ჩინეთში ახალი საშიში ვირუსი გაჩნდა?! - რას ამბობს ქართველი ინფექციონისტი საგანგაშო ინფორმაციაზე
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა "კვირის პალიტრასთან" განმარტავს: "ვირუსების მხრივ წლების სტატიტიკა ძალზე განსხვავებულია. რაც შეეხება წლევანდელ წელს, საგანგაშო არაფერია. თუმცა, ზამთარი წინ არის, რესპირატორული ინფექციები ალბათ მოიმატებს, მაგრამ თუ საჭირო ღონისძიებები გატარდება და დავიცავთ უსაფრთხოების წესებს, არა მგონია, განსხვავებული ან საშიში სურათი მივიღოთ".რამდენად მომატებულია რესპირატორული ინფექციების შემთხვევები, როგორ მოვუაროთ თავს, რა შემთხვევაში ითვლება დაავადების მიმდინარეობა გართულებულად და როდის მივმართოთ სპეციალისტს, ამის შესახებ ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.
- შემოდგომის მეორე ნახევარსა და ზამთარში ხშირია ხოლმე რესპირატორული ინფექციების მატება, ასეა სტატისტიკურად. არსებობს განსაკუთრებით საყურადღებო რესპირატორული ინფექციები, რომლებიც ამავე პერიოდში ცირკულირებს, უპირველესად გრიპს ვგულისხმობ. თუმცა, გარდა გრიპისა, არის გრიპის მსგავსი რესპირატორული ინფექციები. ოქტომბრიდან მოყოლებული, განსაკუთრებით წინა 2-3 კვირის განმავლობაში, მრავლად იყო რინოვირუსის შემთხვევა, რომელსაც ახასიათებს ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა: ცხვირის გაჭედვა, გამონადენი, მშრალი ხველა, წელის ტკივილი და ზოგჯერ ტემპერატურის მატება. გვხვდება ასევე კორონავირუსების მსგავსი ვირუსები, რომლებსაც გაცივების მსგავსი სიმპტომები იწვევენ. "კოვიდ 19"-ის შემთხვევებიც ფიქსირდება, თუმცა ტენდენცია მზარდი არაა, 7-10%-ის ფარგლებში, სხვა რესპირატორული ინფექციების ჭრილში.ადვილად გასაგები რომ იყოს, შესაძლოა სხვადასხვა რესპირატორული ინფექცია გვქონდეს, მაგრამ მსგავსი სიმპტომებით გამოვლინდეს. ესაა ხველა, პირველ პერიოდში მშრალი, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილი, ტემპერატურული რეაქციები... მძიმე მიმდინარეობისას შეიძლება ახლდეს საერთო სისუსტე, სახსრების, კუნთების ტკივილი...
- სახსრების ტკივილს წელს განსაკუთრებით ბევრი უჩივის...
- ეს რესპირატორული ინფექციების ერთ-ერთი მახასიათებელია, მაგრამ სახსრების ტკივილი, ძლიერი ინტოქსიკაცია და მაღალი ტემპერატურა უმეტესად გრიპის ვირუსს ახასიათებს. გრიპს გართულებების უფრო მაღალი რისკი აქვს, განსაკუთრებით ბავშვებსა და რისკ-ჯგუფების პირებში - ვისაც აქვს დიაბეტი, გულსისხლძარღვთა პათოლოგიები, თირკმლის უკმარისობა, იმუნოდეფიციტები და ა.შ. ამიტომაც მნიშვნელოვანია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის განმავლობაში, მაგრამ ახლაც არაა დაგვიანებული.
- გართულებაში რა იგულისხმება, მხოლოდ ავადობის გახანგრძლივება?
- გართულებაში რესპირატორული ინფექციების დროს იგულისხმება სასუნთქი გზების, განსაკუთრებით ქვემო სასუნთქი გზების დაზიანება, ესაა ბრონქიტის, პნევმონიის განვითარება, შესაძლოა სუნთქვის უკმარისობა და ა.შ. ეს უფრო გრიპის ვირუსსა და ასევე "კოვიდს" ახასიათებს, სხვა რესპირატორული ინფექციებს ნაკლებად, თუმცა ბავშვთა ასაკში და იმუნოსუპრესირებულ კატეგორიაში შეიძლება სხვა ვირუსებმაც გამოიწვიოს.
- გართულებები როგორ გამოვლინდება?
- სიმპტომები საშუალოდ 3-5 დღის შემდეგ იწყებს ალაგებას, მაგრამ როცა გართულებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ინტენსივობა იმატებს. ცხელება კლებას კი არ იწყებს, პირიქით, სიცხის პიკების მატებაა. ან ასეც ხდება: შეიძლება პირველ რამდენიმე დღეს პაციენტს ჰქონდეს სიცხე, შემდეგ 1-2-დღიანი ნათელი პერიოდი და შემდეგ ისევ წამოვიდეს სიმპტომები. ეს ორივე მომენტი საყურადღებოა და მოითხოვს ექიმთან ვიზიტს, რომელიც შეაფასებს მდგომარეობას. დანარჩენ შემთხვევებში (რისკ-ჯგუფებს არ ვგულისხმობ) რესპირატორული ინფექციების მართვა შესაძლებელია შინ იმ ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით, როგორიცაა ჯანსაღი ცხოვრების წესი, სითხის და საკვების ადეკვატური მიღება, სიცხის დამწევების სწორად გამოყენება და ა.შ. ბავშვებში ამას ემატება ძლიერი მონიტორინგი, განსაკუთრებით 2 წლამდე ბავშვებში. თუ ტემპერატურას ვეღარ ვაკონტროლებთ პედიატრის დახმარებით, ასეთ დროს შესაძლოა განხილულ იქნეს პაციენტზე უფრო ინტენსიური მეთვალყურეობა, სტაციონარში გადაყვანა.გარდა სასუნთქი სისტემის დაზიანებისა, რესპირატორულ ინფექციებს სხვადასხვა ინტენსივობით ახასიათებს სხვადასხვა ორგანოთა სისტემების დაზიანება, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ნერვული სისტემა როგორც ცენტრალური, ასევე პერიფერიული და ა.შ. მაღალია რისკი, რომ დაგვემართოს სინუსიტი, ფილტვების, ბრონქების, ან წიაღების დაზიანება. იშვიათად შესაძლებელია სხვა ორგანოთა დაზიანების შემთხვევებიც.
- თუ ტემპერატურით არ მიმდინარეობს, მაინც რეკომენდებულია, რომ შინ ვიყოთ?
- თუ არ მიმდინარეობს ტემპერატურით, არ არის სუნთქვის უკმარისობა, შემაწუხებელი ხველა და გვაქვს მხოლოდ სურდო, ყელის ტკივილი, მშრალი ერთეული ხველა, საერთო სისუსტე, ასეთ დროს ითვლება, რომ დაავადება მძიმედ არ მიმდინარეობს. ეს პაციენტისთვის შემაწუხებელია, მაგრამ გარდა სიმპტომური სამკურნალო საშუალებებისა და ზოგადი ჯანმრთელობის პრინციპების დაცვისა, დამატებით სხვა რამ საჭირო არ არის. ასეთ დროს საჭიროა შინ დარჩეთ, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეთ. არსებობს მეორე მიზეზი - მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სიმპტომები არაა მძიმედ გამოხატული, პირველი 3-5 დღის განმავლობაში ჩვენ ამ დაავადების გამავრცელებლები ვართ. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მათ, ვისაც ხალხმრავალ ადგილებში უწევთ კონტაქტი, ვურჩევდი, ან თავი შეიკავონ კონტაქტებისგან, ან გამოიყენონ პირბადე, რათა არ გახდნენ დაავადების გავრცელების წყარო. ჩვენთან შეიძლება მსუბუქად მიდიოდეს და ვისაც ჩვენგან გადაედება, მასთან მძიმედ.
ძალიან მნიშვნელოვანია ხელის ჰიგიენა. საოფისე სივრცეებში აუცილებელია ოთახების ხშირი განიავება.რესპირატორული ინფექციები ჰაერწვეთოვანი და წვეთოვანი გზით გადადის - დაცემინების, ხველის, საუბრის შემდეგ გამოყოფილი მცირე და საშუალო ზომის სითხოვანი ბუშტუკებით, რომლებიც ვირუსებს შეიცავს. შეიძლება გავრცელება კონტაქტური გზითაც, ამიტომ მნიშვნელოვანია ხელის ჰიგიენა და ზედაპირების დამუშავება.
- რამდენი ადამიანის დაავადება შეუძლია ერთ ვირუსით დაავადებულს?
- სხვადასხვა რესპირატორულ ინფექციას დაინფიცირების სხვადასხვანაირი უნარი აქვს. საშუალო-სტატისტიკურად ერთ ინფიცირებულს საშუალოდ 4-5 კაცის დაინფიცირება შეუძლია.
კიდევ ერთხელ განვმარტავ - სხვა წლებთან შედარებით ძალზე განსხვავებული სტატისტიკა, რომელიც შესაძლოა საგანგაშო იყოს, არა გვაქვს, თუმცა რაკი ზამთარი წინ არის, რესპირატორული ინფექციების უფრო მატების ტენდენცია შენარჩუნდება, მაგრამ თუ საჭირო ღონისძიებები გატარდება და დავიცავთ უსაფრთხოების წესებს, არა მგონია, წინა წლებისგან განსხვავებული ან საშიში სურათი მივიღოთ.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბავშვთა ასაკში პნევმონიის შემთხვევების მატება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ჩინეთში. ბოლო დღეებში კი, აშშ-ის რამდენიმე შტატშიც. შემთხვევები მატულობს ნიდერლანდებშიც. ჩინეთის ამბავი გვაშფოთებს, ვინადან "კოვიდის" სცენარის დასაწყისი გვახსენდება...
- ჩინეთის რამდენიმე რეგიონში მართლაც დაფიქსირდა მიკოპლაზმაპნევმონია, ესაა პნევმონიის გამომწვევი ბაქტერია. ოფიციალურად ჩინეთის მხარის განცხადებით, შემთხვევების მატება რაიმე ახალი ვირუსის მუტაციის შედეგად წარმოქმნილ ახალ შტამთან არ არის დაკავშირებული. მათი განმარტებით, საუბარია იმ ვირუსებზე, რომლებიც ადრეც ცირკულირებდნენ: გრიპის ვირუსი, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი, რომელთაც შეუძლიათ ბავშვთა ასაკში პნევმონიის გამოწვევა. თუმცა, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია მეტ განმარტებას ითხოვს.
ამ საკითხზე უფრო ინტენსიური მოკვლევა მიმდინარეობს, რომ არ აღმოვჩნდეთ ისეთი რეალობის წინაშე, როგორიც კოვიდპანდემიის დასაწყისში იყო, როდესაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახალი ინფექციის არსებობის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაცია დანარჩენ სამყაროს და მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ ჰქონდა. ამ ეტაპზე ამის მტკიცება და ამაზე საუბარი ნაადრევია. თუმცა, გარკვეული კითხვები არსებობს ჩინეთის მხარის მიმართ და მათზე პასუხის მოსაპოვებლად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ინტენსიურად მუშაობს. იმედია, თუ რაიმე სიახლესთან გვაქვს საქმე, შესაბამისი ორგანოები უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდიან.