩევნო მონიტორინგის საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნებს­ მთელ მსოფლიოში აკვირდებიან, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის ასჯერ მეტი მეთოდი იციან, ვიდრე აქ ვინმე გენიოსს შეიძლება მოუვიდეს თავში. ამიტომ მათთვის ამის ამოცნობა, იდენტიფიკაცია და საწინააღმდეგო ზომების მიღება გაცილებით ადვილია, ვიდრე წარმოგვიდგენია.

- იუსტიციის მინისტრის განცხადებიდან მეორე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა დედაქალაქს არ შეეხება, ვინაი­დან­ დედაქალაქში მსგავსი მასშტაბური ამნისტია უკვე იყო.

- უკანონო მშენებლობების ეპიცენტრი­ დედაქალაქია. როგორც ჩანს, თბილისის მერმა გაიაზრა, თბილისის ტერიტორიაზე­ ამნისტია თუ ამოქმედდა, რამდენი უკანონო ნაგებობის დაკანონების შანსი დაეკარგება. თბილისში ბევრი შენობაა პროექტის დარღვევით აშენებული, რომელიც მერიამ მანამდე დაამტკიცა, თუმცა მათ ექსპლუატაციაში არ იღებენ, რის გარეშეც რეესტრში ვერ დარეგისტრირდება (ბინების მესაკუთრეებს საკუთრების უფლებას კი ურეგისტრირებენ, მაგრამ კომერციული, სამრეწველო შენობები, ყველაფერი ისე რჩება და მერე გავლენებით, ნაცნობობით­ და ფულით "აგვარებენ"). ვნახოთ, ვინ უფრო ძლიერი აღმოჩნდება, ასე ვთქვათ, ვისი კორუფციული სტატუსი უფრო მაღალია. ძალიან გასაოცარია, როცა ამნისტია წინასწარ არ ცხადდება. გამოდის, ჩავიდენ სისხლის სამართლის დანაშაულს და მეცოდინება, რომ 1 კვირაში ამნისტია­ გამოვა და შემრჩება. იცით, დაანონსებული ამნისტიის გამო რამდენმა თქვა, 1-ლ იანვრამდე მოვასწრებთ და ავაშენებთ, რასაც გვინდაო? მგონი, ამის გამგონე ხალხმა უკვე დაიწყო აგურისა და ბლოკის მომარაგება. კალაძეს არაკორუფციული ინტერესი რომ ჰქონდეს, ამას არ იტყოდა. მას შეეძლო დაეკონკრეტებინა,­ კონკრეტული კრიტერიუმები შეეთავაზებინა, მაგალითად, თბილისში ეს ამნისტია ამა და ამაზე გავრცელდებაო და არა საერთოდ უარეყო. რა, თბილისი სხვა ქვეყანაა და პრემიერის ან იუსტიციის მინისტრის უფლებამოსილება და კომპეტენცია აქ არ ვრცელდება? შეიძლება კალაძეს მეტი "არგუმენტი" ჰქონდეს, რომ ასეთი დაკანონების შედეგად, მათ შორის კორუფციული გზით დაკანონებულის, ფული საარჩევნოდ პარტიის ყულაბაში შევა. იქნებ თვლის, ჯობს ფული შევიტანოთ, ვიდრე ხმებიო, რადგან ამნისტიის დროს შეიძლება მადლიერი დაგრჩეს მილიონამდე ადამიანი, მაგრამ ხმას მოგცემს? ეგებ პირდაპირი მოსყიდვა უფრო გამოცდილი და ქმედითი ხერხია? ჩემი აზრით, ეს მოსაზრებებია მთავარი, და არა ის, უიმე, ამ ხალხს უჭირდა, მიაშენ-მოაშენა, ბევრი დაუჯდა და ამიტომ მოდი, შეღავათი გავუწიოთო. მგონი, ამას ბრეგაძე არ დათმობს. კალაძეს ამნისტია იმიტომ არ მოეწონა, თუ პარტიის ბიუჯეტში 10 ლარს შეიტანს, 100 შეიძლება ჯიბეში ჩაიდოს და სულელია? აგერ პრემიერსა და იუსტიციის მინისტრს კი გენიალური აზრი მოუვიდათ, როგორ მოისყიდონ მილიონი ხმა. ისიც საინტერესოა, რომ იუსტიციის მინისტრის ბრძანება მერის განკარგულებით როგორ შეიძლება შეიზღუდოს? ანუ რა დოკუმენტი უნდა გამოსცეს კალაძემ, რომ გადაწონოს?