მთავარი მოვლენის მოლოდინში, ონლაინჩართვა შამბასთან და „კონტრრევოლუცია“ „ნაცმოძრაობაში“
გასული კვირა იმით იყო გამორჩეული, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური უზენაესი საბჭოს წევრ თემურ ყოლბაიასა და სეპარატისტ-მარიონეტ სერგეი შამბას ონლაინსაუბრის გამო აჟიოტაჟი ატყდა. ოპოზიცია რაზე გამოთქვამდა პრეტენზიას, სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, "ოცნების" განცხადებები კი სტანდარტული იყო - აფხაზები ჩვენი ძმები არიან და უნდა ველაპარაკოთო. საბოლოოდ, კვლავ გაიშალა ძველ-ახალი დისკუსია იმის შესახებ, უნდა ველაპარაკოთ თუ არა პირისპირ აფხაზებს.
რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პოზიცია იყო, არის და იქნება ერთმნიშვნელოვანი (მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ხელისუფლებაში) - დიახ, ოფიციალური თბილისი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს საკუთარ მოქალაქეებად მიიჩნევს და უნდა ველაპარაკოთ. რა თქმა უნდა, არავინ არ უნდა დასვას კითხვის ნიშანი, ყველა იმ სერვისსა თუ შეღავათზე (მაგალითად, ჯანდაცვაზე), რასაც აფხაზები თუ ოსები იღებენ ქართული სახელმწიფოსგან. ეს სწორია და არ უნდა შეიცვალოს. თუმცა მეორე მხარეს არის მწარე სიმართლე და არ უნდა მოვიტყუოთ თავი - აფხაზებს ძმებად სულაც არ მივაჩნივართ და არანაირად არ სურთ ჩვენთან ცხოვრება. ყველაზე კარგ ქართველს ურჩევნიათ ყველაზე ცუდი რუსი. წარმოიდგინეთ, მათთვის ტრაგედიაა თუნდაც იმის განხილვა, რომ ქართველი დევნილები დაბრუნდნენ აფხაზეთში, რომლებიც მათვე (რუსეთის უშუალო მონაწილეობით) გამოყარეს საკუთარი სახლ-კარიდან, ნაწილი მოკლეს და მათი ქონება მიითვისეს. არიან რუსეთის მოქალაქეები და იქაური პოლიტელიტა მთლიანად შერწყმულია რუსეთთან.
არის მეორე მწარე სიმართლეც - ხვალ რომ მოხდეს სასწაული, ყველა აფხაზს შევუყვარდეთ და ჩვენთან ცხოვრება მოუნდეთ, ვერც ვერაფერს გადაწყვეტენ, იმიტომ, რომ აფხაზეთის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ და მხოლოდ კრემლი და სულ არ აინტერესებს, რას ფიქრობენ შამბები თუ არძინბები. მოსკოვი დიდი ხნის წინათ მიიერთებდა აფხაზეთს კრასნოდარის ოლქის შემადგენელ ნაწილად, საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისა და ვაჭრობის იარაღად რომ არ სჭირდებოდეს. ამიტომაც ვერანაირი პირდაპირი ფორმატები და უწუპუწუები ვერ მოაგვარებს აფხაზეთის საკითხს - ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ოკუპანტი რუსეთი იძულებული იქნება წავიდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. და როდესაც ეს მოხდება (ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოხდება) არც მაშინ ჰკითხავს აფხაზებს არაფერს. შამბას ონლაინჩართვა-გადართვა იქით იყოს და, ყველანი ველოდებით საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთ მთავარ მოვლენას - 15 დეკემბერს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ოფიციალურად მიიღებს. ერთი მხრივ, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალვე ევროკავშირში შევალთ. თუმცა, მეორე მხრივ, ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, ურომლისოდაც არაფერი გამოვიდოდა. იქამდე კი გზა რთული, გრძელი და ხშირად სისხლიანი იყო.
33-წლიანი გრძელი გზა
პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი და წარმატებები (ვიზალიბერალიზაცია, სტატუსი და ა.შ.). საქართველოს მოსახლეობის, ქართველი საზოგადოების დამსახურებაა. ხელისუფლებები სწორედ საქართველოს მოსახლეობის განწყობებს უწევდნენ ანგარიშს. როდესაც ზოგიერთი ჩვენი მეგობარი ქვეყნის მოსახლეობას ომი მხოლოდ ტელევიზორში ენახათ, ქართველები ცხინვალსა და აფხაზეთში რუსებს ვეომებოდით ლამის შიშველი ხელებით, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე, იმ რუსეთს, რომლის სამართალმემკვიდრე და პოლიტიკური პირმშოა დღევანდელი პუტინის რეჟიმი, რომელმაც მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროება შექმნა. ასე რომ, თუ ვინმეს ეკუთვნის მადლობა, უპირველესად ქართველ ხალხს, ყველა თაობას, განსაკუთრებით, რუსეთთან ომში დაღუპულებს.
რაც შეეხება ხელისუფლებებს, მაგალითად, ზვიად გამსახურდია იმდენად მცირე ხნით იყო ხელისუფლებაში, ძნელია ისაუბრო რაიმე მკვეთრ პროდასავლურ ნაბიჯებზე. თუმცა თქვენი მონა-მორჩილი დარწმუნებულია - გამსახურდია რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყო, ის ნაბიჯებს გადადგამდა. პრორუსი გამსახურდია წარმოუდგენელია. შეგახსენებთ, რომ ის საქართველოდან მოსკოვში კი არ გაიქცა (რაც ტრადიციად ჰქონდათ დამკვიდრებული ჩვენს მაღალჩინოსნებს ყველა ხელისუფლების დროს), არამედ ჩეჩნეთში, ჯოჰარ დუდაევთან, რუსეთის დაუძინებელ მოწინააღმდეგესთან.
გარდა ამისა, გამსახურდიას დროს სულ სხვა გეოპოლიტიკური გარემო იყო. წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირის დაშლამდე ერთი წლით ადრე დასავლელი ლიდერები მოუწოდებდნენ სსრკ-ის მოსახლეობას, რომ ეს ქვეყანა შეენარჩუნებინათ. საქართველო დაბლოკილი იყო ყველა საერთაშორისო არენაზე არა მარტო პოლიტიკურად, არამედ თუნდაც სპორტის ასპარეზზე.
დასავლურ კურსს რეალურად საფუძველი ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს ჩაეყარა. თუმცა აფხაზეთში მარცხის შემდეგ მისი მმართველობა გამოკვეთილად პრორუსული იყო. არაერთხელ დაგვიწერია და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ - შინაგან საქმეთა, უშიშროებისა და თავდაცვის მინისტრებად მან მოსკოვიდან შეთავაზებული კანდიდატები დანიშნა. თანახმა იყო "რუბლის ზონაში" შესვლაზე (ანუ საქართველო უარს ამბობდა თავის ვალუტაზე და მიმოქცევაში უნდა ყოფილიყო რუსული რუბლი) და 25 წლით რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებაზე. მეტსაც დათმობდა შევარდნაძე, ოღონდ მას ჰქონდა ერთი პირობა - აფხაზეთის დაბრუნება. საბოლოოდ რუსეთმა აფხაზეთი კი არა, გალის რაიონის ერთი სოფელიც კი არ დაგვიბრუნა და 1995 წელს შევარდნაძეს იქით მოუწყო ტერაქტი.
სწორედ 1995 წელს იწყება საქართველოს საგარეო კურსის ნელ-ნელა ცვლილება დასავლეთის მიმართულებით. ამაში დიდი როლი შეასრულა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენმა, რაშიც შევარდნაძეს გადამწყვეტი წვლილი მიუძღვის. ამ "დიდი შემობრუნების" გამოხატულება იყო 1999 წელს შევარდნაძის განცხადება, რომ "საქართველომ ნატოს კარზე დააკაკუნა", და 2002 წლის განცხადება, რომ "საქართველოს საბოლოო ნავსაყუდელი არის ევროპა" და ქვეყნის მიზანი ევროკავშირში გაწევრებაა.
სანამ სააკაშვილის ხელისუფლებაზე გადავალთ, უნდა ვთქვათ, რომ მაშინ, როდესაც სააკაშვილი, ჟვანია და სხვები შევარდნაძის გუნდში იყვნენ, იყო ერთი დიდი დათმობა რუსეთთან (ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნია ექსპერტთა, მათ შორის ეკონომისტთა არცთუ მცირე ნაწილს). ალბათ, დღეს ცოტას თუ ახსოვს ე.წ. ნულოვანი ვარიანტი - ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილი სსრკ-ის ქონების მემკვიდრეები იყვნენ 15-ივე ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკა, მათ შორის საქართველო. თავისთავად ქვეყნებს ვალებიც უნდა გაენაწილებინათ. 2000 წელს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა დოკუმენტის რატიფიცირება, რომლის მიხედვით, ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქონებაზე უარს ამბობდა იმ მოტივით, რომ ვალებიც ჩამოეწერებოდა. ექსპერტთა ნაწილის აზრით, ქონება ბევრად მეტი იყო, ვიდრე ვალი. თუმცა არიან ექსპერტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თბილისი მართებულად მოიქცა. ჩვენ კი მხოლოდ ერთ ფაქტს მოვიყვანთ - ამ დოკუმენტის რატიფიცირებით საქართველომ ყველაფერთან ერთად, უარი თქვა ყოფილი სსრკ-ის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის დიდ ნაწილზე. თუმცა აქვს კი აზრი იმაზე მსჯელობას, გამოადგებოდა თუ არა საქართველოს ეს ფლოტი თუნდაც 2008 წლის აგვისტოში?!
სააკაშვილის ხელისუფლებამაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციისთვის. გატარდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები ძალიან ბევრ სფეროში. თუმცა სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის მეორე პერიოდში ისეთი რაღაცები ჩაიდინა მაშინდელმა მმართველმა პარტიამ, რომ მიშა ხელისუფლებაში რომ დარჩენილიყო, რომელ ევროსტრუქტურებშიც ვიყავით გაწევრებული, შესაძლოა იქიდანაც გამოვეგდეთ და უფრო კავკასიური ტაჯიკეთი ვიქნებოდით, ვიდრე ევროპული ქვეყანა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს, რომ არ დავუკარგოთ სააკაშვილს დამსახურება.
"ოცნების" ხელისუფლების პირობებში ჩვენ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია და დეკემბერში მივიღებთ სტატუსს, თუ რამე სასწაული არ მოხდა. ოპოზიციის ნაწილს ისე გამოჰყავს, თითქოს ხელისუფლებას "თავს მოახვიეს" ევროინტეგრაცია. დიახ, ეს ბრიუსელის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რადგან 12-პუნქტიანი გეგმა ბოლომდე შესრულებული არ არის. დიახ, დასავლეთმა ანგარიში გაუწია საქართველოს მოსახლეობის განწყობებს და იმ რისკებს, რაც ქვეყანას რუსეთიდან ემუქრებოდა დასავლეთიდან ხელის კვრის შემთხვევაში. თუმცა თუ ბრიუსელისა და ვაშინგტონისთვის (არ დაგვავიწყდეს საქართველოს პრემიერის პირადი მადლობა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანისთვის) საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად მიუღებელი იქნებოდა, ეს გადაწონიდა ყველაფერს. არამეგობრულ ქვეყანას არ ეხუტებიან.
მოკლედ, დაველოდოთ 15 დეკემბერს და თუ (აუცილებლად) მოგვცეს სტატუსი, ეს ყველას ზეიმი იქნება, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა. თუმცა პარალელურად, ქართული შიდაპოლიტიკის ჰაიჰუი არსად წასულა.
კიდევ ერთხელ ნიკა მელიასა და ე.წ. ახალი მენეჯმენტის დაპირისპირების შესახებ
ერთი ასეთი ანეკდოტია - კაცი, რომელსაც სმა უყვარს, გვიან ღამით სახლში რომ ბრუნდება, ჯერ ერთ ფეხსაცმელს გაიხდის და დაანარცხებს იატაკზე, მერე მეორეს. ერთხელაც მეზობლები ამოუცვივდებიან, ეგ შენი ბრახუნი ღამე გვაღვიძებს და კიდევ თუ გააკეთებ, ცხვირ-პირს გაგიერთიანებთო. მოკლედ, გაითვალისწინა ამ კაცმა რამდენიმე დღით ეს "რჩევა". თუმცა შემდეგ კიდევ დათვრა, მივიდა სახლში, გაიხადა ფეხსაცმელი, დააბრეხვა იატაკზე და... მეზობლები გაახსენდა. შესაბამისად, მეორე ფეხსაცმელი ჩუმად გაიხადა და დაწვა დასაძინებლად. ორიოდ საათში კარზე ბრახუნმა და მეზობლების ყვირილმა გააღვიძა - ე, ბიჭო, დაანარცხე ეგ მეორე ფეხსაცმელიც, დავწყდით ხალხი ლოდინითო.
ასეა ნიკა მელიას საქმეც - ე, ბიჭო დავწყდით ლოდინით ხალხი, გვითხარი, მიდიხარ, არ მიდიხარ თუ მოდიხარ? თუმცა შესაძლოა მელია არც შეცდა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში არ განაცხადა ოფიციალურად პარტიიდან წასვლის შესახებ (ხაბეიშვილმა კი განაცხადა, პარტიის წევრი აღარ არისო, თუმცა ამას ის მოჰყვა, რომ ისინიც კი აიმხედრა, რომლებიც აქამდე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ).
თუ "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის ტახტიდან ნიკა მელიას "ჩამოგდებას" შიდარევოლუციას ვუწოდებთ, მაშინ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ პარტიაში კონტრრევოლუცია დაიწყო. ყოველდღიურად რომელიმე პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან რეგიონიდან საკრებულოს წევრი ითხოვს ლევან ხაბეიშვილის გადადგომას და რიგგარეშე არჩევნებს. ამის დაგვირგვინება იყო თბილისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატების განცხადება, რომლებიც მოითხოვენ, რომ შიდაპარტიულ არჩევნებამდე თავმჯდომარის პოსტი გაუქმდეს და "ნაცმოძრაობა" კოლექტიურმა ორგანომ მართოს. როგორც ჩანს, კეზერაშვილს საქმეები ცუდად მისდის. ეტყობა, სააკაშვილმა მართლაც გადაწყვიტა "კეზერასთვის" ფრთების შეჭრა და ამიტომ დუმს კონკრეტულად მელიას საკითხზე, თორემ მისი ერთი სიტყვით გადაწყდებოდა ყველაფერი. ასევე, როგორც ჩანს, სააკაშვილმა იშოვა პარტიის ახალი სპონსორი.
ასე რომ, არ გამორიცხოთ, რომ სულ მალე ნიკა მელია "თეთრ ცხენზე ამხედრებული" კვლავ შევიდეს კახეთის გზატკეცილზე, "ნაცმოძრაობის" ცენტრალურ ოფისში.
გიორგი კვიტაშვილი