უნიკალური სისხლი, რომელიც ახალშობილის ჭიპლარში ინახება - კვირის პალიტრა

უნიკალური სისხლი, რომელიც ახალშობილის ჭიპლარში ინახება

ბოლო დროს ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების უნიკალურობა საზოგადოების განსაზღვრულ წრეებში ეჭვქვეშ დადგა. სკეპტიკოსების თქმით, ჭიპლარში არსებული ღეროვანი უჯრედი იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია დაავადებული ადამიანი გადაარჩინოს ან სრულფასოვანი მკურნალობისთვის საკმარისი იყოს. საუბარია მის ვადებზეც, როგორც ამბობენ, და ეს ინფორმაცია რამდენიმე წყაროშიც არის მითითებული, ღეროვანი უჯრედის სათანადო პირობებში შენახვის მიუხედავადაც, ის ფუნქციური დაახლოებით 20 წლის განმავლობაშია. თუმცა ამის დამადასტურებელი მეცნიერული კვლევა არ არსებობს.

ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედი არის სისხლი, რომელიც ჭიპლარის გადაკვანძვის შემდეგ ჭიპლარის ვენასა და პლაცენტაში რჩება. ჭიპლარის სისხლი უნიკალური ღეროვანი უჯრედების უმდიდრესი წყაროა, რომლის მოპოვების შანსი მხოლოდ მშობიარობის დროსაა შესაძლებელი. მისი მოცულობა, საშუალოდ, 20-დან 200 მლ-მდეა.

ჭიპლარის სისხლის შენახვის მსოფლიო ისტორია XX საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება. ის თხევად აზოტში ინახება სპეციალურ ნიადაგთან ერთად, რომელიც უჯრედებს დაზიანებისგან იცავს. უჯრედები ინახება დაბალ ტემპერატურაზე, -135-დან -196 გრადუსამდე. ჭიპლარის სისხლის ბანკი პირველად 1992 წელს აშშ-ში დაარსდა. 1988 წელს საფრანგეთში ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის პირველი შედეგიანი ოპერაცია ჩატარდა - 6 წლის პაციენტს უმცროსი დის ჭიპლარის სისხლი გადაუსხეს. მას ძვლის ტვინის იშვიათი დაავადება ჰქონდა. პაციენტი განიკურნა.

2017 წელს ცერებრალური დამბლის მქონე ჯეი შეტს პატარა ძმის ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედი გადაუსხეს. მას შემდეგ ბიჭის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.

დილონ ლოუსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაბადებიდან რამდენიმე წუთში გაუარესდა. მას იშვიათი მემკვიდრეობითი სისხლის ანემია აღმოაჩნდა. მას გაუკეთეს ღეროვანი უჯრედის გადასხმა, ის ახლა ჯანმრთელია.

8 წლის ნიკოლოზს მძიმე აუტიზმის დიაგნოზი 2 წლის ასაკში დაუსვეს. ბავშვს არ შეეძლო ლაპარაკი და მიდრეკილი იყო აგრესიისკენ. მას ჭიპლარის სისხლი პირდაპირ ზურგის ტვინში გაუკეთეს, მკურნალობა 18 თვეზე მეტხანს გაგრძელდა, ახლა ნიკოლოზი სკოლაში დადის, ლაპარაკობს, შეუძლია წინადადებების გადაბმა.

ზემოჩამოთვლილი და კიდევ სხვა მრავალი მაგალითი იმედს იძლევა, რომ ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედის გამოყენებით ადამიანებს სრულფასოვანი ცხოვრების საშუალება ეძლევათ. საკითხის უფრო ღრმად გასაცნობად ჭიპლარის სისხლის ბანკის სამეცნიერო დირექტორსა და თსსუ-ს სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს გიორგი­ ხარებავას ვესაუბრეთ:

- ჭიპლარის სისხლი მდიდარია ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედებით. ეს არის ორიგინალური საწყისი ღეროვანი­ უჯრედი, რომლისგანაც წარმოიშობა სისხლის სხვადასხვა უჯრედი. ჭიპლარ­ის­ სისხლში უამრავი ღეროვანი უჯრედია. ისინი სათავეს უდებენ სხვადასხვა დიფერენცირებული ფუნქციის მქონე სისხლის უჯრედების წარმოქმნას, არა მარტო სისხლის უჯრედების, არამედ მათ შეუძლიათ გარდაიქმნან მრავალ სხვადასხვა ფუნქციურ უჯრედად და შეავსონ ის დეფიციტი, რაც ორგანიზმში არსებობს. გარდა ამისა, ამ უჯრედებს აქვთ ფუნქცია გამოყონ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომელთაც შეუძლიათ ზემოქმედება გარემო ქსოვილებზე და რეგენერაციული პროცესების სტიმულირება. სისხლის ღეროვანი უჯრედების შედეგიანი გამოყენების სია ძალიან გრძელია, დაახლოებით 80-მდე დაავადებას მოიცავს. მხოლოდ რამდენიმეს დაგისახელებთ: მაგალითად, სისხლის დაავადებები ანუ ლეიკემიები; ასევე ხშირია მყარ სიმსივნეებში ჭიპლარის სისხლის გამოყენება; მეტაბოლური დაავადებები, როგორიც არის დიაბეტი; ნეიროლოგიური პრობლემები, ხერხემლისა და თავის ტვინის დაზიანებები; აუტიზმი, იმუნური სისტემის დაავადებები. ძალიან ბევრი კვლევა მიმდინარეობს ჭიპლარის სისხლის გამოყენებაზე ალცჰაიმერის დაავადების დროს.

- არსებობს მოსაზრება, რომ ჭიპლარის სისხლში არსებული ღეროვანი უჯრედების რაოდენობა არ არის საკმარისი...

- როდესაც ჭიპლარიდან სისხლის შეგროვება ხდება, შეიძლება მაქსიმუმ 200 მილილიტრი შეგროვდეს. რაც მეტი იქნება, მით უკეთესი. თანამედროვე სტანდარტებით დასაშვებია 20-30 მილილიტრი. ამაზე ქვევით შენახვას აზრი არა აქვს. რაც შეეხება­ საკმარისია თუ არა, გააჩნია რა პროცედურისთვის არის საჭირო. პირდაპირი გზით ჭიპლარის სისხლი შეიძლება რამდენიმე გადასხმისთვის იყოს საკმარისი, თუმცა დღეისათვის უკვე ფართოდ ვრცელდება ჭიპლარის სისხლში არსებული ჰემატოპოეზური და სხვა ღეროვანი უჯრედების გამოყინვის, შემდგომ გამოზრდისა და გამრავლების პროცედურები - ანუ ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ სისხლის უჯრედები და რა კონკრეტული მიზნითაც გვჭირდება, იმის მიხედვით შევარჩიოთ ღეროვანი უჯრედი და გავამრავლოთ. ეს მეტ-ნაკლებად ხსნის რაოდენობაში არსებულ შეზღუდვებს. ჭიპლარის სისხლში მილიონობით სხვადასხვა უჯრედია, აქედან დაახლოებით რამდენიმე მილიონი ღეროვანია, რაც ჩვენთვის ღირებულია. ამიტომ ხდება მათი გამოყოფა და შემდეგ გამოზრდა. ეს პრაქტიკა ჯერ ფართოდ არ არის გავრცელებული, თუმცა, ალბათ, ძალიან მალე გახდება სტანდარტული.

- შესაძლებელია თუ არა წლების შემდეგ შენახულ-გაყინულმა ღეროვანმა უჯრედმა ფუნქცია დაკარგოს?

- ამის დამადასტურებელი კვლევები არ არსებობს. პირიქით, ითვლება, რომ სისხლის უჯრედები განუსაზღვრელი ვადით შეიძლება იყოს შენახული თხევად აზოტში. თუ შენახულია სტანდარტების სრული დაცვით, არანაირი საფუძველი არა გვაქვს ვთქვათ, რომ 20 წლის შემდეგ აღარ იქნება ისეთი ეფექტური.

- უცხოეთში ჭიპლარის სისხლის გამოყენების დიდი პრაქტიკაა, საქართველოს მაგალითზე თუ შეგიძლიათ იმავეს თქმა?

- ბოლოს 2-3 წელია გახშირდა შენახული სისხლების მოთხოვნა, თუმცა ფართო­ პრაქტიკა არა გვაქვს. როცა მიაქვთ, ჩვენ ხშირად არა გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რისთვის იყენებენ. უცხოეთში ღეროვან უჯრედებს ხშირად იყენებენ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სამკურნალოდ. ვერ ვიტყვით, რომ ღეროვანი უჯრედების გადასხმის შემდეგ დაავადება განიკურნება, მაგრამ პაციენტების მდგომარეობა არსებითად უმჯობესდება. გამოჯანმრთელების ეფექტი, ასპროცენტიანი განკურნება, ლეიკემიით დაავადებულებშია. სხვა დაავადებებში, მაგალითად, თავის ტვინის დაზიანების დროს, პოზიტიური ეფექტი გვაქვს. მუდმივად მიმდინარეობს კვლევები, რათა დაიხვეწოს მათი გამოყენების მექანიზმები. რაც შეეხება სკეპტიციზმს, ეს ყოველთვის იყო და არის, რადგან სისხლის ღეროვანი უჯრედები არ იძლევა 100%-იან გარანტიას და თავდაცვას ყველა დაავადებისგან.

- სიმსივნის მკურნალობის დროს სტადიებს თუ აქვს მნიშვნელობა?

- პირველი და მეორე სტადიის სიმსივნეები ქირურგიულად განიკურნება. ამიტომ ამ სისხლის გამოყენების საჭიროება არ არის. როდესაც არის სიცოცხლისთვის საშიში მე-3 და მე-4 სტადიები, რისთვისაც არა გვაქვს სამკურნალო საშუალებები, დააავდება პროგრესირებულია და მეტასტაზირებული, ამ დროს ვიყენებთ ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს. ვერ ვიტყვით, რომ ეს სისხლი უშველის პაციენტს, მაგრამ ამაზე პოზიტიური ხედვა არსებობს.

- ოჯახის წევრებზე ჭიპლარის სისხლის თავსებადობა გასაგებია, არსებობს თუ არა პრაქტიკა უცხო ადამიანებზე მისი გამოყენების?

- ოჯახის წევრებს შორის, განსაკუთრებით დედმამიშვილებში, ძალიან დიდი შანსია იყოს 100%-იანი თავსებადობა. ოჯახის სხვა წევრების შემთხვევაში არსებობს 75%. რაც შეეხება უცხო ადამიანთან თავსებადობას, ამის ალბათობა ძალიან დაბალია, თუმცა არის შანსი. საზოგადოებრივი ბანკები იმისთვის არსებობს, რომ შექმნან ჭიპლარის სისხლის ფართო დონორული სპექტრი.

სოფო კაჭარავა