უსინათლო ძალოსანი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი ოთხჯერ მოიგო
მირიან ოგნაძე ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონია უსინათლოთა შორის. მისი ცხოვრება ადასტურებს, რომ ადამიანს ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეუძლია, რომ ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ გულით მოინდომებ...
- დმანისის რაიონში, სოფელ დმანისში ვიზრდებოდი. 10 წლამდე საღ-სალამათი ბავშვი ვიყავი, ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ძალიან მიყვარდა სპორტი, კარატეს წრეზე დავდიოდი, მაგრამ ყველაფერი ერთ დღეში შეიცვალა: მეოთხე კლასში ვიყავი, როცა ჩემს ძმასა და ბიძაშვილთან ერთად ტყეში წავედი კუნელის დასაკრეფად. ყველაფერი წამებში მოხდა - ნაღმი აგვიფეთქდა, ძმა და ბიძაშვილი იქვე დაიღუპნენ, მე კი გადავრჩი, მაგრამ მხედველობა დავკარგე! 3-4 წელი ჩემს მკურნალობას და რეაბილიტაციას დასჭირდა. სულ სახლში ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ცხოვრება დასრულდა!
- როგორ მოერიეთ ამ განსაცდელს?
- ჩემი მშობლებისა და დედმამიშვილების დახმარებით - მრავალშვილიან ოჯახში ვიზრდებოდი, ყველა ხელს მიწყობდა და თანდათან გამოვედი დეპრესიული მდგომარეობიდან. მერე გავიგეთ, რომ თბილისში უსინათლოთა სკოლა ყოფილა და 202-ე სკოლაში შემიყვანეს, მაგრამ თავს ცუდად ვგრძნობდი და მშობლებმა შინ წამომიყვანეს. სამი წლის შემდეგ ისევ სკოლაში დამაბრუნეს. ისეთი მეგობრები შევიძინე, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ. თანდათან სპორტსაც დავუბრუნდი და შეჯიბრებებსა ან სპარტაკიადებში ვიღებდი მონაწილეობას. 2008 წელს სკოლა დავამთავრე და ერთ წელიწადში დავქორწინდი.
- მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით?
- ჩემი მეუღლე ქეთევან ქედელიძე უსინათლოთა სკოლაში გავიცანი. 2009 წელს დავქორწინდით, 2011 წელს ნია შეგვეძინა, შემდეგ ბიჭი, რომელსაც მამაჩემის სახელი, ზურა ჰქვია. მერე საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით და კოლეჯში ჩავაბარე, სადაც ოფისმენეჯერის პროფესიას ვეუფლებოდი. ამ დროს ჩვენს კოლეჯში სტუმრად მოვიდნენ პარლამენტის წევრები, მარიამ ჯაში და რატი იონათამიშვილი, სწორედ მათგან შევიტყვე თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის შესახებ, სადაც შშმ პირები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშობენ. მეც მივედი და 2017 წლიდან უკვე სერიოზულად ვვარჯიშობდი, ჯერ ფეხბურთში, მერე ძიუდოში, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ ძალოსნობა უფრო მიზიდავდა. 2019 წელს გიზაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გავიმარჯვე უსინათლოთა შორის. მას შემდეგ ზედიზედ გავიმარჯვე და ახლა ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი ვარ. 2023 წლის აგვისტოში მსოფლიო რეკორდიც დავამყარე უსინათლოთა შორის: ბირმინგემში მსოფლიო ჩემპიონატზე 212,5 კილოგრამი ავწიე და ოქროს მედალი მოვიპოვე. უკვე ოთხი წელია, ამ სახეობაში პირველი ვარ და ამ ადგილის დათმობას არ ვაპირებ.
- ასეთ შედეგს როგორ მიაღწიეთ?
- ჯერ მშობლები მიწყობდნენ ხელს, ახლა ჩემი მეუღლე მიდგას მხარში, სულ ვცდილობ წინ წავიდე და ჩემი მიღწევები უფრო გავაუმჯობესო. ზოგიერთი მშობელი ცდილობს შვილი არ შეაწუხოს, მით უმეტეს, თუ შშმ პირია, რაც დიდი შეცდომაა: შშმ პირი საქმის კეთებას თავიდანვე უნდა მიეჩვიოს, რათა მერე ცხოვრება არ გაუჭირდეს. ჩემი მშობლებიც ასე იქცეოდნენ, არც მაგრძნობინებდნენ, რომ უსინათლო ვიყავი.
- დაოჯახება ადვილად გადაწყვიტეთ?
- მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთი 5 წელი გვიყვარდა და ეს ნაბიჯი შეგნებულად გადავდგით. მას შემდეგ ცხოვრებისეულ სირთულეებს ერთად ვეჭიდებით. სულ ვცდილობ ჩემს შვილებთან თბილი, მეგობრული ურთიერთობა მქონდეს. ჩხუბი და ყვირილი არ მახასიათებს. ამდენი წელია ერთად ვართ და მეუღლისთვის ზედმეტი სიტყვაც არ მიკადრებია. ოჯახს მატერიალურად შეიძლება გაუჭირდეს, მაგრამ შრომითა და მონდომებით ყველა დაბრკოლებას მოერევა. ამაში ჩემმა განვლილმა გზამ დამარწმუნა: მხედველობა წამერთვა, მაგრამ უფალმა სხვაგვარად გამაძლიერა, სირთულეებთან ბრძოლა მასწავლა.
- ჩვენი სახელმწიფო როგორ ეხმარება შშმ პირებს და მათ შორის, უსინათლოებს?
- პენსია 340 ლარი გვაქვს, რა თქმა უნდა, დღევანდელ ფასებთან შედარებით ეს არაფერია, მაგრამ ადამიანი მარტო მთავრობის იმედზე არ უნდა იყოს: როცა დმანისში ვცხოვრობდით, მე და ჩემს მეუღლეს 4 მეწველი ძროხა გვყავდა და ყველს და მაწონს ვყიდდით, ოჯახის შენახვას ვახერხებდით. უსაქმოდ და უშრომლად არც აქ, თბილისში ვარ.
- რას ეტყოდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მშობლების კმაყოფაზე არიან და არ ცდილობენ თავიანთი ცხოვრების შეცვლას?
- მგონი, ეს ოჯახიდან მოდის: როდესაც დედა მცირეწლოვან შვილებს ტოვებს და სამუშაოდ უცხოეთში მიდის, ასეთი ოჯახი მტკიცე ვერ იქნება. ქმარ-შვილი ქალმა კი არ უნდა არჩინოს, პირიქით, კაცმა უნდა იშრომოს. ყველაფერი უნდა იღონოს, რომ დედა თავისი შვილების გვერდით იყოს. მოზარდები დაღამებამდე ქუჩაში რომ არიან და მომკითხავი არავინ ჰყავთ, როგორ შეიძლება?! ბავშვს წლების განმავლობაში დედის სითბო და ყურადღება რომ აკლია, ფსიქოლოგიური და ნერვიული პრობლემები დაეწყება, აბა, რა იქნება?! მე ამაში მამაკაცებს ვამტყუნებ, რომლებიც ძალიან გაზარმაცდნენ და ქალებს შეჰყურებენ ხელში.
ვინც სამშობლოდან პრობლემებს გაექცევა, საზღვარგარეთ უარესი პრობლემები ხვდება. უნდა იშრომო, ოჯახს მოუარო და შვილები აღზარდო - ჩვენი წინაპრებიც ხომ ასე ცხოვრობდნენ? მთავარია, მომავალი თაობა აღვზარდოთ ისე, რომ ამ ქვეყნის ერთგული იყოს, თორემ ახალგაზრდებს უცხოეთში წასვლაზე რომ უჭირავთ თვალი, ეს კარგია?! მე ყველაზე დიდი სიხარული მაშინ მეუფლება, როცა გავიმარჯვებ და დარბაზში საქართველოს ჰიმნი ისმის - ამ დროს თვალები ცრემლით მევსება და უფალს მადლობას ვუხდი, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე! ვნატრობ, რომ ეს სიხარული მომავალშიც არ მომაკლდეს.
ხათუნა ჩიგოგიძე