„რა ვიცი, რა შეარიგებს პარტიული ინტერესების ნიშნით დაპირისპირებულებს?“ - კვირის პალიტრა

„რა ვიცი, რა შეარიგებს პარტიული ინტერესების ნიშნით დაპირისპირებულებს?“

"დღეს პოლიტიკა იქცა ბიზნესის კეთების საშუალებად, ყველა ხელმოცარული მიდის პოლიტიკაში, სადაც შეიძლება "დარმავოი" ფულის კეთება. შეიძლება ითქვას, საქართველოში ყველაზე წარმატებული ბიზნესი პოლიტიკაა, თან ყველაზე ადვილი - დღეს ხარ ერთ პარტიაში, ხვალ მეორეში გადახვალ და იქ "მოძოვ", ფულს აიღებ, მერე გადახვალ მესამეში და ასე გრძელდება დაუსრულებლად. ეს არის ქართველებისა და პოლიტსაზოგადოების საშინელი დაავადება. არადა, პოლიტიკა უნდა იყოს ზნეობის, მოქალაქეობრივი, მორალური პასუხისმგებლობის ერთობლიობა და საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა", - გვეუბნება პოეტი, მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე ბაღათერ არაბული ქართველი საზოგადოებისა და პოლიტიკური კლასის პრობლემებზე საუბრისას.

- ბოლო დროს არაერთი პრობლემა­ წარმოჩნდა და, როგორც ჩანს, კიდევ კარგა­ ხანს მოგვიწევს ასეთი ცხოვრებით ცხოვრება.­ რომელი ერთი ჩამოვთვალო - უმუშევრობა, ნარკომანია, მძიმე სოციალური ფონი თუ პოლარიზებული გარემო. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ნარკომანია, რომელიც მასობრივად არის მოდებული, ნარკოტიკის მოსაპოვებლად მიდიან ადგილებში, სადაც ახალგაზრდები ჰყავთ დაბარებული და იქ აძლევენ საწამლავს, არაფრის ეშინიათ. რა ხდება ფონიჭალაში?! იმ დღეებში ვისაც არ "გაუმართლებს", იმას დაესხმებიან თავს და ეს ფაქტი ტელევიზიებით საჩვენებელი ხდება, მერე ისევ იგივე გრძელდება. ათასნაირი საწამლავი შემო­დის, უცხო, შეუჩვეველი და გაურკვეველი და კაცი ვერ იგებს, რით გარდაიცვალა ამდენი ახალგაზრდა, არადა, მიზეზი ესაა. ჩვენი გენოფონდი, ფაქტობრივად, ნარკომანიას ეწირება.

დემოგრაფიული პრობლემა მეორე და მტკივნეული პრობლემაა, განსაკუთრებით მთაში - საქართველოში აღარ არსებობს სოფლები, ნასოფლარებია, მკვიდრი მოსახლეობა უკვე გარდაიცვალა, მათი შთამომავლობა ზოგი თბილისში წამოვიდა, ზოგიც კიდევ სად... XXI საუკუნეში მთაში არც დენია, არც გზა. მართალია, ხევსურეთში­ არ იყო დიდი სოფლები, მაგალითად, ჩემს სოფელში, მაწმაოში, 8 ოჯახი ცხოვრობდა­, მაგრამ დენი იყო, ახლა კი აღარაფერია, ბოლოს 2 ოჯახი დარჩა და ისინიც ჭალაში ჩამოვიდნენ, 1-2 ოჯახი (ჩემი ბიძაშვილები) ბარისახოში გადავიდნენ საცხოვრებლად. წარმოიდგინეთ, 70-იან წლებში 300-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა ბარისახოს ინტერნატში, ახლა 47 ბავშვია, შატილის სკოლაში 4-5 ბავშვი დადის... ამ პრობლემის განზოგადება შეიძლება ყველა მთიან რეგიონზე... ხელისუფლებამ მთის მოსახლეობა რაღაცით უნდა დააინტერესოს, მთას დაუბრუნოს, თუ არადა, მთას დავკარგავთ. ახალგაზრდობას უნდა მიეცეს საშუალება, იქ დაბრუნდეს, სახლები ააშენოს და მეურნეობა დაიწყოს, თორემ მარტო მთის კანონი, პენსია თუ ხელფასზე 20 ლარის დამატება დიდი ვერაფერი შვებაა.არის ერთი დიდი პრობლემაც - უმუშევრობა. ახალგაზრდები ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს და რჩებიან ქუჩაში...

- ამ პრობლემას თან ერთვის ემიგრაციაც..

- დიახ, ის ახალგაზრდები, სამშობლოში რომ ვერ იკვლევენ გზას, საზღვარგარეთ გარბიან, გადაიხვეწებიან და მერე ვინ სად ამოყოფს თავს, კაცმა არ იცის. ამას ემატება ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონი... ბოლო ნახევარ წელიწადში 50-60%-ით გაიზარდა ფასები პროდუქტებზე, წამლებზე და ამის დარეგულირება ვერ მოხერხდა. თითქოს პრემიერ-მინისტრმა გასცა განკარგულება, თურქეთიდან ხელმისაწვდომ ფასებში შემოსულიყო წამლები, იაფად უნდა გაყიდულიყო, ერთხანს ამას კამპანიური ხასიათი ჰქონდა, თუმცა მერე ისევ ძველებურად გაგრძელდა ყველაფერი, ვიღაცებმა ისევ მოითბეს ხელი. არ შემიძლია ორი სიტყვა არ ვთქვა განათლების პრობლემაზეც, რაც სოციალური ქსელების გაჩენამ დააყენა. ინტერნეტი წიგნს ვერ შეცვლის. დღეს განათლების ჩამოყალიბებული სტრატეგია არ არსებობს. ახლა მთავარია, ბავშვმა იცოდეს ინგლისური, კომპიუტერი და ეს ნიშნავს განათლებას. ღრმა და საფუძვლიანი განათლების გარეშე დიდი სიმაღლეების დაპყრობა შეუძლებელია. ქვეყნის წინსვლა-განვითარება თუ გვინდა, პრიორიტეტული განათლება უნდა იყოს.

- ერთი დიდი სენიც გვჭირს - პოლარიზაცია, რომელსაც ვერაფრით მოვერიეთ. დღევანდელ ვითარებას ბევრი 90-იან წლებს ადარებს, როცა გახლეჩილობამ ქართველები სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანა.

- 90-იანი წლები ახსენეთ და, მაშინ დაწყებული დაპირისპირება და გახლეჩილობა ომის გაჩაღებამდეც მივიდა. როგორც ჩანს, ეს შეუქცევადი პროცესია და დღეს ამ მხრივ გართულებულია მდგომარეობა.

ყველაზე დიდი უბედურება საქართველოში, სადაც 3,5 მილიონი კაცი ცხოვრობს, ის არის, რომ 200-ზე მეტი პარტიაა დარეგისტრირებული. მაშინ, როცა ამერიკაში, ამხელა ქვეყანაში, ორად ორი პარტიაა - რესპუბლიკელების და დემოკრატების. გამოდის, რამდენი პარტიაც არის, ყველას თავისი მომხრე მოჰყავს და ყველა ერთმანეთთან დაპირისპირებულია. ამდენი პარტიის ერთმანეთთან დაპირისპირებამ საზოგადოებაც დააპირისპირა და შეიქმნა ქაოსი. აღარ ვლაპარაკობ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალების" დაპირისპირებაზე... დაპირისპირება და პოლარიზება ისევ პოლიტიკოსებიდან მოდის, ისინი უწყობენ ხელს ამ სენის გავრცელებას. დღეს პოლიტიკა იქცა ბიზნესის კეთების საშუალებად, ყველა ხელმოცარული პოლიტიკაში მიდის, სადაც შეიძლება "დარმავოი" ფულის კეთება. შეიძლება ითქვას, საქართველოში ყველაზე წარმატებული ბიზნესი პოლიტიკაა, თან ყველაზე ადვილი - დღეს ხარ ერთ პარტიაში, ხვალ მეორეში გადახვალ და იქ "მოძოვ", აიღებ ფულს, მერე გადახვალ მესამეში და ასე დაუსრულებლად გრძელდება. ეს არის ქართველებისა და პოლიტსაზოგადოების საშინელი დაავადება. პოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ, რომ პარლამენტში შედიხარ არა იმისთვის, რომ ქონება დააგროვო, არამედ შვება მისცე და გაუადვილო ცხოვრება მოსახლეობას, რომელმაც ნდობა გამოგიცხადა და აგირჩია.

- ქართველები ზედმეტად პოლიტიზებული ერიც ხომ არა ვართ?

- დიახ, პოლიტიზებული ერი ვართ, როგორც ჩანს, სხვა საქმეებისთვის არ ვართ მომზადებული, ან დავივიწყეთ ყველაფერი,­ შევრჩით და დავდივართ ამ 200 პარტიის ხელმძღვანელების ჭკუაზე. დალოცვილო, რატომ არეგისტრირებ 200 და 300 პარტიას? გამოდის, ხელს უწყობ საზოგადოების დაშლა-დანაწევრებას, მერე ადვილად რომ მართო. პოლარიზებული საზოგადოება გესლით, ზიზღით და უსიყვარულოდ ცხოვრობს, ამიტომაც ხდება ამდენი ტრაგედია ქვეყანაში. მართვის მთავარი მექანიზმიც ხომ ესაა - "დაყავი და იბატონე", მანდ ეს ფილოსოფია მუშაობს. პარტიების რაოდენობით შლი საზოგადოებას და მერე შენს ჭკუაზე ატარებ - ზოგს მოისყიდი, ზოგს პარლამენტში შეიყვან, ზოგს სად დაასაქმებ და ამით აპირისპირებ ერთმანეთს. უნდა აიკრძალოს ყველა ის პარტია, რომლებიც არჩევნებში 100 ათას ხმაზე ნაკლებს მიიღებს. თუ ევროპას ვბაძავთ, იქ 10 პარტიაზე მეტი არაა. რაღა ამაში არ ვბაძავთ? რატომ კარგი არ გადმოგაქვს? საზოგადოებას რაც გააერთიანებს, მოდი, იმაში მიჰბაძე.

- პოლიტიკოსების რიტორიკაზე რას იტყვით, ერთმანეთისთვის მტრის და მოღალატის იარლიყის მიწებება რომ უიოლდებათ?

- ეს გაუნათლებელი პოლიტიკოსების რიტორიკაა და იოლი გამოსავალი, მოწინააღმდეგის ჩამოცილების საშუალება. რა მაგალითს აძლევენ საზოგადოებას, რატომ უწყობენ ხელს პოლარიზებას? ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, ქალსაც და კაცსაც, ბავშვსაც და დიდსაც, მთაშიც და ბარშიც, ყველას მოეთხოვება ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლა, ოღონდ ცივილიზებულად და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ჩვენ ისეთ გეოპოლიტიკურ გარემოში ვცხოვრობთ, ყველა ჩასაფრებულია, რას წაგვგლეჯენ, რას წაგვართმევენ, როგორ გადაგვივლიან თავზე... ყოველი ასეთი ბიძგი და შეჯანჯღარება ქვეყნისთვის დიდი ხიფათის შემცველია.

როცა ყოველი მხრიდან გიტევენ, როცა სამეზობლოში თუ ახლო აღმოსავლეთში გაჩაღებულია ომები, ამ დროს ყველა ჩვენი ქმედება ასაწონ-დასაწონია, დიდი შეცდომა რომ არ დავუშვათ. ეთნიკური ნიშნით დასახლებული კუთხეები გვაქვს, რომლებიც გარე ძალების მხარდაჭერით სარგებლობენ, თუ ყველა მიმართულებით არ ვიმუშავეთ, სიკეთე არ დაგვადგება.

ხშირად ვახსენებ ვაჟას სიტყვებს, რომ ივედრებოდა, ღმერთო, ქართველს ქართველი და საქართველო შეაყვარეო. რა ვიცი, რა შეაყვარებს პარტიული ინტერესების­ ნიშნით დაპირისპირებულებს ერთმანეთს?­.. არ შეიძლება ღვარძლმა და აგრესიამ დაგიბნელოს გონება.­ გონიერება გვმართებს ყველას. ჩვენი საქმე ჩვენ უნდა მოვაგვაროთ, სხვას კი არ უნდა მივანდოთ. ჩვენი თავი თუ არ გვეყუდნის, ერთმანეთს თუ ვერ გავუგებთ და მოვეფერებით, სხვა სულ არ დაგვინდობს. თუ არა სიყვარული და ერთმანეთის მოფრთხილება, სხვა რა გადაარჩენს საქართველოს?