რატომ სურს პუტინს ბიჭვინთის აგარაკი
თითქმის უკვე გადაწყვეტილია, რომ ბიჭვინთაში საბჭოთა დიქტატორების საყვარელი რეზიდენცია, ე.წ. ხრუშჩოვის აგარაკი, 186 ჰექტარი რელიქტური ფიჭვის ტყე-პარკით და საზღვაო აკვატორიით, ვლადიმირ პუტინს გადაეცემა და ის კრემლის ლიდერის თანამედროვე რეზიდენციად გადაკეთდება. წელიწადზე მეტია ბიჭვინთა პუტინის ღია სამიზნედ იქცა და რუსეთი ახლა უკვე ერთგვარი "ფინანსური მოგუდვის" პოლიტიკით ცდილობს აფხაზებს რეზიდენცია დაათმობინოს... გასულ წელს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან აგარაკის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება ფარულად გაფორმდა და ამ დრომდე აფხაზების პროტესტის გამო შეთანხმება ვერ ამოქმედდა. თუმცა დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას, ბოლო განცხადებით გამოჩნდა, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და პუტინს ბიჭვინთა საკუთრებაში გადაეცემა "მადლიერების ნიშნად"...
აფხაზებმა ან ბიჭვინთა უნდა დათმონ, ან რუსული დახმარებები
ბიჭვინთაში ე.წ. ხრუშჩოვის აგარაკის თემა რუსეთისთვის აქტუალური უკრაინის ომით გამოწვეული სანქციების გამო გახდა. რუსი ოლიგარქებისთვის ევროპის კურორტებზე დასვენების შეზღუდვის საპირწონედ კრემლმა გამოსავალი მოიფიქრა - ბიჭვინთის აგარაკების ხელში ჩაგდება და მისი ფეშენებელურ კურორტად გადაკეთება. თუმცა, წინ დიდი დაბრკოლება დახვდა - აფხაზი ხალხის მწვავე წინააღმდეგობა.
ერთწლიანი დიპლომატიური თხოვნის შემდეგ კრემლი უკვე მუქარაზე გადავიდა: გაგიყინავთ პენსიებს, შევწყვეტ ინვესტიციებს, არ ავაშენებ სოხუმის აეროპორტს, შეჩერდება რკინიგზის რეკონსტრუქცია, არ გექნებათ უფასო დენი ზამთარში, - ასეთია რუსეთის ულტიმატუმი.
აფხაზებს ასეთი არჩევანი აქვთ: ან ბიჭვინთა უნდა დათმონ, ან რუსული დახმარებები.
კრემლმა ულტიმატუმის ნელ-ნელა შესრულებაც დაიწყო - აფხაზების უფასო დენით მომარაგებაზე უარი თქვა და საბიუჯეტო დაფინანსების შემცირებაც დაანონსდა.
კრემლიდან წამოსული მუქარის პარალელურად სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს აფხაზ საზოგადოებას შეახსენოს, რომ მათი "დამოუკიდებლობა" სწორედ რუსეთის და პირადად პუტინის დამსახურებაა და აგარაკზე უარის თქმა არასწორია... ბიჭვინთის აგარაკების თემა ამჯერად დე ფაქტო პრეზიდენტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს გააქტიურდა. ბჟანიამ მკვეთრი აქცენტი გააკეთა, რომ ეს რეზიდენცია პირადად პუტინს სურს, აფხაზეთი კი პუტინისგან დავალებულია. მან ამ განცხადებით ფაქტობრივად დაადასტურა, რომ პუტინისთვის რეზიდენციის ჩუქება უკვე გადაწყვეტილია და სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მალე დაიწყება.
"ჩვენ რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს, მითხარით აქ დამსწრეთაგან რამდენს არ აქვს რუსეთის მოქალაქეობა? 400 ადამიანიდან მხოლოდ 30-ს. ჩვენ რუსულად ვლაპარაკობთ, ისინი ჩვენი ახლობელი ადამიანები არიან და ამ საშიშ დროში, როდესაც ყველა რუსეთის წინააღმდეგ ამხედრდა, შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ალბათ გახსოვთ, აღიარების შემდეგ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინის პატივსაცემად ბავშვებს ვლადიმირს რომ არქმევდნენ. ასე რომ, რაც აფხაზეთში 30 წლის განმავლობაში გაკეთებულა, სწორედ რუსეთის გაკეთებულია და ახლა იმაზე დავა, მივცეთ თუ არა მათ სახელმწიფო აგარაკი, ცუდი და არასწორი დისკუსიაა... ამიტომ ეს სამუშაო ხორციელდება. ამაზე ბევრია დამოკიდებული", - განაცხადა ბჟანიამ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.
ბიჭვინთა 1 ლარად - ხელშეკრულების დეტალები
ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკების კომპლექსის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემაზე შეთანხმება მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს გაფორმდა, თუმცა ეს ცნობილი მხოლოდ 11 ივლისს გახდა, როდესაც დოკუმენტის განხილვა დე ფაქტო პარლამენტში დაიწყეს. გასაიდუმლოებულმა გარიგებამ აფხაზები აღაშფოთა. პროტესტის გამო ეს დოკუმენტი რატიფიცირებული ჯერაც არ არის. შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფო აგარაკის შენობა-ნაგებობები რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო მიმდებარე 186 ჰექტარი რელიქტური ფიჭვის ტყე-პარკი და 115 ჰექტარამდე საზღვაო აკვატორია რუსეთს 49-წლიანი იჯარით, წელიწადში 1 ლარად გადაეცემა.
ამ ტერიტორიას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისედაც რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახური აკონტროლებს. 1995 წელს, ვლადისლავ არძინბას დე ფაქტო პრეზიდენტობისას, აგარაკი და მიმდებარე ტერიტორია რუსეთს უვადო სარგებლობაში გადაეცა, ახალი ხელშეკრულებით კი უვადო სარგებლობა საკუთრებაში გადაცემით იცვლება.
საკურორტო კომპლექსი 1959-67 წლებში გაშენდა და მას საბჭოთა დიქტატორები იყენებდნენ. ეს ადგილი ნიკიტა ხრუშჩოვის საყვარელი საზაფხულო რეზიდენცია იყო. სწორედ ამ აგარაკზე ყოფნისას შეიტყო, რომ თანამდებობიდან გადააყენეს.
ყველაზე მაღალი რანგის სტუმარს, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკმა 1974 წელს უმასპინძლა, მაშინდელმა საბჭოთა ლიდერმა ლეონიდ ბრეჟნევმა აქ მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტი ჟორჟ პომპიდუ.
ბიჭვინთის აგარაკი ევროპული კურორტების საპირწონედ?
კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი "კვირის პალიტრასთან" საუბარში ამბობს, რომ ბიჭვინთა საბჭოთა ელიტის ნომერი პირველი კურორტი იყო და ვარაუდობს, რომ თუკი რუსეთმა ეს ტერიტორია მიიღო, შემდეგ სხვა აგარაკის ჯერიც დადგება...
- იმ ფონზე, როცა ეკონომიკური სანქციების გამო ბობოლა რუს ჩინოვნიკებს ევროპის კურორტებზე დასვენება შეეზღუდათ, გადაწყვიტეს, რატომაც არა, აფხაზეთში უნდა გვქონდეს აგარაკებიო!
აფხაზეთში ყველაზე ცნობილი ბიჭვინთის აგარაკია, სადაც ხრუშჩოვი ისვენებდა ხოლმე. ვინ არ ჩადიოდა იქ, ფიდელ კასტროც ისვენებდა. რეზიდენციის ყველა შენობა წლებია რუსეთის ბალანსზეა, მაგრამ ახლა სურთ გარშემო არსებული ფიჭვის ტყე-პარკი და ზღვის აკვატორიის ნაწილიც მიისაკუთრონ. ახლა ამ ტერიტორიაზე ადგილობრივები დადიან, საქონელს აძოვებენ, რუსებს კი უნდათ მთელი ეს სივრცე ჩაკეტონ და ინებივრონ.
ძალიან დიდი ტერიტორიაა - მიწა, ტყე, ზღვა... რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებში რუსეთი პირველად ითვისებს არა შენობებს, არამედ მიწას და აფხაზებისთვის ეს შემაშფოთებელია. ამიტომაც წელიწადზე მეტია ეს შეთანხმება დე ფაქტო პარლამენტში რატიფიცირებული არ არის. კრემლში ამ აგარაკის მომავალი უკვე დაიხაზა - ბიჭვინთაში უნდა დაესვენათ მაღალი დონის ჩინოვნიკებს, მათ შორის პუტინსაც, მაგრამ აფხაზების წინააღმდეგობის გამო საკითხი შეფერხდა... რუსეთი გაღიზიანებულია, რომ შეთანხმების რატიფიცირება ვერ მოხერხდა და ახლა მძიმე არტილერია ჩაერთო - თურმე ეს აგარაკი პირადად პუტინს ნდომებია. როგორც ჩანს, ბჟანიამ მოსკოვიდან მორიგი დავალება მიიღო და საზოგადოებას აშინებს, - თუ რუსებს არ მივცემთ, რაც მათ უნდათ, პრობლემები შეგვექმნებაო.
- კონკრეტულად რა პრობლემების შექმნით ემუქრება კრემლი აფხაზებს?
- მუქარაა, რომ იქნება ფინანსური პრობლემები და ეს უკვე გამოჩნდა კიდეც. აქამდე ზამთარში ელექტროენერგიის საფასურს რუსეთი იხდიდა, წელს ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებაზე რუსეთმა პირველად თქვა უარი. ეს აფხაზებისთვის სერიოზული დარტყმა იყო. წლის დასაწყისში სოხუმში ჩასული იყო რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელმაც განაცხადა, ხელფასებისა და პენსიების გასაცემად ფული თავად მოიძიეთო. რუსეთი იწყებს "ფინანსურ მოგუდვას", რომ ხალხი რუსეთისთვის აგარაკების გადაცემას დათანხმდეს.
გარდა ამისა, რუსეთი სხვა მინიშნებებსაც იძლევა - როცა ალექსანდრ ლუკაშენკო აფხაზეთში ჩავიდა, ამით მთელი ქართულ-ბელორუსული ურთიერთობები გაანადგურა. ის ჩავიდა არა სოხუმში, არამედ ბიჭვინთის აგარაკზე და დანგრეული კიბეებიდან მიესალმა აფხაზ ხალხს. ლუკაშენკო იქ სოჭიდან, პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩავიდა. დარწმუნებული ვარ, პუტინმა დაავალა ბიჭვინთაში ჩასვლა და სურათის შექმნა. ლუკაშენკოს არ უხსენებია ბელორუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარება, მაგრამ ამ სურათში ყველაფერი იგულისხმებოდა - თუ აფხაზები რუსეთს აგარაკებს გადასცემენ, ამით რაღაცას მოიგებენ...
- ბიჭვინთის აგარაკის გარდა სხვა აგარაკებიც ხომ არსებობს აფხაზეთში, მაგალითად, გორბაჩოვის ყოფილი რეზიდენცია, ან ბერიას აგარაკი გაგრაში. მაინცდამაინც ბიჭვინთის ეს აგარაკი რატომ გახდა ასეთი მნიშვნელოვანი პუტინისთვის?
- ეს შეკითხვა დაიბადებოდა ნებისმიერი სხვა აგარაკის შემთხვევაშიც. უბრალოდ, დემონსტრირება ხდება, რომ აფხაზეთი მათი საკუთრებაა. თან, ბიჭვინთა ნომერი პირველი აგარაკია, საუკეთესოა, კარგი ტყეა, კარგი ზღვა, უნიკალური ადგილია. თან ახლა ძალიან სჭირდებათ, რადგან ევროპაში შეზღუდული აქვთ სეირნობა და სხვაგან სად უნდა აიშენონ აგარაკები? გორბაჩოვის მიუსერის ყოფილი რეზიდენციაც ბიჭვინთასთან არის ახლოს, ისიც რუსეთის საკუთრებაა და არ გამოვრიცხავ, რომ ბიჭვინთის ტყეების მიღების შემდეგ ამ აგარაკსა და მის შემოგარენზეც იყოს საუბარი.
- ბიჭვინთის აგარაკის თემა არ არის ერთადერთი სადავო საკითხი რუსებსა და აფხაზებს შორის. კიდევ რას ეწინააღმდეგებიან აფხაზები?
- ნომერი პირველი სადავო თემა, რაზეც 30 წელია ვერ დაითანხმეს აფხაზები, მიწის პრივატიზაციაა. აფხაზეთში მიწა ე.წ. სახელმწიფოს საკუთრებაშია და მისი გაყიდვა აკრძალულია. ბაღაფში რომ რუსეთის საავადმყოფოში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა, აფხაზები დღემდე თვლიან, რომ მიწების გასხვისებაზე არდათანხმების გამო მოკლეს.
მეორე საკითხია უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობა - ბინის ყიდვა მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეს შეუძლია, ამიტომ ხდება მაქინაციები, გადაფორმებები.
მესამე საკითხია გზის გაყვანა კოდორის ხეობაზე, რომ ჩრდილოკავკასიელებმა პირდაპირ აფხაზეთში იარონ და არა სოჭში. აფხაზები ამის კატეგორიული წინააღმდეგი არიან. მეტიც, კოდორის ხეობა ეროვნულ ნაკრძალად გამოაცხადეს და ახლა იქ ქოხსაც კი ვერ ააშენებ, არათუ გზას.
მეოთხე თემაა ბიჭვინთა. რაკი რუსებს მიწაზე საკუთრება აკრძალული აქვთ, მოინდომეს ნაკუწ-ნაკუწ მიითვისონ აფხაზეთი და ასე მოახდინონ ანექსია.
მეხუთე საკითხი ეხება მშენებლობას. რუსებს უნდათ, ააშენონ სახლები და გაყიდონ რუსეთის მოქალაქეებზე. თუ პროექტი განხორციელდება, ამ სახლებში 130 000 რუსი იცხოვრებს, რაც არსებითად შეცვლის მოსახლეობის სურათს აფხაზეთში და ეს პროექტიც გაჩერებულია.
ასევე არის სოფელი აიბღას პრობლემაც. ამ სოფელს მდინარე ყოფს, ერთი ნაწილი რუსეთის შემადგენლობაშია, მეორე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში. იმის გამო, რომ აფხაზები სოფლის ნაწილს არ თმობენ, რუსეთთან საზღვრის დემარკაცია ვერ ხერხდება.
ბოლო დღეებში დაემატა ახალ ათონში აგარაკის თემაც - ვიღაცას სტალინის ყოფილი აგარაკის მითვისება მოუნდა. ამის წინააღმდეგაც წავიდა მოსახლეობა - მოარღვიეს ღობე და აგარაკზე შეიჭრნენ. საკუთრების მიმართ აფხაზებს ძალიან მკვეთრი ანტირუსული პოლიტიკა აქვთ.
- საბოლოოდ, რა მოლოდინები გაქვთ, მიიღებს პუტინი ბიჭვინთას, გამოუვა აფხაზეთის ნაწილ-ნაწილ ანექსია?
- გეთანხმებით ამ ფორმულირებაში, ეს არის ანექსიის მცდელობა. დარწმუნებული არა ვარ, შეძლებენ თუ არა აფხაზები ბოლომდე წინააღმდეგობის გაწევას, რადგან ახლა შეიძლება ისე გაუჭირდეთ აფხაზებს, რომ ბევრ რამეს დათანხმდნენ.
ეკატერინე ბასილაია