„პოლიტიკოსობა მარტო ქუჩაში სირბილი და „საქართველოს“ ძახილი არაა“
რომ ვკითხე, როგორ ხართ, ბატონო იმედა-მეთქი, დავბერდი, ბაბუო, მიპასუხა, მერე კი ჩვეული იუმორით დასძინა: "შესახედად შეიძლება არ ვიყო მთლად წაქცეული, მაგრამ დიდი ჭკუის მომატებას მაინცდამაინც ვერ ვატყობ თავს, თუმცა ყველაფერი წინ არის, ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ. ასეა კი", - და გაიცინა. ჩვენი რუბრიკის სტუმარია ყველასთვის საყვარელი მსახიობი იმედა კახიანი.
- დაჩაგრული ვარ ამდენ გოგოებში, მაგრამ შვილთაშვილები ჩემს მხარეს არიან. მე, ელენე - ნინის შვილი, და ანასტასიას ბიჭები - ლადო და ირაკლი, ძალიან ვმეგობრობთ. ელენე და ლადო დიდები არიან უკვე, 10 წლისანი, ნაბოლარა ირაკლი ოთხისაა. მე და ირაკლის ხანდახან დავა გვაქვს ხოლმე. ვეუბნები, მე და შენ კარგი ბიჭები ვართ, მაგრამ მე უფრო მაგარი ვარ-მეთქი. ბრაზდება, ორივე მაგრები ვართო. ცოტა ამაზე გვაქვს დავა, თორემ დანარჩენში ყველაფერში ერთად ვართ. ყველაზე დიდი ბედნიერებაა ოჯახი.
ჩვენ მოვესწარით რაღაცას, ჩვენი მშობლების თაობას კი რთულ პერიოდში მოუწიათ ცხოვრებამ. მამაჩემს სრულიად ახალგაზრდას ციმბირში უკრეს თავი. კომუნისტური პარტიის ძირგამომთხრელ მუშაობას ეწეოდიო.
ის და მამიდაჩემი თბილისში, პლეხანოვზე ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ. სოფლიდან თუ ვინმე ჩამოდიოდა, რა თქმა უნდა, მამაჩემთან ჩამოდიოდა. ესენიც მასპინძლობდნენ მანამ, სანამ ფეხზე დააყენებდნენ თანასოფლელებს. ერთი მეზობლის ბიჭიც ჩამოსულა. ჯერ კიდევ მათთან ცხოვრობდა, როდესაც მილიციაში დაუწყია მუშაობა. შეიძლება არ ჰქონია ბოროტი განზრახვა, მაგრამ იმ ბიჭს სამსახურში მოუყოლია, ლადო მაგარ ანეკდოტებს ჰყვება და გვაცინებსო. რას ჰყვება, რა თემაზეო, უკითხავთ. კომუნისტურ წყობაზეო. მეორე დღეს პლეხანოვზე, კინოთეატრ "აპოლოში" ყოფილა მამაჩემი შეყვარებულთან ერთად, იქ დაუვლიათ ხელი და ციმბირში გაუქანებიათ. გადასახლებიდან 6 წლის მერე დაბრუნდა. ამბობდა ხოლმე, ვერ ვიფიქრებდი, თუ ცოცხალი დავბრუნდებოდიო. ამის შემდეგ ქალაქში ცხოვრების უფლება აღარ ჰქონდა. ამიტომ სამტრედიის რაიონში წავიდა. ბაბუაჩემი აზნაურის შვილი იყო, ერთ ოდასახლში ცხოვრობდა და მამაჩემმაც იქ გააგრძელა ცხოვრება. იქ შეირთო ცოლი და გაუჩნდა პირველი შვილი ანუ მე. იფიქრა, ავშენდიო და დამარქვა იმედი. ვერაფერი იმედი გამოვიდა, მაგრამ... მერე კიდევ ჩემი ორი ძმა გაჩნდა. სამწუხაროდ, მხოლოდ მე დავრჩი. ჩემმა ძმებმა კარგი შვილები და ოჯახები დატოვეს.
- ის კაცი აღარ შეხვედრია, ვისი დასმენითაც ციმბირი გამოიარა?
- სოფელში ვეღარ ჩამოდიოდა, მაგრამ მამაჩემს ერთი აუგი არ დასცდენია მასზე. პირიქით, სულ ამბობდა, ახალგაზრდა კაცი იყო, ვერ მოზომა, თორემ ბოროტება არ ჰქონია გულშიო. არ უნდოდა ჩვენ შორის შუღლი და სიძულვილი დაემკვიდრებინა. პირიქით, სოფელში მომრიგებელ კაცად ითვლებოდა. სიკეთით იცხოვრა, ერთი ბოღმა ან სიბინძურე მისთვის არ შემიმჩნევია. ასე რომ, იმ თაობას მე ძალიან ვაფასებ, მიყვარს... რა პირობებში იცხოვრეს, მაგრამ კაცობა და ადამიანობა არ დაუკარგავთ.
ჩვენი თაობა მოვესწარით რაღაცას. ხანდახან 2-3 ფილმზე ერთდროულად ვმუშაობდი. დღეს რა გამოლევს ნიჭიერ ხალხს, მაგრამ თუ ასპარეზი არ ექნა, რა ქნას ინჟინერმა, მსახიობმა ან რეჟისორმა თუ დრამატურგმა? არ არის სამუშაო. კინოს დიდი ფული უნდა. ქართული კინო მსოფლიოში გამორჩეული იყო. როგორც არსებობდა იტალიური, ფრანგული, ამერიკული ასევე ცალკე იყო ქართული კინოს ფენომენი. რუსული ან საბჭოთა კი არა - ქართული!
ერთ ამბავს გიამბობთ, 1992-93 წლებში გადამხდა. ერთ ამერიკელ მილიარდერს, პროექტი ჰქონდა, ამერიკაში ეპატიჟებოდა, ვინც არ იყო ნამყოფი, თუმცა რომ ჩადიოდი, რაღაც საინტერესო უნდა გეთქვა. მოკლედ, ამ მილიარდერის წარმომადგენელი მისულა კინოსტუდიაში და უთქვამს, დავალებული მაქვს, ქართული კინო წავიღო ამერიკის უნივერსიტეტებში საჩვენებლადო. უნახავს დოკუმენტური ფილმები, მულტიპლიკაციურიც, მხატვრული ფილმებიდან "სამანიშვილის დედინაცვალი" აურჩევია. გადაწყდა და წავედით.
ამერიკელ მაყურებელთან პირველი შეხვედრა ბოსტონის უნივერსიტეტში გაიმართა. ვფიქრობდი, პლატონ სამანიშვილის პრობლემა, რომელსაც პატარა მიწის ნაკვეთი აქვს, ოჯახს ძლივს ინახავს, ახლა მამამისმა ცოლის თხოვნა მოინდომა, თუ შვილი გაუჩნდა, გასაყოფი გაუხდება მიწა, ამიტომ უშვილოსა და ორნაქმარევს ეძებს, ეს ამერიკელმა როგორ უნდა გაიგოს-მეთქი. გაივსო დარბაზი. ეს არ იყო ქუჩიდან მოსული, შემთხვევითი ხალხი, არამედ განათლებული საზოგადოება, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები... დაიწყო ფილმი სუბტიტრებით, მაგრამ ჩვენი საუბარიც ისმოდა. ვუყურებ, თქვენ წარმოიდგინეთ, სადაც აქ ქართველ მაყურებელს ეცინებოდა, იმაზე გაეცინათ იქაც. ტაშიც იმავე მომენტში დაუკრეს. მოკლედ, ისეთი რეაქცია ჰქონდათ, გეგონებოდათ, თბილისში უყურებდნენ კინოს. ფილმი რომ დამთავრდა, სცენაზე ავედი, მადლობა მოვახსენე. ბოსტონის უნივერსიტეტიდან დაიწყო და სადაც კი ვიყავით, ყველგან პირველი შეკითხვა იყო, ვინ ხართ, რუსები არა ხართ, რა ენაზეც ლაპარაკობთ, რუსული აშკარად არააო. არა, რას ბრძანებთ, რა რუსები, ქართველები ვართ, ჯორჯია, კავკასიონი, კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შუა-მეთქი... უკვირდათ, სხვა კულტურაა, სხვა საუბარი, სხვა კოსტიუმები, სხვა სიდინჯე, რა ქვეყანააო...
ძალიან მეცოდება ჩვენი ახალგაზრდა კოლეგები, რომელთაც ასპარეზი არა აქვთ. ფული არაა, კინო არაა. დღევანდელი თაობა ნიჭიერია. თუ რამე ხელოვნებაში ხდება, ყველგან გამორჩეული არიან. ძალიან თავს რომ იწონებენ და ამბობენ, პოლიტიკოსები ვართო, ეს ცოტა მაკვირვებს. პოლიტიკოსობა მარტო ქუჩაში სირბილი და "საქართველოს" ძახილი არაა. განათლება და სხვა რომ არაფერი, ცხოვრებისეული გამოცდილებაც სჭირდება. ცოტა ისეთ ხალხს ვკითხოთ, ვისაც ჭკუა მოეკითხება.
ახლა რომ ამბობენ, არჩევნებისთვის მზადება იწყებაო. ერთმანეთს რომ აგინებენ და მეტს არაფერს აკეთებენ, შენ ცუდი ხარ და მე კარგიო, ამის მაგივრად დასხდნენ, იმსჯელონ, რას მოგვცემს ევროკავშირთან ურთიერთობა, რას მოგვცემს ამერიკასთან ურთიერთობა... ვგიჟდები, პოლიტიკური შეხედულების გამო ვიღაც რომ აგინებს ტალახაძეს ან კვარაცხელიას. ყველა პარტია შეგიძლია გააკრიტიკო და გალანძღო, მაგრამ შენს ქვეყანას როგორ ლანძღავ!? როგორ ამბობ, რომ ქართველები უვარგისი ხალხია, იქ არ ჩახვიდეთ, ინვესტიცია არ ჩაიტანოთო. ტალახაძე მსოფლიოში უძლიერესი კაცია, იმაზე, რომ იტყვი, ეს რა კაციაო. ტალახაძე თუ არ არის კაცი, შენ ხარ?! ან კვარაცხელიაზე ცუდი რატომ უნდა თქვა? მთელმა ევროპამ იცის, რომ ქართველია, ყველა იცნობს კვარას, კარგის მეტი რატომ უნდა თქვა?! ეს პოლიტიკოსობა არაა, ეს არის შეუგნებლობა, იმის თქმა მიჭირს, მოღალატეა და ქვეყანა არ უყვარს-მეთქი.
- რა უნდა მოხდეს, რომ სიძულვილის ენა დასრულდეს ქვეყანაში?
- სპეციალისტებმა, ისტორიკოსებმა, ეკონომისტებმა და პოლიტოლოგებმა ტელევიზიით უნდა უთხრან ხალხს, ამან ეს გააკეთა, იმან ისო. რაც არ ვიცით, ის მოვისმინოთ უაზრო დავის მაგივრად. მხოლოდ ის კი არ უნდა გვასმენინონ, ამ პარტიაში ვინ აირჩიეს ან ვინ იმ პარტიაში. ხალხს, რომელსაც 1 საათი არა აქვს ნამუშევარი არსად, ჭკუას გვასწავლის. რადგან ქუჩაში დარბოდი და ყვიროდი, პოლიტიკოსი იმიტომ ხარ? ამიტომ არსებობს ტელევიზია, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ ხალხს. არ ვიცი, შეიძლება ივანიშვილს რაღაც შეცოდებები პოლიტიკაში ჰქონდეს, მაგრამ რაც გაუკეთებია, არ უნდა დაუკარგო. ასეთი ქველმოქმედი მსოფლიოში არ მინახავს. ზედმეტი თქვი და ბელადი გახადეო, არ ვამბობ, მაგრამ რა სიკეთეც ამ კაცმა ჩაიდინა, ის თქვი.
ოჯახის ტრადიციამ და პატივისცემამ მოგვიყვანა აქამდე. არავის ლექციის წაკითხვა არ გვჭირდება, თუ როგორ უნდა დავიცვათ ქალის უფლებები. არც ერთ ქვეყანას არ ჰყოლია 2 ქალი მეფე. რატომ და რას შესწირა თავი ქეთევან წამებულმა, ისიც ყველამ კარგად იცის. ამან გადაარჩინა ქვეყანა...
გურულები პირველად მშვიდობის სადღეგრძელოს ამბობენ, ჭკვიანები არიან. მშვიდობა უნდა იყოს ქვეყანაში, რომ ამ ნიჭიერმა ხალხმა მშვიდობიან პერიოდში იცხოვროს და ბევრი რამ გააკეთონ მარტო თავისი ქვეყნისთვის კი არა, მსოფლიოსთვის. ქართველ კაცს ეს შეუძლია.