„დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არ წარმოადგენს ისეთ სერიოზულ ძალას, რომ მის დამარცხებაზე ვინმე ზრუნავდეს“
"ნაციონალური მოძრაობა" დაშლილი და განიარაღებულია", - ამბობს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე. მისი აზრით, "ნაციონალების" დაშლა-განიარაღებაში არც ბიძინა ივანიშვილი ჩარეულა და არც "ქართული ოცნება", რადგან ეს ოპოზიციური პარტია მმართველი გუნდისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. "ამის გარდა, ივანიშვილმა კარგად იცის, რომ პარლამენტში ერთი პარტიის დარჩენა ცუდია, როგორც მმართველი პარტიისთვის, ასევე სრულიად ქვეყნისთვის", - დასძენს ანალიტიკოსი. ვინ განაიარაღა "ნაციონალური მოძრაობა", შეიძლება თუ არა არსებული მოცემულობა სასარგებლო აღმოჩნდეს ოპოზიციისთვის, შეძლებს თუ არა ოპოზიცია დანაქადის შესრულებას და გამოიყვანს თუ არა ხალხს ქუჩაში, იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას დააპირებს, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება:
- ის, რაც ახლა მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ხდება, თავად "ნაციონალების" დამსახურებაა, ერთმანეთთან ბრძოლას გადააყოლეს პარტია. ხომ ხედავთ, რა დაუნდობელ დარტყმებს აყენებენ ერთმანეთს მელია და ხაბეიშვილი. თავად ხაბეიშვილისთვისაა წამგებიანი ასეთი რადიკალური ნაბიჯები, მაგრამ მაინც არ ჩერდება, იმიტომ, რომ მეტოქეობის ჟინს ვერ ერევა. პარტიის დაზიანებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანა, სააკაშვილით დაწყებული, ხაბეიშვილით დამთავრებული. დღეს ეს პარტია არ წარმოადგენს ისეთ სერიოზულ ძალას, რომ მის დამარცხებაზე ვინმე ზრუნავდეს. სხვა ოპოზიციური პარტიების ფონზე ჩანს, თორემ აღარაფერს წარმოადგენს. მისი ელექტორატი სინამდვილეში მხოლოდ სააკაშვილის თაყვანისმცემლებისგან შედგება. სააკაშვილი ხვალ ბოკერიას პარტიაში რომ გადავიდეს, მისი ამომრჩეველი ბოკერიას პარტიას დაუჭერს მხარს.
- "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულმა ვითარებამ რამდენად შეცვლა ოპოზიციური პარტიის დღის წესრიგი?
- პატარა ოპოზიციური პარტიები მასზე სწორებას აღარ აკეთებენ და ცდილობენ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი. ამის მიზეზი, სხვა ბევრ საკითხთან ერთად, ისიც არის, რომ რამდენჯერმე უგანა სხვა პარტიებს, წინასაარჩევნო პერიოდებში გაიძახოდა, ერთად, ერთადო და საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, გამოაცხადებდა, ჩემი ხმები მხოლოდ მე მეკუთვნისო.
- თუ ხედავთ შესაძლებლობას, რომ ოპოზიციამ არჩევნებამდე საერთო სტრატეგია შეიმუშაოს მმართველი გუნდის დასამარცხელბლად და კოალიციური მთავრობის შესაქმნელად?
- 1%-იანმა პარტიებმა გამარჯვებისთვის რა სტრატეგია უნდა შეიმუშაონ?! ეს არარეალურია. უფრო მეტსაც გეტყვით - ტყუილად გვგონია, რომ მათ მართლა უნდათ არჩევნებში გამარჯვება.
- მაგალითად, "ლელოს" არ უნდა არჩევნებში გამარჯვება?
- "ლელოს" არაფერი უშავდება, რომ ხელისუფლებაში არ არის, ისედაც კარგად გრძნობს თავს. რატომ უნდა აიტკივოს აუტკივარი თავი და აიღოს საკუთარ თავზე ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, აქვს კი ამის რესურსი და შესაძლებლობა?
- კარგად როგორ გრძნობს თავს? ცოტა ხნის წინ "ლელოს" ლიდერებს სასამართლოში ჰქონდათ საქმე. პროკურატურა მათ ფულის გათეთრებას ედავებოდა.
- საკმარისია "ლელოს" ლიდერებმა რეალური ბრძოლა დაიწყონ პირველობისთვის, რომ უფრო რთული საქმეები ამოუტივტივდებათ.
- ანუ ხელისუფლებას ყველა ოპოზიციონერ ლიდერზე აქვს კომპრომატი?
- რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მართლაც ასეა?! შეიძლება არც არსებობს მათი მაკომპრომეტირებელი დოკუმენტები და ისე არ სურთ ხელისუფლებაში მოსვლა. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ვერ ვხედავ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ქვეყნის მართვის შესაძლებლობა ჰქონდეს. ოპოზიციაში ყოფნითაც იღებენ ფულს ბიუჯეტიდან, 24 საათი ტელეეთერში არიან, რაში სჭირდებათ ხელისუფლებაში ყოფნა.
- ცოტა ხნის წინ თქვით, რომ "ნაციონალები" ერთმანეთს ამბიციების გამო ებრძვიან, ახლა ამბობთ, რომ ოპოზიციონერ ლიდერებს რეალური პოლიტიკის კეთების ამბიცია არა აქვთ?
- ამბიცია კი აქვთ, მაგრამ პოლიტიკის კეთების უნარი არა აქვთ.
- მართლა ფიქრობთ, რომ სააკაშვილს არა აქვს ქვეყნის მართვის ამბიცია?
- სააკაშვილს ხელისუფლებაში მოსვლა რომ ნდომოდა, ოპოზიციაში გადასვლისთანავე უნდა მიეცა მითითება საკუთარი პარტიის ლიდერებისთვის, რომ შეცდომები ეღიარებინათ და აგრესიული არ ყოფილიყვნენ.
- მაშინ რისთვის ჩამოვიდა საქართველოში და რისთვის ზის ციხეში?
- სააკაშვილს სურს თვალში საცემი პოლიტიკური ფიგურა იყოს. საკმაოდ გონიერი კაცია, როგორ დავიჯერო, არ იცოდა, რომ მოსახლეობის 80%-ისთვის მიუღებელია და ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა?
- იმისათვის, რომ თვალში საცემი იყო, ციხეში ჩაჯდომა არ უნდა იყოს ერთადერთი შესაძლებლობა.
- ციხეში ჩაჯდომა კი არა, რევოლუცია უნდოდა. ჭკვიანი კი არის, მაგრამ არც იმდენად, რომ ყველაფერი სწორად გაეთვალა. ბევრი შეცდომა დაუშვა, ჯერ იძახა, მომწამლეს და დემენცია მაქვსო, რომ დაინახა, ზედ აღარავინ უყურებდა, უცებ მოღონიერდა.
- ამ თქვენს ვერსიაში სალომე ზურაბიშვილს რა სურს?
- სალომე ზურაბიშვილი გონიერი ქალია და იცის, რომ დამოუკიდებელი თამაშის შემთხვევაში რეიტინგი არ ექნება. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ საკუთარ თავს ისევ დასავლეთს შესთავაზებს.
- მაშინ "ქართულ ოცნებასთან" დაპირისპირება რისთვის სჭირდება?
- დასავლეთს აწონებს თავს.
- ექნება თუ არა შედეგი სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციონერი ლიდერების ცდას, დაარწმუნონ საზოგადოება, რომ "ოცნება" პრორუსული ძალაა?
- მეეჭვება. "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ ომი არ უნდა, და ეს ძალიან მისაღები გახდა საზოგადოებისთვის. ყველა ხვდება, რა დღეში ჩავარდება საქართველო, ომის ტალღა ოდნავადაც რომ შეგვეხოს. საკმარისია, რუსეთმა რამდენიმე ათეული ტანკი გამოიყვანოს ცხინვალიდან და შუაზე გადაჭრას საქართველო. ოპოზიციას იმაზეც აქვს პრეტენზია, უფრო აქტიურად რატომ არ დგას "ქართული ოცნება" დასავლეთის გვერდითო. სინამდვილეში დგას, მაგრამ თავქუდმოგლეჯილი არ გადაეშვა დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირებაში. სიფრთხილე იყო საჭირო. არ მიდის რუსეთ-უკრაინის ომი ისე, როგორც ზელენსკის წარმოედგინა. გამოდის, დასავლეთის დახმარება უკრაინისთვის გადარჩენის გარანტია არ აღმოჩნდა.
- დარწმუნებული ხართ, რომ უკრაინა დამარცხდება?
- სულაც არა, მაგრამ ამ ომიდან თუნდაც გამარჯვებით გამოსული უკრაინა რა დღეში იქნება და ერქმევა თუ არა მას გადარჩენილი, ეს კიდევ საკითხავია.
ხათუნა ბახტურიძე