"ბევრი რამ შეიცვალა, წავიდა ის ოქროს ხანა" - კვირის პალიტრა

"ბევრი რამ შეიცვალა, წავიდა ის ოქროს ხანა"

ნოემბერში ოპერისა და ბალეტის თეატრმა ვოკალისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსს, OPERA CROWN-ს უმასპინძლა. კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 43 ახალგაზრდა მონაწილეობდა.­ თბილისს კონკურსანტთა მონაწილეების­ შესაფასებლად მსოფლიოს წამყვანი საოპერო­ თეატრების ხელმძღვანელები ეწვივნენ - ოპერა "კოვენტ-გარდენის" დირექტორი, ვაშინგტონის ნაციონალური ოპერის ხელმძღვანელი, ვენის სახელმწიფო ოპერის დირექტორი, დრეზდენისა და უნგრეთის ოპერის­ თეატრების ხელმძღვანელები, როსტროპოვიჩის ფონდის პრეზიდენტი და ა.შ. ჟიურის თავმჯდომარე თბილისის ოპერისა­ და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხა­ტვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძეა, რომელმაც საოპერო ცხოვრებაზე, საერთაშორისო კონკურსსა და მის სამსახიობო კარიერაზე გვიამბო.

- 1990-იან წლებში შევქმენით ახალგაზრდა მუსიკოსების ასოციაცია. ჩაფიქრებული გვქონდა ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის მასტერკლასების ჩასატარებლად სხვადასხვა ოპერის დირექტორები ჩამოგვეყვანა. მოგვიანებით კონკურსის იდეაც დაიბადა. ახლანდელ კონკურსში 43 მონაწილიდან 12 ქართველია. ვოკალისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს: პირველი ადგილი ელმინა ჰასანი (აზერბაიჯანი), მეორე ანა ფალავანდიშვილი (საქართველო) და მესამე დინმუჰამედ კოშკინბაევი (ყაზახეთი).

როგორც მე, ჩემს ახალგაზრდობაში მეხმარებოდნენ გავმხდარიყავი საოპერო მომღერალი, მინდა ასევე დავეხმარო ახალგაზრდებს და ხელი შევუწყო ახალი საოპერო ვარსკვლავების დაბადებას. კულტურის სამინისტრო და ქალაქის მერია გვერდით გვიდგანან, დანარჩენს ჩვენი კავშირებით ვაკეთებთ. ამ 8 წლის განმავლობაში ჩვენს კონკურსში 90-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ისინი დღეს წარმატებული მომღერლები არიან.

პიტერ მარიო კატონა, თითქმის 40 წელია ლონდონის სამეფო ოპერა "კოვენტ-გარდენის" დირექტორია, ის წელსაც ჩამოვიდა და ასე შეაფასა ჩვენი კონკურსი, არ ვიცი მომზადების დონითა და ჟიურით Operalia უფრო წინ დავაყენო თუ საქართველოს Opera Crown-ი. ეს ძალიან მაღალი შეფასებაა.

403608480-338073478935377-6970578795242914663-n-1702191981.jpg

- თქვენს კარიერაზეც გვიამბეთ... ზურაბ ანჯაფარიძემ გნახათ სპექტაკლში "სამგროშიანი ოპერა", მოეწონეთ და იქიდან იწყება თქვენი დაინტერესება ოპერით.

- თეატრალურ ინსტიტუტში რომ ვსწავლობდი, მაშინ ბატონი ზურაბი მუსკომედიის კათედრის გამგე იყო, მამეცადინებდა, თან ბიძად მერგებოდა. უკვე მიშა თუმანიშვილთან ვიყავი კინომსახიობთა თეატრში, როცა კონსერვატორიაში ჩაბარება მირჩია. მერე დავოჯახდი, მეუღლე პიანისტია, ორწლიან სტაჟირებაზე გაუშვეს მოსკოვში და ქართველი ქმარი ცოლს მარტო როგორ გავუშვებდი და გავყევი. იქ ჩავაბარე კვალიფიკაციის ასამაღლებელ ინსტიტუტში. სწავლა რომ დაიწყო, დამიძახა რექტორმა და მეუბნება, აქ რა გინდათ, დიდ თეატრშია თქვენი ადგილიო. უზომოდ მადლობელი ვარ ლია სეხნიაშვილის, რომლის ხელშეწყობითაც საქართველოს კულტურის სამინისტროდან სარეკომენდაციო წერილი მომცეს. ბატონი ზურა სოტკილავა ამ წერილით დიდ თეატრში შევიდა და ზუსტად ხუთ წუთში გამომიტანა­ დიდი თეატრის მოწმობა. ასე მოვხვდი დიდ თეატრში სტაჟირებაზე, კაცი, რომელიც ვერ ვიტანდი ოპერას და რამდენიმე წელიწადში საოცრად გამიტაცა.

ჩემს მომღერლად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მაესტრო გოჩა ბეჟუაშვილს - მან მაზიარა საოპერო სამყაროს. ბატონი გოჩა რომ არა, ვერ მივაღწევდი ამ მწვერვალებს. მიხარია, რომ დღეს ჩემი მოწაფეები, ისევე როგორც ბატონი გოჩასი, მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში მღერიან.

- საოპერო კარიერამდე იყო დასამახსოვრებელი კინოროლი რამდენიმე ქართულ ფილმში. "სიყვარული ყველას უნდა", "ნეილონის ნაძვის ხე", "ახალი წელი"...

- დედა მუსკომედიის მსახიობი იყო, ფილმში "გლახის ნაამბობი" ეზოს დაწიოკების სცენა რომ არის, დედას ხელში 5-6 თვის ბიჭი უჭირავს, ეს ბიჭი მე გახლავართ. მოკლედ ასე მოვხვდი კინოში. ფილმის "სიყვარული ყველას უნდა" გადაღებებზე მე და გიო ხუციშვილი ერთ ნომერში ვცხოვრობდით, ჩვენს თავზე - გიორგი შენგელაია და ყოველ საღამოს აგვიყვანდა ხოლმე თავისთან, ცოტა კონიაკს დაგვისხამდა, რაღაცებს გვიყვებოდა. ჩვენ ბურნუთას მეგობრების როლში გვიღებდნენ და კახეთში ალბათ, ერთი წლის განმავლობაში დავყავით. ერთხანს მსხიობებთან ერთად ჭავჭავაძეების რეზიდენციაში ვცხოვრობდით და კახელები ყოველ საღამოს ბატკანსა და ათლიტრიან ღვინოს გვიგზავნიდნენ. მე დიდი მსმელი არა ვარ, მაგრამ ისეთი სიტუაცია იყო, ყოველდღე ვქეიფობდით, მე და გიო კი ვმღეროდით.

წლების შემდეგ ქუჩაში ბატონი გიორგი­ შენგელაია შემხვდა და რომ ვუთხარი, სტაჟირებაზე მივდივარ, სიმღერას ვაპირებ-მეთქი, "ხარება და გოგიას" გადაღებას ვიწყებ, რა დროს სიმღერაა ფილმში უნდა გადაგიღოო. ვიუარე, მეუღლემ კონსერვატორიაში ჩააბარა და მარტო ვერ გავუშვებ-მეთქი. ბევრი სახალისო მოგონება მაქვს "ნეილონის ნაძვის ხეზე". ისე გაიწელა გადაღებები, რომ ზამთრის პერიოდს ზაფხულში ვიღებდით. ზამთრის თბილი ტანსაცმელი გვეცვა, ქუდები გვეხურა. ათწამიანი სცენის გადაღების შემდეგ გამოვრბოდით ავტობუსიდან, რომ ჩაგვესუნთქა ჰაერი, ვიწვოდით. გარშემო სიმწვანე რომ დაეფარათ, წინ სამხედრო მანქანა მიდიოდა, რომელიც ბოლს უშვებდა ნისლის, ზამთრის ეფექტის მისაღებად და გვახრჩობდა მისი გამონაბოლქვი. ის დრო საუკეთესოდ მახსენდება.

- მერე დაიწყეთ საოპერო კარიერა...

- დიახ... მახსოვს, 1995 წელია, "მანონ ლესკოს" სპექტაკლია ტორონტოში. როცა ჩემი პარტია დავასრულე, 5000 კაცი ფეხზე ამდგარი მიკრავდა ტაშს. მაშინ გავიფიქრე, ნეტავ ბაბუაჩემი მხედავდეს, როგორ იამაყებდა-მეთქი. 62 პარტია მაქვს ნამღერი, უამრავი გამარჯვება ყოფილა.

gazeti-1-1702191951.jpg

- რა არის მნიშვნელოვანი მომღერლისთვის?

- რა თქმა უნდა, ხმა, თავი და ჯანმრთელობა. მუსიკალურად განათლებული ადამიანი უნდა იყოს, ინტუიციაც განვითარებული უნდა ჰქონდეს. ურთულესი პროფესიაა, ჩვენთვის არ შეიძლება ცივი, ცხელი, არ შეიძლება შაქრიანი, მარილიანი...

- დღეს ეს საოპერო მომღერლობა ისეთივე აქტუალურია, როდესაც თქვენ დაიწყეთ­ კარიერა?

- ბევრი რამ შეიცვალა, წავიდა ის ოქროს ხანა, რომელსაც მე მოვესწარი. სადაც ოპერის თეატრი არ არის, ის ქალაქი მეორეხარისხოვანია. ოპერა ქალაქის მაღალი კულტურის ერთ-ერთი მაჩვენებელია.

- ინტერნეტის ეპოქაში როგორ შეიძლება დავაინტერესოთ მომავალი თაობა ოპერით?

- მუსიკა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. ის ბავშვს აზროვნებას ასწავლის, აღქმის უნარს უვარჯიშებს. ბავშვები ხშირად­ უნდა ატარონ ოპერისა და ბალეტის თეატრში. შეიძლება ეს სამყარო თავიდან ძნელად აღსაქმელი იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში შეეჩვევიან. საბედნიეროდ, ეს პრობლემა საქართველოში არა გვაქვს, ყველა სპექტაკლზე სავსეა დარბაზი.