რას ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისთვის სტატუსის მიღება ეკონომიკური თვალსაზრისით
რაც უფრო ახლოვდება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად მინიჭების საკითხი, საზოგადოებაში მით უფრო იზრდება ევროკავშირული პერსპექტივების მოლოდინი. ეს კი, როგორც წესი, ხშირად ეკონომიკურ საკითხებს უკავშირდება. რას ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისთვის სტატუსის მიღება ეკონომიკური თვალსაზრისით და როდის შევძლებთ გავხდეთ ევროკავშირის თუნდაც ყველაზე ღარიბი ქვეყნის დონის - ხელფასებით, პენსიებითა და სხვა სოციალური დაცულობის სტანდარტებით, ამ საკითხებზე ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ვესაუბრებით.
- ჩვენს საზოგადოებასა და მედიასაც ცალმხრივი დამოკიდებულება აქვთ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით - ანუ ჯერ მივიღებთ თუ არა და მერე, რომ მივიღებთ, რა შეღავათი გვექნება. რას ვთავაზობთ, რით შევდივართ, რომ ჩვენი ქვეყანა საინტერესო იყოს და მოძრაობა ცალმხრივი არ იყოს? ხომ არ შეიძლება, ერთი მხრივ, აქცენტს ვაკეთებდეთ ჩვენს ისტორიულ წარსულზე, მეცნიერების ამა თუ იმ სფეროში მიღწევებზე გვქონდეს პრეტენზია, მეორე მხრივ კი ეკონომიკის სფეროში ვიყოთ მარადიული მთხოვნელებისა და მიმღებების როლში.ამ მიმართულებითაც იქნება საჭირო ზომების მიღება, რათა ჩვენც ვიყოთ საინტერესო და გარკვეულწილად დონორის როლის შემსრულებელი. ამ მიზანს თუ დავისახავთ, უფრო სწრაფად წავალთ წინ. რაც შეეხება წმინდა ეკონომიკას, რა თქმა უნდა, კავშირშია თანაბარ პასუხისმგებლობასთან, სამართლებრივი ნიჰილიზმი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის, უნდა შეიცვალოს. მაგალითად, არის ასეთი ანეკდოტი თუ გამოთქმა, პენალის დარტყმას ვინ ჰკითხავს მსაჯსო, და ამაზე გვეცინება, მაგრამ ფრანგსა და გერმანელს ამაზე არ გაეცინება, ვერ მიხვდება, რადგან იცის, რომ თამაშში გადამწყვეტი ფიგურა მსაჯია, ისევე როგორც საზოგადოებაში კანონი და არავის აქვს უფლება, კანონს გვერდი აუაროს და ისე მოიპოვოს უპირატესობა. როცა ამ ანეკდოტზე აღარ გაგვეცინება, მაშინ ნამდვილად ვიქნებით ისეთი ევროპელები, რასაც მოაქვს სტაბილურობა, განვითარება და სამართლიანობა.
წმინდა ეკონომიკურად კი, როდესაც კანდიდატი ხდები, ეს ნიშნავს, რომ შენი ცხოვრების წესი და სამართლებრივი ჩარჩოები მოგყავს შესაბამისობაში იმასთან, რაც მიღებულია ევროკავშირში, და ის ამ პროცესში დახმარებას გიწევს როგორც ტექნიკური ხასიათისას, ისე მონეტარულს. ეს იმისთვის, რომ გვქონდეს ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადი სავაჭრო სისტემა, სტაბილური ბიზნესგარემო, საინვესტიციო მიმზიდველობა. ამ მხრივ პროგრესი გვაქვს, ბოლო წლებში საგარეო ვაჭრობის 70% ევროკავშირზე მოდის და, თუ გაერთიანებულ სამეფოსაც ჩავთვლით, უფრო მეტი წილი გამოდის. ეს მოგვიტანს წარმოების მასშტაბების გაფართოებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოგვცემს საშუალებას, საექსპორტო ბაზრების მეტი დივერსიფიცირება მოვახდინოთ და მეტი საქონელი გავიტანოთ. დღეს არა მარტო ჩვენი ექსპორტის მოცულობა ჩამორჩება იმპორტს, არამედ სასაქონლო ნომენკლატურითაც საკმაოდ მოკრძალებულად გამოვიყურებით. ნაკლები დასახელების საქონელი გაგვაქვს, ვიდრე შემოგვაქვს, და თითოეული სასაქონლო პოზიციის მიხედვითაც, ექსპორტი იმპორტს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. გარდა ამისა, ევროკავშირთან დაახლოება ნიშნავს, რომ ქართველ ექსპორტიორებს გარკვეულწილად შეუმცირდებათ ხარჯები. პარალელურად, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება მეტი მუშაობა, რათა დავიცვათ მომხმარებელთა უფლებები - ევროკავშირის ბაზარი არა მარტო მაღალი გადახდისუნარიანობით გამოირჩევა, არამედ განსაკუთრებული მოთხოვნით პროდუქციის ხარისხის მიმართ. ქართული მხარე სერიოზულ სარგებელს მიიღებს ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის მხრივაც, რადგან მეტი მოტივაცია გაუჩნდებათ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს. მეცნიერებამ უნდა დაიბრუნოს თავისი საზოგადოებრივი როლი და ფუნქცია, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გარკვეულწილად დავკარგეთ. ეს კი აისახება წარმოებული პროდუქციის ფასზე, რაც თითოეული მოქალაქის შემოსავალსა და კეთილდღეობას გაზრდის. ეს არის უალტერნატივო გზა, რათა ქვეყანამ მიიღოს სტაბილური, გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა. ეს არის ჩვენი ამოცანა და რომ გითხრათ, ამ მიმართულებით ყველაფერი რიგზეა, მართალი არ ვიქნები. თითქმის ათი წელი გავიდა, რაც ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, და მაშინ თუ ევროკავშირის საგარეო ვაჭრობაში საქართველოს წილი იყო 0,6%, 0,9%-მდე ავიდა. საგარეო სავაჭრო ბრუნვა იზრდება, მაგრამ ევროკავშირის წილი კი არ გაზრდილა, ბოლო პერიოდში რამდენადმე შემცირდა.
- ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანასთან მიმართებაში როგორია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები? რა დრო დაგვჭირდება, რომ თუნდაც ამ ყველაზე დაბალ მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ?
- ეკონომიკური განვითარებით ევროკავშირის ყველაზე სუსტი რგოლი ბულგარეთია. ის ევროკავშირის წევრი 2007 წელს გახდა. მაშინ საქართველოს მშპ ერთ სულზე ბულგარეთის მაჩვენებლის დაახლოებით 53%-ს შეადგენდა, 2022 წლის მონაცემებით კი არის სადღაც 68%-ის დონეზე - ანუ 15 წელიწადში თითო პუნქტით დავძლიეთ ბულგარეთთან ჩამორჩენა და ამ ტემპით გამოდის, ბულგარეთის დონეზე 32 წლის შემდეგ გავალთ. იმისათვის, რომ მოკლე ვადებში დავძლიოთ ისტორიული ჩამორჩენა, საჭიროა მეტი ინოვაცია და კოოპერირება. ბოლო წლებში სახმელეთო მეზობლებთან შედარებით ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი ტემპი რომ გვაქვს, ცუდი არ არის, მაგრამ არ კმარა იმისთვის, რომ მაღალგანვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში გადავინაცვლოთ. ევროკავშირთან დაახლოება გვაძლევს ისტორიულ შანსს და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ეს არის ჩვენი თაობის სერიოზული ამოცანაც, გამოწვევაც და შანსიც.
- ითქვა, რომ ევროკავშირის შემდეგი გაფართოება 2030 წლისთვის იგეგმება. როგორია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მინიმალური სტანდარტი და ამ 6 წელიწადში საშუალოდ რამდენით უნდა გაიზარდოს ჩვენი ეკონომიკა, ამ ნიშნულს რომ მივაღწიოთ?
- იმისთვის, რომ დემოკრატიაზე გვქონდეს პრეტენზია, ეკონომიკის გარკვეული დონეც უნდა გვქონდეს. უამისოდ მხოლოდ დემოკრატიაზე საუბარი ვერ იქნება რეალური შედეგის მომტანი და, ადრე თუ გვიან, ეს დამთავრდება რეჟიმის შეცვლით ან სოციალური ამბოხით. ამიტომ ეს ორი რამ პარალელურად უნდა ხდებოდეს. მარტივად რომ ვთქვათ, იმდენი რესურსი უნდა გვქონდეს, რომ მხოლოდ ჭამის მოთხოვნილება კი არ დავიკმაყოფილოთ, არამედ ინტელექტუალურიც. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ. ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპი, ცუდი არ არის, მაგრამ ჩვენ მუდმივად აუტსაიდერად ყოფნა ხომ არ გვინდა? და მეორე, ეკონომიკის ზრდა ნიშნავს, რომ ყველა მოქალაქის კეთილდღეობა იზრდება? ე.წ. ჯინის ინდექსი, რომელიც შემოსავლებისა და ხარჯების განაწილებას აჩვენებს, ჩვენთან ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ჯერ კიდევ მაღალია, ანუ სოციალური თანაბრობა არ არის მიღწეული. ძალიან მაღალი გვაქვს ის მაჩვენებელიც, რომელიც წარმოაჩენს განსხვავებას ყველაზე მაღალშემოსავლიან და ყველაზე დაბალშემოსავლიან მოსახლეობას შორის. ის არ უნდა აღემატებოდეს ათს, ჩვენ კი 17 გვაქვს. ამ მიმართულებითაც მუშაობა გველის, არა მარტო ეკონომიკა უნდა იზრდებოდეს, არამედ მისი მეტ-ნაკლებად თანაბარი გადანაწილებაც უნდა მოხდეს.
- რამდენი უნდა იყოს პენსია, საშუალო ან მინიმალური ხელფასი იმ დროისთვის, როდესაც ევროკავშირის წევრი გავხდებით?
- აქ მნიშვნელოვანია ვალუტის მსყიდველუნარიანობა. 100 ევრო პარიზში სხვა მსყიდველუნარიანობისაა, თბილისში კი სხვა. თუმცა არის კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც, მიზანშეწონილია, რომ საშუალო პენსიის თანაფარდობა საშუალო ხელფასთან არ უნდა იყოს 35-40%-ზე ნაკლები. ჩვენთან კი მომატებული პენსიების შემდეგ ეს თანაფარდობა დაახლოებით 25%-ის დონეზეა - ანუ აქ კიდევ ბევრი გვაკლია. თუ ახლა საბაზისო პენსია არის დაახლოებით 300 ლარი, ის, სულ ცოტა, 450 ლარი უნდა იყოს. სხვა საკითხია, რომ თავისთავად არც ხელფასებია მაღალი და, თუკი ევროკავშირთან მიახლოებაზე ვილაპარაკებთ, ორივეს გაზრდაა საჭირო, პროცენტულად უფრო მეტად პენსიის.
- ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანასთან მიმართებაში დღეს ჩვენი მონაცემები დაახლოებით როგორი თანაფარდობითაა? რა შეიძლება იყოს ჩვენი სამიზნე? ცხადია, რამდენიმე წელიწადში გერმანიის პენსია ვერ გვექნება.
- პენსია საბერძნეთში დაახლოებით 870 დოლარის ეკვივალენტია, ჩვენთან -115 დოლარის. უნგრეთში სადღაც 447 აშშ დოლარის ფარგლებში, თურქეთში - 380 დოლარის, სლოვაკეთში - 556 დოლარის, პოლონეთში - 660 დოლარის და ა.შ. - ანუ 4-5-ჯერ მაღალია პენსია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მაგრამ ამას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს: ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობა, საბიუჯეტო შემოსავლების ფორმირების რესურსი, თანაფარდობა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობისა და პენსიონერების რაოდენობას შორის. ეს თანაფარდობა ოპტიმალურად ითვლება, როდესაც 100 პენსიონერზე 280-320 დაქირავებით დასაქმებული მოდის. ჩვენ 800 ათასზე მეტი პენსიონერი გვყავს, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა მხოლოდ 870 ათასია. დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 2-3-ჯერ მეტი რომ გვყავდეს, მათ მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხა გაცილებით მეტი იქნებოდა და სახელმწიფოსაც მეტი შესაძლებლობა მიეცემოდა, რომ საპენსიო უზრუნველყოფა უფრო მაღალ დონეზე აეწია.
- პენსიების გარდა, არის ჯანდაცვის, დაზღვევის საკითხები...
- 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველო 190 ქვეყნიდან ბოლოდან მერვე ადგილზე იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის წილით ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში, ანუ ჯანდაცვის ხარჯების 86%-ს მოსახლეობა თავისი ჯიბიდან იხდიდა. ახლა ეს მდგომარეობა შეცვლილია და მეტ-ნაკლებად ვამართლებთ კონსტიტუციაში ჩანაწერს, რომ სახელმწიფო არის სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული და თანხების განაწილებას საფუძვლად ეს პრინციპი უდევს.
- რიგითი მოქალაქე ევროკავშირში გაწევრების რომელ ეტაპზე იგრძნობს ევროკავშირის სიკეთეს ეკონომიკურად, და რა იქნება ამის ხელშესახები მაჩვენებელი?
- თვალი რომ გადავავლოთ ჩვენს ცხოვრებას, განსაკუთრებით ბოლო 20-25 წლის განმავლობაში, გაცილებით მეტ კომფორტს, დაცულობასა და მეტ პოზიტიურ ტონალობას უნდა ვხედავდეთ. მართალია, ეს კიდევ არ არის საუკეთესო დონე, მაგრამ თავისთავად ევროკავშირიც არ არის მხოლოდ შეძლებულებით წარმოდგენილი. აბსოლუტური სოციალური ერთგვაროვნება არც ერთ ქვეყანაში არ არის და არც ევროკავშირშია, მაგრამ მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩნდება მეტი შანსი, ადამიანს ექმნება შესაძლებლობა საკუთარი შრომით, ცოდნით კეთილდღეობა გაიუმჯობესოს. ევროკავშირთან მეტი კავშირი, ჯერ კანდიდატობა და მერე უკვე პერსპექტივაში წევრობა, ამ მხრივ ჩვენს შანსებსა და პერსპექტივებს განუზომლად ზრდის და ეს არის მთავარი.
რუსა მაჩაიძე