რა პასუხისმგებლობას კისრულობთ თავდებობის ხელშეკრულების დადებისას? - კვირის პალიტრა

რა პასუხისმგებლობას კისრულობთ თავდებობის ხელშეკრულების დადებისას?

გაზეთ "კვირის პალიტრაში" სამოქალაქო საკითხებზე შემოსულ მკითხველების შეკითხვებს პასუხობს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი:

- მაქვს ბინა და მინდა ძმისშვილის სახელზე ჩუქება გავაფორმო. ამისთვის რა თანხის გადახდა მომიწევს და საჯარო რეესტრში რა საბუთებია საჭირო. ასევე მაინტერესებს, ჩემს ძმისშვილს ხომ არ ექნება რაიმე გადასახადი?

- თუ თქვენ გსურთ ბინა ჩუქებით გადაუფორმოთ ძმისშვილს, ამ შემთხვევაში თქვენსა და თქვენს ძმისშვილს შორის უნდა დაიდოს ჩუქების ხელშეკრულება, რომელიც უნდა წარადგინოთ საჯარო რეესტრში პირადობის დამადასტურებელ მოწმობებთან ერთად, ოპერატორის დახმარებით შეავსებთ განცხადებას. მომსახურების საფასური განისაზღვრება მისი ვადის მიხედვით და მერყეობს 150-დან 350 ლარამდე. ჩუქების საფუძველზე მიღებული საკუთრება არ იბეგრება, შესაბამისად, თქვენს ძმისშვილს არანაირი გადასახადი არ დაეკისრება.

nugbara-advokati-1699644231.jpg

- რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა ჩემი მეზობელი. მისი მემკვიდრე ამ დრომდე არ იფორმებს ქონებას და ბინა წლებია დაკეტილია. მე არა ვარ მისი მემკვიდრე, მაგრამ მაინტერესებს, როგორ შემიძლია გავარკვიო, ჰქონდა თუ არა ამ პირს სიცოცხლეში ანდერძი დაწერილი? ან როცა არ გამოჩნდება მემკვიდრე, ხომ არ არის მოსალოდნელი, ნოტარიუსმა დამალოს ანდერძის არსებობა. მგონი, ეს ადამიანი დაწერდა სიცოცხლეში ანდერძს, რადგან ბევრჯერ უსაუბრია ამაზე.

- არსებობს ანდერძის ორი ფორმა, შინაურული და სანოტარო ანდერძი. შინაურული ანდერძი გულისხმობს მოანდერძის ხელით შედგენილ ანდერძს, რომელსაც ისეთივე სამართლებრივი ძალა აქვს, როგორიც სანოტარო ანდერძს, თუმცა შინაურული ანდერძის არსებობის შესახებ ინფორმაცია ვერ ექნება ნოტარიუსს იქიდან გამომომდინარე, რომ შინაურული ანდერძი მოანდერძესთან ინახება. რაც შეეხება სანოტარო წესით შედგენილ ანდერძს, ის დგება ნოტარიუსთან. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ ნოტარიუსი ანდერძის შინაარსს გაანდობს პირებს, რომელთა სახელზეც არის შედგენილი ანდერძი, შესაბამისად, თუ თქვენ არ ბრძანდებით მემკვიდრე, ინფორმაციას ვერ მიიღებთ, ვინაიდან წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს.

- ჩემი ბანკის ვალი გადაცემულია სააღსრულებოსთვის. ვარ მოვალეთა რეესტრშიც, ახლა ვაპირებ ქვეყნიდან სამუშაოდ წასვლას. საზღვარზე ხომ არ შემექმნება პრობლემა?

- ფულადი ვალდებულების არსებობა არ წარმოშობს პირის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას. შესაბამისად, საზღვრის კვეთისას აღნიშნული ვალდებულება დაბრკოლებას არ შეგიქმნით.

- ჩემი სესხის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, ხანდაზმულიაო, მითხრეს. საქართველოში არ ვიყავი და, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მაქვს შანსი თანხის დაბრუნების?

- კანონით დადგენილია სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლების სამწლიანი ვადა, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. თუ აღნიშნული ვადა გასულია, შეუძლებელია ვადის აღდგენა, არც იმას მიექცევა ყურადღება, იმყოფებოდით თუ არა საქართველოში.

- წლების წინ არაკანონიერად გამისხვისეს ბინა, იყო სასამართლო პროცესები, მაგრამ ვერ დავამტკიცე ჩემი სიმართლე. ახლა გავიგე, რომ რამდენიმე თვის წინ დაუკავებიათ ის ნოტარიუსი, რომელმაც მაშინ ეს უკანონობა ჩაიდინა. საქმეში ანალოგიური სქემით დაზარალებულები არიან. ამდენი წლის მერე შანსი მექნება, რომ ისევ წამოვიწყო დავა?

- აღნიშნული ფაქტი შეიძლება გახდეს საქმეზე სასამართლო წარმოების განახლების საფუძველი, ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო. მსგავსი საკითხი შესწავლას საჭიროებს, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას აქვს თავისი საპროცესო ვადა და ამ ვადაში უნდა ჩაეტიოს მხარე.

- ქონება იყო შვილის სახელზე და ყველასთან შეთანხმების გარეშე გაუყიდია. ბინის მყიდველი რამდენიმე თვეა ითხოვს ბინის დაცლას და ქუჩაში რჩება მოხუცი დედა. შვილს ეს თანხა განიავებული აქვს და თვითონაც ქუჩაშია დარჩენილი. რას გვირჩევთ?

- თუ პირმა გაყიდა მის სახელზე არსებული ქონება, არანაირი ბერკეტი არ გაგაჩნიათ მის წინააღმდეგ. ახალი მესაკუთრე წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს, რომელსაც აქვს უფლება სასამართლოს გზით მოითხოვოს ყოფილი მესაკუთრის დედის გამოსახლება ბინიდან. დავა შეიძლება გაიწელოს თვეები, წლებიც კი, მხოლოდ ამ კუთხით თუ შეძლებს მოხუცი დედა აღნიშნულ ბინაში ცხოვრებას, თუმცა მესაკუთრემ შესაძლოა გამოსახლებასთან ერთად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც, რამაც შესაძლოა დამატებითი ფულადი ვალდებულებები წარმოუშვას დედას.

- ბებიას რძალმა მოტყუებით გააკეთებინა ქონების ჩუქება და ბინა თავის სახელზე გადაიფორმა. მას შემდეგ რძალი სახლიდან გაგდებითაც არაერთხელ დაემუქრა, თუმცა ბებოს სამხილი არ აქვს. ამ ჩუქებიდან 5 წელი გასული, სესაძლებელი, რომ ეს ქონება ისევ მის სახელზე დაბრუნდეს?

- ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას შეიძლება ჰქონდეს ორი საფუძველი. პირველი - დასაჩუქრებულის მიერ გამჩუქებლისადმი დიდი უმადურობის გამოვლენა და მძიმე შეურაცხყოფა; მეორე - გამჩუქებლის ჩუქებით მძიმე სოციალურ მდგომარეობაში ჩავარდნა. თუმცა მოცემულ საფუძვლებს აქვს თავისი ვადები. კერძოდ, აშკარა მძიმე შეურაცხყოფისა და დიდი უმადურობის შემთხვევაში გამჩუქებელს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების გაუქმება საფუძვლის წარმოშობიდან 1 წლის განმავლობაში, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება უნდა არსებობდეს, ხოლო მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩენის გამო შეიძლება ხელშეკრულება გაუქმდეს აღნიშნული საფუძვლის წარმოშობიდან სამი წლის განმავლობაში.

- მოგესალმებით, ერთ-ერთ ცნობილ სამშენებლო კომპანიაში ვყიდულობ მშენებარე ბინას, რომელიც ორი წლის შემდეგ დასრულდება. კომპანია ამბობს, რომ რეესტრში გამიფორმებს ქონებას, როგორც ვიცი, რეესტრში არც ამოწმებენ დეტალებს, რა რისკებს შეიცავს ასეთი გარიგება და რას უნდა მივაქციო ყურადღება?

- ამ საკითხზე ნებისმიერი ხელშეკრულება, გააჩნია პირობებს, ბევრ რისკს შეიცავს. ასე ზოგადად შეუძლებელია ჩამოთვალო, ასეთ დროს რას შეიძლება მიექცეს ყურადღება. საჭიროა

კონკრეტული ხელშეკრულების დეტალების გაცნობა და გირჩევთ იურისტთან გაიაროთ კონსულტაცია.

- წლების წინ თანამშრომელმა მთხოვა ბანკში გაყოლა და აიღო სესხი. ვერ ვერკვეოდი კანონში, ამიტომ გაუაზრებლად მოვაწერე ხელი დოკუმენტს და წლებია მისი თავდები ვარ. მაშინ აიღო სოლიდური სესხი, ჯერ იხდიდა, მერე შეწყვიტა გადახდა. მე მომადგნენ და მე მეჭრებოდა ხელფასიდან. ახლა ორი წელია გავედი პენსიაში და პენსიიდანაც მეჭრებოდა თანხის ნაწილი. არაერთხელ მივმართე ამ ადამიანს, ბანკში მოეგვარებინა ეს პრობლემა, მაგრამ ვერ მოაგვარა. როგორ მოვიქცე, რომ მე არ დამეკისროს ეს ვალდებულება? ან როცა ამდენი წელი არ იხდის მსესხებელი სესხს, ის სესხი ხომ არ ითვლება ხანდაზმულად, იქნებ მაპოვნინოთ გამოსავალი.

- მოცემულ შემთხვევაში სესხი ხანდაზმული ვერ გახდება, ვინაიდან თავდები თანხას იხდის, ანუ ასრულებს ვალდებულებას. თუ ადამიანი მსესხებელს თავდებად დაუდგება, ეს ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, სოლიდარულად არის პასუხისმგებელი იმ სესხსა და ვალდებულებებზე, რომელთაც ძირითადი მსესხებელი კისრულობს. ბანკისთვის თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტისთვის თავდებობა არის დამატებითი უზრუნველყოფის საშუალება, რაც ვალდებულების შესრულების ალბათობას ზრდის. საკრედიტო ორგანიზაციები უფრო ხშირად სოლიდარულ თავდებობას მიმართავენ. თუ თავდები ვალდებულებას სოლიდარულად იკისრებს, მაშინ კრედიტორს შესაძლებლობა აქვს თავდებს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება. რაც შეეხება გამოსავალს, იმისათვის, რომ თავდებს არ დაეკარგოს გადახდილი თანხები, სესხის დაფარვის შემდეგ შეუძლია იდავოს ძირითადი მსესხებლის მიმართ და მას მოსთხოვოს თავდების მიერ გადახდილი სესხის თანხა. მის წინააღმდეგ უნდა შეიტანოს სარჩელი და თუ გააჩნია მას რაიმე ქონება თავის სახელზე, ეს ქონება უნდა დაყადაღდეს. ასეთ დროს სასამართლოს გზით უნდა მოსთხოვოს მას ვალდებულების შესრულება.