„მე მამაცი, მებრძოლი და პატრიოტი მამა მყავდა“ - კვირის პალიტრა

„მე მამაცი, მებრძოლი და პატრიოტი მამა მყავდა“

ბახმუტის მიმართულებით, კლიშევკის დასახლებასთან, ქართველებმა მამაცობისა და გმირობის კიდევ ერთი მაგალითი აჩვენეს. ეს ამბავი ერთი თვის წინ მოხდა. როგორც მებრძოლების მონათხრობიდან ცნობილია, ოპერაციაში ოთხი ქართველი და ოთხი უკრაინელი მონაწილეობდნენ. მტრის პირველ ბლინდაჟს ლევან ლობჟანიძე და დათო აბულიძე (მეტსახელად "თუში") უტევდა. შვიდი კაცი მოიგერიეს, მეორე ბლინდაჟთან მიაღწიეს და თერმობარულით ააფეთქეს. ალაფი მოაგროვეს და იქვე სულის მოსათქმელად ჩაიმუხლეს, რომ დათო აბულიძემ რუსების დრონი შენიშნა, ლევანს უყვირა, გადახტიო, თავადაც გადახტა, მაგრამ მძიმედ დაიჭრა. ჭურვის ნამსხვრევმა ერთი ფეხი გადაუმტვრია, მეორე დაუცხრილა. გონზე მოსულმა ლევანს გასძახა, პასუხი რომ ვერ მიიღო, ძებნა დაუწყო. იპოვა, მაგრამ თანამებრძოლი ცოცხალი აღარ იყო. მძიმედ დაჭრილ "თუშს" რუსები უტევდნენ და ისიც იბრძოდა - ჯერ მისი, შემდეგ კი მტრის იარაღით, მთელი ორსაათ-ნახევარი, მარტო. როგორც მებრძოლებმა თქვეს, ორივე ფეხში მძიმედ დაჭრილი ქართველის ბრძოლას უკრაინელები დრონით გაშტერებულები უყურებდნენ... დათო აბულიძე გადარჩა და დღემდე მკურნალობს, ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოტანა კი დღემდე ვერ მოხერხდა ე.წ. ნაცრისფერი ზონიდან. ლევან ლობჟანიძე პროფესიონალი სამხედრო, აფხაზეთის ომის ვეტერანი, უკრაინაში ქვედანაყოფ "თბილისელების" წევრი იყო. ლევან ლობჟანიძის შესახებ მისი მეთაური გოჩა ხორავა და ქალიშვილი თიკო ლობჟანიძე­ გვესაუბრებიან.

გოჩა ხორავა, ქვედანაყოფ "თბილისელების" მეთაური:

- ლევან ლობჟანიძე ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი იყო. არც ხიფათს ერიდებოდა და არც სიკვდილის ეშინოდა, ყველა სარისკო და ძნელად შესასრულებელ ოპერაციაში მონაწილეობდა. დაჯილოდებულია წმინდა გიორგის ორდენით, ასევე მედლით "ძმა ძმისთვისაა", ბოლოს წარდგენილი გვყავდა "ოქროს ჯვარზე", მაგრამ, სამწუხაროდ, ვეღარ მიიღო. მის დაკარგვას ოჯახსაც ვუსამძიმრებ და ჩვენს ბატალიონსაც, ძალიან მაგარი მებრძოლი და კარგი ადამიანი დავკარგეთ.

- როგორც მეთაურს, რა გითხრათ, როდესაც ბრძოლაში მონაწილეობის სურვილი გაგიზიარათ?

- ჩემს ქვედანაყოფში შემთხვევით ადამიანებს არ ვიღებ. ლევანი ჩვენსავით აფხაზეთში ნაომარი, პატრიოტი კაცი იყო. ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ბედი დღეს უკრაინაში წყდება. თუ უკრაინა ამ ომს მოიგებს, ჩვენ აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნების საშუალება გაგვიჩნდება. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ თუ უკრაინა დამარცხდება, იმას მაინც ვიტყვით, რომ რუსეთის დასუსტებაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპული ჩვენი ძმებისა და დების სისხლი ავიღეთ. ეს ისეთი რთული ომია, რომ ვერ გაძლებ, თუ მიზანი და იდეოლოგია არა გაქვს. ორიოდე გროშისთვის ოჯახისგან მოწყვეტა და უცხო მიწაზე დიდი ალბათობით სიკვდილი ნამდვილად არ არის კარგი პერსპექტივა.

- როგორც ვიცი, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ცხელი ხაზიდან მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა.

- ცდა არ დაგვიკლია. 30 წლის ქართველი ვაჟკაცის, ნიკა გელენიძის სიცოცხლე შეეწირა ამ ამბავს, ორი აზერბაიჯანელი ბიჭი დაიჭრა. რუსებმა იციან, რომ იმ კონკრეტულ ადგილზე ქართველი მებრძოლია დაღუპული და აუცილებლად დავბრუნდებით მის წასაყვანად, ამიტომ ყოველდღე ბომბავენ. ლევანს აუცილებლად გამოვიყვანთ. სხვა გამოსავალი არ არის, შესაფერის მომენტს უნდა დაველოდოთ.

- ნიკა გელენიძეზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- კარგი, ვაჟკაცი ბიჭი იყო. ახალი მოსული იყო ჩემთან, მაგრამ თავის გამოჩენა მოასწრო. ძალიან დამწყვიტა გული!

თიკო ლობჟანიძე, ლევან ლობჟანიძის ქალიშვილი:

- ყველაზე მეტად ახლა მამაჩემის ყურადღება და მზრუნველობა მაკლია. განსაკუთრებული მამა და ბაბუა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ომში იყო და სულ წინა ხაზზე იბრძოდა, ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა. 26 ოქტომბერს იმედიანად დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ვიცოდი, რომ ოპერაციაზე აპირებდა წასვლას. ომში წასვლამდე შემპირდა, რომ ყოველ დილით მისი შეტყობინება დამხვდებოდა, ყოველ საღამოს დამემშვიდობებოდა და ყველა მნიშვნელოვან ამბავს შემატყობინებდა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ორი საათით გვიან თენდება, ყოველ დილით მხვდებოდა მისი მესიჯი. მაჩვენებდა, რომ კარგად იყო.

- რა გითხრათ, ომში რომ მიდიოდა?

- აფხაზეთიდან დიდი ტკივილი მოჰყვებოდა. იქაც წინა ხაზზე იბრძოდა. ერთხანს მკვდრადაც კი იყო გამოცხადებული. რომ ვთხოვე, უკრაინაში არ წახვიდე-მეთქი, მითხრა, ადამიანები ორჯერ არ კვდებიან, ერთხელ უკვე ვარ გამოცხადებული მკვდრადო. მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, მაგრამ არა გასაკვირი, - თურქეთში იმდენად კარგად ჰქონდა საქმე აწყობილი, არ მეგონა, თუ მიატოვებდა. საახალწლოდ შვებულებით აპირებდა ჩამოსვლას. უკვე დღეებს ვითვლიდით. ვეუბნებოდი, შენი წილი უკვე იბრძოლე, ახლა რომ ჩამოხვალ, აღარ გაგიშვებ-მეთქი. ეგ აღარ მითხრა, აქედანვე შეეგუე, მხოლოდ ცოტა ხნით მოვდივარ, ისევ უკან უნდა გავბრუნდე, ჩემს ძმებს ვერ მივატოვებ, ჩემი გასაკეთებელი საქმე მე უნდა გავაკეთოო.

- უსამართლობის განცდა თუ გაქვთ იმის გამო, რომ მამათქვენი საქართველოს კი არა, უკრაინის განმათავისუფლებელ ომში დაიღუპა?

- მამაჩემი უკრაინაში საქართველოსთვის, საქართველოს სახელით იბრძოდა. ის მოკვდა იმისთვის, რომ იცოცხლოს საქართველომ. ერთხელ ასეთი რამ მითხრა, ჩემმა შვილებმა და შვილიშვილებმა მშვიდად რომ იცხოვრონ, მე უნდა ვიბრძოლოო. იმასაც ამბობდა, რომ საქართველოს დროშით მანამდე იბრძოლებდა, ვიდრე შესაძლებლობა ექნებოდა. ერთხელ მივწერე, სულ შენ რატომ ხარ წინა ხაზზე-მეთქი, და მომწერა, აბა, ომში ვიყო და დავიმალოო! ყოველთვის ცხელ წერტილებში იყო, ხარკოვში, ბახმუტში. რამდენჯერმე კონტუზია მიიღო, დაჭრილიც იყო, მაგრამ სულ ცდილობდა პრობლემა მარტივად წარმოეჩინა. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის იქ ბედნიერი იყო. ერთხელ ვუთხარი, მე მალე მეორე დიპლომსაც ავიღებ, ორდიპლომიანი შვილი გეყოლება-მეთქი. მან კი მიპასუხა, შენ ორდიპლომიანი იქნები, მე კი ორი ქვეყნის ვეტერანიო.

- ომის განვითარების როგორი მოლოდინი ჰქონდა?

- ერთ შეტყობინებაში ასეთი რამ წერია: "რუსებს შემოდგომაზე უკვე აგებული ექნებათ წესი". გული მიკვდება, რომ ამას ვეღარ მოესწრება. ახლა მამაჩემის მაგივრად მისი თანამებრძოლების შეტყობინებებს ველოდები. სულ იმის მოლოდინში ვარ, რომ დამირეკავენ და მეტყვიან, რომ მამაჩემი გამოიყვანეს. მჯერა, ადრე თუ გვიან, მამას გამოიყვანენ, გოჩა ხორავამ პირობა მომცა, მას კი ჯერ არც ერთი თავისი მებრძოლი არ მიუტოვებია ბრძოლის ველზე. მამაჩემის დაღუპვით გამოწვეული გულისტკივილი კიდევ უფრო გამიმძაფრა ნიკა გელენიძის დაღუპვამ, ის ხომ ჩემი ასაკის იყო... ვიცი, როგორი მამაცი, მებრძოლი და პატრიოტი მამა მყავდა, მაგრამ როდესაც ამას მისი თანამებრძოლები ამბობენ, ერთიორად ამაყი ვარ.

ხათუნა ბახტურიძე