სტალინის დროინდელი უკრაინელი პარტიზანების შვილიშვილებმა პუტინის რუსეთს „სარკინიგზო ომი“ გამოუცხადეს - კვირის პალიტრა

სტალინის დროინდელი უკრაინელი პარტიზანების შვილიშვილებმა პუტინის რუსეთს „სარკინიგზო ომი“ გამოუცხადეს

"სარკინიგზო ომი", ძირითადად, იმ შეიარაღებულ კონფლიქტებში იჩენს თავს, რომლებშიც მონაწილე ქვეყნებს მეტ-ნაკლებად განვითარებული სარკინიგზო მიმოსვლა აქვთ. ამიტომაც "სარკინიგზო ომები" ნაკლებად ან საერთოდ არ მომხდარა კორეის, ვიეტნამის და მით უმეტეს, ავღანეთის ომებში, სამაგიეროდ, სწორედ "სარკინიგზო ომი" ექცა დიდ თავსატეხად ჰიტლერის არმიის იმ შენაერთებს, რომლებიც აღმოსავლეთ ფრონტზე იბრძოდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და მათი სრული მომარაგება, ძირითადად, ოკუპირებული ბელარუსისა და უკრაინის ტერიტორიებზე გამავალი სარკინიგზო გზებით ხდებოდა.

და, აი, 80 წლის შემდეგ ეს თავსატეხი XXI საუკუნის სარკინიგზო ომის სახით კრემლს თავად რუსეთის ტერიტორიაზე უბრუნდება და ისევ... უკრაინელი პარტიზანების ხელით!

რასაც ჯერ კიდევ ბერიას ენ-კა-ვე-დე ასწავლიდა გერმანელების ზურგში მოქმედ უკრაინელ და ბელარუს პარტიზანებს სარკინიგზო მიმოსვლების შესაფერხებლად მტრის ზურგში, დღეს უკვე აქტიურად იყენებენ სტალინის დროინდელი უკრაინელი პარტიზანების შვილიშვილები და შვილთაშვილები პუტინის რუსეთის წინააღმდეგ.

ამის თვალსაჩინო მაგალითია გასულ კვირას ერთმანეთს მიყოლებული აფეთქებები რუსეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ობიექტზე, ბაიკალ-ამურის მაგისტრალის სევერომუისკის სარკინიგზო გვირაბსა და მის სიახლოვეს გამავალ ხიდზე, რომლებიც არანაკლებ 5 ათასი კმ-ით არიან დაშორებული უკრაინის ფრონტის ხაზს.

30 ნოემბერს რუსეთის ბაიკალ-ამურის მაგისტრალის სევერომუისკის სარკინიგზო გვირაბში მოძრავ 50-ვაგონიან (41 ცისტერნა დიზელის და 3 ცისტერნა საავიაციო საწვავით) სარკინიგზო შემადგენლობაზე მოხდა არანაკლებ ოთხი აფეთქება, რის შედეგადაც სათავო 16 ცისტერნაში მთლიანად გამოიწვა საწვავი (შემადგენლობის უკანა 14 ცისტერნა-ვაგონის გვირაბიდან უკან გამოყვანა მოახერხეს), რის შედეგადაც ეს სტრატეგიული მნიშვნელობის გვირაბი (რომელიც 15 343 მ სიგრძისაა და რუსეთის ყველაზე გრძელ სარკინიგზო გვირაბად ითვლება) დიდი ხნით გამოვიდა მწყობრიდან.

samx2-1701640194.jpg
უკრაინელი დივერსანტების წარმატებული მოქმედების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად იქცა ეს ცეცხლწაკიდებული ცისტერნები ყირიმის სარკინიგზო ხიდზე...

გვირაბში ძლიერი ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ცისტერნა-ვაგონზე დამაგრებული ყოფილა ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომელთა ამოქმედებამ მატარებლის სწორედ გვირაბში შესვლის შემდეგ ბევრად მეტი ეფექტიანობა მიანიჭა უკრაინელი დივერსანტების კარგად დაგეგმილ და ამ დივერსიულ აქტს. თავად წარმოიდგინეთ, რა საშინელება დატრიალდებოდა სარკინიგზო გვირაბში, როდესაც 16 ერთეულ (თითოეული არანაკლებ 60 ტონა ტევადობის) ცისტერნაში ჩასხმული საწვავი დაიწყებდა წვას დახურულ სივრცეში.

რუსეთის ხელისუფლებამ იხტიბარი არ გაიტეხა და განაცხადა, რომ სევერომუისკის სარკინიგზო გვირაბში ხანძრის მიუხედავად, ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე სარკინიგზო მიმოსვლა არ შეჩერდება, რადგან გვირაბს შემოვლითი გზაც აქვს...

თუმცა მეორე დღესვე, 1-ლ დეკემბერს, აფეთქებები მოხდა სწორედ იმ შემოვლით გზაზე მდებარე სარკინიგზო ხიდზეც - 4 ცისტერნაში საწვავი მთლიანად გამოიწვა, ორიც ცეცხლმა ნაწილობრივ დააზიანა, მაგრამ რაც მთავარია, დროებით მწყობრიდან გამოვიდა ეს ხიდიც - ანუ გადაიკეტა ბაიკალ-ამურის სტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო ხაზი!

სწორედ ეს გახლდათ უკრაინის სპეცსამსახურების (ეტყობა, უფრო უკრაინის უშიშროების სამსახურის, თუმცა შეიძლება უკრაინის საგარეო და სამხედრო დაზვერვის დივერსანტებიც მონაწილეობდნენ) მთავარი ჩანაფიქრი - მწყობრიდან გამოეყვანათ რუსეთის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილების დამაკავშირებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სარკინიგზო მაგისტრალი, რაც გარკვეულწილად პრობლემებს გაუჩენს იმ რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკრაინის ფრონტზე, რომელთაც სამხედრო ტექნიკითა და საბრძოლო მასალებით შორეული აღმოსავლეთიდან ამარაგებენ, რადგან შეიარაღების საწყობები ქვეყნის დასავლეთ ნაწილში რუსმა სამხედროებმა უკრაინასთან 21-თვიანი ომის შედეგად თითქმის გამოაცარიელეს.

samx3-1701640194.jpg
რუსეთის ყველაზე გრძელ, სევერომუისკის სარკინიგზო გვირაბში აფეთქებების შემდეგ უკრაინის ფრონტზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მომარაგება ნაწილობრივ გაძნელდება...

ამასთან, ამ გვირაბისა და ხიდის დროებით მწყობრიდან გამოყვანამ უნდა შეაფერხოს რუსეთისთვის გადაცემული ჩრდილოკორეული საარტილერიო ჭურვებისა და უმართავი რაკეტების შორეული აღმოსავლეთიდან უკრაინის ფრონტისკენ გადაზიდვაც.

რუსეთის სარკინიგზო მიმოსვლა შორეულ აღმოსავლეთთან სრულად "შუაში არ გაწყვეტილა, რადგან ასევე ფუნქციონირებს ბაიკალ-ამურის სარკინიგზო ხაზზე ბევრად ადრე (XX საუკუნის დამდეგს) გაყვანილი ტრანსციმბირული სარკინიგზო მაგისტრალიც, მაგრამ ვინ გამორიცხავს, თუკი უკრაინელმა დივერსანტებმა ეს შეძლეს ბაიკალ-ამურის რკინიგზაზე, რატომ ვერ გაიმეორებენ იმავეს ტრანსციმბირულ მაგისტრალზეც?

უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დიდი არჩევანის წინაშე დგას - თუ როგორი ადეკვატური პასუხი გასცეს რუსი აგრესორების მიერ უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების ყოველდღიურ დაბომბვას?

უკრაინული კონტრშეტევების მარცხსა და დასავლეთის სამხედრო დახმარების შემცირებასთან ერთად უკრაინელი პარტიზანების დივერსიული ქმედებების გააქტიურება უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განთავსებულ სამხედრო და სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე უნდა გადაიქცეს იმ მნიშვნელოვან პასუხად, რაც კრემლში პუტინის რეჟიმზე ზემოქმედებას მოახდენს, რადგან უკრაინასთან ომში ორასი ათასამდე რუსი სამხედროს დაღუპვამ პუტინს ომის გაგრძელებაზე ხელი არ ააღებინა.

უკრაინელი პარტიზანების შთამომავლების ხელით რუსეთის ფედერაციის სიღრმეში წამოწყებული "სარკინიგზო ომი" შეიძლება იქცეს კრემლზე ზემოქმედების ერთ-ერთ ბერკეტად იმ უკრაინისთვის, რომელიც ამ ომში საბრძოლო პოტენციალის დონით (პირველ რიგში პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო რეზერვითა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობით) ვერ გაუსწორდება რუსეთს.

რუსეთის სარკინიგზო ხაზის საერთო სიგრძე 85,6 ათას კმ-ს შეადგენს (ანუ დედამიწის ეკვატორს ორჯერ "შემოუვლის"), სადაც განთავსებულია რამდენიმე ასეული სარკინიგზო ხიდი და გვირაბი.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინტერესებში წელიწადში 200 ათასი ვაგონი გადაადგილდებოდა, რაც დაახლოებით 900 სარკინიგზო ეშელონის ტოლფასია.

უკრაინაში შეჭრისა და ომის გახანგრძლივების შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალების მომარაგება უკრაინის ფრონტზე, ძირითადად, სწორედ სარკინიგზო ტრანსპორტით ხდება.

ათეულათასობით კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზის, ასობით გვირაბისა და ხიდის სრული გარანტირებული დაცვის უზრუნველყოფა თეორიულადაც წარმოუდგენელია, არათუ პრაქტიკულად შესაძლებელი, რაც უკრაინელ დივერსანტებს საუკეთესო "ასპარეზს" უხსნის, რათა აგრესორ რუსეთს მტკივნეული დარტყმები მისივე ტერიტორიის იმ სიღრმეშიც კი მიაყენონ, სადამდეც უკრაინული კამიკაძე-დრონებიც ვერ სწვდებიან.

არის კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ნიუანსი - მეორე მსოფლიო ომის შემდგომ რუსეთის ტერიტორიაზე ასეთი სიმძლავრის დივერსიული აქტები არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების დროს ჩეჩენი მებრძოლების რეიდებს ჩრდილო კავკასიის ქალაქებში, მოსკოვის თეატრში და სამგზავრო თვითმფრინავების აფეთქებებს.

გასაგებია, რომ ეს ჩეჩნეთის აულებისა და ქალაქების დაუნდობელი დაბომბვისთვის შურისძიება იყო, მაგრამ მათი უდიდესი ნაწილი მაინც არა დივერსიების, არამედ ტერაქტების ელფერს იძენდა - საავადმყოფოსა და თეატრში მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლებად აყვანა და იმ სამგზავრო თვითმფრინავებში ბომბების ჩადება, რომლებითაც მხოლოდ სამოქალაქო პირები გადაჰყავთ, ყოველთვის ტერორისტულ აქტად იქნება აღქმული და არა მოწინააღმდეგის სამხედროებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანადგურებელ დივერსიად, რაც ომის დროს სავსებით დასაშვებია.

კიდევ ერთ გარემოებას უნდა მივაქციოთ მკითხველის ყურადღება - ჩეჩნები, საერთოდ, კავკასიელები, რა თქმა უნდა, განსხვავდებიან როგორც იერით, ისე მენტალიტეტით რუსებისგან, რაც რუსეთის სპეცსამსახურებს უადვილებდა და უადვილებს მოქმედებას პოტენციური ტერორისტების გამოსავლენად.

კავკასიელებისგან განსხვავებით, უკრაინელები გარეგნულად არც განსხვავდებიან რუსეთის მოსახლეობის ევროპული ნაწილისგან. რუსეთის ფედერაციაში დღეისათვის არანაკლებ 3 მლნ უკრაინელი ცხოვრობს, მათგან ნახევარ მილიონზე მეტი - მოსკოვში.

რუსეთში მცხოვრები უკრაინელების დიდი ნაწილი შეიძლება სულაც არ არის პატრიოტულად განწყობილი და პუტინის რეჟიმის გამარჯვებაც კი სურს, მაგრამ ნუთუ 3 მლნ უკრაინელში რამდენიმე ათასი თუ არა, რამდენიმე ასეული პატრიოტი არ აღმოჩნდება, ვინც უკრაინის სპეცსამსახურების დივერსიას ვერ შეასრულებს იმ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც მეორე წელია მათ სამშობლოს მიზანმიმართულად მიწასთან ასწორებს?

ასე რომ, უკრაინის სპეცსამსახურებს, წესით, საკმაო რესურსი უნდა ჰყავდეთ რუსეთში მცხოვრები იმ პატრიოტი უკრაინელების სახით, რომელთა დახმარებითაც ცეცხლის ალში გაახვიონ როგორც რუსეთის რკინიგზა, გვირაბები, ხიდები, ისე სამხედრო აეროდრომები და სხვა სამხედრო და ორმაგი დანიშნულების რუსული ინფრასტრუქტურა.

დასასრულ, უკრაინელმა დივერსანტებმა ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე ხიდის აფეთქებით სამაგიერო გადაუხადეს რუსეთს, რომლის დივერსანტებმა აგვისტოს ომის დროს გრაკალთან სარკინიგზო ხიდი აგვიფეთქეს.