ძველი სიღნაღის ქრონიკები - კვირის პალიტრა

ძველი სიღნაღის ქრონიკები

სიყვარულის ქალაქად ცნობილ ისტორიულ სიღნაღში მუზეუმი გაიხსნა, სადაც ძველი სიღნაღის ფოტოებია გამოფენილი. გამოფენის შემოქმედი სიღნაღის ტურიზმის სამსახურია, რომელმაც საგამოფენო დარბაზში ყველაზე ხანდაზმულ სიღნაღელს, სერგო ჯავახიშვილს უმასპინძლა.ბატონი სერგო 91 წლისაა, თუმცა მხნედ არის. როგორც გვითხრა, ძირძველი სიღნაღელია და დარბაზში გამოფენილი ფოტოების ნაწილი მისი საოჯახო ალბომიდანაა წარმოდგენილი. მან ძველი სიღნაღის ყოველი კუთხე-კუნჭული გაიხსენა და მშობლიურ ქალაქზე გაგონილ საინტერესო ამბებსაც მოგვიყვა.

როგორ დახვდნენ კახელები იმპერატორის ძმას სიღნაღში

- ბოდბეს წმინდა ნინოს ტაძრის გვერდით რუსების აგებული წმინდა ნიკოლოზის ტაძარი დგას, მონასტრის მონაზონთა საცხოვრებლის წინ კი მარმარილოს ბარელიეფია, რომლის წარწერიდანაც შეიტყობთ, რომ ამ ტაძრის გახსნის დროს სიღნაღში ჩამოსული იყო რუსეთის იმპერატორის ძმა. მას სიღნაღში კახელები პომპეზურად დახვედრიან. სიღნაღელებს მისთვის თეატრის აშენება უთხოვიათ და თხოვნა შეუსრულეს. თეატრის დარბაზში 200-250 კაცი თავსდებოდა და მბრუნავი სცენა ჰქონდა.

signagi4-1701632165.jpg

სიღნაღი თურქული წარმოშობის სიტყვაა და „თავშესაფარს“ ნიშნავს

- სანამ ერეკლე მეორე სიღნაღში ისტორიულ ციხე-გალავანს ააშენებდა, მანამდე არსებობდა ციხე-ციტადელი, რომლის ორი ბურჯი ახლაცაა შემორჩენილი, მასზე სათოფურები არ არის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ციხე მეთექვსმეტე საუკუნემდეა აგებული, როცა თოფი ჯერ კიდევ არ არსებობდა. ამ უძველეს ციტადელთან თამარ მეფის ტაძარია. ამ ადგილს უწინ ქიზიყის გორას ეძახდნენ. სწორედ აქიდან წამოვიდა სახელწოდება ქიზიყი.

მეფე ერეკლემ ციხე-გალავანი თავდაპირველად მომხდურებისგან ხალხის დასაცავად ააშენებინა. სპეციალურად გაგზავნა ხალხი სომეხი, ირანელი და ქურთი ხელოსნების ჩამოსაყვანად. გალავანს თავისი ეკლესია ჰქონდა, ახლა იქ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია. ეკლესია და გალავანი ერთდროულად რომ არის აგებული, ამაზე შენობებში ჩატანებული აგურებიც მეტყველებს, - ერთ ყალიბშია მოჭრილი. მართალია, მანამდე გორაზე არსებულ დასახლებულ ადგილს ქიზიყი ერქვა, მაგრამ ერეკლემ ისურვა ქალაქისთვის თურქული სახელი, სიღნაღი დაერქმია, რაც თავშესაფარს, გამაგრებულ ადგილს ნიშნავს. ციხესიმაგრე თავშესაფარს წარმოადგენდა არა მარტო ქიზიყის მიმდებარე სოფლის მოსახლეობისთვის, არამედ კახეთის მოშორებით მდებარე სოფლებიდანაც შემოსევების დროს ხალხი თავს აქ აფარებდა. იმ დროს, როცა ციხესიმაგრე აშენდა, ქართლ-კახეთის სამეფო დაახლოებით 600 ათას კაცს ითვლიდა, ქიზიყში კი უფრო მცირე რაოდენობის მოსახლეობა იყო, ამიტომ ციხის შიდა ტერიტორია საკმარისი იქნებოდა მათ დასაბანაკებლად. შემდგომში, როცა ქალაქი სიღნაღი გაშენდა, მასზე გამავალ გზას სტრატეგიული დანიშნულება მიეცა - აქ გადიოდა ხორნაბუჯიდან მომავალი აბრეშუმის გზა.

ერეკლემ სიღნაღში დაახლოებით 125 სომხური ოჯახი ჩამოასახლა და სომხურ დიასპორას სიღნაღის ამჟამინდელი წმინდა გიორგის ეკლესია აჩუქა. მათ თავიანთ სარწმუნოების სტილზე გადააკეთეს ტაძარი და სუბგეორგი დაარქვეს. მეფე ერეკლეს ბრძანებით, 1770 წელს შედგენილ ქალაქთა ნუსხაში სიღნაღიც არის მოხსენიებული.

signagi3-1701632165.jpg

როგორ აღორძინდა ქალაქი

- მე-19 საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში სიღნაღში 11 ათასი მოსახლე ცხოვრობდა. ქალაქში განვითარებული იყო ხელოსნობა და ვაჭრობა. დღეს თბილისის მიმართულებით კახეთიდან ჩალაუბნისა და გომბორის გზებითაც შეგვიძლია ჩასვლა. წინათ კახეთიდან თბილისისკენ მიმავალი ერთადერთი გზა სიღნაღზე გადიოდა. კახეთიდან ან ზაქათალის ოლქიდან თბილისისკენ წამოსულ ურემს აუცილებლად უნდა გაევლო სიღნაღი, სხვანაირად თბილისში ვერ ჩავიდოდა. მაშინდელი თავადაზნაურობა ვაჭრობას, ხელოსნობას უკადრისობდა, ამიტომ ეს საქმეები სომხურმა დიასპორამ იტვირთა. სწორედ ვაჭრობით დაიწყო სიღნაღის აღორძინება.

სიღნაღში უამრავი სასტუმრო იყო. სადაც ამჟამად დიდი და ძველი შენობაა, ყველა სასტუმროსთვის ააშენეს. წინათ სიღნაღის მაზრა გაცილებით დიდ ტერიტორიას მოიცავდა და მგზავრები ღამით სიღნაღის სასტუმროებში ჩერდებოდნენ.

1914 წელს კახეთში რკინიგზა და ალაზნის არხი გაიყვანეს, ამიტომ სოფლის მოსახლეობა ბარში გადასახლდა. იმ ადგილებში კი, სადაც ამჟამად სახლობენ, უწინ ვენახები ჰქონდათ.

გარდა ხელოსნობისა, სიღნაღში განვითარებული იყო მრეწველობაც. დაბახნის უბანში ორი ტყავის გადამმუშავებელი საამქრო მუშაობდა. ერთ-ერთ ქუჩაზე, სადაც ყველა სახლს დარაბები ჰქონდა, სამღებროები იყო. სიღნაღის ცენტრში, სადაც ახლა პოლიციის შენობაა, ორსართულიანი სახლი იდგა - დაბლა სართულზე საჯინიბო იყო, ზემოთ კი მჭედლები და ღუმელების დამამზადებლები მუშაობდნენ.

დღევანდელი ქორწინების სახლის წინ, შადრევანთან, ყოველდღიური ბაზარი იყო განფენილი. შესასვლელთან დიდ ფანჩატურზე ჩამოკიდებული იყო ხის დიდთეფშებიანი სასწორი. თუ ტომარაში 60 კილო მარცვალი ჩადიოდა, საცალო 100 კილოგრამს იტევდა. პროდუქტი მიმდებარე სოფლების გლეხობას მოჰქონდა. იქვე ახლოს კუთხოვანი სამსართულიანი ნაგებობა იდგა, რომელსაც ქარვასლას ვეძახდით. მასთან ახლოს ცხოვრობდა გაზეთ ,,კომუნისტის"“ რედაქტორი დავით (დათიკო) მჭედლიშვილის ოჯახი. მამამისი ვასილი სიღნაღის მაზრაში განთქმული მკერავი იყო. მჭედლიშვილებს ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე სამკერვალო ჰქონდათ გახსნილი. მათ ქუჩაზე სხვა სამკერვალოებიც იყო, სიღნაღში შეკერილი ფეხსაცმელი სილამაზით და გამძლეობით განთქმული იყო და მის შესაძენად დედაქალაქიდან ჩამოდიოდნენ.

ვინც სიღნაღს იცნობს, ბებრების ბაღიც იცის. აქ ოდითგანვე იყო ჩარდახი, რომელსაც ღვინის საცავად იყენებდნენ. ბუნებრივი გაგრილების მიზნით საცავი ზემოდან მიწით იყო დაფარული. კახური ღვინო თბილისში სწორედ ამ სარდაფიდან იგზავნებოდა. ყველაზე დიდი ღვინით მოვაჭრეები სიღნაღში ღონიევები იყვნენ, რომელთაც მეტსახელად დუნიანებს ეძახდნენ.

signagi2-1701632165.jpg

ტრადიციები

- სიღნაღში სომხური ეკლესია ყოველ­ნაირად ცდილობდა მრევლის გაზრდას. ამას ქართველების ხარჯზე ახერხებდა. ელიზბაროვები, ხატიევები, ღონიევები და ბევრი სხვა გვარი ქართული წარმოშობისაა. ჩემი წინაპარი ჯავახიშვილი იყო, მაგრამ ჯავახოვებად დაწერეს.

რაც შეეხება სიღნაღურ ტრადიციას, სუბსარქისის ანუ წმინდა სარქისის დღეს, სიღნაღის სომხური დიასპორა ამზადებდა ფაფას. ეს ტრადიცია სიღნაღში დღემდეა შემორჩენილი. ფაფა დაცეხვილი, მოშუშული ხორბლით მზადდება. ფაფასთან ერთად მიირთმევენ მოხარშულ ქათამს. ჩვენს ოჯახში ყოველ წელს ვამზადებთ ამგვარ სადილს.

სიღნაღში რამდენიმე ხელობის ოსტატთა ამქარი (გაერთიანება) იყო. ბაზაზების, ფართლეულითა და ტანსაცმლით მოვაჭრეების ამქრის უსტაბაში პაპაჩემი იყო.

სიღნაღში ყველაზე მდიდარ ოჯახად­ ითვლებოდნენ ვაჭარი ოთაროვები. როდესაც­ რუსეთმა დაიპყრო ჩვენი ქვეყანა,­ ამჟამინდელ დედოფლისწყაროში ბატალიონი ჩააყენა. საკვებით რუსის ჯარს ოთაროვი ამარაგებდა. მას სიღნაღის ცენტრში დიდი სახლი ჰქონდა, მაგრამ გასაბჭოების დროს ჩამოართვეს და აღმასკომი განათავსეს. აღმასკომის თავმჯდომარის კაბინეტში ოთაროვების უძვირფასესი ავეჯი იდგა. მოგვიანებით შენობაში პოლიკლინიკა განთავსდა, ამჟამად კი საქართველოს ბულბულის, ვანო სარაჯიშვილის მუზეუმი და ტურიზმის სამსახურია.

სიღნაღელ მამაკაცებს კეპიანი ქუდები­ ან შლაპები ეხურათ. ქალი ქუჩაში ჩიხტის გარეშე არ გამოვიდოდა. ისინი ხშირად აწყობდნენ ჩაის საღამოებს, რომელსაც "ვეჩერინკებს" უწოდებდნენ. უბნის ქალები დათქვამდნენ დღეს, შეიკრიბებოდნენ ერთ-ერთის სახლში, ლოტოს ითამაშებდნენ, მომართავდნენ სამოვარს, მურაბებს გახსნიდნენ, ტკბილეულს მოიმარაგებდნენ და გვიან ღამემდე ბაასობდნენ. მამაკაცები "ვეჩერინკებზე" არ დაიშვებოდნენ. თუმცა ერთი სახუმარო ამბავია სიღნაღში გავრცელებული. ერთ მსახიობ კაცს ქალურად ჩაუცვამს და ,,ვეჩერინკაზე" შეპარულა. ქალებს ალკოჰოლური სასმელიც დაულევიათ­ და ცეკვა დაუწყიათ. თურმე იძახდნენ, ტაში, ქალებოო, გახდაზე ვიცეკვოთო. ამ კაცის ჯერი რომ დამდგარა და მოუხდიათ ჩიხტიკოპი, მერე აღმოუჩენიათ, რომ კაცი შეეპარათ ქეიფზე.

ნელი ვარდიაშვილი